
გასული წელი მძიმე სცენარით განვითარდა ლათინური ამერიკისთვის, განსაკუთრებით კი ბრაზილიისთვის. COVID-19-ს 300 000-ზე მეტი ბრაზილიელი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა და გარდა ადამიანური ზარალისა, ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა.
პრეზიდენტმა ჟარ ბოლსონარომ, რომელიც პანდემიის მიმართ ანტისამეცნიერო განწყობებითა და ხისტი ანტიკოვიდური პოლიტიკით გამოირჩევა (რის გამოც ის საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ გააკრიტიკა), ბრაზილია უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანა – უპრეცედენტო დღიური 90 000 კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებელი. მხოლოდ მარტის თვეში 66 570 გარდაცვლილი, ჯამში 13 მილიონი დადასტურებული შემთხვევა და სიკვდილიანობის ინდექსით მეორე ადგილი მსოფლიოში. ამასთან, უმუშევრობის დონის 14,6% ზრდა, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ მდგომარეობისა, რომელშიც ამჟამად ბრაზილია იმყოფება.
სახელმწიფოს მმართველი კრიტიკას სამხედრო დიქტატურის დროს არსებული კანონმდებლობის გამოყენებით პასუხობდა და ოპონენტების მასიურ დევნასა და დაშინებას მიმართავდა, ბრალს სდებდა საკუთარ ადმინისტრაციას უუნარობაში და აცხადებდა, რომ ბრაზილიის უზენაესმა ფედერალურმა სასამართლომ მას ჯანდაცვის სფეროში ეფექტური პოლიტიკის დანერგვაში ხელი შეუშალა.
შედეგად, ბოლსონარო და ზოგადად ბრაზილია, პოლიტიკური კრიზისის ახალ ეტაპზე გადავიდნენ – პროტესტის ნიშნად, ლათინური ამერიკის ისტორიაში პირველად, არმიის, საზღვაო და საჰაერო ძალების ხელმძღვანელებმა ერთად დატოვეს საკუთარი პოსტები და გადავიდნენ პრეზიდენტის მოწინააღმდეგეთა ბანაკში.
ბრაზილიის მოსახლეობისთვის ეს სცენარი ახალ საშიშროებას ქმნის – 21-წლიანი სამხედრო მმართველობის შემდეგ, ქვეყანაში შეიარაღებული ძალების როლი საკამათო საკითხად დარჩა, დღეს კი, როდესაც ქვეყანაში ასეთი მძიმე ფონია, სრულიად შესაძლებელია, რომ სამხედროებმა მოიკრიბონ ძალები და ხელი შეუწყონ ბრაზილიის სათავეში არადემოკრატიული ღირებულებების მქონე ლიდერის მოსვლას, ან უარეს შემთხვევაში, დაბრუნებას.
2021 წლის 8 მარტს ბრაზილიის ყოფილი მემარცხენე პრეზიდენტის – ლუის ინაციო ლულა და სილვას წინააღმდეგ აღძრული საქმე, რომელსაც ბრაზილიელი ხალხი ბრალს სდებდა კორუფციულ საქმიანობასა და ფულის გათეთრებაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ედსონ ფაჩინმა გააუქმა იმ მოტივით, რომ ბრალდება საქალაქო სასამართლოს პრეროგატივაში შედიოდა და ეს საქმე მას უნდა განეხილა.
ამ გადაწყვეტილებით ლულას შანსი მიეცემა მონაწილეობა მიიღოს 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რაც ერთის მხრივ, მოსახლეობაში იწვევს აზრთა სხვადასხვაობას და მეორეს მხრივ, არ ტოვებს ალტერნატიულ არჩევანს. ეს მოცემულობა კი უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისზე მეტყველებს.
ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ედება სამ სხვადასხვა საქმეში. ბრაზილიამ ამ დროიდან საფუძველი ჩაუყარა ანტიკორუფციულ პოლიტიკას სახელწოდებით Operation Car Wash-ს, რომლის დროსაც არაერთი ჩინოვნიკი დააკავეს. 2017 წელს მაშინდელმა უზენაესმა მოსამართლემ – სერჟიო მორომ ლულას 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლულამ ციხეში 580 დღე გაატარა.
ყოფილი ლიდერის პოლიტიკიდან ჩამოშორებამ ბოლსონაროს გაპრეზიდენტების შანსები გაზარდა, სხვა შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ ის ოპონენტთან დამარცხდებოდა. ამ ეტაპზე კი, ფაჩინის 8 მარტის გადაწყვეტილებამ მკვეთრად შეცვალა პოლიტიკური სურათი.
2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩიხში შევა – ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს მოქმედ პრეზიდენტს, რომელიც პასუხისმგებელია კოვიდ-19-ით გამოწვეულ დრამატულ მდგომარეობაზე, და ყოფილ კორუმპირებულ მმართველს შორის, რომლის დროსაც ბრაზილიაში უდიდესი ეკონომიკური ვარდნა ფიქსირდებოდა. ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს შეიარაღებული ძალების ყოფილი ხელმძღვანელების სტატუსი და ავტორიტეტი, რომელთა მიმართაც ბრაზილიელების ლოიალურობა და ნდობა ერთმნიშვნელოვნად გაიზრდება.
2017 წელს ფაჩინთან დაახლოებულმა მოსამართლე მორომ გამოუტანა ლულას გამამტყუნებელი განაჩენი. საზოგადოების მთელი ყურადღება ამჯერადაც უზენაესი სასამართლოსკენაა მიპყრობილი.
