მომავალ სამხედრო დაპირისპირებაზე საუბრისას, ექსპერტები ხშირად ხაზს უსმევენ, რომ სახელმწიფოები ბირთვულ ეპოქაში წითელ ღილაკს უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებენ. ანალოგიად გამოგვადგება კარიბის კრიზისი, სადაც მსოფლიო ბირთვულ ომს გადაურჩ (მადლობა ხრუშჩოვსა და კენედის). დღეს, ტიტანების როლში შეერთებული შტატები და ჩინეთი არიან მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს თავის ვიზავისთან შედარებით, საგრძნობლად მცირე ბირთვული არსენალი გააჩნია. ჯონ მეარშაიმერის ლოგიკას თუ მივყვებით, ჩინეთმა საკუთარ არეალში უნდა მოიპოვოს ჰეგემონის სტატუსი, რადგან მსოფლიო ჰეგემონობა წყლების შემაკავებელი ძალის გამო შეუძლებელია. სამხედრო თვალსაზრისიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს, პირველ რიგში, ტაივანის დაპყრობას და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში უპირობო ლიდერის სტატუსის მოპოვებას. გეოპოლიტიკურად, ინდოეთის ალყაში მოქცევასა და ყველაზე მთავარს – აზიაში შეერთებული შტატების როლის შემცირებას.
აღნიშნული სცენარი ითვალისწინებს მთელი კონცენტრაციის გადატანას სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონზე. თუმცა, მთავარი მოწინააღმდეგის ყურადღების მისაპყრობად არსებობს სხვა ვარიაცებიიც. ერთერთი გახლავთ “თამაშის გადატანა” მოწინააღმდეგის მოედანზე. ამ შემთხვევაშიც, მეარშაიმერი უნდა გავიხსენოთ, რომელიც რიტორიკულ შეკითხვას სვამს, თუ როგორ მოიმოქმედებს შეერთებული შტატები თუ მათი მოწინააღმდეგე სამხედრო ბაზებს მექსიკაში განათავსებს. რასაკვირველია, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, მსგავსი ოცნებაც კი არ გააჩნიათ ჩინელ თუ რუს სტრატეგებს. თუმცა, თუ არსებობს დაშვებითობის პრინციპი, მსგავს ლოკაციად კარიბის ზღვის ქვეყანა – კუნძულოვანი კუბა უნდა მოვისაზროთ.
ჯორჯ ფრიდმანმა რამოდენი დღის წინ, თავის სტატიაში უკვე განიხილა ჩინეთის ბაზების ჰოპოტეტიკური მშენებლობა კუბის ტერიტორიაზე. მართალია, ის ამბობს, რომ ეს შეიძლება საერთოდაც არ შედიოდეს ჩინელი სტრატეგების გეგმებში, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, მსგავს მოსაზრებას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება. ამ სტატიაში განვიხილავ არგუმენტებს, თუ რატომ არ უნდა გვქონდეს მოლოდინები აღნიშნულ სცენართან მიმართებაში.
ისტორიული გამოცდილება
მართალია, ამერიკაში აცხადებენ, რომ მონროს დოქტრინა აღარ არსებობს, თუმცა ერთია ოფიციალური განცხადებები და მეორე – რამდენად გულწრფელები არიან თავად ლიდერები. თუნდაც სინ ძინპინის გამოსვლა გავიხსენოთ დავოსის ვირტუალურ სამიტზე, რომელიც ბრწყინვალედ გაანალიზა სტეფან ვოლტმა. ეს შემთხვევა ზედმიწევნით ასახავს კონტრასტს სინამდვილესა და ლიდერების გუკწრფელობას შორის. ჩვენ უკვე ვიხილეთ შეერთებული შტატების სენსიტიური რეაქცია, როდესაც საბჭოთა კავშირმა კუბაზე რაკეტები განათავსა. ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ ზე-სახელმწიფოები ძალთა ბალანსის მკვეთრ რხევას აგრესიულად პასუხობენ. ასე იყო კუბის შემთხვევაშიც და მომავალშიც მსგავს რეაქციებს უნდა მოველოდოთ. შეერთებული შტატების შემთხვევაში მონროს დოქტრინოს გამოცხადება მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, ესპანეთთან ომმა დააგვირგვინა. ვფიქრობ, ამ ათვლის წერტილიდან ამერიკა, როგორც დასავლეთ ნახევარსფეროს ჰეგემონი, არ დაუშვებს სხვა მოთამაშეების დაბრუნებას ამ რეგიონში.
კუბა: განსხვავებული სიტუაცია, ეკონომიკური კრიზისი და პანდემია
კუნძული, რომელიც გეოპოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, ყოველთვის დიდი ქვეყნების გავლენათა სფეროების გადანაწილების არეალში ექცეოდა. ისტორიიდან გვახსოვს, როგორ ეწეოდა ესპანეთი კუნძულის ექსპლუატაციას, რასაც შემდეგ შეერთებული შტატების ხისტი პოლიტიკა მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ამერიკელებს თავისუფლად შეეძლოთ ინტერვენცია და პოლიტიკურ პროცესებზე პირდაპირი გავლენის მოხდენა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საერთაშორისო ურთიერთობის სისტემა ორპოლუსიანი გახდა. სამწუხაროდ, მაშინდელი კუბისთვის ნეიტრალური პოლიტიკა არ გახლდათ ქმედითი ალტერნატივა. ამგვარად, არსებობისათვის, კუნძული დიდწილად საბჭოთა კავშირზე გახდა დამოკიდებული. ცივი ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა კავშირის ფუნქცია ვენესუელამ შეითავსა (ამის მაგალითია პროგრამა: „ნავთობი – ექიმების სანაცვლოდ“, როდესაც ვენესუელიდან ნავთობის იმპორტი ხდებოდა, ხოლო სანაცვლოდ კი კარაკასი მაღალკვალიფიციურ ექიმებს იღებდა კუბიდან).
დღევანდელი მონაცემებით კუბაში კორონავირუსის 40,000 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა საგანგაშოა COVID ინფიცირების დინამიკა (დღიურად 1000 ახალი პაციენტი). აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ კუბა იწყებს თავისი ვაქცინის, “სობერანას” (ესპანურად “სუვერენული”) ტესტირებას, რომელსაც დიდი ოპტიმიზმით ელის კუნძულის მოსახლეობა.
რთულია საუბარი იმაზე, რომ კუბა ერთ დღეს ჩამოიშლება და დიდი პოლიტიკური ცვლიბებები აიღებს სათავეს, თუმცა პოლიტიკური რეჟიმები მარადიულნი არ არიან …
სინო-კუბური ურთიერთობები
საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში ფაქტიურად ვერ აღმოვაჩენთ ვაკუუმს. როგორც აღვნიშნე, კუბის შემთხვევაში, საბჭოთა კავშირი ვენესუელამ ჩაანაცვალა, ხოლო ამ უკანასკნელი მდგომარეობის გათვალისწინებით, განთავისუფლებული სივრცე შესაძლოა ჩინეთმა დაიკავოს. ჩინეთი უკვე გახდა კუბის რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორი. აზიური ივესტიციებიდან უმეტესი წილი სწორედ ჩინეთზე მოდის. ცალკე აღსანიშნავია. ჩინელი ტურისტები და ჩინური წამროების მანქანები, რომლებიც უკვე თვალშისაცემია ჰავანასა და სხვა დიდ ქალაქებში. გასაკვირი არ იქნება თუ ვახსენებთ იმ ფაქტსაც, რომ კუბა „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ინიციატივას შეუერთდა. ჩინური გავლენები თვალსაჩინოა ტელეკომუნიკაციების სფეროშიჩ. მაგალითად, კუნძულზე WiFi-ს ქსელის გამართვაში Huawei-მ ითამაშა განსაკუთრებული როლი. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავდება, თუმცა საკითხის მეორე მხარეა ის, თუ რამდენად არის აღნიშნული ორი ქვეყანა მზად სამხედრო თანამშრომლობისთვის. ფრიდმანის ჰიპოთეზის ფორმულირება ასე შეიძლება: კარიბის ზღვის აუზში ჩინელი სამხედროების გამოჩენა შეიძლება იქცეს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამერიკელი სამხედროების საპირწონედ. სამხედრო ბაზების განთავსება ქვეყნისთვის სტრატეგიულად მიზანშეწონილი იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში, რიგ პრობლემურ გარემოებებს ვაწყდებით. გასათვალისწინებელია მანძილიც. როგორც ვიცით, სამხედრო საკითხებში ლოჯისტიკა ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია. კონფლიქტის შემთხვევაში პროპორციულად წარმოიდგინეთ ერთი ჩინური ბაზა და შეადარეთ წარმოდგენილ გრაფიკზე ამერიკულ ბაზებს.
მეორე ფაქტორია არასტაბილური გარემო კუბაში. მართალია მოსახლეობა კრიზისებს უძლებს, თუმცა მათი მოთმინებაც ამოწურვადია.
მესამე ცვლადი ჯო ბაიდენია. შესაძლოა, ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ობამას დროინდელ პოლიტიკას დაუბრუნდეს და კუბასთან გარკვეულწილად ნორმალური ურთიერთობები ჩამოაყალიბოს, რაც შეიძლება ჰიპოთეტიკურად შემაკავებელი ფაქტორი აღმოჩნდეს.

დასკვნა
ფრიდმანის მიერ შემოთავაზებულ აზრი საყურადღებოა, ვინაიდან საერთაშორისო პოლიტიკა არ არის მკაცრად დეტერმინირებული არითმეტიკული ფორმულით გამოსაყვანი მოქმედებათა ჯამი. მედიამ უკვე მონათლა ჩინეთ-ამერიკის დაპირისპირება ახალ ცივ ომად. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, თუ მხედველობაში მივიღებთ ამერიკული ბაზების განლაგებებს, ჩინეთს არც სამხედრო და არც პოლიტიკური თვალსაზრისით არ უღირს მსგავს რისკზე წასვლა. მე მიმაჩნია ჩინეთი ფსონს ირან რუსეთთან ალიანსზე გააკეთებს და შეეცდება ავტორიტარული რეჟიმების განმტკიცებას, ევროკავშირის ერთიანობის მოშლას, აფრიკაში უფრო მეტი გავლენის მოპოვებას, ხოლო ლათინურ ამერიკაში ისევ ეკონომიკურ ექსპანსიას გააგრძელებს. ეს უფრო პრაგმატული მიდგომაა, მაგრამ 20 ან 50 წლის შემდეგ ახალმა ურთიერთობებმა შესაძლოა ახალი რეალობების წინაშე დაგვაყენოს. ამჟამად მსოფლიო პოლიტიკა სხვა გამოწვევების წინაშეა.
შოთა მგელაძე