ორი ადამიანის არსებობაც კი რადიკალურად ცვლის თამაშის წესებს. იცვლება წარმოდგენები, ფსიქოლოგია და ცნობიერება. მსგავსი ანალოგიის გადმოტანა სახელმწიფოებზეც შეგვიძლია. თუ რეალიზმის სკოლას გავყვებით, ყალიბდება ეგრეთ წოდებული უნდობლობა, ვინაიდან ერთმა სახელმწიფომ არ იცის მეორის რეალური განზრახვა. შესაბამისად, ქვეყნის უმთავრესი ამოცანა თვითგადარჩენაა. ჩინური დილემების განხილვისას ჩვენ გამოვიყენებთ რეალიზმის სკოლის თეორიულ წანამძღვრებს.
გეოგრაფიული დილემა
ჩინეთის გეოგრაფია მეტად მრავალფეროვანია: აქ შევხვდებით უდაბნოებს, ტყეებს, მსოფლიოში ყველაზე მაღალ წერტილებს, ვაკეებსა და უამრავ მდინარეს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი 14 სახელმწიფოს ესაზღვრება, რაც საგარეო ურთიერთობების დინამიკას კიდევ უფრო კომპლექსურს ხდის. ამერიკისგან განსხვავებით, რომელსაც ირგვლივ კანადა, მექსიკა და ოკეანეები აკრავს, გამოსაყოფია ჩინეთის საზღვარი ინდოეთთან, რომელიც მის რეგიონალურ მეტოქედ მოიაზრება. ცალკე უნდა აღინიშნოს რუსეთთან გამყოფი ზოლი, რომელიც შეიძლება პრობლემად იქცეს, თუკი ამ ორი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვევა. უსაფრთხოების თემის გავრცობამდე, მსურს, რამდენიმე სიტყვით შევეხო ადგილმდებარეობიდან გამოწვეულ პრობლემებს.
ჩინეთის რელიეფი სენსიტიურია სეისმური აქტივობების მიმართ. მთავარი წყარო ამ გეოლოგიური არასტაბილურობისა არის ინდური ტექტონიკური ცვლილებები. ისტორიის მანძილზე ასობით მიწისძვრა მოხდა, რომელმაც მილიონობით ადამიანი შეიწირა: მაგალითად 1920 წელს მომხდარი მიწისძვრა განსუს პროვინციაში, 1976 წელს შუ ჰეპეიში, რომელსაც 250 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2008-ში სიჩუანის პროვინციაში და სხვა.
რელიეფური და კლიმატური მიზეზებიდან გამომდინარე ჩინეთში მოსახლეობაც არათანაბრად არის გადანაწილებული. მოსახლეობის უმეტესობა აღმოსავლეთ რეგიონში ცხოვრობს. არაპროპორციულ განაწილებას თან ახლავს მატერიალური პირობების ძლიერი უთანასწორობა, რასაც ნახატი 1 ცხადყოფს. დღევანდელი კომუნისტური პარტიის ერთ-ერთ მიზანს სწორედ ამ უთანასწორობის აღმოფხვრა და ჰარმონიული საზოგადოების შექმნა წარმოადგენს.
სურათი1.

წყარო:https://geopoliticalfutures.com/china-as-a-third-world-country/#&gid=1&pid=1
უსაფრთხოების დილემა
სტატიის დასაწყისში მოყვანილი რეალიზმის სკოლის ერთ-ერთი დასკვნისა და გეოპოლიტიკური აზროვნების სინთეზირება შეიძლება ერთი წინადადებით – ჩინეთს ესაჭიროება ბუფერული ზონები. ეს პირველ რიგში ქვეყნის სტრატეგიულ სიღრმეს უზრუნველყოფს და მტერს ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეუქმნის. თუ რუკას დავაკვირდებით, ჩინეთის ბუფერულ ზონებად პირველ რიგში სინძიანგსა და ტიბეტს შევნიშნავთ. აღნიშნული ორი ტერიტორია არ ყოფილა ჩინეთის ისტორიული ნაწილი. მათი შემოერთების დანიშნულება სწორედ რომ გეოპოლიტიკური აზროვნების შედეგია.
დღეს სინძიანგის პროვინცია არის ზუსტად ის ადგილი, რის გამოც დასავლეთი სანქციებს უწესებს ჩინეთს. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ისევ მიდის საუბარი საკონცენტრაციო ბანაკებზე, რომლებსაც კომუნისტური პარტია გადასამზადებელ ცენტრებს უწოდებს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მასობრივი დაკავებები დაიწყო 2017 წელს. ხსენებული გარემოება უკავშირდებოდა სამხრეთ აზიაში არსებულ ტერორისტულ დაჯგუფებებსა და უიგურებს შორის წარმოქმნილ პირდაპირ კონტაქტებს. ასევე საგანგაშო გახლდათ უიგურების ჩართულობა სირიის ომში, რადგან მათი რადიკალიზაცია ჩინეთის უსაფრთხოებას დიდ პრობლემებს უქმნიდა.
რაც შეეხება ტიბეტს, არსებობს ასეთი გამონათქვამი, რომ თუ ჩინეთი ვერ გააკონტროლებს ტიბეტს, მაშინ ამას აუცილებლად გააკეთებს ინდოეთი. ტიბეტიდან ექვსი უმთავრესი მდინარე მოედინება, მათგან ორი – ყვითელი და იანძი – ჩინეთის არტერიებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. სამხედრო თვალსაზრისითაც ტიბეტის დაკარგვის შემთხვევაში მოიშლება ამ ორი ქვეყნის გამყოფი ბუნებრივი ბარიერი ჰიმალაის სახით. ბევრის ვარაუდით აღნიშნულმა ბარიერმა ეს სახელმწიფოები მასშტაბური ომისგან დაიცვა, (იგულისხმება 1962 წლის ომი და მრავალი მცირე შეტაკება).
მესამე კრიტიკული წერტილი არის დაუცველი აღმოსავლეთ სანაპირო. ჩინეთს მძიმე ისტორიული გამოცდილება აკავშირებს აღნიშნულ ტერიტორიასთან. დამცირების ასი წელიწადი სწორედ იწყება აღმოსავლეთ სანაპიროდან შემოსული ბარბაროსებისგან, რომლებმაც იოლად მოახდინეს ჩინეთის დამარცხება ოპიუმის ომებში. სიტუაცია დღესაც ანალოგიურია. თუ მოწინააღმდეგე მოახდენს ჩინეთის აღმოსავლეთ მხარის ბლოკირებას, ჩინური ეკონომიკა უსწრაფესი ტემპით ჩამოიშლება. ცალკე საკითხია კრიტიკული სრუტეები. თუნდაც მალაკას სრუტის ბლოკირება ჩინეთს წარმოუდგენელ ზარალს მოუტანს.
აღნიშნული პრობლემების დასაძლევად ჩინეთი სამხედრო ბიუჯეტს ზრდის. ის უკვე სამხედრო ხომალდების რაოდენობის მხრივ ნომერ პირველი სახელმწიფოს წარმოადგენს. ასევე უნდა გამოვყოთ ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯარი. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ რაოდენობა არ არის საკმარისი. მთავარი პრობლემა გახლავთ გამოუცდელობა, ვინაიდან თუ შეერთებული შტატების არმიას შევადარებთ, გარდა ტექნოლოგიური განსხვავებისა გამოუცდელობაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.
ბოლოს კი უსაფრთხოების მთავარ დილემად უნდა ვახსენოთ თვითონ აშშ. საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა არ შეიძლება იყოს კონსტანტური ცვლადი, ის მუდმივად განიცდის ტრანსფორმაციებს. ამჟამად, ერთმანეთის წინაშე ორი სუპერ სახელმწიფო დგას, რომლებსაც ურთიერთგანსხვავებული მიზნები ამოძრავებთ. შეერთებული შტატების მთავარი ამოცანა ძალთა ბალანსის არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაა, მაშინ როდესაც ჩინეთის მიზნები რევიზიონისტულია. სწორედ, ძალთა ბალანსის მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა მიიყვანა ორი სახელმწიფო ჯერჯერობით ეკონომიკურ და იდეოლოგიურ დაპირისპირებამდე. თუმცა დაპირისპირებამ შესაძლოა უფრო მწვავე ხასიათიც მიიღოს.
კომუნისტური პარტიის დილემები
ჩინეთს 1949 წლიდან კომუნისტური პარტია მართავს. აღნიშნული დროიდან მოყოლებული მისი მთავარი მიზანი ტაივანის დაბრუნებაა. მაშინ ჩინეთს ტაივანის აღებაში ხელი როგორც საგარეო ფაქტორებმა, ასევე შიდა ტექნიკურმა ხარვეზებმა შეუშალა. ერთი მხრივ შეერთებული შტატების აქტიურმა მხარდაჭერამ ტაივანისადმი, მეორე მხრივ კი ტაქტიკურად არასაკმარისი ფლოტის და ავიაციის რაოდენობამ მაო ძედუნის დაგეგმილი ოპერაციის გადადება გამოიწვია. დღეს თუ პირველი გარემოება უცვლელია, ჩინეთმა მნიშვნელოვნად შეცვალა მეორე გარემოება. უფრო მეტიც, თუ ამერიკელ ანალიტიკოსებს დავეყრდნობით 2027 წლისთვის ჩინეთი უკვე სრულყოფილად მზად იქნება ტაივანის ოკუპაციისთვის. კომუნისტურ პარტიას ტაივანის დაბრუნება საკუთარი ლეგიტიმაციისთვის სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად შესაძლოა სახელმწიფოს არსებული სტატუს-კვო აწყობდეს, პარტიული ინტერესები განსხვავებულია.
ვინაიდან ლეგიტიმაციას შევეხეთ, შესაძლოა გამოვყოთ ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც აუცილებელ ელემენტად იქცა კომუნისტური პარტიის არსებობისთვის. ერთი მხრივ შესაძლოა ვიფიქროთ, რომ დენგ ძიაოპინის რეფორმების შემდეგ მმართველი პარტია ერთგვარ ხაფანგში აღმოჩნდა. საშუალო კლასის აღმოცენებითა და ზოგადად მოსახლეობისთვის ცხოვრების დონისა და პირობების გაუმჯობესებით გაჩნდა შინაგანი მოთხოვნა, რომ არჩეული კურსი გაგრძელებულიყო. დასავლური დომინანტი ლიბერალური ლოგიკა შეცდა, როდესაც აქცენტი ჩინეთთან დაახლოებაზე გააკეთა იმ მოტივით, რომ ჩინეთის შიდა პოლიტიკა აუცილებლად შეიცვლებოდა. ადრე თუ გვიან საშუალო კლასი მოითხოვდა დემოკრატიულ-ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებას, რაც მმართველ პარტიას აიძულებდა გარკვეულ კომპრომისებზე წასულიყო. თუმცა მსგავსი ოცნებები წარსულს ჩაბარდა. პარადოქსულად, დღეს უკვე ფსონები კეთდება ეკონომიკურ მუხრუჭზე, რომელიც მოსახლეობას უკვე სხვა მოტივით გამოიყვანს გარეთ, თუმცა მიზანი ერთი იქნება. ჯერჯერობით, ჩინეთის ეკონომიკა განაგრძობს ზრდას, თუმცა უარეს შემთხვევაში ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე ელიტური შიდა ცვლილებები უფრო მოსალოდნელია, ვიდრე მკვეთრი პოლიტიკურ-სისტემური ძვრები.
კოვიდ19-ის შემთხვევამ კომუნისტური პარტიაზე ზეგავლენა ორი მხრიდან მოახდინა. პირველი ჩინეთის საგარეო იმიჯი მნიშვნელოვნად შეილახა და ქვეყნები დაფიქრდნენ ვაჭრობის გზების დივერსიფიკაციაზე. მეორე გახლდათ თავდაპირველი განწყობა, რომ მმართველ პარტიას არ შეუძლია მოსახლეობის დაცვა. თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომუნისტური პარტიის პროპაგანდა უკვე სათავისოდ იყენებს არსებულ სიტუაციას. თუნდაც რიცხვები საკმარისად ადასტურებს, რომ მიუხედავად უამრავი სირთულისა, კომუნისტურმა პარტიამ შეძლო პრობლემასთან გამკლავება. მართალია, სავარაუდოდ კორონა ვირუსის სიტყვების ომი დასრულდა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის, მაგრამ პარტია ყოველთვის ეცდება თავისი უპირატესობის დამტკიცებას.
დასკვნა
ჩინური სახელმწიფო დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. კომუნისტური პარტიის მიზანია შექმნას ძლიერი ჩინეთი, რომელიც არასოდეს არ დაბრუნდება იმ პერიოდში, სადაც დიდი სახელმწიფოები გავლენის სფეროებად ინაწილებდნენ. უნდა აღინიშნოს სტრატეგიული ცვლილებაც, რომ დენგ ძიაპინის ერთ-ერთი მთავარი გამოძახილი „მოიგე დრო, დამალე შესაძლებლობები“ დასასრულს მიუახლოვდა. დღეს ჩინეთი ვეღარ შენიღბავს თავის სიძლიერეს და ჩინეთი აღარ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ თავდახრილი ისმენდეს გარე შეფასებებს. ჩინური გიგანტი წამოდგა და მიაბიჯებს საერთაშორისო ასპარეზის რესტრუქტურიზაციისაკენ. თუმცა ამ გზაზე მას უთუოდ მოუწევს ზემოაღნიშნული დილემების ეფექტურად გადაწყვეტა, რათა დასახული მიზანს მიაღწიოს. ეს მიზანი კი შეერთებული შტატების ლიბერალური მსოფლიო წესრიგის შეცვლაში მდგომარეობს.
შოთა მგელაძე
საგარეო პოლიტიკის მკვლევარი.