მორომ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით და ანტიკორუფციული პოლიტიკის მხარდაჭერით ბრაზილიაში პოპულარობა მოიპოვა და მალევე, ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ბოლსონარომ მას იუსტიციის მინისტრის პოსტი შესთავაზა.
2019 წელს გაირკვა, რომ მორო პროკურორებს აძლევდა რჩევებს ლულას საქმის სხვა მიმართულებით წარმართვის წახალისებისთვის, რამაც გამოიწვია ღია დაპირისპირება ბოლსონაროსა და ყოფილ მოსამართლეს შორის. 2020 წელს მორომ პროტესტის ნიშნად დატოვა იუსტიციის მინისტრის პოსტი. ამ გადაწყვეტილების კვალდაკვალ, პრეზიდენტმა ოფიციალურად გამოაცხადა ბრაზილიის კორუფციისგან გათავისუფლება და გააუქმა ანტიკორუფციული გეგმა Operation Car Wash.
მიუხედავად იმისა, რომ ლულას წინააღმდეგ ბევრი სამხილი არსებობდა, ანტიკორუფციული ოპერაცია ჩაიშალა და მისი გათავისუფლების საკითხი დადგა დღის წესრიგში, რაც ზრდის ეჭვს იმის თაობაზე, რომ სასამართლო სისტემა არასდროს ყოფილა არაკორუმპირებული და არაპოლიტიზირებული და რომ ეს გეგმა უბრალოდ მოსახლეობის თვალის ასახვევად იყო შემუშავებული.
სწორედ მოროს სტრატეგიული გეგმის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს ფაჩინის გადაწყვეტილება. ლულას საქმე ყოველთვის იქნებოდა ალტერნატიული გამოსავალი ბოლსონაროს მმართველობის არასწორხაზოვნად განვითარების შემთხვევაში, შექმნილი ვითარება კი სწორედ ამისთვის გამოიყენეს.
სასამართლო რეფორმის შემთხვევაში ლულას მიერ ჩადენილი დანაშაულების ანულირება არ მოხდება, ის ნებისმიერ დროს შეიძლება დააკავონ, თუმცა, ასეთი კრიზისის ფონზე, მას ქვეყნის სათავეში მოსვლის პერსპექტივა უჩნდება, რაც გულისხმობს მთელი ინსტიტუციური სისტემის საკუთარ მმართველობაზე მორგებას და ბრაზილიის არასწორ რელსებზე გადაყვანას.
ლულამ აქტიურად დაიწყო ხალხში გამოჩენა და პოპულისტური განცხადებების გავრცელება. ის ღიად სდებს ბრალს ბოლსონაროს ბრაზილიელი ხალხის გენოციდში და აცხადებს, რომ მზადაა ქვეყნის რეორგანიზაციისთვის. ყოფილი პრეზიდენტი განცხადებებში ძირითადად ფოკუსირებს ვირუსის წინააღმდეგ აქტიური კრიზისმენეჯმენტის შემუშავებაზე და საყოველთაო დაჩქარებულ ვაქცინაციაზე, რაც მოქმედი ხელისუფალისგან განსხვავებით, მას უპირატესობას აძლევს.
ბოლსონაროს მმართველობის კოლაფსზე მეტყველებს ბოლო გამოკითხვები, რომლის მიხედვით ბრაზილიის მოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ ეპიდაფეთქებაში სახელმწიფოს მეთაურია დამნაშავე. რესპოდენტების 54% აცხადებს, რომ ულტრამემარჯვენე ლიდერის ანტიკრიზისული მენეჯმენტი „ძალიან ცუდი“ ან „ცუდი“იყო, ხოლო 45% მიიჩნევს, რომ მოქმედი პრეზიდენტის „არასდროს სჯეროდათ“. პარალელურად იკლებს ბოლსონაროს მიმართ სიმპატიით განწყობილთა რაოდენობა და 20%-დან 14%-მდე.
შელახული რეპუტაციის აღსადგენად ბოლსონარომ ახალი მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტა, თუმცა, მათი კომპეტენცია ცალკე განხილვის საგანია.
ფაქტია, რომ ბრაზილია უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, პოლიტიკა და ეკონომიკა პარალიზებულია, საერთაშორისო არენაზე პოზიციები შელახულია. ბოლსონაროს რეჟიმის მხარდამჭერი ტრამპი ბაიდენმა შეცვალა, რაც აშშ-ბრაზილიის ორმხრივ ურთიერთობას, გარკვეულწილად, ართულებს. მის პოლიტიკას თითქმის არავინ უჭერს მხარს და მეტიც, აქტიურადაა საუბარი ბოლსონაროს დანაშაულებრივ ქმედებებზე, რის გამოც შეიძლება თავადაც გასამართლდეს.
ბრაზილიელი ხალხი სრულმასშტაბიანი ვაქცინაციისა და 2022 წლის არჩევნების მოლოდინშია, თუმცა, რთული იქნება წინასწარი პროგნოზების გაკეთება. ამ ეტაპზე, ორი არჩევანი არსებობს – ორივე შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ბრაზილიის მომავალი დრამატულად განვითარდეს, ეს კი აუცილებლად იქონიებს გავლენას მთელი ლათინური ამერიკის რეგიონზე.
ანა მიქაია
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი