ჩინური ქცევის წყაროები

1946 წლის 22-მა ნოემბერმა ბევრი რამ შეცვალა. კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტში 3:52 წუთზე შემოვიდა 8000 სიტყვისგან შემდგარი წერილი, რომელსაც მოსკოვში ჯერ კიდევ  არც თუ ისე ცნობილი დიპლომატი, ჯორჯ კენანი გზავნიდა.  მოგვიანებით მას „გრძელი ტელეგრამა“ ეწოდა. მკითხველს შევახსენებ, რომ აღნიშნულ წერილში კენანი აღწერს საბჭოთა კავშირის მოქმედებების იდეოლოგიურ საფუძვლებს, იკვლევს მის სისუსტეებს და აყალიბებს მსჯელობას, რა სტრატეგია უნდა შეიმუშავოს შეერთებულმა შტატებმა. მოკლედ რომ ვთქვათ, ამერიკის ახალი მოწინააღმდეგე, ნაცისტური გერმანიისგან განსხვავებით, არ იმოქმედებდა ქაოტურად და არც ავანტიურისტულ ნაბიჯებს გადადგამდა. პირიქით, კომუნისტები მიჰყვებოდნენ რაციონალისტურ საგარეო პოლიტიკას, გამოიყენებდნენ ყველა შესაძლებლობას, რათა კაპიტალისტურ ქვეყნებს შორის უთანხმოება ჩამოეგდოთ. საბჭოთა სისტემა ეცდებოდა გლობალური წესრიგის შეცვლას, რადგან კომუნიზმი და კაპიტალიზმი ვერ იარსებებდა გვერდიგვერდ. ამავდროულად, გრძელ ტელეგრამაში განხილულია საბჭოთა კავშირის სუსტი მხარეები, რაც მომავალში კენანისთვის ახალი სტრატეგიის იდეაფიქსი გახდება. თუმცა ახალი კონცეპტის შემუშავებამდე ამერიკელი დიპლომატის  რეკომენდაციები ითვალისწინებდა: საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას კომუნიზმის საფრთხის გარშემო, ჩამოყალიბებული ალიანსების განმტკიცებასა და მოკავშირეებს შორის კოოპერაციის კიდევ უფრო გაღრმავებას.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სწორედ რომ კენანის კალიბრის დიპლომატები განსაზღვრავენ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას მსოფლიოში, სადაც ცალსახად, ძალის ორი ცენტრი არსებობდა და თითქმის ყველა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თანხმდებოდა, რომ სისტემა ბიპოლარული გახლდათ. ჯორჯ კენანი საპატიო ადგილს იკავებს ისტორიაში და სანამ იარსებებს შეერთებული შტატები, ალბათ, იარსებებს შეკავების სტრატეგიის ანარეკლი, რომელიც დღემდე აქტუალურია, როდესაც საქმე ამერიკის ახალ გამოწვევას- ჩინეთს ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები  ახალი მულტიპოლარული სამყაროს დასაწყისზე მიანიშნებენ, მედიასივრცის მთელი ყურადღება ჩინეთისკენაა მიმართული. ორ ქვეყანას შორის გაუარესებული ურთიერთობები, რომლის კულმინაციაც სავაჭრო ომი გახლდათ, უკვე მოიხსენიება, როგორც მეორე ცივი ომის დასაწყისი. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა,   დემოკრატები და რესპუბლიკელები კომუნისტური ჩინეთის წინააღმდეგ   მკაცრი პოლიტიკის გატარებაზე თანხმდებიან. მოსალოდნელია ტრამპის მიერ დაწყებული ანტიჩინური კამპანიის გაგრძელება, თუმცა განსხვავებული ტაქტიკებით.

რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიტიკურმა ჯგუფმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც აშკარად ჰგავს 1946 წლის კენანის ანალიზს. ოღონდ, ამჯერად დოკუმენტი ჩინეთს ეხება. მაშასადამე, არსებული ლიბერალური წესრიგი, რომელსაც თავის დროზე შეერთებულმა შტატებმა ჩაუყარა საფუძველი, დღეს სახეშეცვლილი იდეოლოგიური მტრის წინაშე დგას. მართალი იქნება ვიფიქროთ, რომ კომუნიზმი და ნაციონალიზმი ერთმანეთთან შეუთავსებადი ცნებებია, თუმცა როგორც სტალინმა შემოგვთავაზა ახალი დოქტრინა- სოციალიზმი ერთ ქვეყანაში, ისე ჩინური ელიტა ცდილობს, შეფუთოს იდეა – სოციალიზმი ჩინური მახასიათებლით. სი ძინპინმა მოსვლისთანავე დაიწყო კომუნისტური პარტიის გაძლიერების სტრატეგიების შემუშავება. მოსახლეობას ასწავლიან, რომ მათ ყველაფერი უნდა გაიღონ პარტიისთვის, რომელიც წარმოადგენს სახელწიფოს ერთიანობისა და სუვერენიტეტის ქვაკუთხედს. ჩინური პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად იყენებს წარსულის, კერძოდ, ისტორიაში ცნობილ „დამამცირებელი 100 წელიწადის“ მოვლენებს ანტიკაპიტალისტური განწყობების შესაქმნელად. სკოლებში მოსწავლეებს ასწავლიან რუკებით, რომლებზეც  სადავო ტერიტორიები ჩინეთის საკუთრებაა. საზღვარგარეთ მყოფი სტუდენტები გამოირჩევიან ძალადობით, როდესაც საქმე ტაივანს ან ჰონგ-კონგს ეხება. სი ძინპინმა უბრალოდ უგულებელყო საერთაშორისო ვალდებულებები და ჰონგ-კონგში ცხოვრება უკვე საშიშ გარემოებად აქცია.ასევე, აღსანიშნავია  ბოლოდროინდელი წვრთნები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ტაივანის დამოუკიდებლობას. ბოლოდროინდელი შეტაკებები ინდოეთთან კი მეტყველებს, რომ ჩინეთის მშვიდობიანი ზრდა წარმოუდგენელია. ამის დასტურია ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტის მაჩვენებლის მკვეთრი მატება.

ჩინეთი გლობალურად ცდილობს დემოკრატიული სახელმწიფოების ერთიანობის რღვევას. ეკონომიკური პაკეტი: „ერთი სარტყელი – ერთი გზა“-  ჩინური ეკონომიკური ექსპანსიის მოდელად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა, როგორც ყველა სახელმწიფოს, ჩინეთსაც  აქვს სუსტი მხარეები. ეკონომიკური ზრდა, რომელიც სტაბილურობის განცდას ქმნის და ამავდროულად, კომუნისტური პარტიის ლეგიტიმაციის ერთ-ერთი წყაროა, შეიძლება შეჩერდეს და მაშინ  რეჟიმს უამრავი შიდა პრობლემა შეექმნება. უკანასკნელს ახლაც წარმოადგენს შემოსავლების არათანაბარი გადანაწილება, დემოგრაფიული პრობლემები (მიუხედავად იმისა, რომ ჩინელებს ერთზე მეტი შვილის გაჩენის უფლება აქვთ), ჰაერის დაბინძურება , ჩამორჩენილი რეგიონები და მოსახლეობის ასაკი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიტიკური ჯგუფის აზრით, იმისათვის, რომ შეერთებულმა შტატებმა მაქსიმალურად ეფექტურად უპასუხოს ჩინურ გამოწვევას, წარმატებით უნდა გადაჭრას შემდეგი ათი ამოცანა:

1)დემოკრატიული მთავრობისა და ინსტიტუტების შენარჩუნება და გაძლიერება ქვეყნის შიგნით;

2)ტექნოლოგიურად ძლიერი საჯარისო ნაწილების განვითარება;

3)არსებული ლიბერალური წესრიგის შენარჩუნება;

4) მოკავშირე ქვეყნების გადაფასება, ანუ ძირითადი დისკურსის აგება, თუ რამდენად ცდილობენ ისინი თავისუფალი მსოფლიო წესრიგის შენარჩუნებას;

5)გადაფასების შემდეგ მოკავშირეთა შორის კოოპერაციის გაღრმავება;

