
გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო საზოგადოებამ მორიგი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ის ძირითადი საფრთხეები და გამოწვევებია იდენტიფიცირებული, რომლებიც 2021 წელს განსაკუთრებით აქტუალური იქნება. ზემოხსენებული ანგარიში ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი უსაფრთხოების დოკუმენტია, შესაბამისად, საინტერესოა, რამდენად შეიცვალა ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები გასული ერთი წლის მანძილზე. მოცემულ სტატიაში შევეცდები არსებული დოკუმენტის მოკლე მიმოხილვას.
საფრთხეების შეფასების 2021 წლის ანგარიში სამ ძირითად ნაწილად იყოფა: 1. სახელმწიფო აქტორებისგან მომდინარე საფრთხეები; 2. ტრანსნაციონალური (საერთაშორისო) საფრთხეები; 3. რეგიონული კონფლიქტები. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
სახელმწიფო აქტორებისგან მომდინარე საფრთხეები – ამ კონკრეტული მიმართულებით გასული წლების დოკუმენტები დიდად არ შეცვლილა. ძირითად საფრთხეებად ისევ რევიზიონისტული რეჟიმები – ჩინეთი, რუსეთის ფედერაცია, ირანი და ჩრდ. კორეა მოიაზრება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩინეთის კომუნისტური რეჟიმია, რომელიც ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების დასუსტებასა და თანამედროვე ლიბერალური საერთაშორისო სისტემის დისკრედიტაციას ცდილობს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მიზანია პეკინის საერთაშორისო გავლენის გაფართოება, რისთვისაც ის არ ერიდება აღმოსავლეთ აზიის რეგიონში ძალის პროეცირებას. პეკინის აგრესიული მოქმედებების მაგალითებია: ჩინეთ-ინდოეთის სასაზღვრო კონფლიქტების ბოლოდროინდელი ესკალაცია, სამხრეთ-ჩინეთის ზღვის მილიტარიზაცია და ხელშესახები პროგრესი ამბიციური სტრატეგიული პროექტების (“ერთი სარტყელი, ერთი გზა”) განვითარების მიმართულებით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გააგრძელებს, როგორც გრძელ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული, ასევე მოკლე და საშუალო მანძილზე მოქმედი ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების გაუმჯობესებას, რადგან პეკინი, ვაშინგტონისა და მოსკოვისგან განსხვავებით, ბირთვული შეიარაღების ლიმიტირებით არაა დაინტერესებული. გარდა ამისა, დოკუმენტში გამოთქმულია ვარაუდი, რომ მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე ჩინეთისთვის მეტად პრიორიტეტული კოსმოსური შესაძლებლობების განვითარება გახდება, რომლის მიზანია აშშ-ის, როგორც კოსმოსის ათვისების საკითხში დღემდე ერთპიროვნული ლიდერის, იმიჯის შელახვა.
საფრთხეების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთის შემდეგ ვაშინგტონისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა რუსეთის ფედერაციაა, რომელიც გააგრძელებს აშშ-ის გავლენისთვის ძირის გამოთხრას, დასავლური ინსტიტუტებისა და ალიანსების დისკრედიტაციას და საკუთარი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სადაზვერვო და საინფორმაციო შესაძლებლობების განვითარებას. დოკუმენტის შეფასებით, რუსეთის ფედერაციის მიზანია აღიარებინოს აშშ-ს კრემლის უფლებები მის მიერ აღქმულ “ექსკლუზიური გავლენის ზონაზე”, რომელიც ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს მოიცავს. კრემლის პროაქტიური საგარეო პოლიტიკის მიზანია არა მხოლოდ მის ე.წ. “ახლო საზღვარგარეთში”, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აშშ-ის ინტერესებისა და გავლენის შესუსტება. მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში სირიისა და ლიბიის კონფლიქტში მონაწილეობით ვაშინგტონის მიერ ადგილზე დატოვებული ძალაუფლების ვაკუუმის შევსებას ცდილობს, ხოლო კუბისა და ვენესუელის ავტორიტარული რეჟიმების მხარდაჭერით კრემლი აშშ-ის „ექსკლუზიური გავლენის ზონაში“ (დასავლეთ ნახევარსფერო) ინფლიტრაციისთვის ემზადება. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის ფედერაციის ენერგოპოლიტიკაზეა გამახვილებული, რომელიც მიზნად რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულების გაზრდას (Nord-stream 2-ის პროექტი) ისახავს. გარდა ამისა, სადაზვერვო საზოგადოების შეფასებით, რუსეთი მომავალ წლებშიც განაგრძობს საკუთარი კიბერშესაძლებლობების განვითარებას და კოსმოსის ათვისების საკითხშიც ისევ იქნება აშშ-ისა და ჩინეთის ძირითადი მეტოქე.
ჩინეთისა და რუსეთის შემდეგ ძირითად რეგიონულ საფრთხეებად იდენტიფიცირებულია ირანი და ჩრდილოეთ კორეა, რომლებიც აგრესიული რევიზიონისტული პოლიტიკით თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლას ცდილობენ. აშშ-ის სანქციებით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ირანს შიიტური სამყაროს კონსოლიდაციით, სატელიტ რეგიონულ სახელმწიფოებში (ერაყი) რბილი ძალის პროეცირებითა და ბირთვული პროგრამის განვითარებით აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების შექმნა შეუძლია. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, ირანისგან განსხვავებით, მისგან მომდინარე საფრთხეები ძირითადად სამხედრო ხასიათისაა და ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. დოკუმენტში აღნიშნულია ფხენიანის სწრაფი ბირთვული პროგრესი და უახლოეს მომავალში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური ბირთვული რაკეტების (ICBM) განვითარების შესაძლებლობა, რომელიც ორ ძირითად პრობლემას ქმნის: 1. კორეულმა რაკეტებმა მალე შესაძლოა, აშშ-ის კონტინენტურ ნაწილამდე მიაღწიოს, რაც ვაშინგტონისთვის დიდი თავისტკივილი იქნება; 2. ფხენიანის ბირთვული რაკეტები ეგზისტენციალური გამოწვევაა იაპონიისა და სამხრეთ კორეისთვის, რომლებიც აშშ-ის ძირითადი რეგიონული მოკავშირეები არიან.
ტრანსნაციონალური საფრთხეები – ამ კატეგორიაში მოიაზრება ისეთი საერთაშორისო საფრთხეები, როგორებიცაა: კოვიდპანდემია, კლიმატის ცვლილება და საერთაშორისო ტერორიზმი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2019 წლის ბოლოს მსოფლიოში COVID-19-ის უკონტროლო გავრცელებამ საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო სხვადასხვა რისკებისადმი მოწყვლადი გახადა. პანდემიამ ხელი შეუწყო გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ესკალაციას, რადგან დიდმა სახელმწიფოებმა (მაგალითად: ჩინეთმა და რუსეთმა) პანდემიის გამოყენება საკუთარი გავლენისა და პრესტიჟის გასამყარებლად დაიწყეს.
დოკუმენტის შეფასებით, მეორე ძირითადი ტრანსნაციონალური საფრთხე კლიმატის ცვლილებაა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის პრობლემური საკითხია, რადგან ის ხელს უწყობს გეოპოლიტიკური კონფლიქტების გამწვავებას, ეკონომიკურ კრიზისებსა და ჰუმანიტარულ კატასტროფებს. ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენის ადმინისტრაცია თვლის, რომ აშშ-მა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში მსოფლიო ლიდერის როლი უნდა დაიბრუნოს, რისთვისაც პრეზიდენტმა ინაუგურაციის პირველივე დღეს დააბრუნა ვაშინგტონი პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში. რაც შეეხება საერთაშორისო ტერორიზმს, სადაზვერვო საზოგადოების შეფასებით, ამ მხრივ, ყველაზე დიდ საფრთხეს დაეში, ალ-ქაიდა და ჰეზბოლა ქმნის. უახლესი სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, “ისლამური სახელმწიფო” სირიისა და ლევანტის ტერიტორიაზე ძალების აღდგენას აქტიურად ცდილობს, ალ-ქაიდა კი დღემდე ყველაზე ძლიერ ქსელურ ტერორისტულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესს წარმატებით იყენებს დაფინანსების საშუალებების დივერსიფიკაციისა და რეკრუტირების მეთოდების გასაუმჯობესებლად. ჰეზბოლას შემთხვევაში პრობლემის სათავე ირანია, რომელიც ამ ორგანიზაციას აფინანსებს და აიარაღებს.
რეგიონული კონფლიქტები – აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენიმე რეგიონული კონფლიქტი მოექცა. დოკუმენტის შეფასებით, ავღანეთში აშშ-ის ჯარების გამოსვლასთან ერთად გაიზრდება თალიბანის გავლენა, ხოლო ავღანეთის სახელისუფლებო ძალები, უდიდესი ალბათობით, ტერორისტულ დაჯგუფებასთან გამკლავებას მარტო ვერ მოახერხებს. სირიაში ისევ გაგრძელდება სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის დაპირისპირება, თუმცა, ამჟამად ყველაზე რთულ მდგომარეობაში ქურთული ძალები არიან, რადგან ისინი ასადის რეჟიმისა და თურქული არმიის წინააღმდეგ ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძვიან. რაც შეეხება ლიბიას, დროებით მთავრობას მოუწევს,გაუმკლავდეს, როგორც საშინაო, ასევე საგარეო საფრთხეებს. სავარაუდოა, რომ ლიბიის სამოქალაქო ომში ჩართული გარე ძალები (რუსეთი, თურქეთი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები) გააგრძელებენ რეგიონული ინტერესების გატარებას პროქსი ძალების მხარდაჭერის მეშვეობით.
შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ 2021 წლის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი საერთაშორისო აქტორებისა და რეგიონული კონფლიქტების ნაწილში ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებს იზიარებს, თუმცა, ტრანსნაციონალური საფრთხეების კომპონენტში მნიშვნელოვანი სიახლეებია (COVID-19-თან და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა). ზემოხსენებული დოკუმენტის შინაარსი გვაფიქრებინებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციისთვის უსაფრთხოების პრიმატი რევიზიონისტული რეჟიმების შეკავება, საკუთარ მოკავშირეებთან ურთიერთობების დალაგება და აშშ-ის შელახული საერთაშორისო პრესტიჟის აღდგენა იქნება.
გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი