ბაიდენის ამბიციური გეგმა – ახალი რეგულაციები იარაღის კონტროლზე

გასული თვის ბოლოს ბოულდერსა და ატლანტაში მომხდარმა მასობრივი მკვლელობების ტალღამ, რომელსაც ჯამში 18 ადამიანი ემსხვერპლა, მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ იარაღის შეძენა-შენახვის არაეფექტური კონტროლი დღემდე აშშ-ის საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, მოცემულ საკითხზე აქტიურად საუბრობდა წინასაარჩევნო პერიოდში და ამერიკელ მოქალაქეებს იარაღის შეძენის, შენახვისა და კონტროლის რეგულაციების გამკაცრებას ჰპირდებოდა. გასული კვირის ბოლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იარაღის მასობრივი კონტროლის გასაუმჯობესებლად 6 აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლებიც ძალაში უახლოეს მომავალში შევა. რატომაა განსაკუთრებით პრობლემატური იარაღის კონტროლი ამერიკის შეერთებულ შტატებში? რა კონკრეტულ ინიციატივებს ითვალისწინებს ბაიდენის გეგმა და რამდენადაა შესაძლებელი პრობლემის სრულად აღმოფხვრა? – სტატიაში შევეცდები, ზემოხსენებულ კითხვებს ვუპასუხო.

იარაღის ფლობა და შენახვა ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსტიტუციურად დაცული უფლებაა, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ 1789 წლიდან იღებს, მას შემდეგ, რაც დამფუძნებელმა მამებმა აშშ-ის კონსტიტუციაში უფლებათა ბილის სახელით ცნობილი შესწორებების პირველი ტალღა შეიტანეს. უფლებათა ბილის მეორე შესწორების მიხედვით, გარანტირებული უნდა ყოფილიყო თითოეული ადამიანის უფლება, დაუბრკოლებლად შეეძინა და შეენახა იარაღი. დამფუძნებელი მამები მიიჩნევდნენ, რომ კონსტიტუციის ზემოხსენებული დამატება ინდივიდთა ეფექტურ თავდაცვას უზრუნველყოფდა, თუმცა, კანონი ამერიკული საზოგადოებისთვის იმთავითვე საკამათო გახდა, რადგან მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევდა, რომ იარაღის შენახვისა და ტარების უფლება ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებას გამოიწვევდა, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირებოდა. მიუხედავად საპირისპირო არგუმენტების არსებობისა, შესწორება კონსტიტუციაში მაინც შევიდა და აქედან მოყოლებული, სწორედ ის ქმნის საკანონმდებლო ჩარჩოს აშშ-ში იარაღის შეძენის, შენახვისა და კონტროლის მიმართულებით. ცხადია, იარაღის შეძენა და შენახვა აბსოლუტური უფლებების კატეგორიად არ მოიაზრება და აქვს გარკვეული შეზღუდვები. აშშ-ის კანონმდებლობით სრულიად აკრძალულია კონკრეტული ტიპის იარაღის შეძენა და შენახვა, ისევე, როგორც ცეცხლსასროლი იარაღის ფარულად შენახვა. 1968 წელს მიღებული იარაღის კონტროლის აქტის მიხედვით, ასევე აკრძალულია  ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა 18 წლამდე პირების, კრიმინალური წარსულის მქონე ინდივიდების, ფსიქოლოგიური დარღვევის მქონე ადამიანებისა და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის. 

