
20 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. საერთაშორისო მედიების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ახლადარჩეული პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვა მოექცა, რადგან ითვლება, რომ მასში ახალი პრეზიდენტი იმ ძირითად მიმართულებებს გამოკვეთავს, რომლებიც მომავალი ოთხი წლის მანძილზე აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგს შექმნის. გამონაკლისი, ამ მხრივ, არც ბაიდენის საინაუგურაციო სიტყვა აღმოჩნდა. მოცემულ სტატიაში შევეცდები განვიხილო ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც ბაიდენმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა.
ბაიდენის სიტყვის ძირითადი ნაწილი დღესდღეობით არსებული პრობლემებისა და მათი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას მიეძღვნა. გლობალური პანდემია, მძიმე ეკონომიკური კრიზისი, დაკარგული სამსახურები, რასობრივი უთანასწორობა, პოლიტიკური ექსტრემიზმი, ტერორიზმი, კლიმატის ცვლილება, ამერიკის გლობალური როლის დაკნინება – ეს ის უმთავრესი გამოწვევებია, რომლებიც აშშ-ის დემოკრატიასა და განსაკუთრებულობას საფრთხეს უქმნის. ბაიდენის შეფასებით, ზემოხსენებული პრობლემების ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ამერიკული საზოგადოების ფრაგმენტაცია და საზოგადოებრივ ინტერესებზე მაღლა, კერძო ინტერესების დაყენებაა. „ყველა ამ პრობლემის გადაჭრა, ერის სულის აღდგენა და ამერიკის მომავლის უზრუნველყოფა ერთიანობას მოითხოვს. ჩემი მიზანია ამერიკელი ხალხის გაერთიანება, ამერიკელი ერის გაერთიანება და მე თითოეულ ამერიკელ მოქალაქეს ვთხოვ, შემომიერთდეს ამ საქმეში. გავერთიანდეთ საერთო მტრის: ზიზღის, სიძულვილის, ექსტრემიზმის, უკანონობის, ძალადობის, უიმედობისა და გაჭირვების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი, რომელიც ერთმანეთს უპირისპირებს წითლებსა (რესპუბლიკელები) და ლურჯებს (დემოკრატები), ქალაქისა და სოფლის მაცხოვრებლებს, კონსერვატორებსა და ლიბერალებს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ერის სული, აღვადგინოთ ის იდეალები, რომლებიც განგვსაზღვრავს ჩვენ, როგორც ამერიკელებს. ეს იდეალებია უსაზღვრო შესაძლებლობები, უსაფრთხოება, თავისუფლება, ღირსება, პატივისცემა და რაც ყველაზე მთავარია, სიმართლე“.
საკუთარ გამოსვლაში პრეზიდენტმა ისაუბრა იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებიც მის პირველ საპრეზიდენტო ვადაში განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება. მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი:
- COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა – უახლოეს მომავალში ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის ყურადღება გლობალურ პანდემიასთან ბრძოლისკენ იქნება მიმართული. ახალკორონავირუსს არასრულ ერთ წელიწადში,400 000-ზე მეტი ამერიკელი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბაიდენმა უკვე დააკომპლექტა პანდემიასთან ბრძოლის ჯგუფი, რომლის ძირითადი მიზანი COVID-19-ის შემდგომი გავრცელების შეკავება იქნება. გარდა ამისა, პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ახალი ეკონომიკური გეგმა, რომელიც სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან ერთად, ჯანდაცვის სისტემაში დამატებით 415 მილიარდი აშშ დოლარის გადასროლას ითვალისწინებს. აქედან 20 მილიარდი დოლარი ამერიკელი მოქალაქეების საყოველთაო ვაქცინაციას მოხმარდება. ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანი მომავალ 100 დღეში 100 მილიონი ვაქცინის დამზადება და დისტრიბუციაა. გარდა ამისა, გეგმის მიხედვით ტესტირებების რაოდენობის გასაზრდელად გამოიყოფა დამატებით 50 მილიარდი დოლარი;
- 2. ეკონომიკური კრიზისის დაძლევა – COVID-19-ის გავრცელებამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ისედაც რეცესიის პირას მყოფი ამერიკული ეკონომიკა. მკვეთრად შენელდა აშშ-ის ეკონომიკური ზრდა, შემცირდა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობა. გარდა ამისა, 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა მუდმივი სამსახური დაკარგა. მომავალ თვეებში ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამერიკული ეკონომიკის აღორძინება იქნება. ამ მიზნის მისაღწევად, ბაიდენი პირველივე საპრეზიდენტო კვირაში კონგრესს წარუდგენს ახალ ეკონომიკურ გეგმას, რომელიც ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი ამერიკული ოჯახების პირდაპირ დახმარებას (1400$) ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, გამოცხადდება მორატორიუმი იპოთეკურ სესხებზე და სექტემბრამდე ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს არ ექნებათ ამერიკელი მოქალაქეების გამოსახლების უფლება. გარდა ამისა, ბაიდენი კონგრესში ეკონომიკური კანონპროექტის შეტანასაც გეგმავს, რომელიც საათობრივად მინიმალური ფედერალური ხელფასის 15 დოლარამდე გაზრდას გულისხმობს. მეორე ეტაპი ფოკუსირებულია მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე,რისთვისაც ფედერალური ბიუჯეტიდან 440 მილიარდი აშშ დოლარი უნდა გამოიყოს. აქედან 15 მილიარდი მიმართულია ახალი საგრანტო პროგრამის შექმნაზე, რომელიც დაეხმარება მცირე ბიზნესებს კოვიდკრიზისის შედეგების დაძლევაში. ამასთან, გეგმა ითვალისწინებს 35 მილიარდი დოლარის ინვესტირებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებაში, რომლებიც ადგილობრივ მეწარმეებს დაბალი საპროცენტო განაკვეთით მოემსახურებიან. ზემოხსენებულ გეგმას ამერიკული საზოგადოების ერთი ნაწილიკრიტიკულად შეხვდა. მათი შეფასებით, გეგმა ზედმეტად ამბიციურია და ის აშშ-ის ფედერალური ვალის ისედაც შესამჩნევ რაოდენობას უფრო მეტად გაზრდის. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ აღებული სოციალური ვალდებულებები და ბიზნესის მიმართ დაწესებული რეგულაციები ეკონომიკურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს;
- სისტემური რასიზმის აღმოფხვრა – გასულ წელს აფროამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის, მკვლელობამ რასობრივი უთანასწორობის საკითხი ამერიკული პოლიტიკის დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა. ზემოხსენებულმა შემთხვევამ მძლავრი საპროტესტო მუხტი შექმნა, რომელიც ამერიკაში ღრმადფესვგადგმული სისტემური რასიზმისწინააღმდეგ იყო მიმართული. ბაიდენმა პირობადადო, რომ მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს ძალოვანი სტრუქტურების, მათ შორის, პოლიციის ფუნდამენტური რეფორმირებისთვის და აფროამერიკელი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება დიდწილად აფროამერიკელი ელექტორატის მხარდაჭერამ განაპირობა. საზოგადოების ამ სეგმენტში ბაიდენის რაიტინგმა თითქმის 80%-იან ნიშნულს მიაღწია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ რასობრივი თანასწორობის საკითხი ბაიდენის ადმინისტრაციის დღის წესრიგში მოწინავე პოზიციას დაიკავებს;
- კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა – აშშ-ის აწ უკვე ექსპრეზიდენტი, დონალდ ტრამპი,მიიჩნევდა, რომ კლიმატის ცვლილება არ არის ადამიანური ჩარევის მიერ ხელოვნურად გამოწვეული პრობლემა, ამიტომ ის ბიზნეს კომპანიებისთვის რეგულაციების დაწესებას კრიტიკულად უყურებდა. ტრამპი აქტიურად ლობირებდა ენერგიის ტრადიციული წყაროების, მათ შორის ნავთობის, გაზისა და სხვა ბუნებრივი საწვავის გამოყენებას. ტრამპმა ქვეყანა პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმებიდან ცალმხრივად გამოიყვანა. მისგან განსხვავებით,ბაიდენისთვის კლიმატის ცვლილება პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის რანგში ბაიდენის პირველი ნაბიჯი პარიზის კლიმატური ცვლილებების შეთანხმებაში ამერიკის შეერთებული შტატების ხელახლა დაბრუნებაგახდა. გარდა ამისა, 2020 წლის ივლისში ბაიდენმა წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომავალი ოთხი წლის მანძილზე სხვადასხვა „მწვანე“ პროექტზე 2 ტრილიონ დოლარს დახარჯავს, რომლის მიზანიც ტრადიციული რესურსების განახლებადი ენერგიით ჩანაცვლება და 2035 წლამდე აშშ-ის მიერ გამოყოფილი კარბონის ემისიის მნიშვნელოვნად შემცირებაა;
- პროაქტიური, პრინციპებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის გატარება – ბაიდენის საგარეო პოლიტიკაზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია, თუმცა, რამდენიმე კონკრეტული კონტური უკვე გამოიკვეთა. უპირველეს ყოვლისა, სავარაუდოა, რომ ბაიდენი შეეცდება ამერიკის მკვეთრად შელახული საერთაშორისო პრესტიჟის აღდგენას და სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე აქტიურად იმუშავებს აშშ-ის საერთაშორისო პარტნიორებთან. ტრამპისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად უნილატერალურად, სხვებთან შეუთანხმებლად იღებდა გადაწყვეტილებებს და ხშირად არასაკმარის რესურსებს ხარჯავდა მოკავშირეების დასაცავად, ბაიდენის ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სხვადასხვა სახელმწიფოებთან, მთავრობათშორის ორგანიზაციებთან და განსაკუთრებით აშშ-ის მოკავშირეებთან სტრატეგიული თანამშრომლობა.
სავარაუდოა, რომ გაძლიერდება თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა ისრაელთან, საუდის არაბეთთან, იაპონიასთანდა სამხრეთ კორეასთან, თუმცა, აშკარაა, რომ ბაიდენი, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, საკუთარი პარტნიორების მიმართ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხშიუფრო მომთხოვნი იქნება. ბაიდენი აპირებს გერმანიაში დისლოცირებული სამხედრო კონტიგენტის რაოდენობის გაზრდას, რადგან მიიჩნევს, რომ ამერიკული კონტიგენტის შემცირებით იცვლება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დამკვიდრებული სტატუს-ქვო, რომელიც აშშ-ს ევროპის ცენტრალურ ნაწილში საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობის მეშვეობით სტრატეგიული მიზნების მიღწევის საშუალებას აძლევს.
საერთაშორისო ექსპერტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბაიდენი დააბრუნებს პრინციპებზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ფოკუსირებული იქნება სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე. აშშ, სავარაუდოდ, გააგრძელებს დემოკრატიის ექსპორტის პროექტს, რადგან ბაიდენი მიიჩნევს, რომ დემოკრატიული რეჟიმების გაძლიერებასსაერთაშორისო უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ასევე, სავარაუდოა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აქტიურად იმუშავებს ტრანსატლანტიკური სოლიდარობის აღსადგენად, რომელსაც ტრამპმა გასული ოთხი წლის მანძილზე წყალი შეუყენა. აგრეთვე, უდიდესი ალბათობით, ბაიდენის საგარეო პოლიტიკა უფრო მეტად ხისტი იქნებარევიზიონისტულად განწყობილი სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი ჩინეთისა და რუსეთის მიმართ. „ჩვენ ყველას გვესმის, რომ ამ წუთებში მთელი მსოფლიო გვიყურებს. ჩემი გზავნილი კი მათი მისამართით ასეთია: ჩვენ აღვადგენთ ალიანსებს და დანარჩენ მსოფლიოსთანკავშირს. ჩვენ გავუძღვებით მსოფლიოს არა მხოლოდ ჩვენი ძალის მაგალითით, არამედ ჩვენი მაგალითის ძალითაც“ – განაცხადა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ წინამორბედისგან განსხვავებით, ბაიდენის საერთაშორისო პოლიტიკა უფრო მეტად პროაქტიური და პრინციპული იქნება.
შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ინაუგურაციაზე წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა გამოკვეთა ის ძირითადი საკითხები, რომლებიც დღესდღეობით საფრთხეს აშშ-ის კეთილდღეობასა და მის გლობალურ ინტერესებს უქმნის. COVID-19-თან ბრძოლა, ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, სისტემური რასიზმის აღმოფხვრა, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და აშშ-ის გლობალური პოზიციების გაძლიერება ის ძირითადი თემებია, რომლებიც, სავარაუდოდ ბაიდენის ადმინისტრაციის დღის წესრიგში მოწინავე პოზიციებს დაიკავებს.
გიგა ჯოხაძე