
ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციიდან ერთი კვირა გავიდა. ბაიდენი საქმიანობას ოვალური კაბინეტის დაკავებისთანავე შეუდგა. ინაუგურაციის დღესვე, პრეზიდენტმა რამდენიმე განკარგულება გამოსცა, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის იყო პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმებაში დაბრუნება და შვიდი ისლამური ქვეყნიდან მიგრაციაზე შეზღუდვის გაუქმება. ცხადია, ბაიდენის საგარეო პოლიტიკაზე საუბარი ჯერ საკმაოდ ნაადრევია, თუმცა, უკვე გამოიკვეთა რამდენიმე კონკრეტული მიმართულება, რომელზეც თეთრი სახლი მომავალი ოთხი წლის მანძილზე აქტიურად იმუშავებს.
უპირველეს ყოვლისა, სავარაუდოა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აქტიურად შეეცდება დანარჩენ მსოფლიოსთან კავშირების აღდგენას. აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მმართველობას საგარეო პოლიტიკაში იზოლაციონიზმისა და არათანმიმდევრულობის ხაზი გასდევდა, რაც აშშ-ის მიერ სხვადასხვა შეთანხმებებისა და რეგიონული თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დატოვებაში გამოიხატა. ტრამპი, ძირითადად, უნილატერალურად, სხვებთან შეუთანხმებლად, იღებდა გადაწყვეტილებებს და ხშირად არასაკმარის რესურსებს ხარჯავდა მოკავშირეების დასაცავად. ზემოხსენებულმა მოქმედებებმა აშშ-ის როგორც ერთადერთი სუპერსახელმწიფოსა და თავისუფალი სამყაროს ლიდერის იმიჯი მნიშვნელოვნად შელახა. საერთაშორისო პრესტიჟის აღსადგენად, ბაიდენის ადმინისტრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება სხვადასხვა სახელმწიფოებთან, მთავრობათშორის ორგანიზაციებთან და განსაკუთრებით აშშ-ის მოკავშირეებთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ გაძლიერდება თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა ისრაელთან, საუდის არაბეთთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან. თუმცა, ასევე სავარაუდოა, რომ ბაიდენი, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, საკუთარი პარტნიორების მიმართ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში უფრო მომთხოვნი იქნება.
ბაიდენის საგარეო პოლიტიკის მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელი პრინციპებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის დაბრუნება იქნება, რომელიც ფოკუსირებულია სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე. აშშ, სავარაუდოდ, გააგრძელებს დემოკრატიის ექსპორტის წახალისებას მსოფლიოში, რადგან მოქმედი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული რეჟიმების გაძლიერებას საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. მეტი დემოკრატიული სახელმწიფო გულისხმობს ნაკლებ ავტორიტარულ რეჟიმს, სახელმწიფოებს შორის უფრო ფართო ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობას. მოცემული მსჯელობა საერთაშორისო ურთიერთობების წამყვანი ლიბერალური თეორიის, ე.წ. “დემოკრატიული მშვიდობის” ერთგვარი გაგრძელებაა, რომლის ძირითადი პოსტულატის მიხედვით, დემოკრატიები ერთმანეთთან არასოდეს ომობენ. ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენის ადმინისტრაცია შეეცდება მმართველობის დემოკრატიული მოდელის მთელ მსოფლიოში გავრცელებას და ავტორიტარულ რეჟიმებთან ურთიერთობაში უფრო ხისტი იქნება.
ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ტრანსატლანტიკური სოლიდარობის აღდგენა. საერთაშორისო მიმომხილველთა დიდი ნაწილის შეფასებით, ტრამპმა გასული ოთხი წლის მანძილზე გაკეთებული ხისტი განცხადებებითა და ცალმხრივი, პარტნიორებთან შეუთანხმებელი მოქმედებებით ტრანსატლანტიკურ ერთობას წყალი შეუყენა. ევროპასა და ამერიკას შორის შესუსტებულ პარტნიორობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დღესდღეობით, ევროპულ სახელმწიფოთა ლიდერების გარკვეული ნაწილი ღიად საუბრობს რუსეთისთვის ყირიმის ანექსიის შედეგად დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნაზე. „ბებერ კონტინენტთან“ ურთიერთობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობდა ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი და პრეზიდენტ კარტერის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – ბზიგნევ ბრჟეზინსკიც. ბჟეზინსკის შეფასებით, ევროპა სახელმწიფო მოწყობითა და ღირებულებითი სისტემით ამერიკის ბუნებრივი მოკავშირეა, ამიტომ ევროპასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება აშშ-ის ნებისმიერი ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა იყოს. ბაიდენმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ევროპულ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და ტრანსატლანტიკური ერთობის გაძლიერება იქნება.
მსოფლიო პოლიტიკის ფართო კონტექსტში, ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანი ძალთა ბალანსში არსებული სტატუს-კვოსა და ლიბერალურ-დემოკრატიული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებაა. ბაიდენის საგარეო პოლიტიკური ხაზი მიმართული იქნება გლობალური ჰეგემონიის შენარჩუნებისკენ, რისთვისაც, მისმა ადმინისტრაციამ, უპირველესად, რევიზიონისტულად განწყობილი სახელმწიფოების დასუსტება უნდა მოახერხოს. უპირველეს ყოვლისა, ეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას ეხება. სავარაუდოა, რომ ჩინეთთან მიმართებაში გაგრძელდება ტრამპის მიერ აღებული ხისტი საგარეო პოლიტიკური კურსი, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტი მოერიდება ჩინეთთან სავაჭრო ომის გაგრძელებას ორი ძირითადი მიზეზის გამო: 1. ავტორიტეტული საერთაშორისო ეკონომისტების შეფასებით, ორმხრივი სავაჭრო ომი აშშ-ის ეკონომიკას უფრო მეტად აზარალებს, ვიდრე ჩინეთს; 2. ახალ ადმინისტრაციას პირველი რამდენიმე თვის მანძილზე საგარეო პოლიტიკისთვის ნაკლებად ეცლება და ძირითადი ყურადღება შიდა პოლიტიკისკენ ექნება მიმართული, რომელსაც COVID-19-სგან გამოწვეული კრიზისი მნიშვნელოვნად აზარალებს. სავარაუდოდ, ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო მეტად ჩინეთის კომუნისტური რეჟიმის შიდა დანაშაულებების (უიღურების გენოციდი, ჰონგ-კონგისთვის ავტონომიის გაუქმება და ა.შ. ) მხილებაზე ფოკუსირდება.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, გავლენიანი პოლიტოლოგების გარკვეული ნაწილი დღემდე შიშობს, რომ ბაიდენი რუსეთთან ურთიერთობების დათბობას გააგრძელებს, რადგან ის რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკის ერთ-ერთი შემოქმედი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ზემოხსენებული მსჯელობა საფუძველს მოკლებულია, რადგანაც „გადატვირთვის“ პოლიტიკიდან უკვე ცამეტი წელი გავიდა და გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა აშშ-ში კარგად გაიაზრეს, რომ რუსეთთან დათმობების პოლიტიკა არ მუშაობს. თუ 2016 წლამდე აშშ-ის პოლიტიკურ და აკადემიურ წრეებში ჯერ კიდევ საუბრობდნენ მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე, კრემლის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა ის წითელი ხაზი აღმოჩნდა, რომელმაც დასავლეთის ელიტას რუსეთთან მშვიდობიანი თანამშრომლობის ყველანაირი ილუზია გაუქრო. ბაიდენმა საკუთარ გამოსვლებში ასევე არაერთხელ აღნიშნა, რომ კრემლთან ურთიერთობებში საკმაოდ ხისტი იქნება და რუსეთის საერთაშორისო გავლენების მკვეთრად შესუსტებაზე აქტიურად იმუშავებს.
რაც შეეხება კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში აშშ ხელახლა შეუერთდება ირანის ბირთვულ პროგრამას, რომლიდანაც ტრამპი ევროპელ მოკავშირეებთან შეუთანხმებლად გამოვიდა. სავარაუდოა, რომ პალესტინის საკითხში ბაიდენი აღადგენს ე.წ. „ორი სახელმწიფოს მოდელს“, რომელიც ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოების მშვიდობიან თანაარსებობას გულისხმობს. ცხადია, ეს ეჭვქვეშ არ აყენებს ისრაელისადმი აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას, თუმცა, უნდა ველოდოთ, რომ ბაიდენი შეეცდება ადგილზე არსებული დაძაბულობის დეესკალაციასა და ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელი მოსახლეების უფრო აქტიურ დახმარებას, განსაკუთრებით ჰუმანიტარული მიმართულებით. რაც შეეხება ავღანეთისა და სირიის კამპანიებს, ბაიდენი ეთანხმება ამერიკული ჯარების მიერ ამ ქვეყნების დატოვებას, თუმცა, მისი აზრით, აუცილებელია ადგილზე შეზღუდული სადაზვერვო კონტიგენტის დატოვება, რათა გაჩენილი ძალაუფლების ვაკუუმი რევიზიონისტულმა ძალებმა არ შეავსონ.
ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა და საქართველო
როგორი იქნება ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში? იქნება თუ არა მომავალი ოთხი წლის მანძილზე საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება ვაშინგტონისთვის პრიორიტეტული? შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება მისი სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდას და აშშ-სგან საკმარისი მხარდაჭერის მიღებას? – ეს ის ძირითადი კითხვებია, რომლებზე პასუხიც არამხოლოდ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, არამედ მის ყველა მოქალაქეს აინტერესებს. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაიდენის მიერ წარდგენილი ახალი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, პოზიცია. ბლინკენი კარგად იცნობს სამხრეთ კავკასიის რეგიონს და საქართველოს პრობლემატიკას. მან არაერთხელ დაადასტურა მისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. გარდა ამისა, ის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მომხრეა და რამდენიმე დღის წინ, კონგრესის მოსმენაზე, მან განაცხადა, რომ თუ საქართველო შეძლებს დააკმაყოფილოს ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო პოლიტიკური და სამხედრო მოთხოვნები და თუ ის გააგრძელებს კოლექტიური უსაფრთხოების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანას, მაშინ ნატოს კარი საქართველოსთვის აუცილებლად ღია უნდა დარჩეს. ბლინკენი მიიჩნევს, რომ მეზობელი სახელმწიფოებისადმი კრემლის აგრესიის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ ისაა, რომ ისინი რუსული საფრთხის წინაშე დაუცველები არიან და თუ ისინი სწრაფად გახდებიან ნატოს თავდაცვითი ქოლგის ბენეფიციარები, ამ შემთხვევაში რუსეთის აგრესია მათი მისამართით არათუ გაიზრდება, არამედ, შემცირდება.
ზემოხსენებული განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს არ უჭერს ე.წ. „გავლენის სფეროებზე“ დაფუძნებულ საერთაშორისო პოლიტიკას, რომლის მთავარი აპოლოგეტიც რუსეთის ფედერაციაა. საქართველოს მომავალ წლებში შეუძლია აშშ-სგან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლის მიღება იმ შემთხვევაში, თუ ის გააგრძელებს განვითარებას დემოკრატიზაციის კუთხით. საქართველომ ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად უნდა შეძლოს როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური მიმართულებით პროგრესირება. დემოკრატიის დაბალი ხარისხი, პრობლემები კანონის უზენაესობის მხრივ, ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოს შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს. საჭიროა ქართულმა სახელმწიფომ განაგრძოს განვითარება და შეძლოს ქვეყნის შიგნით დემოკრატიის კონსოლიდაცია. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ბაიდენის საგარეო პოლიტიკის მახასიათებელია პრინციპებისკენ შემობრუნება, შესაბამისად, დემოკრატიული სტანდარტების გაძლიერების გარეშე ძალიან რთული იქნება, ერთი მხრივ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, ხოლო მეორე მხრივ, აშშ-სთან თავდაცვის, ეკონომიკისა და პოლიტიკის საკითხებზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება. შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ბაიდენის საგარეო პოლიტიკა სავარაუდოდ იქნება უფრო მეტად პროაქტიური და პრინციპული, ვიდრე ეს ობამასა და ტრამპის პერიოდში იყო. თუმცა, ცხადია, რომ რაიმე განსაკუთრებული მოლოდინების შექმნა არაა მართებული, რადგან საერთაშორისო პოლიტიკა დინამიური დისციპლინაა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებული მდგომარეობა შესაძლოა ელვის სისწრაფით შეიცვალოს.
გიგა ჯოხაძე