
ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია ერთმნიშვნელოვნად შეიცვალა და მოიცვა სხვადასხვა სფერო. წარსული გამოცდილების მსგავსად, ერთ-ერთ კონკრეტულ ამოცანად დასავლეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა და დემოკრატიის დემონიზაციაგანისაზღვრა, რაც მოიაზრებდა ნებისმიერი ბერკეტის გამოყენებას მსოფლიო ლიდერების სიაში მოწინავე ადგილის მოსაპოვებლად, მაგრამ ამჯერად განსხვავებული მეთოდებით.
რუსეთის შეზღუდულმა რესურსებმა, საერთაშორისო საზოგადოებაში გავლენისა და ძალაუფლების ტრადიციული ინსტრუმენტებით (დიპლომატიური, ეკონომიკური, სამხედრო) გასაძლიერებლად, განაპირობა, პუტინის ყურადღება მიმართულიყო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მასშტაბურ გამოყენებასადა მისი მექანიზმის გაძლიერებაზე. პროპაგანდა, ფაბრიკაციები, დეზინფორმაცია – ეს არის მცირე ჩამონათვალი, რასაც დღეს კრემლის პროპაგანდას ვუწოდებთ.
21–ე საუკუნის დასაწყისში ოფიციალური მოსკოვის პროპაგანდის მთავარი სამიზნე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და ვარშავის პაქტის ქვეყნები იყვნენ.თუმცა, ბოლო წლებში რუსეთმა საგრძნობლად გააძლიერა რეორგანიზაციული საგარეო პოლიტიკის პროპაგანდისტული საქმიანობა შორ საზღვრებზე – ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონში. კრემლის გეგმებში შედიოდა დასავლური საინფორმაციო წყაროებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტება, განვითარებული სახელმწიფოების გავლენის შემცირება და კონტინენტზე ძლიერი რუსული პლატფორმის შექმნა.
პოლიტიკური მიზნების მისაღწევად პროპაგანდის გამოყენება არ წარმოადგენს ახალ ფენომენს. თანამედროვე რუსული პროპაგანდისტული სქემა კომუნისტური პროპაგანდის სამართალმემკვიდრეა. 1980–იან წლებში ლათინურ ამერიკაში აშშ–ის დისკრედიტაციისთვის მოსკოვმა სერიოზული დეზინფორმაციის მეთოდები გამოიყენა. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ოფიციალურმა გაზეთმა „პრავდამ“ გამოაქვეყნა ყალბი ამბავი იმის შესახებ, რომ აშშ ტოქსიკური ნივთიერებების შემცველი ცეცხლსასროლი იარაღებით ამარაგებდა ელ სალვადორის ამბოხებას არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ. 1981 წლის იანვარში კი ყოველკვირეული რუსული გაზეთი „ლიტერატურნაია გაზეტა“ იუწყებოდა, რომ აშშ ემზადებოდა ელ სალვადორში სალვადორელების ეთნიკური ნიშნით წმენდისთვის და შეახსენებდა რეგიონის ელიტურ საზოგადოებას, რომ „მათი ბნელი ისტორია კვლავ მეორდებოდა“.
ლათინურ ამერიკაში კრემლის პროპაგანდისტული გეგმები არ არის რუსეთის, როგორც სახელმწიფოს იმიჯის ამაღლება, რუსული მსოფლმხედველობის პოპულარიზაცია, კულტურული ინტეგრაცია, ან ძალის დემონსტრირება, არამედ, მთავარი ამოცანაა დასავლეთისადმი ნდობის შემცირება, დემოკრატიისა და თავისუფლების ცნების დაკნინება, თავისუფალი ვაჭრობის შეფერხება და რეგიონში აშშ–ისა და ჩინეთისთვის აქტიური წინააღმდეგობის გაწევა.
რუსული პროპაგანდის დაყოფა შეიძლება სამ კატეგორიად: შავი, თეთრი და ნაცრისფერი პროპაგანდა. შავი საინფორმაციო კამპანია გულისხმობს ამბის ყალბი ინტერპრეტაციით თხრობას გამოგონილი პერსონაჟის მიერ. თეთრი პროპაგანდა აგებულია სიმართლეზე, თუმცა ფოკუსირებას ახდენს უმნიშვნელო დეტალებზე, რის გამოც ნამდვილი ამბავი ფალსიფიცირდება და ადრესატამდე ვერ აღწევს. ხოლო ნაცრისფერი საინფორმაციო კამპანია ფუნდამენტურად ცვლის ამბის კონტექსტს და არ იყენებს მთხრობელს.
„ოფიციალური მოსკოვი“ აქტიურად განაგრძობს ამ კამპანიების ადაპტირებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან, როგორებიცაა ინტერნეტ პროგრამირებაზე დაფუძნებული სოციალური მედიის პლატფორმები და ე.წ „ბოტები“. რუსული პროპაგანდის მანქანებს, როგორც ლათინურ ამერიკაში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგენს კრემლთან ასოცირებული „RT” და “Sputnik Mundo”, ასევე რუსეთის ინტერნეტ კვლევითი სააგენტოს მიერ შემუშავებული „ტროლი“ და „ბოტი“ ანგარიშები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აშუქებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას. კიდევ ერთი გავრცელებული ხერხია პრორუსულად განწყობილი მასების გამოყენება ზეგავლენის გასაზრდელად.
ლათინური ამერიკის რეგიონში RT-ისა და Sputnik Mundo–ს გარდა აქტიურად მოღვაწეობენ ციფრული ტელევიზიები TASS და Voices of Russia. დასავლური მედიისგან – CNN, MSNBX, FOX, BBC – განსხვავებით რუსული მაუწყებლობა არ მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი მედია საშუალება. ისინი ღიად უჭერენ მხარს რუსეთის საგარეო პოლიტიკის მიზნებს და აცხადებენ, რომ არიან მათი ინტერესების გამტარებლები.
ლათინური ამერიკის რეგიონში ოფიციალურ მოსკოვს ათვისებული აქვს მთელი საინფორმაციო ქსელი: სატელევიზიო მაუწყებლობა, სოციალური მედია, ინტერნეტი. აუდიტორიის მოზიდვისა და ნდობის მოსაპოვებლად გადაცემები და სტატიები ძირითადად ესპანურ ენაზე მზადდება და ვრცელდება.
ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლისთვის რუსეთის ინვესტიციებმა რუსულ მედია საშუალებებში 325 მილიონ დოლარს მიაღწია. თუმცა, კონკრეტულად ლათინურ ამერიკაში დაბანდებული თანხების სტატისტიკური ანალიზი დღემდე არ არსებობს. მხოლოდ RT-სა და Sputnik-ს 320 საკაბელო პროვაიდერთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ დიდი რესურსები იხარჯება კრემლის პროპაგანდაზე.
ამ მაუწყებლობების მთავარ მესიჯბოქსს წარმოადგენს „დასვი მეტი კითხვა“,რაც ირიბად გულისხმობს იმას, რომ ლათინურ საზოგადოებას აქვს საფუძველი, სპეკტიკურად განეწყოს დასავლური მედიის მიმართ და მხარი დაუჭიროს კონსპირაციული თეორიების გავრცელებას.
ლათინურ ამერიკაში თვითდამკვიდრების პროცესის დასაწყისში რუსული შეტყობინებები ოპორტუნისტულად გამოიყურებოდა და არ იყო კარგად კოორდინირებული სხვადასხვა მედია საშუალებებში, შესაბამისად, გავლენაც არ იყო შესამჩნევი, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს მოცემულობა საგრძნობლად შეიცვალა და დღეს სახეზე გვაქვს დახვეწილი რუსული პროპაგანდისტული სქემა, რომელიც წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას.
ოფ. მოსკოვი გზავნილების გასავრცელებლად აქტიურად იყენებს მცირე რესურსების მქონე ლათინურ ტელე მაუწყებლობებს. ისინი ცნობილნი არიან, როგორც მარიონეტული მედია საშუალებები. უმნიშვნელო დაფინანსების სანაცვლოდ ავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და აქვეყნებენ რუსული ნარატივის შემცველ სიახლეებს. ამგვარი კომუნიკაცია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთი ლათინურ მედიაში არ ერევა, სინამდვილეში კი, კრემლში კარგად მოეხსენებათ, რომ მსგავსი სტრატეგია მყარი გარანტიაა.
ერთ–ერთი გარვცელებული რუსული ნარატივი ეხება აშშ–ის სამხედრო ძალების შეყვანას ლათინური ამერიკის ტერიტორიაზე. დეზინფორმაციის გასავრცელებლად კრემლი კარგად იყენებს აშშ–ის სამხედრო ინტერვენციების ისტორიულ მემკვიდრეობას და რეგიონში მარტივად ქმნის ნიჰილისტურ განწყობებს.
2016 წელს Sputnik Mundo–მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ირწმუნებოდა, რომ აშშ ორ სამხედრო ბაზას აშენებს არგენტინაში – ერთს პატაგონიაში, ხოლო მეორეს -ერთ–ერთ სასაზღვრო ზონაში. 2017 წელს კი RT Actualidad–მა გაავრცელა კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ პერუს ამაზონში ახალი სამხედრო ბაზების განთავსებისთვის ემზადება. ამ საინფორმაციო კამპანიამ გავლენა იქონია სამხედრო ტექნიკის გაყიდვების კლებაზე და არგენტინის და პერუს მხრიდან აშშ–ის მიმართ უნდობლობის გაზრდაზე.
2017 წელს აშშ–ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჰ. რ.მაკმასტერი და კონგრესმენი მარკო რუბიო ღიად აცხადებდნენ, რომ „ოფიციალური მოსკოვი“ ტრადიციული პროპაგანდისტული მექანიზმებით აქტიურად ჩაერევა ბრაზილიის, კოლუმბიისა და მექსიკის არჩევნებში და გავლენას მოახდენს არადემოკრატიული პოლიტიკური ლანდშაფტის შექმნაზე. მოგვიანებით, ასეც მოხდა.
2017 წელს RT-მ გამოაქვეყნა მცირე ნაშრომი არგენტინული წყალქვეშა ნავის ARA San Juan-ის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია დიდი ბრიტანეთის „დანაშაულზე“, რომელსაც არგენტინელების სიცოცხლე შეეწირა. RT ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომ არგენტინული ნავი ბრიტანულ ვერტმფრენს „მისდევდა“ და სწორედ ამიტომ ჩაიძირა. სინამდვილეში კი, ფოლკლენდის კუნძულებზე განთავსებული ბრიტანული სამეფო საჰაერო ძალების ვერტმფრენი C-130 იმ დროისთვის ლათინური ამერიკის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა და დაბრუნებისთანავე იყო პირველი, რომელმაც განახორციელა სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები არგენტინელების დასახმარებლად.
2019 წელს სამხრეთ ამერიკაში საპროტესტო გამოსვლების ტალღამ იფეთქა. რეგიონის არაერთი ჩინოვნიკი აცხადებდა, რომ არეულობებს ხელს უწყობდა „უცხო ხელი“. მართალია, არავინ ამტკიცებდა, რომ ჩილედან კოლუმბიამდე არსებული საპროტესტო მოძრაობები მხოლოდ გარე ძალის ზემოქმედებით არ დაწყებულა და ამაში დიდი წვლილი შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს მიუძღოდა, მაგრამ ჩილეს პრეზიდენტის, სებასტიან პინერას ვარაუდს ბევრი იზიარებდა: „რეგიონის გარეთ ერთი კონკრეტული აქტორი ცეცხლზე ნავთს ასხამდა“.
პინერას ღიად არ დაუსახელებია რუსეთი, მაგრამ დეკემბერში CNN-ის ესპანურენოვან მაუწყებლობასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ შეისწავლა ჩილეს სოციალური მედიის მილიონიანი კომუნიკაციის ქსელი და აღმოაჩინა, რომ „ვიღაც საზღვრებს გარეთ“ ტროლების, ბოტებისა და დეზინფორმაციის დახმარებით აღვივებდა საპროტესტო განწყობებს და დიდი ხნის განმავლობაში ავრცელებდა უამრავ ფალსიფიცირებულ პოსტს, ფოტო თუ ვიდეო მასალას.
კოლუმბიის ვიცე–პრეზიდენტი, მარტა ლუსია რამირესი უფრო ხისტი აღმოჩნდა. როდესაც ანტისამთავრობო პროტესტმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო,განაცხადა, რომ ლათინური ამერიკის წინაშე დგას ვენესუელისგან და „ოფიციალური მოსკოვისგან“ მომდინარე საერთაშორისო საფრთხე, რომელიც ჯერ სოციალურ ქსელებში მზადდებოდა, შემდეგ კი ინაცვლებდა კოლუმბიის ქუჩებში. რამირესმა კრემლის პროპაგანდისტულ მოქმედებებს „საერთაშორისო პროექტი“ უწოდა.
ბოლივიაში, სადაც ძალადობრივი საპროტესტო აქციები ევო მორალესის სამხედრო გადატრიალებით დასრულდა, შეისწავლეს რუსეთთან დაკავშირებული მისი ანგარიშები: დღეში 1000–ზე მეტ გამოქვეყნებულ ტვიტს პროპაგანდისტული ხასიათი სწორედ ინფორმაციის სასურველი კუთხიდანწარმოჩენით ეძლეოდა, ხოლო ამჟამინდელი პრეზიდენტის პოპულარიზაცია იყო ამოსავალი წერტილი.
ლათინური ამერიკის რეგიონში რუსეთის ყველაზე დიდი გავლენა იგრძნობა ვენესუელაში. მოსკოვი ნიკოლას მადუროს რეჟიმის დამცველად გვევლინება. ვენესუელისთვის კრემლს გამოყოფილი აქვს მილიარდობით სესხი, ამასთან ნავთობის 70%–ს თვითონ ამუშავებს და იცავს საერთაშორისო სანქციებისგან, აქტიურად უპირისპირდება აშშ–ის მცდელობებს, მხარი დაუჭიროს ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს.
პარალელურად, კრემლი ლათინურ ამერიკაში აძლიერებს კავშირებს რუსულ დიასპორასთან არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესისა და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის დახმარებით. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში რუსულენოვანი თემები რეგიონში „ოფიციალური მოსკოვის“ინტერესების გამტარებელი იარაღი გახდება. პუტინს ჯერჯერობით ეს სეგმენტი ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის პოლიტიკაში არ აუთვისებია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში შექმნის შესაძლებლობას, მოხდეს ორი რეგიონის პოლიტიკური „დაახლოება“.
კრემლის პროპაგანდისტული მანქანა პანდემიის პირობებშიც ახერხებს აქტიურ მუშაობას. რუსეთისგან მომდინარე საფრთხის შესამსუბუქებლად აშშ–მა და მისმა ლათინო ამერიკელმა მოკავშირეებმა უნდა იზრუნონ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პრინციპების გაძლიერებაზე, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. განვითარებულმა სახელმწიფოებმა უნდა განაგრძონ რუსული დეზინფორმაციისა და ავტორიტარული ტაქტიკის გამოაშკარავება, რაც ხელს შეუწყობს ლათინური ამერიკის საზოგადოებაში პოლიტიკური კულტურის განვითარებას.
ანა მიქაია
უმცროსი მკვლევარი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.