პოლონურ-ქართული კავშირი 100 წლის წინ

იმის დასადგენად, თუ რატომ სურდა იუზეფ პილსუდსკის კავკასიელ ხალხებთან და განსაკუთრებით საქართველოსთან ახლო კონტაქტის დამყარება, პასუხი მის აღმოსავლეთ პოლიტიკაში უნდა ვეძიოთ. მისი აზრით, რუსეთის იმპერიის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კრემლის მიერ დაპყრობილი და სუბორდინირებული ერები შეადგენდა, რომელთაც იძულებითი რუსიფიკაციის საფრთხესთან უწევდათ გამკლავება.

იგი მიიჩნევდა, რომ პოლონეთის დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლის სწორი გზა იმ ერების ძალისხმევათა გაერთიანება იყო, რომლებიც რუსეთს ჰყავდა დაპყრობილი და ამის მიუხედავად, დაკარგული თავისუფლების აღდგენისათვის იბრძოდნენ. 1904 წელს იაპონიაში ვიზიტისას პილსუდსკიმ აღნიშნა:

რუსეთის იმპერიის დაშლის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორებია: პოლონეთი, ფინეთი და კავკასია, უფრო სწორად, მისი ორი მთავარი ერი – ქართველები და სომხები. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პოლონეთის გავლენა გადამწყვეტია ლიეტუვასა და კათოლიკურ ბელორუსზე, ხოლო ქართველებსა და სომხებს კავკასიის ნახევრად ველური ტომების გაერთიანება ძალუძთ.

1919 წლის შემოდგომაზე პოლონელები კავკასიაში დიპლომატიური და სამხედრო მისიის გაგზავნას აპირებდნენ. სხვათა შორის, 1920 წლის იანვარში ანტანტის სახელმწიფოების მიერ საქართველოს აღიარებამ ეს გადაწყვეტილება დააჩქარა. იოდკო-ნარკიევიჩი (პოლონეთის ელჩი ოსმალეთის იმპერიაში) საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებდა. პილსუდსკის მსგავსად, ისიც ბოლშევიკური რუსეთის შემდგომ მოწინააღმდეგეებს ხედავდა კავკასიისა და ოსმალეთის იმპერიის ქვეყნების სახით. შესაბამისად, იგი ამ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარების მხურვალე მომხრე იყო.

ჩვენთვის თურქული საკითხის ამგვარ მოგვარებას ის უპირატესობა ექნება, რომ ბოლშევიკების წინააღმდეგ ომში ნამდვილ მოკავშირეებს მივიღებთ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახით.” – წერდა იოდკო-ნარკიევიჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილ ნოტაში.

პატივი მაქვს გაცნობოთ, რომ პოლონეთის მთავრობა მზადაა, აღიაროს საქართველოს მთავრობა, როგორც დამოუკიდებელი დე ფაქტო ორგანიზაცია, სანამ სამშვიდობო კონფერენცია საქართველოს მიანიჭებს იმ სტატუსს, რომელიც შეესაბამება მისი ხალხის ნებას” – წერდა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, სტანისლავ პატეკი, სპეციალურ დეპეშაში, რომლითაც მან თავის ქართველ კოლეგას, ევგენი გეგეჭკორს მიმართა – ”პოლონეთის მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსა და პოლონეთს შორის მეგობრული თანამშრომლობის დამყარება ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ხალხის საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას. ამ მიზნით, პოლონეთის მთავრობა სიამოვნებით მიიღებს საქართველოს წარმომადგენელს ვარშავაში. ჩვენი ნების დასადასტურებლად, პოლონეთის მთავრობამ დანიშნა სპეციალური მისია ტიტუს ფილიპოვიჩის ხელმძღვანელობით, რომელიც პირდაპირი მეგობრული ურთიერთობების დამყარების მიზნით, მალე ეწვევა ტფილისს”.

მართლაც, 1920 წლის 24 მარტს პოლონეთმა ცნო საქართველო და სპეციალური დიპლომატიური მისია ტიტუს ფილიპოვიჩის ხელმძღვანელობით დაიძრა ტიფლისისკენ. 31 მარტს მან აკრედიტაციის წერილები წარუდგინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.

ფილიპოვიჩი და მისი თანმხლები პირები საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქში სამ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩნენ, 30 მარტიდან 24 აპრილამდე.

როგორც გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა გადმოგვცემს:

მარტის 30-ს ვარშავიდან კონსტანტინეპოლ-ბათუმის მარშრუტით იტალიელ გემ „ფრანც-ფერდინანდზე“ ჩამოვიდა პოლონეთის რესპუბლიკის სპეციალური მისსია. მისსიას დიპლომატიური ხასიათი აქვს და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან დარჩება პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლად. მისსიას სათავეში უდგას ტიტუს ფილიპოვიჩი, ვარშავის პირველი კაბინეთის გარეშე საქმეთა მინისტრის ამხანაგი. მისსიის შემადგენლობაში შედიან: საელჩოს გამგე-მრჩეველი სიგ. სმოგორჟევსკი, საელჩოს მდივანი ვლად. დე-ბონდი და კონსული ვიქტორ ბიალობჟესკი. მისსია დაბინავდა სასტუმრო „ორიენტში“, ბ-ნი ტიტუს ფილიპოვიჩი კი – პოლონეთის წარმომადგენლის შენობაში (პეტრე დიდის ქუჩა N7). მარტის 31-ს მისსიამ მთელი შემადგენლობით ინახულა მოკავშირეთა სამხედრო და დიპლომატიური მისსიები, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე- ნოე ჟორდანია, დამფუძნებელ კრების თავმჯდომარის ამხანაგი- ექვთიმე თაყაიშვილი. მისსიამ დამფუძნებელ კრების ქვესტორის ს. ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობის დაათვალიერა სასახლის შენობა.

პოლონეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობა (ძალიან მალე საელჩოდ უნდა გადაქცეულიყო) ინგოროყვას 7-ში მდებარეობდა და ძალიან ბევრი ისეთი ინიციატივა მუშავდებოდა, რომლებიც ისტორიას აღარ შემორჩა და საგულდაგულოდ წაიშალა საბჭოთა რეჟიმის მიერ. მაგალითად: საქართველოს იარაღით მომარაგება, ქართველი ოფიცრების გაწვრთნა, მეცნიერების მხარდაჭერა, წარჩინებულ სტუდენტთა წამყვან პოლონურ უნივერსიტეტებში მიწვევა, ვაჭრობა მოსაკრებელის გარეშე, ეკონომიკური დახმარება თბილისსა და რეგიონებში სამრეწველო საქმიანობის განვითარებისათვის, ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, ერთმანეთში გამარტივებული მიმოსვლა, თუმცა მსგავსად პოლონეთის საელჩოს გახსნისა, ვერც ამ ინიციატივების რეალიზაცია მოხერხდა საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრის გამო.

სხვათა შორის, საქართველოს I-მა რესპუბლიკამ მაინც მოახერხა ვარშავაში საელჩოს გახსნა, რომელსაც გიორგი სიდამონ-ერისთავი ხელმძღვანელობდა. პოლონეთის რესპუბლიკასთან ერთად, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ბალტიისპირეთსა და ფინეთს ფარავდა, თუმცა ძალიან მცირე ხნით – 1920 წლის 14 ოქტომბრიდან 1921 წლის თებერვლამდე.

პოლონეთის მთავრობამ არ ცნო საქართველოს ანექსია და მისი იძულებითი შეყვანა ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკაში. პოლონეთის ხელისუფლებამ შეინარჩუნა კონტაქტი პარიზში ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან და მარშალმა იუზეფ პილსუდსკიმ ქართული არმიის იუნკრებისა და ოფიცრებისთვის საზღვრები გახსნა, რომლებიც, როგორც პოლონეთის არმიის კონტრაქტორები, სექტემბრის კამპანიაში მონაწილეობდნენ და ეროვნული არმიის რიგებში იბრძოდნენ, ვარშავის აჯანყების ჩათვლით.

P.S. განსაკუთრებული მადლობა Paweł Libera-ს, რომლის პუბლიკაციის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ სტატიის გამოქვეყნება.

გრიგოლ ჯულუხიძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს დირექტორი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s