6)ჩინეთთან გარკვეული თანამშრომლობის არსებობა;

7)მოსახლეობის ინფორმირება ჩინური საფრთხის შესახებ;

8) საჭირო კადრების მომზადება, რომლებმაც კარგად იციან ჩინური ენა, ისტორია და კულტურა;

9)განათლების რეფორმა, რომელიც პასუხისმგებლიანი მოქალაქეების აღზრდას გულისხმობს და შესაბამისად, ახალ პროფესიონალ კადრებს უზრუნველყოფს ქვეყნისათვის;

10) თავისუფლების პრინციპების სამაგალითოდ დაცვა, რაც შეიძლება გულისხმობდეს სანქციების დაწესებასა და სამხედრო ინტერვენციებს,  როდესაც ეროვნული უსაფრთხოების მთავარი ინტერესები დაირღვევა.

შეერთებულ შტატები რთული გამოწვევის წინაშე დგას. დონალდ ტრამპის მიერ გატარებული პოლიტიკა  ჩინეთის წისქვილზე ასხამდა წყალს. იმის მაგივრად, რომ ამერიკას მოკავშირეებთან ერთად ემოქმედა, ხშირად ჰქონდა ადგილი უნილატერალურ ქმედებებსა და უფრო მეტიც, მოკავშირეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დისკრედიტაციას. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთის იდეოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ აღნიშნული სახელმწიფო შეეგუოს თავისუფალ ლიბერალურ მსოფლიო დღის წესრიგს. მაქსისტურ-ლენინიზმზე დამყარებული ქვეყანა უბრალოდ თავიდან შეეცდება, მაქსიმალური სარგებელი ნახოს მისგან, მხოლოდ ერთი მიზნით – რათა საბოლოოდ შეცვალოს ის. ჩემს პუბლიკაციაში ამ იდეის მომხრე ვარ და აღვწერ კონკრეტულ ტაქტიკებს, თუ როგორ ცდილობს ჩინეთი აღნიშნული მიზნის მიღწევას. არავინ იცის, თუ სადამდე მართავს სი ძინპინი ჩინეთს, თუმცა ყველა კარგად ვხვდებით იმ ფაქტს, რომ ლიბერალური ოცნება ჩინეთის „გაკეთილშობილების“ შესახებ უკვე კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა. გარკვეული კვლევების მიხედვით, სახელმწიფოების ქცევა უფრო რადიკალური ხდება, როდესაც მათი ეკონომიკური მაჩვენებელი მცირდება. რეჟიმი ამ დროს ნაციონალისტური ელემენტების კიდევ უფრო გაღვივებას ცდილობს. ჩინეთში კი გაძლიერებული ანტაგონიზმი ორივე შემთხვევაში მოსალოდნელია. თუმცა ბევრი ვარაუდობს, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის კლება კომუნისტური რეჟიმის დასასრულს მოასწავებს, რაც შეიძლება საკამათო იყოს.

სხვადასხვა მოლოდინი არსებობს  ჩინეთისა და რუსეთის პოტენციურ მოკავშირეობაზეც. მართალია, მათი მტერი დღეს შეერთებული შტატებია და ორივე მათგანი საკუთარი ხერხებით ცდილობს თავიანთი ინტერესების გატარებას, თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მაინც ასიმეტრიულია. მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყანა აღრმავებს თანამშრომლობას სამხედრო თუ ენერგოსფეროში, კისინჯერის „სამკუთხა დიპლომატია“ შეიძლება ისევ განმეორდეს. საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდა, როგორც ბევრი ვარაუდობდა, შეერთებული შტატების უნიპოლარული მდგომარეობის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ იქცა. დოკუმენტი ჩინური მოქმედების ინტელექტუალური წყაროს შესახებ დასტურია იმისა, რომ ვუბრუნდებით იდეოლოგიურ დაპირისპირებას, რომელიც შესაძლოა, საკვანძო აღმოჩნდეს ორივე ქვეყნისთვის და დიდწილად განსაზღვროს 21-ე საუკუნის მეორე ნახევარი.

შოთა მგელაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

აღნიშნულ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის საბჭოს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s