ბაიდენის 100 დღე

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 100 დღე გავიდა. შეიძლება ითქვას, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა, როგორც შიდა, ასევე საგარეო მიმართულებით აქტიური პოლიტიკის გატარება დაიწყო. ბაიდენის მიერ ამ დროის მანძილზე გამოცემული ბრძანებებისა და განკარგულებების რაოდენობა მხოლოდ რეიგანის 1981 წლის ადმინისტრაციის მონაცემებს ჩამოუვარდება. ბაიდენმა შიდა პოლიტიკაში განსაკუთრებული ყურადღება კოვიდ-19-სა და ეკონომიკურ კრიზისს მიაქცია. საერთაშორისო ექსპერტების ვარაუდით, მოქმედი ადმინისტრაციისთვის პირველ თვეებში საერთაშორისო პოლიტიკა ნაკლებად პრიორიტეტული იქნებოდა, თუმცა, ზემოხსენებული ვარაუდი არ გამართლდა და ბაიდენმა საკუთარი საგარეო კურსის შემუშავება ინაუგურაციის პირველივე დღიდან აქტიურად დაიწყო. საერთაშორისო პოლიტიკაში დაბრუნება, ალიანსების გაძლიერება, ჩინეთისა და რუსეთის შეკავება, ახლო აღმოსავლეთის სამხედრო კამპანიების დასრულება და ავტორიტარულ რეჟიმებთან დაპირისპირება – ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც მისი ადმინისტრაციის საგარეო პრიორიტეტებს წარმოადგენს. მოცემულ სტატიაში შევეცდები, მოკლედ მიმოვიხილო საგარეო პოლიტიკაში  ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი ნაბიჯები.

  1. საერთაშორისო პოლიტიკაში დაბრუნება და ტრადიციული ალიანსების აღდგენა – ბაიდენის საგარეო პოლიტიკის მთავარი დევიზია – “ამერიკა დაბრუნდა”. მოქმედმა პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივნად გამოცდილი დიპლომატი – ენტონი ბლინკენი აირჩია, რომლისთვისაც საგარეო პრიორიტეტი აშშ-ის საერთაშორისო პრესტიჟისა და მოკავშირეებთან ალიანსების აღდგენაა. პირველი ასი დღის განმავლობაში ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ მიმართულებით მრავალი ქმედითი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის გამოსარჩევია: ბლინკენის წარმატებული დიალოგი ნატოსა და ევროპის კავშირის ლიდერებთან, პრეზიდენტ ბაიდენის ვირტუალური მონაწილეობა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე და პრეზიდენტის ინიციატივით აშშ-ს, ინდოეთს, იაპონიასა და ავსტრალიას შორის ჩატარებული ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის (QUAD) პირველი სამიტი. ბაიდენის ადმინისტრაციამ აქტიურად დაიწყო მისი წინამორბედის მიერ შესუსტებული ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და შელახული საერთაშორისო იმიჯის აღდგენა, რისთვისაც აშშ ხელახლა შეუერთდა რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ ხელშეკრულებას, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა (WHO) და პარიზის კლიმატურ შეთანხმებას (PCA).
  1. ავტორიტარულ რეჟიმებთან დაპირისპირება – დონალდ ტრამპისგან განსხვავებით ბაიდენი ავტორიტარულ რეჟიმებთან ურთიერთობისას ხისტი რიტორიკითა და მოქმედებებით გამოირჩევა. მან საჯაროდ მრავალჯერ განაცხადა ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორებიცაა: უიღური მოსახლეობის გენოციდი, როჰინჯია მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, ჰონგ-კონგის ავტონომიის გაუქმების მცდელობები, რუსი ოპოზიციონიერის – ალექსეი ნავალნის მოწამვლა და საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის დაკვეთით ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა. სიას რამდენიმე დღის წინ სომეხი მოსახლეობის 1915 წლის გენოციდის აღიარებაც შეემატა. საინტერესოა ისიც, რომ ბაიდენი ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხებზე მხოლოდ მკაცრი გაფრთხილებებით არ შემოფარგლულა და რამდენიმე დევიანტ სახელმწიფოს, მათ შორის, ჩინეთს, რუსეთს, მიანმარსა და საუდის არაბეთს, სანქციების ახალი ტალღაც დაუწესა. სავარაუდოა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დაბრუნებას პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისკენ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები ექნება. ერთი მხრივ, ეს ვაშინგტონს ტრანსატლანტიკური ერთობისა და შელახული საერთაშორისო იმიჯის აღდგენაში დაეხმარება, თუმცა, მეორე მხრივ, ვაშინგტონის მიერ გაზრდილმა ფინანსურმა და დიპლომატიურმა წნეხმა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუარესოს აშშ-ის ურთიერთობა მის სტრატეგიულ თანამშრომლებთან და დააზარალოს ქვეყნის გრძელვადიანი ეროვნული ინტერესები.
  1. რუსეთთან ურთიერთობა – რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის პოლიტიკა  ბაიდენს მკაფიოდ აქვს განსაზღვრული. ვაშინგტონი მოსკოვთან გრძელვადიან, საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე თანამშრომლობს,  ხოლო სხვა დანარჩენში მის შეკავებასა და კონტროლს ცდილობს. ერთ-ერთი საერთო ინტერესის საკითხია ბირთვული შეიარაღების შემცირება, რისთვისაც რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა თებერვალში START-ის ხელშეკრულების 5 წლით გახანგრძლივებას მოაწერეს ხელი. ზემოხსენებულ ნაბიჯს აშშ-ის უსაფრთხოების წრეებში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ექსპერტთა უმრავლესობის შეფასებით, შეიარაღების კონტროლის საკითხზე ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, უფრო ჯანსაღი პოზიცია ჰქონდა, როდესაც ის ხელშეკრულებაში ჩინეთის ჩართვასაც ითხოვდა. ყველა დანარჩენ საკითხში ბაიდენის რუსული პოლიტიკა ხისტია, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ინსტიტუციურ დონეზე. საინტერესოა, რომ ერთ-ერთ ავტორიტეტულ გამოცემასთან ინტერვიუში ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა, შემდგომ კი აშშ-მა სანქციები დაუწესა იმ კონკრეტულ ინდივიდებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლაში. გარდა ამისა, ვაშინგტონმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ბრალდებით ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა. მოქმედმა პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის სამხედრო მობილიზაცია უკრაინის საზღვრებთან და კიევს მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა, თუმცა, მოიცავს თუ არა ეს უკანასკნელი სამხედრო შეიარაღებით დახმარებას, ჯერჯერობით უცნობია. საერთო ჯამში, ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთთან მიმართებით პრაქტიკული, კრემლის შეკავებასა და კონტროლზე გათვლილი საგარეო პოლიტიკური კურსი აქვს აღებული.
  1. ჩინეთის შეკავება – საფრთხეების შეფასების 2021 წლის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას სწორედ ჩინეთი წარმოადგენს. ის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც აშშ-ის გლობალური ჰეგემონიის გამოსაწვევად საკმარისი სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური რესურსი აქვს. ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთხელ დაადასტურა მისი მზადყოფნა, შეაკავოს პეკინი. პირველი 100 დღის მანძილზე ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთთან მიმართებით 3 ძირითადი გადაწყვეტილება მიიღო: 1. არ გააგრძელოს ტრამპის მიერ დაწყებული სავაჭრო ომი, რომელიც ორივე ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს; 2.უიღურების გენოციდისთვის ახალი სანქციები დაუწესოს ; 3. ჩინეთის შეკავების საკითხთან დაკავშირებით  გააფართოვოს დიალოგი ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის (QUAD) წევრ სახელმწიფოებთან.  თუმცა, ბაიდენს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილებები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ჰონგ-კონგის ავტონომია, სამხრეთ ჩინეთის ზღვის კონფლიქტი და ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობის შეთანხმებაში ხელახლა დაბრუნება. ჯერჯერობით ნაადრევია მოქმედი ადმინისტრაციის მწყობრ ჩინურ პოლიტიკაზე საუბარი, თუმცა, არსებული კონტურებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ბაიდენის პოლიტიკა ჩინეთთან მიმართებით უფრო პრაგმატული, წინდახედული და ნაკლებად ხისტი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედის.
  1. პასიურობა ირანულ ფრონტზე – სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ბაიდენის ახლოაღმოსავლური საგარეო პოლიტიკა საკმაოდ პასიურია. წინასაარჩევნო პერიოდში ბაიდენის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებაში (JCPOA) აშშ-ის დაბრუნება და ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ამ შეთანხმების აქტიური მონიტორინგი იყო, თუმცა, ყველასთვის გასაკვირად, მოქმედ პრეზიდენტს ირანის საკითხზე პირველი 100 დღის განმავლობაში ფაქტობრივად არაფერი უთქვამს. საინტერესოა, რამ გამოიწვია ბაიდენის ასეთი პასიურობა ირანული შეთანხმების საკითხზე. სავარაუდოდ, აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებამ პრეზიდენტი დაარწმუნა იმაში, რომ თეირანი რეალურად არასდროს იცავდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და საიდუმლოდ აგრძელებდა ირანის გამდიდრებას. ცხადია, მოქმედი ადმინისტრაცია გვერდს ვერ აუვლის ახლოაღმოსავლურ პოლიტიკას და განსაკუთრებით, ირანის საკითხს, რომლის ფარგლებშიც ვაშინგტონს ორი  არჩევანი აქვს: 1. გააგრძელოს ტრამპის მიერ ინიცირებული მძიმე ეკონომიკური სანქციები იმ შემთხვევაში, თუ ირანი გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების პერმანენტულ დარღვევას; 2. დაბრუნდეს ირანის ბირთვული პროგრამის ხელშეკრულებაში, ან იზრუნოს ახალი, მისთვის უფრო ხელსაყრელი ხელშეკრულების გაფორმებაზე.

შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი 100 დღე საგარეო პოლიტიკაში საკმაოდ აქტიურად დაიწყო. მოქმედმა პრეზიდენტი წარმატებით დაბრუნდა  საერთაშორისო პოლიტიკაში, აღადგინა ტრადიციული ალიანსების სისტემა და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ერთგვარი ჯვაროსნული ომი გააჩაღა, თუმცა, ამასთან, კრიტიკოსები აქტიურად საუბრობენ მის არათანმიმდევრულ საგარეო კურსზე მრავალ რეგიონში, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთისა და შორეული აზიის მიმართულებით. ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია, რადგან ჩამოყალიბების პროცესშია, თუმცა კონკრეტული კონტურების გამოკვეთა გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ როგორი იქნება თეთრი სახლის საერთაშორისო პოლიტიკა მომავალი 4 წლის მანძილზე.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s