
Credit: REUTERS
სახელმწიფოები, რომელთაც შიდა კრიზისების დაძლევის საშუალება არ აქვთ, შესაძლებლობის შემთხვევაში, იწყებენ კონფლიქტებს ქვეყნის გარეთ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია რუსეთისა და იმ ავტოკრატიული ქვეყნების შემთხვევაში, რომელთაც პერმანენტულად ესაჭიროებათ საგარეო ასპარეზზე გამარჯვება შიდა ლეგიტიმაციისა თუ სტაბილურობის მოსაპოვებლად. 2014-2015 წლებში ყირიმის ანექსიისა და დონბასის ოკუპაციის შემდეგ, ვლადიმირ პუტინის რეიტინგი მეტეორული სისწრაფით გაიზარდა. ამას დაემატა შემდგომი ქმედებები სირიაში, რამაც გარკვეული ხნით ისევ გადაიტანა რუსული საზოგადოების ყურადღება საგარეო მიმართულებით. თუმცა, მხოლოდ დროებით. 2017 წლიდან, გამოცოცხლების ნაცვლად, რუსეთის ეკონომიკას სტაგნაცია დაეწყო. ამას, 2020 წლის კორონავირუსისაგან გამოწვეული შემდგომი ეკონომიკური ვარდნა და ერთი წლის განმავლობაში, 2021 წლის მარტის მონაცემებით 100 ათასამდე დაღუპული მოჰყვა. 2020 წელს ნავთობის ფასების მკვეთრმა შემცირებამ, ტურისტული სექტორის ჩამოშლამ და სამედიცინო სფეროში პანიკამ და კორფუციამ შიდა დესტაბილიზაციას კიდევ უფრო შეუწყო ხელი, რასაც ოპოზიციური ძალების ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლა და შემდგომ, დაკავებაც მოჰყვა. ამასთან, 2021 წელს, პირველად ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთის მოსახლეობა უმთავრეს გამოწვევად კორუფციას ასახელებს და თითს ხელისუფლებისაკენ იშვერს.
უკრაინაში დაწყებული ომი და ყირიმის ანექსიისაგან მიღებული სანქციები მძიმე საფასურია რუსეთისათვის, თუმცა რუსული სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სრულად არასდროს შეჩერებულა. 2015 წლის მინსკის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დღიდან თითქმის ყოველი დღე მსხვერპლით მთავრდება ფრონტზე. ეს კი პერმანენტული დესტაბილიზაციის განცდას ქმნის უკრაინაში.
მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს რუსეთისათვისაც. სეპარატისტული ძალების დაფინანსება და მათი აღჭურვა კრემლს იაფი არ უჯდება, ხოლო ყირიმის მოსახლეობის გამოკვება და მათთვის პენსიების გაცემა დამატებითი ტვირთია. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ყირიმის გაუწყლოებაა. 2014 წლიდან უკრაინულმა მხარემ ჯერ დროებით, 2017 წლიდან კი პერმანენტულად მოწყვიტა ყირიმი მდინარე დნეპრის ნაკადს, რასაც ყირიმელები არამხოლოდ სარწყავად, არამედ დასალევადაც იყენებდნენ. ამან კი აგრომეურნეობის კოლაფსი და ღრმა კრიზისი გამოიწვია. კრემლი ყირიმს მხოლოდ სპეციალური დამბის მეშვეობით ამარაგებს, რაც ათეულობით მილიონი ჯდება, ხოლო წყლის დეფიციტისაგან გამოწვეული ზარალი მილიარდებამდეც კი ადის. ამას ემატება კლიმატის ცვლილებაც, რამაც რეგიონში ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდულად მცირე ნალექი განაპირობა. 2020 წელი ყირიმისათვის ისტორიულად მშრალი გამოდგა, რამაც გაუწყლოებისაგან გამოწვეული კრიზისი კიდევ უფრო დაამძიმა.
მნიშვნელოვანი ფაქტორია უკრაინის გადაიარაღებაც, რომელიც 2015 წლიდან ინტესნიურად მიმდინარეობს. 2019 წლიდან კი თურქული უპილოტო საფრენი აპარატების – ბაირაქტერების – გამოცდა და შეძენაც ხორციელდება, რაც ყარაბაღის ომში “ნათლობის” შემდეგ კიდევ უფრო დაჩქარდა. უკრაინის არმია შესამჩნევად ანგარიშგასაწევი ძალა გახდა რეგიონში და მომდევნო წლების განმავლობაში, ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, რუსეთისათვის ყველაზე ძლიერ ნატოს არაწევრ მეტოქედ იქცევა ევროპაში. ყოველივე აქედან გამომდინარე კი დრო რუსეთის სასარგებლოდ ნამდვილად არ მუშაობს.
კრემლს, სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინაში ორი მიზანი აქვს – პროგრამა მინიმუმი ყირიმის წყლით მომარაგების აღდგენასა და დნეპრის არხთან დაკავშირებას უკავშირდება, პროგრამა მაქსიმუმი კი დონბასის ყირიმთან, ხოლო ყირიმის ოდესასთან მიბმაა, რაც აზოვისა და შავი ზღვის მიმართულებით სახმელეთო რუსული დერეფნის შექმნის სურვილზე მიუთითებს. ამ პროექტს “ნოვოროსიის” სახელით ვიცნობთ, თუმცა 2015 წელს მისი განხორციელება ვერ მოხერხდა, ხოლო განახლებული კონფლიქტის შემთხვევაში, თუკი სრულმასშტაბიანი რუსული აგრესია არ იქნა წამოწყებული, კვლავაც ნაკლებად შესაძლებელი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დეესკალაციისათვის ყველაფერს აკეთებს და ასრულებს კიდეც ყველა ვალდებულებას, მათ შორის, ფორნტის ზოგიერთი პერიმეტრიდან სამხედრო ნაწილების უკან დახევასაც კი, სავარაუდოა რომ რუსეთი შეეცდბა კონლიქტის პროვოცირებას იმგვარად, რომ მასშტაბური სამხედრო მოქმედებების განახლება შეძლოს, რისთვისაც გაზაფხული-ზაფხულის გამოყენებასაც კი შეიძლება ეცადოს.
უკრაინა ისეთი სუსტი დეზორგანიზებული აღარ არის რაც 2014 წელს იყო. ახლა ნაციონალური კონსოლიდაცია და ანტი-რუსული განწყობები კიდევ უფრო გამოკვეთილია, რაც ისეთ ქალაქებშიც კია შესამჩნევი როგორიც ხარკოვია, რომელიც ყოველთვის შესამჩნევად პრო-რუსულ დასახლებად მიიჩნეოდა. ეს კი რუსეთისათვის წარუმატებელ საინფორმაციო კამპანიაზე მიუთითებს, რომისათვისაც კრემლი ათობით მილიარდს ხარჯავს ყოველწლიურად.
რუსეთს უკრაინაში ომი ბელარუსისა და სხვა, მათ შორის ნატოს წევრი მეზობლების დასაშინებლადაც შეიძლება სურდეს. კრემლი ნეგატიურ, დამაშინებელ პრეცედენტებს ხშირად მიმართავდა მოწინააღმდეგეების დასაფრთხობად. იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ აშშ-სა და ევროპაში კორონავირუსისაგან გამოწვეული ეკონომიკური რყევებისა და კრიზისების გამო შესაძლოა უკრაინის პრიორიტეტულობა ნაკლებად დადგეს დღის წერიგში, შესაძლოა კიდევ ერთი მოტივატორი გახდეს რუსული აგრესიის განახლებისათვის. ამასთან, აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დიდი ნაწილი უკვე ამოქდებული აქვს, ახალი სანქციების რესურსი კი მცირეა, ისევე როგორც ცენტრალური ევროპის ენერგოდამოკიდებულება რუსეთისადმი წარმოადგენს ერთგვარ ფაქტორს, რაც მათი მხრიდან მოქმედების შესაძლებლობასა და სურვილს ზღუდავს. ყოველივე ამას კი ევროკავშირის შიგნით რუსეთისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაც ემატება, რასაც უნგრეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ქმნის. ყოველივე ეს კი რუსეთისათვის სასურველი სიგნალებია.
2021 წლის იანვარში კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ გეგმავს დონბასის მიერთებას, თუმცა მაღალ პოლიტიკურ ფენებში არაერთხელ გაჟღერდა ყირიმის გაუწყლოების საკითხი, როგორც მნიშვნელოვანი პრაქტიკული და პრესტიჟული გამოწვევა რუსეთისათვის. საბოლოოდ კი კრემლის წინააღმდეგ ანტი-სახელისუფლებო განწყობების ფონი კი ექსპანსიური პოლიტიკის განხორციელებას უფრო რეალისტურს ხდის, მით უფრო მაშინ, როდესაც რუსეთს შიდა პრობელემბის დაძლევის რესურსები ნაკლებადღა აქვს.
გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი