
საპროტესტო გამოსვლები, COVID 19, ტრამპის იმპიჩმენტი – რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში?
2021 წელი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში სრულიად უპრეცედენტო მოვლენით დაიწყო. 6 იანვარს, აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლა ძალადობრივი მეთოდებით სცადეს. დაგვიანებული რეაქციის მიუხედავად, ეროვნული გვარდიის შენაერთებმა ამბოხების ჩახშობა მაინც მოახერხეს, თუმცა, ტრამპის მომხრე დემონსტრანტებსა და ძალოვან სტრუქტურებს შორის განვითარებულ ფიზიკურ დაპირისპირებას ოთხი ამერიკელი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოსალოდნელია, რომ დაძაბულობა დუღილის წერტილს 20 იანვარს, ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ინაუგურაციის დღეს მიაღწევს. ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლები, ბაიდენის ახალი ეკონომიკური გეგმა და ტრამპის იმპიჩმენტი – ეს ის სამი ძირითადი საკითხია, რომელიც მიმდინარე კვირების მანძილზე ამერიკის შეერთებული შტატების საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგში დგას. მოცემულ სტატიაში შევეცდები მოკლედ განვიხილო თითოეული მათგანი.
ინაუგურაციის დღე – ძალაუფლების მშვიდობიანი ტრანზიცია თუ რევოლუციური სცენარი?
ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, აშშ-ის ფედერალურმა ძალოვანმა უწყებებმა უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვნად გაამკაცრეს. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კოლუმბიის ოლქი და მისი დედაქალაქი ვაშინგტონი მოექცა, სადაც, 20 იანვარს, ტრადიციისამებრ, ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალი უნდა გაიმართოს. გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ოპერატიული ინფორმაციით, ტრამპის მომხრეები აშშ-ის ორმოცდაათივე შტატში ძალადობრივ დემონსტრაციებს გეგმავენ, კონკრეტული ჯგუფი კი ბაიდენის ინაუგურაციის დღეს გადატრიალების გეგმას ამზადებს, რომელიც ასევე კონკრეტულ პოლიტიკოსებზე თავდასხმასაც გულისხმობს. მსგავსი სცენარის თავიდან ასარიდებლად, 20 იანვარს ვაშინგტონის ქუჩების პატრულირება ეროვნული გვარდიის 20 000 ჯარისკაცს დაევალა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზემოხსენებული რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე სირიაში, ავღანეთსა და ერაყში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების ჯამური რაოდენობა.
შესაბამისად, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურების მთელი ყურადღება უახლოეს დღეებში ინაუგურაციის ცერემონიალისკენ იქნება მიპყრობილი. აშშ-ის სახელმწიფოებრიობის 250 წლიანი ისტორიის მანძილზე ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების ტრადიციას არასდროს შექმნია ისეთი მასშტაბის საფრთხე, როგორიც დღეს. არსებობს მცირე შანსი, რომ ტრამპი მის მომხრეებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს, რადგან ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა მისთვის რევოლუციური სცენარის განვითარებაა. თუმცა, აშშ-ის პოლიტიკური მოწყობისა და მისი დემოკრატიული ტრადიციის საუკუნოვანი გამოცდილება გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ტრამპი დაძაბულობის ესკალაციას ვერ გარისკავს და, საბოლოოდ, ახლადარჩეულ პრეზიდენტს ძალაუფლებას მშვიდობიანად გადააბარებს.
COVID 19-ის კრიზისი და ეკონომიკის სტიმულირების ახალი გეგმა – ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ახალი კორონავირუსისგან გამოწვეული ღრმა კრიზისის დასაძლევად ეკონომიკური სტიმულირების გეგმა წარადგინა, რომელიც აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტიდან დამატებით 1.9 ტრილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. გეგმა სამი ნაწილისგან შედგება:
1. ამერიკული ოჯახების დახმარება, რაც თითოეულ მათგანს პანდემიისგან გამოწვეული მძიმე ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. ბაიდენის გეგმა თითოეული ოჯახისთვის 1400 აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, გამოცხადდება მორატორიუმი იპოთეკურ სესხებზე და სექტემბრამდე ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს არ ექნებათ ამერიკელი მოქალაქეების გამოსახლების უფლება. გარდა ამისა, ბაიდენი კონგრესში ეკონომიკური კანონპროექტის შეტანასაც გეგმავს, რომელიც საათობრივად მინიმალური ფედერალური ხელფასის 15 დოლარამდე გაზრდას გულისხმობს;
2. COVID-19-თან ბრძოლა, რაც ჯანდაცვის სისტემაში დამატებით 415 მილიარდი აშშ დოლარის გადასროლას ითვლისწინებს. აქედან 20 მილიარდი დოლარი ამერიკელი მოქალაქეების საყოველთაო ვაქცინაციას მოხმარდება. ბაიდენის შეფასებით, ვაქცინაციის პროცესი, არასაკმარისად სწრაფად მიმდინარეობს, ამიტომ ტემპი აუცილებლად უნდა აჩქარდეს. ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანი მომავალ 100 დღეში 100 მილიონი ვაქცინის დამზადება და დისტრიბუციაა. გარდა ამისა, გეგმის მიხედვით ტესტირებების რაოდენობის გასაზრდელად გამოიყოფა დამატებით 50 მილიარდი დოლარი;
3. მცირე ბიზნესის დახმარება, რისთვისაც ფედერალური ბიუჯეტიდან 440 მილიარდი აშშ დოლარი უნდა გამოიყოს. აქედან 15 მილიარდი მიმართულია ახალი საგრანტო პროგრამის შექმნაზე, რომელიც დაეხმარება მცირე ბიზნესებს კორონაკრიზისის შედეგების დაძლევაში. ამასთან, გეგმა ითვალისწინებს 35 მილიარდი დოლარის ინვესტირებას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებაში, რომლებიც ადგილობრივ მეწარმეებს დაბალი საპროცენტო განაკვეთით მოემსახურებიან.
ბაიდენის ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი კონგრესში კონტროვერსიული განხილვის საგანი გახდა. კანონშემოქმედების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პაკეტი სამივე ზემოხსენებული მიმართულებით პროგრესულია და ის ამერიკელ მოქალაქეებს კოვიდკრიზისის დაძლევაში წარმატებით დაეხმარება. კონგრესმენთა მეორე ნაწილი თვლის, რომ გეგმა ზედმეტად ამბიციურია და ის აშშ-ის ფედერალური ვალის ისედაც შესამჩნევ რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი კონგრესში მას მერე გავა, რაც ახალი პრეზიდენტი ფიცს დადებს და საქმიანობას ოფიციალურად შეუდგება.
იმპიჩმენტის საკითხი – ტრამპის პოლიტიკური კარიერის დასასრული?
უკანასკნელ დღეებში ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის პოლიტიკური იმპიჩმენტის საკითხი მოექცა. ტრამპის მომხრეების მიერ 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, კონგრესმენთა ერთმა ნაწილმა მას ბრალი სიძულვილის ენის გავრცელებასა და ამბოხების წახალისებაში დასდო. 13 იანვარს წარმომადგენელთა პალატის წევრებმა კენჭი უყარეს იმპიჩმენტის საკითხს. 232-მა კონგრესმენმა მხარი დაუჭირა მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ხოლო 197-მა მათგანმა ზემოხსენებული ინიციატივა უარყო. მიუხედავად მსგავსი შედეგისა, პრეზიდენტის საბოლოო გასამართლება კონგრესის ზედა პალატაში, სენატში, ხდება. იმისათვის, რათა პრეზიდენტი თანამდებობას საბოლოოდ ჩამოცილდეს, საჭიროა სენატის სრული შემადგენლობის მინიმუმ 2/3-ის (67 დეპუტატი) მხარდაჭერა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი უკვე მეორედ დაუჭირა, რაც აშშ-ის ისტორიაში უპრეცედენტო შედეგია, თუმცა, პირველ შემთხვევაში სენატის უმრავლესობა ტრამპის სრული იმპიჩმენტის წინააღმდეგ წავიდა, რაც სრულებით არ იყო გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რომ იმ პერიოდისთვის სენატში უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია აკონტროლებდა. თუმცა, მოცემულ ვითარებაში ტრამპის გასამართლების შანსი გაცილებით დიდია, რადგან 3 ნოემბრის საყოველთაო არჩევნებზე დემოკრატიულმა პარტიამ, ერთი მხრივ, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის შენარჩუნება, ხოლო, მეორე მხრივ, სენატში დამატებით 3 დეპუტატის გაყვანა მოახერხა, რის შედეგადაც სენატში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მანდატები თანაბრად (50/50-ზე) განაწილდა. ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს ეკუთვნის და იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, სენატში ძალთა ბალანსი დემოკრატების სასარგებლოდ შეიცვალა. ტრამპის საბოლოო იმპიჩმენტის განსახორციელებლად დემოკრატიულ პარტიას დამატებით კიდევ 17 რესპუბლიკელი სენატორის გადმობირება სჭირდება, გავლენიანი ამერიკული გამოცემა New York Times კი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 20 რესპუბლიკელი სენატორი მზად არის მხარი დაუჭიროს ტრამპის იმპიჩმენტს. იქიდან გამომდინარე, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ კონტროლი კონგრესის ზედა პალატაზეც დაკარგა, სენატში ტრამპის საბოლოო გასამართლების სცენარი სავსებით რეალური გახდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ სისტემაში ნაკლებად გარკვეულ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ლოგიკური კითხვა – თუ 20 იანვარს ახალი პრეზიდენტი ფიცს დადებს და საქმიანობას შეუდგება, მაშინ საერთოდ რა საჭიროა ტრამპის იმპიჩმენტი? საქმე იმაშია, რომ აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს მისი სრული იმპიჩმენტის შემთხვევაში შემდგომი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება ეკრძალება. ტრამპის იმპიჩმენტით დემოკრატიული პარტია საბოლოოდ ჩამოიშორებს გავლენიან კონკურენტს და საბოლოოდ დაასამარებს ტრამპის გეგმას, 2024 წელს მესამედ იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში.
შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ 2021 წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ მძიმედ დაიწყო. ძალაუფლების მშვიდობიანი ტრანზიცია, ბაიდენის პირველი საპრეზიდენტო რეფორმები და ტრამპის იმპიჩმენტი ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც დღესდღეობით ამერიკის საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგში დგას. გადაიზრდება თუ არა ტრამპის მომხრეთა საპროტესტო გამოსვლები სამოქალაქო გადატრიალებაში, ამას 20 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს გავიგებთ.
გიგა ჯოხაძე