ტაივანი – დამოკლეს მახვილი

დამოკლეს მახვილის მეტაფორა მუდმივი საშიშროების სიმბოლოს წარმოადგენს. ნაკლებ სავარაუდოა, რომ სანამ სახელმწიფოები იარსებებენ მსგავსმა მეტაფორამ აქტუალურობა დაკარგოს.  აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სიტემაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დიდი სახელმწიფოების ურთიერთქმედებას. ამრიგად, დღეს მთელი ყურადღება ორ სუპერსახელმწიფოზეა მიპყრობილი. სავარაუდოდ, ამერიკა ჩინეთის (თუ ჩინეთი გააგრძელებს ეკონომიკურ აღმასვლას) მომავალი ურთიერთობები განსაზღვრავს 21-ე საუკუნის მომავალს. თუ რამ გამოიწვია ორ ქვეყანას შორის ანტაგონისტური დამოკიდებულების ჩამოყალიბება  ეკონომიკურ ასპექტში შეგვიძლია ცალსახად ჩინეთი დავადანაშაულოთ, რომელიც ხშირად არ თამაშობს დადგენილი თამაშის წესებით, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევს ამერიკელ ფოლისიმეიქრებში. აღნიშნული ქცევები სავაჭრო ომის მაპროვიცირებელი გახდა. დღეს უკვე აქტუალურია კითხვა, იქნება თუ არა 21-ე საუკუნე ჰეგემონური ომის მომსწრე. სტატიაში შევეცდები ბოლო დროინდელი მოვლენები აღნიშნულ საკითხთან დავაკავშირო.

რა არის ჰეგემონური ომის თეორია?

როდესაც თუკიდიდე აღწერდა პელოპონესის ომს, სადაც  ათენი დაუპირისპირდა  სპარტას, მან შენიშნა ერთი რამ , რაც მისი აზრით აუცილებლად განმეორდებოდა სანამ იარსებებდნენ სახელმწიფოები. ეს იყო ჰეგემონური ომი, ანუ სიტუაცია როდესაც სისტემაში არსებობს ჰეგემონი, რომელსაც საფრთხეს უქმნის მეორე სახელმწიფო.

არსებულ ვითარებაში თუკიდიდეს მოდელი რომ გადმოვიტანოთ ის ასე გამოიყურება

  1. თეზისი ანუ ჰეგემონური სახელმწიფო შეერთებული შტატები (დაშვების დონეზე მაინც);
  2. ანტითეზისი მზარდი ძალა რომელიც იწვევს ჰეგემონურ სახელმწიფოს, ანუ ჩინეთი რომელიც არ მალავს რომ სურს საერთაშორისო სისტემის შეცვლა. (რევიზიონისტულ ძალას რუსეთიც მიეკუთვნება, თუმცა ეკონომიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, მას არ მოვიაზრებ სისტემის შემცვლელ ძალად);
  3. სინთეზი ახალი საერთაშორისო სისტემა რომელიც ტრანსფორმიმდება ორი სახელმწიფოს შეჯახების შედეგად.

რა თქმა უნდა, ატომური იარაღის გამოგონებამ ფუნდამენტალურად შეცვალა ომის მიმდინარეობის პრინციპები და მას შემდეგ ჩვენ ვცხოვრობთ სისტემაში რომელსაც ხშირად  Mutually Assured Destruction (MAD) უწოდებენ. საბედნიეროდ, აღნიშნული იარაღი გახდა ის შემაკავებელი ძალა, რომელმაც ცივი ომი არ გადაზარდა უშუალო სამხედრო დაპირისპირებაში. მიუხედავად ოპტიმიზმისა, სახელმწიფოებს აქვთ გავლებული წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთისას ყველაზე ექსტრემალური სცენარის წარმოდგენა გვიხდება ხოლმე. პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ ატომურ ბომბს არ შეუჩერებია ომები, იყო პარადოქსული შემთხვევები, მაგალითად როდესაც ისრაელს თავს დაესხა არაბული სახელმწიფოები, მაშინ, როდესაც ისრაელი ფლობდა აღნიშნულ ბომბს.(ჩინეთი კორეის ომში, ჩინეთი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ) ისტორიაში უარესიც გვახსოვს,  მაგალითად ინდოეთ პაკისტანის სამხედრო შეტაკება, როდესაც ორივე სახელმწიფო ფლობს ატომურ შეიარაღებას და ა.შ.

ჩინეთის წითელი ხაზი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949 წელს სამოქალაქო ომის შედეგად დაარსდა. მას შემდეგ ჩინეთი აქტიურად ცდილობს ტაივანის დაბრუნებას.  კუნძულის, სადაც  მაშინდელი გომინდანის მთავრობა გაიქცა. მიუხედავად თავდაპირველი ავტოკრატიული რეჟიმისა, დღეს მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი სახელმწიფოები არ აღიარებენ მას, თამამად შეგვიძლიათ ვთქვათ რომ ის დემოკრატიულია. თუ ჩან კაიშის დროს ოცნებად მაინც რჩებოდა ბრძოლის გაგრძელება და ჩინეთის დაბრუნება, ახლა კუნძულის მთავარი მიზანი- გადარჩენაა. ბევრი შეგვიძლიათ ვისაუბროთ ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ეკონომიკაზე და სამხედრო ბიუჯეტზე, თუმცა, ჩემი აზრით, ტაივანის მთავარი უსაფრთხოების გარანტი მაინც შეერთებული შტატებია. მიუხედავად შანხაის კომუნიკესა და კომუნისტური ჩინეთის აღიარებისა, ნიქსონის პრეზიდენტობის დროს შეერთებულმა შტატებმა „ტრიანგულარული დიპლომატიის“ წყალობით, საკმაოდ საინტერესო სტრატეგია  აირჩია. ერთი მხრივ, ის პატივს სცემდა „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, სადაც ტაივანი ჩინეთს ეკუთვნის, და მეორე 1979 წლის ტაივანის აქტით, რომელიც მართალია, არ ავალდებულებს შეერთებულ შტატებს კონფლიქტის შემთხვევაში ფიზიკურ  ჩარევას, მაგრამ ამერიკა ვალდებულია ტაივანისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ისეთი  შეიარაღების  სისტემები,  რომელიც თავდაცვის  ეფექტურობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ჩინეთის კომუნისტური ელიტისთვის ტაივანის შემოერთება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განიხილება. შესაბამისად, ნებისმიერი დამოუკიდებლობის მცდელობა, ან სხვა ქვეყნის მიერ ამ საკითხში უხეში ჩარევა, ჩინეთისთვის სწორედ წითელი ხაზების გადაკვეთას წარმოადგენს. ბოლო დროინდელი მოვლენები სწორედ ამის მომასწავებელი გახლდათ.

ჩინური თვითმფრინავები ტაივანის საჰაერო სივრცეში

23 იანვარს ტაივანში 13 ჩინური თვითმფრინავი შეიჭრა, მათ შორის 8-ს ატომური ბომბის გადამტანი. ასევე მომდევნო დღეს თხუთმეტმა თვითმფრინავმა დაარღვია ტაივანის საჰაერო სივრცე. აღსანიშნავია, რომ  ინციდენტები პრატას კუნძულებთან მოხდა, რომლის სიახლოვესაც ამერიკული გადამზიდი, „თეოდორ რუზველტი“, მანევრირებდა.

ეს ქმედება გაფრთხილებაა შეერთებული შტატების ახალი ადმისტრაციისთვის, რომ ჩინეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ტაივანის დამოუკიდებლობას. ბოლოდროინდელი დიპლომატიური მაგალითი უკვე ვნახეთ. მიუხედავად პანდემიისა ჩინეთი აქტიურად ბლოკავს ტაივანის გაწევრიანებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში. ეს ფაქტიც ნათლად ასახავს საკითხის პრინციპულობას.

შეფასებები

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ჩინეთ-ტაივანის საკითხის მშვიდობიან გადაწყვეტას, თუმცა ეს უნდა მოხდეს ტაივანელი ხალხის სურვილებისა და ინტერების გათვალისწინებით. ჩინეთს მოუწოდებენ რომ შეწყვიტოს სამხედრო დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა ტაივანზე .

განცხადება გაავრცელა ჩინეთსი საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების მუდმივი ავიამზიდების გადმოსხმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არ არის პოზიტიური ფაქტი საერთო უსაფრთხოებისთვის.

მიმაჩნია, რომ ტაივანის საკითხი პოტენციურად ყველაზე მაღალი ალბათობით სარგებლობს ჩინეთ-ამერიკის პოტენციურ სამხედრო დაპირისპირებაში, თუ ასეთი რამ ოდესმე მოხდება. რა თქმა უნდა წარმოდგენაში არ მაქვს სრული ბირთვული კატასტროფა, არამედ ლიმიტირებული სამხედრო მოქმედებები, სადაც   ამერიკელების მიზანი კუნძულის დაცვა იქნება. მეორე სცენარის გათვალისწინებით, შეერთებული შტატები შესაძლოა ფიზიკურად საერთოდ არ ჩაერთოს კონფლიქტში და ტაივანს იარაღით დაეხმაროს. არსებობს მესამე ვარიაცია, სადაც ჩინეთი საერთოდ უარს იტყვის სამხედრო ოპერაციაზე, გამომდინარე მოგებისა და დანახარჯებისა. პრაგმატულად თუ მივუდგებუთ საკითხს ჯერჯერობით უკანასკნელი ვარიანტია დღის წესრიგში, თუმცა მოვლენების სხვა ვარიანტებივ არ უნდა გამოვრიცხოთ. მართალია ისინი არ დგანან ახლო პერსპექტივაში, თუმცა მაინც.

დასკვნა

ეჭვგარეშეა რომ ჩინეთს ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება სურს. დავოსის ბოლო ვირტუალურ სამიტზე პრეზიდენტი სი ძინპინის სიტყვები მსგავსი რიტორიკის მატარებელია. მან ისაუბრა „win-win” სტრატეგიასა და კოოპერაციაზე. სხვათაშორის მისი ტექსტის სათაურიც საინტერესო სახელითაა: „დაე მულტიპლოარულმა ჩირაღდანმა გაუნათოს გზა კაცობრიობას“.  დღეს ჩინეთის რეპუტაცია კოვიდის გამო საგრძნობლად შეილახა. ამას დაემატა ცოტა ხნის წინ გავრცელებული კადრები , სადაც უკვე რეალური დამადასტურებელი ფაქტები არსებობს, თუ რა სავალალოა ვითარებაა უიგურთა მიმართებაში. ასევე აღსანიშნავია ჩინეთის სამხედრო დანახარჯების გიგანტური ნაბიჯებით ზრდაც, რომელიც რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს. მოქმედებს უსაფრთხოების დილემის წესი და შესაბამისად რეგიონში არსებული ქვეყნები ზრდიან თავიანთ სამხედრო ბიუჯეტებს. შეერთებული შტატები კი შესაძლოა ისტორიული არჩევანის წინაშე დადგეს, ან დაიცვას დემოკრატიული კუნძული, თუ ამის საჭიროება დადგა, ან საერთოდ მოიხსნან გლობალური ლიდერობის მანტია. შესაძლოა ჰეგემონური ომი საერთოდ არ მოხდეს, თუმცა ტაივანის საკითხი დამოკლეს მახვილივით კიდია საერთაშორისო უსაფრთხოების თავზე.

შოთა მგელაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s