მიუხედავად იმისა, რომ არსებული შეზღუდვების ძირითადი ნაწილი ფედერალურია, შტატებს მაინც მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ძალაუფლება რჩება იარაღის შენახვისა და შეძენის გასაკონტროლებლად. შტატების გარკვეულ ნაწილში (მაგალითად: აიდაჰო, ალასკა და კანზასი) მოქალაქეებს შეუძლიათ ფედერალურ შეზღუდვებს გვერდი აუარონ, რაც გამართლებულია იმ არგუმენტით, რომ იარაღის შეძენა-შენახვისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება არა ფედერალური ხელისუფლების ან უზენაესი  სასამართლოს, არამედ კონკრეტულად შტატების პრეროგატივას წარმოადგენს. 1994 წელს კონგრესმა მიიღო ბრძანება, რომელიც კრძალავდა დიდი ზომის ნახევრადავტომატური იარაღის შეძენას, თუმცა, 2004 წელს კონგრესმა კანონის ავტომატურად გაგრძელებას მხარი აღარ დაუჭირა. დღესდღეობით, აშშ-ის ფედერალური კანონმდებლობა არ კრძალავს ნახევრადავტომატური მოიერიშე იარაღის, 0.50 კალიბრიანი ავტომატური შაშხანისა და მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენასა და შენახვას. ამერიკის შეერთებული შტატები ერთპიროვნული ლიდერია როგორც ერთ სულ მოსახლეზე იარაღის ფლობის, ასევე იარაღით გამოწვეული კრიმინალის რაოდენობის მიხედვით. 2018 წლის მონაცემებით, აშშ-ის ყოველ 100 მოქალაქეზე 120 რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ფიქსირდებოდა. შედარებისთვის, კანადაში ეს რაოდენობა მხოლოდ 35-ს, ავსტრალიაში – 15-ს, ისრაელში- 7-ს, ხოლო იაპონიაში 1-ს შეადგენდა. ცეცხლსასროლი იარაღით გამოწვეული კრიმინალის რაოდენობა აშშ-ში ყოველ 100 000 ადამიანზე  4-ია. დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიებში, ამ მხრივ, მეორე ადგილზე ისრაელია 1 შემთხვევით, შემდეგ  მოდის კანადა (0.5) და დიდი ბრიტანეთი (0.2). საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიოს მოსახლეობის 5%-ზე ნაკლები ცხოვრობს, თუმცა, მისი მოქალაქეები ცეცხლსასროლი იარაღის მსოფლიო ჯამური რაოდენობის 46%-ს ფლობენ.

იარაღის კონტროლის გაუმჯობესების მიზნით მკაცრი ფედერალური რეგულაციების დაწესება აშშ-ის მრავალმა ადმინისტრაციამ სცადა, თუმცა, ამერიკელი მოქალაქეების უმრავლესობა თითოეულ ამ მცდელობას მკაცრი კრიტიკით ხვდებოდა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს კონსტიტუციაში მეორე დამატების არსებობას და თითოეული ადმინისტრაციის მცდელობა, გაემკაცრებინა შეზღუდვები, აღიქმებოდა, როგორც ხელისუფლების მიზანი, სრულად აღმოეფხვრა ინდივიდთა თავდაცვის უფლება. თუმცა, უკანასკნელ ათწლეულში მასობრივი სროლებით გამოწვეული მსხვერპლის მკვეთრი ზრდის პარალელურად, სულ უფრო იმატებს იარაღის შეძენისა და შენახვის კანონის მაქსიმალურად გამკაცრების მომხრეთა რიცხვიც. უკანასკნელ ხანებში მეორე დამატებამ ამერიკული პარტიების დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. რესპუბლიკელებისთვის თავდაცვა აბსოლუტური უფლებაა და მათი პოლიტიკა ფოკუსირებულია იარაღის შეძენა-შენახვის მაქსიმალური დერეგულაციისკენ, მაშინ, როდესაც დემოკრატების თითქმის სრული უმრავლესობა კანონის გამკაცრებასა და დამატებითი რეგულაციების დაწესებას ემხრობა. დღესდღეობით, დემოკრატები აკონტროლებენ კონგრესის ორივე პალატას, რამაც აშშ-ის პრეზიდენტს არსებული კანონმდებლობის გადახედვისა და ახალი რეგულაციების დაწესების შესაძლებლობა მისცა.

ბაიდენმა 6 აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელთა უმრავლესობა მიზნად იარაღის შეძენის პროცესის გამკაცრებას ისახავს. მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი:

  1. „ჩრდილოვანი იარაღის“ გავრცელების შეზღუდვა – ეს უკანასკნელი ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღია, რომელიც მაღაზიებში ლიცენზიისა და სერიული ნომრის გარეშე იყიდება, ამიტომ ხელისუფლებას მისი ეფექტური კონტროლი უჭირს. კანონი  ასეთი სახის იარაღზე სერიული ნომრების განთავსებას ითვალისწინებს;
  2. მსუბუქ ცეცხლსასროლ იარაღზე სტაბილიზატორების შეზღუდვა – მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის სტაბილიზატორი მარტივად გარდაიქმნება მოკლელულიან შაშხანად, რომელიც უფრო ზუსტი და მომაკვდინებელია, ვიდრე მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღი. შესაბამისად, მსგავსი ტიპის იარაღის შეძენას ამიერიდან ცალკე რეგისტრაცია დასჭირდება;
  3. ე.წ. „წითელი დროშის“ კანონის სტიმულირება – მოცემული კანონი სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, ჩამოართვას ინდივიდს იარაღის ტარების უფლება განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად, თუ დასახელებული პირი  კონკრეტული ადამიანისთვის ან საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს;
  4. იარაღით უკანონო ვაჭრობაზე ყოველწლიური მოხსენებების გაკეთება – კანონის მიხედვით, ალკოჰოლთან, თამბაქოსა და იარაღთან ბრძოლის ბიურო (ATF) და იუსტიციის დეპარტამენტი ვალდებულნი იქნებიან, მოამზადონ ყოველწლიური ანალიტიკური მოხსენება, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას იარაღით უკანონოდ ვაჭრობასთან დაკავშირებით;
  5. ძალადობის პრევენციის პროგრამის წახალისება – ამერიკულ საზოგადოებაში ძალადობის პრევენციის პროგრამის წასახალისებლად ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის ბიუჯეტიდან მომავალი 8 წლის მანძილზე 5 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს;
  6. ATF-ის მეთაურად დევიდ ჩიპმენის წარდგენა – ალკოჰოლთან, თამბაქოსა და იარაღთან ბრძოლის ბიუროს (ATF) მეთაურად ბაიდენმა დევიდ ჩიპმენი წარადგინა, რომელსაც ზურგს ბიუროში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება უმაგრებს. ბიუროს მეთაურის დანიშვნას სენატის დასტური სჭირდება და სავარაუდოა, რომ სენატში ჩიპმენის კანდიდატურის კონფირმაციას დემოკრატ და რესპუბლიკელ კანონმდებლებს შორის მწვავე დებატი მოჰყვება.

ბაიდენის ზემოხსენებული ინიციატივა ჯერჯერობით საკმაოდ მოკრძალებულია, თუმცა, ის ამბიციური პროექტის მხოლოდ დასაწყისია. საინტერესოა, რა კონკრეტულ შედეგს მოიტანს მოქმედი პრეზიდენტის მიერ ინიცირებული აღმასრულებელი ბრძანებები და რამდენად შემცირდება/გაიზრდება აშშ-ში უახლოეს მომავალში იარაღით გამოწვეული კრიმინალის რაოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ მოკლევადიან პერსპექტივაში კანონი მცირე შედეგს მაინც  მოიტანს, ბაიდენს ხელ-ფეხი გაეხსნება შემდგომი, უფრო თამამი მოქმედებების განსახორციელებლად, რომლებსაც მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილის მხარდაჭერა ექნება. დემოკრატიული პარტიის დღის წესრიგის საბოლოო მიზანი კი ერთია – კონსტიტუციის მეორე შესწორების გაუქმება და ნებისმიერი ტიპის იარაღის შეძენა-შენახვის აკრძალვა, რაც, ამერიკული საზოგადოების განწყობების გათვალისწინებით, საკმაოდ რთულად შესასრულებელი ამოცანა იქნება.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a comment