
მიმდინარე კვირა საერთაშორისო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი სიახლეებით აღინიშნა, მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მიმდინარე მოვლენები მოექცა. ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმეთვიანი სიჩუმე დაარღვია და საკუთარი არსებობა მსოფლიოს ორი ახალი ბირთვული რაკეტის გამოცდით შეახსენა. ზემოხსენებულ ფაქტს კორეული და იაპონური მედიები ადასტურებენ. მათივე ინფორმაციით, ბირთვული ტესტირებისთვის ფხენიანმა მოკლე მანძილზე მოქმედი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა, რომელთა წონა 2.5 ტონას შეადგენდა. რაკეტებმა 370 მილი იფრინეს და იაპონიის ზღვაში მდებარე სამიზნეს დაარტყეს. რა ფაქტორებმა განაპირობა ჩრდილოკორეული რეჟიმის ბოლოდროინდელი გააქტიურება? რა სტრატეგიული მიზნები ამოძრავებს ფხენიანს? როგორია ბაიდენის საგარეო პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით? მოცემულ სტატიაში შევეცდები, ამ კითხვებს ვუპასუხო.
რატომ ახლა?
ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული რაკეტა უკანასკნელად გასული წლის ზაფხულში დატესტა, ხოლო შემდგომ, ოქტომბერში გამართულ ყოველწლიურ სამხედრო აღლუმზე სრულიად ახალი, შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები წარადგინა. მას შემდეგ ფხენიანმა მცირეხნიანი პაუზა აიღო და საერთაშორისო რადარებიდან დროებით გაქრა. ჩრდ. კორეის ლიდერი, კიმ ჩენ-ინი, აქტიურად აკვირდებოდა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლის შედეგიც, ბუნებრივია, იმოქმედებდა ჩრდილოკორეული რეჟიმის დანახარჯისა და სარგებლიანობის ანალიზზე. კიმ ჩენ-ინი იმედოვნებდა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში მასთან მოლაპარაკებებს განაახლებდა, რითიც ის საკმაოდ დიდ დროს მოიგებდა და ბირთვულ პროგრესს მაქსიმალურად სარფიანად გაყიდდა, ხოლო ბაიდენის გამარჯვებამ მისი გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა. არჩევნებში ჯოს გამარჯვების შემდეგ ჩრდ. კორეის ლიდერი მიხვდა, რომ აშშ-სთან კონფრონტაცია ახალ საფეხურზე გადავიდოდა, რადგან ბაიდენი, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ნაკლებად საუბრობდა კორეულ პრობლემაზე და როდესაც ამას აკეთებდა, ის თითქოს სპეციალურად ცდილობდა საკითხის მნიშვნელობის დაკნინებას. შესაბამისად, ბირთვულ ტესტირებებს დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში ერთადერთი მკაფიო მიზანი ჰქონდა – ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერის ყურადღების მიქცევა.
ფხენიანის სტრატეგიული მიზნები
ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს დღესდღეობით სამი ძირითადი სტრატეგიული მიზანი აქვს: 1. ბირთვული პროგრამის წარმატებით დასრულება და ისეთი კონტინენტთაშორისი სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების შექმნა, რომელთაც, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის კონტინენტურ ნაწილამდე მიღწევა შეეძლებათ. ბირთვული იარაღი ჩრდილოკორეული რეჟიმისთვის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი საშუალებაა. 2. კიმების დინასტიის შენარჩუნება – ეს მმართველ ოჯახს საშუალებას მისცემს, ჩრდილოეთ კორეა კიდევ დიდი ხნის მანძილზე მართოს; 3. საერთაშორისო იზოლაციისგან თავის დაღწევა და ეკონომიკური სანქციების დასრულება. ამ სამივე მიზნის ერთდროულად მიღწევა შეუძლებელია, რადგან სწორედ ბირთვული პროგრამის შეჩერებაა აშშ-ის მიერ ჩრდილოკორეული რეჟიმისთვის დაწესებული ეკონომიკური და დიპლომატიური სანქციების მიზანი. ამერიკის შეერთებული შტატები რეჟიმის დასუსტებას შიგნიდან ცდილობს. ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ეკონომიკური სანქციები ცხოვრების დონეს მნიშვნელოვნად გააუარესებს, რითიც ადგილობრივ მოსახლეობას სახალხო აჯანყებისა და კიმების რეჟიმის ძალადობრივად ჩამოშორებისკენ უბიძგებს. თუმცა, ამგვარი მიდგომა არაეფექტურია ორი ძირითადი მიზეზის გამო: 1. ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი უკვე ათწლეულებია უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. რთულად წარმოსადგენია ფხენიანისთვის ისეთი სანქციების დაწესება, რომლებიც ჩრდილოკორეელ ხალხს საკუთარი ლიდერის წინააღმდეგ წასვლას აიძულებს; 2. რეჟიმი სიცოცხლისუნარიანია, რადგან ის, ერთი მხრივ, ეყრდნობა ძალოვანი სტრუქტურების ერთგულებას, ხოლო მეორე მხრივ, წარმატებით გადააქვს მოსახლეობის ყურადღება ეკონომიკური პრობლემებიდან საგარეო საკითხებზე. ფხენიანის პროპაგანდა მიმართულია მტრის ხატის შექმნისკენ და არწმუნებს საკუთარ მოსახლეობას, რომ რეალურად, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები უშლის ხელს ორი კორეის გაერთიანებას, რადგან მისი საბოლოო მიზანი ჩრდილოეთ კორეის განადგურებაა. ფხენიანის პროპაგანდის მიხედვით, კიმების რეჟიმი აშშ-ის იმპერიალისტური ამბიციის აღსრულებას ეწინააღმდეგება და ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის შექმნით მხოლოდ და მხოლოდ ვაშინგტონი იხეირებს.
ფხენიანისთვის ზემოხსენებული სტრატეგიული მიზნების ერთდროულად შესრულება შეუძლებელია, რადგან სანამ ქვეყანა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას საბოლოოდ არ დაასრულებს, საერთაშორისო იზოლაცია ძალაში დარჩება და ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, შესაძლოა, სანქციები უფრო მეტად გამკაცრდეს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი საერთაშორისო ურთიერთობებში სიღრმისეულად ერკვევა და მას კარგად ესმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდ. კორეის ბირთვული პროგრამის წარმატებით დასრულებას მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით შეეწინააღმდეგება, რადგან ეს უკანასკნელი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აშშ არ დაუშვებს, რომ ფხენიანმა შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული ბირთვული ბალისტიკური რაკეტები შექმნას, რომელთაც ამერიკის კონტინენტურ ნაწილამდე მიღწევა შეეძლება და თუ ვაშინგტონი იგრძნობს, რომ ამგვარი სცენარის განვითარება გარდაუვალია, მან ფხენიანთან, შესაძლოა, წინმსწრები ომიც კი წამოიწყოს. თუმცა, მეორე მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა დიდი თავისტკივილია აშშ-ისთვის, ამიტომ ვაშინგტონი მზადაა, კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღების შემთხვევაში, სერიოზულ დათმობებზე წავიდეს. კიმ ჩენ-ინი ხვდება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სარფიანად ვაჭრობა შეიძლება. სწორედ ამიტომ, ჩრდ. კორეის ლიდერი ცდილობს, დასავლური სამყარო, ბირთვული განიარაღების სანაცვლოდ, ეკონომიკური სანქციების სრულ გაუქმებასა და კიმების დინასტიის სრულ ხელშეუხებლობაზე დაითანხმოს. დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმატებით დასაგვირგვინებლად საჭიროა საკმარისი ბირთვული პროგრესის მიღწევა, რათა რეჟიმს ძლიერი ზურგი ჰქონდეს და პროგრესის სარფიანად გაყიდვა მოახერხოს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოკორეული რეჟიმი, დროის მოგების მიზნით, ლავირების მეთოდს იყენებს და ხან შეთანხმებისთვის მზადყოფნას აცხადებს, ხანაც მოლაპარაკებებს შუა გზაზე წყვეტს და სრული მილიტარიზაციის პოლიტიკას უბრუნდება.
ბაიდენის საგარეო პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში
როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ჩრდილოეთ კორეის საკითხი ბაიდენის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში არცთუ ისე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ფხენიანის მიერ მოკლე მანძილზე მოქმედი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შემდეგ ბაიდენმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ვითარების ესკალაციის ნებისმიერ ფორმას ამერიკის შეერთებული შტატები თანაზომიერი ქმედებით უპასუხებს. მან ასევე განაცხადა, რომ ის მზადაა რეჟიმთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, მხოლოდ ერთი პირობით – თუ კიმ ჩენ-ინი კორეის ნახევარკუნძულის სრულ ბირთვულ განიარაღებას დათანხმდება. დროის მოსაგებად ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა 2018 წელს აშშ-ის პრეზიდენტთან დიპლომატიური მოლაპარაკებების სურვილი გამოთქვა, რასაც ტრამპი დათანხმდა. 2018 და 2019 წლებში ტრამპსა და კიმ ჩენ-ინს შორის ორი მაღალი დონის დიპლომატიური სამიტი შედგა, რომელზეც მხარეებმა გარკვეულ შედეგს მიაღწიეს, თუმცა, მოლაპარაკებების დასრულებიდან მალევე, ფხენიანმა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა განაგრძო, რასაც ტრამპის საკმაოდ მწვავე განცხადებები და სანქციების მუქარა მოყვა. ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენს ავტორიტარ ლიდერებთან საერთო ენის გამონახვა უჭირს. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ მომავალი ოთხი წლის მანძილზე აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩრდ. კორეის ლიდერს შორის რაიმე სახის პირადი ურთიერთობების განვითარება ნაკლებადაა მოსალოდნელი. მეტად სავარაუდოა, რომ ბაიდენი ჩრდ. კორეასთან მიმართებით ობამას მიერ ინიცირებულ „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკას გააგრძელებს და დროთა განმავლობაში რეჟიმის მიმართ დაწესებულ სანქციებს კიდევ უფრო გაამკაცრებს. თუმცა, მან ფხენიანის ბირთვულ პროგრესს თვალი ყურადღებით უნდა ადევნოს, რათა პროცესი შეუქცევადი არ გახდეს და პოტენციური მოლაპარაკებების ჩარჩოდან არ გავიდეს. ასეთ შემთხვევაში კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთ საშუალებად ხისტი სამხედრო ძალა დარჩება, ვითარების ამგვარი სცენარით განვითარება კი, ცხადია, აქტორების ინტერესებში არ შედის.
გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი