
გასული კვირის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში პრეზიდენტ ბაიდენის მიერ შემოთავაზებულ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს კენჭი ეყარა. როგორც მოსალოდნელი იყო, წარმომადგენელთა პალატის დეპუტატთა უმრავლესობამ (219-212-ის წინააღმდეგ) რეფორმას მხარი დაუჭირა. წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, კანონპროექტი განსახილველად კონგრესს გადაეცა, რომელიც მას უახლოეს დღეებში კენჭს უყრის და საბოლოოდ გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული გეგმა. რას გულისხმობს COVID-19-ის რეგულირებისა და ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი? რა საკითხებზე ვერ თანხმდებიან დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები? რა პოტენციურ ცვლილებებს მოიტანს კანონპროექტი ამერიკის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში? სტატიაში შევეცდები ზემოხსენებულ კითხვებს ვუპასუხო.
რას გულისხმობს COVID-19-ის რეგულირებისა და ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი? – თეთრი სახლის ოფიციალურად დაკავების შემდეგ, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უპირველეს პრიორიტეტად COVID-19-სგან გამოწვეული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევა გამოაცხადა. მან გლობალური პანდემიის რეგულირებისა და ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე წარმოადგინა. გეგმის პირველადი სტრუქტურის მიხედვით, არსებული კრიზისის აღმოსაფხვრელად აშშ-ის ბიუჯეტიდან 1.9 ტრილიონი აშშ დოლარი უნდა გამოიყოს, რომელიც სხვადასხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიმართულებებზე დაიხარჯება. სტიმულირების პაკეტი 9 ძირითად რეფორმას მოიცავს:
- ამერიკელი მოქალაქეების პირდაპირი ფულადი დახმარება – ბაიდენის თქმით, ამერიკელი მოქალაქეების დასახმარებლად ბიუჯეტიდან 422 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა. თითოეული მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავალი 75 000 დოლარზე ნაკლებია, ერთჯერადად 1400 დოლარის რაოდენობის დახმარებას მიიღებს, რაც ეკონომიკის სტიმულირების წინა ორ პაკეტთან (1200$ აპრილში და 600$ დეკემბერში) შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილი რიცხვია;
- უმუშევრობის დაძლევა – კოვიდკრიზისისგან გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის შედეგად, სამსახური დაახლოებით ოცმა მილიონმა ამერიკელმა დაკარგა. გეგმის მიხედვით, უმუშევართა სოციალური დახმარების (ყოველკვირეულად 400 დოლარი) პროგრამა აგვისტოს ბოლომდე გახანგრძლივდება, რისთვისაც ჯამში ბიუჯეტიდან 246 მილიარდი დოლარი გამოიყოფა;
- ამერიკული ოჯახების ხელშეწყობა – გეგმის მიხედვით, აშშ-ის ბიუჯეტიდან ამერიკული ოჯახების დასახმარებლად 120 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა. ნებისმიერი ოჯახი 18 წლამდე თითოეულ ბავშვზე ერთჯერად დახმარებას (300 დოლარი) მიიღებს;
- პანდემიის დაძლევა – გეგმის ამ პუნქტს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ამერიკული ეკონომიკის აღორძინება პანდემიის შეკავების გარეშე შეუძლებელია. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული გეგმის მიხედვით, ცხელების ახალი ცენტრების შექმნასა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე 50 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯება, ხოლო 20 მილიარდი დოლარი საყოველთაო ვაქცინაციის პროცესს მოხმარდება, რომელიც, ექსპერტთა შეფასებით, საკმარისად სწრაფი ტემპით არ მიმდინარეობს;
- საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნა – გეგმის მიხედვით, აშშ-ს ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელახლა გასახსნელად 170 მილიარდი დოლარი გამოიყოფა, რომელიც სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის საჭირო ეკიპირებით აღჭურვას უნდა მოხმარდეს;
- მცირე ბიზნესის მხარდაჭერა – კანონპროექტი მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად 110 მილიარდი დოლარის გრანტების გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე (ბარები და რესტორნები, სამოქალაქო ავიაცია, გადაზიდვები, ინფრასტრუქტურა) უნდა დაიხარჯოს;
- ადგილობრივი მთავრობების ხელშეწყობა – ამისთვის გეგმის მიხედვით, 350 მილიარდი აშშ დოლარი უნდა გამოიყოს. თითოეული შტატი ფედერალური ბიუჯეტიდან მინიმუმ 500 მილიონ დოლარს მიიღებს. დამატებითი დახმარების ოდენობა შტატის მოსახლეობისა და უმუშევართა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება;
- ჯანდაცვის დაზღვევის ხელმისაწვდომობა – გეგმა ჯანდაცვის დაზღვევაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ჯამში 55 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს;
- მინიმალური ხელფასის გაზრდა – ინიციატივის მიხედვით, 2025 წლისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება უნდა გაორმაგდეს და 15 დოლარამდე გაიზარდოს (მინიმალური ხელფასის რაოდენობა დღესდღეობით 7.25 დოლარს შეადგენს.
დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების დღის წესრიგი – როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმომადგენელთა პალატაში სტიმულირების პაკეტმა ორპარტიული მხარდაჭერა ვერ მიიღო, რადგან რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა კანონპროექტის მიღებაზე უარი ერთსულოვნად განაცხადეს. რაც შეეხება დემოკრატებს, მათ რიგებშიც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შემოთავაზებული გეგმა ზედმეტად პროგრესულია და საჭიროა მისი კორექტირება არასაჭირო ხარჯების მინიმიზების გზით.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატები და რესპუბლიკელები ზემოხსენებული 9 პუნქტიანი გეგმის უდიდეს ნაწილზე სრულად თანხმდებიან. რესპუბლიკელები მხარს უჭერენ ამერიკული ოჯახებისთვის პირდაპირი ფულადი დახმარების გეგმას, მცირე ბიზნესებისთვის გრანტების გამოყოფასა და საყოველთაო ვაქცინაციას. პარტიებს შორის უთანხმოებას, ძირითადად, საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნა, ადგილობრივი მთავრობების ფინანსური დახმარება და მინიმალური ანაზღაურების გაორმაგების საკითხი იწვევს. რესპუბლიკელი კონგრესმენების შეფასებით, სკოლების ხელახლა გახსნა და მისი ტოტალური კონტროლი შტატებისთვის ძალაუფლების წართმევასა და ფედერალური ხელისუფლებისთვის გადაცემას გამოიწვევს, რაც განათლების სისტემაში ადგილობრივი თვითმმართველობის როლს მნიშვნელოვნად შეამცირებს. რაც შეეხება ადგილობრივი მთავრობების ფინანსურ დახმარებას, ზოგად იდეას რესპუბლიკელთა მნიშვნელოვანი ნაწილი იზიარებს, თუმცა, ასევე მიიჩნევს, რომ ფინანსური დახმარების ოდენობა და ტარგეტირება არასწორადაა განსაზღვრული. მაგალითად, კალიფორნიას პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ფაქტობრივად არ შეხებია, მაშინ, როდესაც ე.წ. შუადასავლეთის (Midwest) შტატები გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მუდმივ სტაგნაციაში იმყოფებიან.
რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის განსაკუთრებით მწვავე დაპირისპირება მინიმალური ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით არსებობს. რესპუბლიკელები, ეკონომიკურ პროცესებში ჩაურევლობისა და ე.წ. მცირე სახელმწიფოს იდეის მომხრეები არიან, ამიტომ ისინი მინიმალურ ანაზღაურებს მხარს საერთოდ არ უჭერენ. რესპუბლიკელები ფისკალურ კონსერვატიზმს ემხრობიან, შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ მინიმალური ხელფასის რაოდენობის განსაზღვრა მთლიანად ბიზნესის პრეროგატივა უნდა იყოს, ხოლო ფინანსური რეგულაციების დაწესება მათ ხარჯებსაც გაზრდის, რაც საბოლოოდ მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვით დასრულდება. რაც შეეხება დემოკრატებს, უკანასკნელი წლების მანძილზე დემოკრატიულ პარტიაში განსაკუთრებით გააქტიურდა ე.წ. პროგრესული ფრთა, რომელიც მხარს სოციალური ვალდებულებების გაზრდასა და ფედერალური ხელისუფლების ფუნქციების გაფართოებას უჭერს. დემოკრატიული პარტიის პროგრესული ფრთის ხედვით, მინიმალური ანაზღაურების გაორმაგება მნიშვნელოვნად გაზრდის ცხოვრების ხარისხს და დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება. რესპუბლიკელების შეფასებით, დემოკრატიული პარტია არსებულ კრიზისს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს და კანონპროექტის გასატანად მინიმალური ანაზღაურების თემას, სხვა, ბევრად მნიშვნელოვან საკითხს აბამს. რესპუბლიკელებისთვის ზემოხსენებული კანონის მიღება მცირე მთავრობის მოდელის გაუქმებასთან, ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვასთან და ზოგადად, ამერიკული ცხოვრების წესის ცვლილებასთან ასოცირდება, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს რესპუბლიკელი კონგრესმენების ერთსულოვნებას სტიმულირების პაკეტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით.
მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარი – წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილი პროექტი უახლოეს დღეებში სენატს გადაეცემა, რომელმაც უნდა განიხილოს და არაუგვიანეს ორი კვირის განმავლობაში შემოთავაზებულ გეგმას კენჭი უყაროს. კანონის მისაღებად კანონპროექტს მხარი სენატის სრული შემადგენლობის მინიმუმ ნახევარზე მეტმა (მარტივი უმრავლესობა, 50+1 ხმა) უნდა დაუჭიროს. ამ მომენტისთვის, სენატში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის მანდატები თანაბრადაა (50/50-ზე) განაწილებული. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტზე კენჭისყრისას ხმები ასევე თანაბრად გაიყოფა, გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტს ეკუთვნის. ეს დემოკრატიულ პარტიას გარკვეულ უპირატესობას აძლევს, თუმცა, საკუთრივ მათსავე პარტიაში არსებული უთანხმოება კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შანსებს მინიმუმამდე ამცირებს. უკიდურესი პოლარიზაციისა და მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისის პირობებში, საკმაოდ რთულია რაიმეს ვარაუდი, თუმცა, ერთი რამ ცხადია – ბაიდენის გეგმის განხორციელება მნიშვნელოვნად შეცვლის აშშ-ში უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე დამკვიდრებულ პოლიტიკურ ლანდშაფტს და ხელს შეუწყობს ამერიკული პარტიების ცენტრისგან დაშორებასა და იდეოლოგიურ რადიკალიზაციას.
გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი