რუსული პროპაგანდის საფუძვლები და პუტინის როლი

თანამედროვე რუსეთის ფედერაციას, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეს პროპაგანდისტული საქმიანობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ ბოლშევიზმის ხანიდან იღებს.

საწყის ეტაპზე პროპაგანდის მიზანს საბჭოთა საზოგადოებისათვის ცნობიერებისა და მსოფლმხედველობის შეცვლა წარმოადგენდა. ლენინის მიხედვით აღნიშნული მეთოდი საუკეთესო ინსტრუმენტი იყო „სასურველი რეალობის“ შესაქმნელად. სხვათა შორის, საკუთარ ხალხზე ზემოქმედების მიზნით კომუნისტებმა არამარტო ცნობიერება, არამედ ლექსიკური ნარატივიც კი შეცვალეს, რაც ე.წ. „სპეციალური სიტყვების“ შემოღებას გულისხმობდა. ხშირ შემთხვევაში, სპეცსიტყვა თავის ეტიმოლოგიურ მნიშვნელობას საერთოდ არ შეესაბამებოდა, თუმცა ავტომატურად ასოცირდებოდა პროპაგანდისტულად შეფუთულ კონკრეტულ კომუნისტურ იდეალთან თუ ფენომენთან.

მაშინდელმა კომუნისტურმა ხელისუფლებამ ადგილობრივი გლეხობისა და პროლეტარიატის დაბალი ინფორმირებულობით ისარგებლა და ისეთი პოლიტიკური დისკურსი შექმნა, რომელმაც „პავლიკ მოროზოვის“ ფენომენის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი – მითი საბჭოთა გმირი ინფორმატორი ბიჭუნას შესახებ, რომელმაც საკუთარი მამა დაასმინა და მოღალატეებთან ბრძოლის დროს დაიღუპა. ეს გამოგონილი ლეგენდა არაჩვეულებრივი ილუსტრაციაა საბჭოთა ინდოქტრინაციისა; ერთი მხრივ, რიგითი საბჭოთა მოქალაქის გმირული თავდადება, მეორე მხრივ – ბუნებრივ კავშირებზე მაღლა დაყენებული იდეოლოგია.

მეტანარატივების ტაქტიკით მოქმედების ახალი ტალღა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო და მომდევნო ათწლეულებში გაგრძელდა. აღნიშნულ პერიოდში კომუნისტებმა ე.წ. „ახალი ლექსიკონი“ შემოიღეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ფუნდამენტს დაეფუძნა. აღნიშნული ლექსიკონის თანახმად, საყოველთაოდ აღიარებული „მეორე მსოფლიო ომი“ – „დიდი სამამულო ომით“ ჩაანაცვლეს. ამ მეტანარატივში მთავარი სუბიექტი და შესაბამისად, ტრიუმფატორიც საბჭოთა კავშირი იყო. „დიდი სამამულო ომი“ ავტომატურად ასოცირდებოდა (და ასოცირდება დღესაც) იმ გლობალურ კონფლიქტთან, რომელშიც საბჭოთა კავშირმა ნაცისტური გერმანია დაამარცხა და ეს ყველაფერი სხვისი დახმარების გარეშე მოახერხა (იგულისხმება ფაბულა „აბსოლუტური ბოროტების“ დამარცხებისა და მოკავშირეების ომში დაგვიანებული, არაფრისმომცემი ჩართვის შესახებ, როდესაც ომის ბედი სსრკ-ს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა). სხვათა შორის, მეოცე საუკუნის შუა პერიოდში შექმნილი მეტანარატივები თანამედროვე რუსულ პროპაგანდაშიც აქტუალურია:

  • Захватчик – „დამპყრობელი“, „დამტაცებელი“. თავდაპირველი მნიშვნელობით, საბჭოთა კავშირში აღნიშნულ სიტყვას ვერმახტის ჯარისკაცებთან მიმართებაში იყენებდნენ, თუმცა დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, რუსულმა მედიამ ამჯერად უკრაინელი ჯარისკაცები შეაფასა „დამპყრობლებად“. 
  • Бандеровцы – ამ სიტყვით ხდებოდა იმ პირთა დიფერენცირება, ვინც სტეპან ბანდერას უკრაინის ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრებს წარმოადგენდნენ. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული გაერთიანების წევრების საქმიანობა უარყოფითად იყო აღქმული რუსეთსა და ევროპის ცენტრალურ ნაწილში (სასტიკი ხელწერიდან გამომდინარე). მაგრამ თანამედროვე რუსული მედიის მიერ Бандеровец-ის მნიშვნელობა ჩანაცვლდა აღმოსავლეთ უკრაინაში სამთავრობო ჯარების მხარეს მებრძოლებით. 
  • Партизан – „პარტიზანი“. საბჭოთა ნარატივის თანახმად, პარტიზანი სამართლიანობისათვის მებრძოლი მეამბოხე იყო, რომელიც ავტორიტარული ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა. თუმცათანამედროვე რუსული მედიის მიხედვით, აღმოსავლეთ უკრაინაში დონბასის დამოუკიდებლობისათვის „პარტიზანები“ იბრძოდნენ, რომელთაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ არცერთ მთავრობასთან თუ ოფიციალურ უწყებასთან;
  • Каратель – „დამსჯელი“, „ჯალათი“. სსრკ-ში ხსენებული ტერმინი ისევ ვერმახტის ჯარისკაცებს უკავშირდებოდა, თუმცა დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, რუსული მედია ამგვარად ყველა იმ ადამიანს მოიხსენიებდა, რომელიც მხარს უკრაინის მთავრობას უჭერდა: პოლონელებს, ბრიტანელებს და ა.შ. 

საბჭოთა კავშირში დეზინფორმაციული პოლიტიკის ახალი ეტაპი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, რომლის ამოცანაც ერთი მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების დემონიზაცია, მეორე მხრივ – დასავლურ სახელმწიფოებში კომუნიზმის ექსპორტი იყო. საბჭოთა ხელისუფლება განსაკუთრებით „ცივი ომის“ პერიოდში გააქტიურდა, როდესაც ფაბრიკაციებისა და მასობრივი დეზინფორმაციის გამოყენებით კაპიტალისტურ სახელმწიფოთა ტოტალური დისკრედიტაცია დაიწყო (როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მის ფარგლებს მიღმა).   

„პერესტროიკისა“ და კომუნისტური ეპოქის დასასრულმა ბევრს იმედი გაუჩინა, რომ ახალი რუსეთი დემოკრატიისკენ დაიწყებდა სვლას, და შესაბამისად, „ცივი ომის“ მეთოდებზეც უარს იტყოდა. თუმცა ახალმა მსოფლიო წესრიგმა განსხვავებული პოლიტიკური მოცემულობა შექმნა. შედეგად, პროპაგანდა დღესაც აქტიურად გამოიყენება კრემლის მიერ, თუმცა განსხვავებული მეთოდოლოგიით. რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, გლებ პავლოვსკის თქმით, განსხვავება საბჭოთა და რუსულ პროპაგანდას შორის ძალიან მცირეა, მაგრამ: „საბჭოთა ხანაში სიმართლის კონცეფცია მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოელები ცრუობდნენ, იმას მაინც ცდილობდნენ, რომ სიცრუეა „სიმართლედ“ ექციათ. დღეს კი, შეგიძლია თქვა ის, რაც მოგესურვება. უბრალოდ, ახალი რეალობა შექმნა.“. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რაც რუსულ და საბჭოთა პროპაგანდას შორის არსებობს, გამარტივებული კომუნიკაციის საშუალებაა. თუკი უწინ, საბჭოთა კავშირს არ ჰქონდა იმის პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ დასავლურ სამყაროში მრავალ ენაზე მაუწყებელი სატელევიზიო და საინფორმაციო კორპორაციები დაეფუძნებინა, გლობალიზაციის ეპოქაში აღნიშნულ მიზანს კრემლი საკმაოდ მარტივად, ფინანსური სახსრების გამოყენებით აღწევს.

პუტინის როლი

რუსეთში პოსტსაბჭოთა დემოკრატიული ეიფორია მალევე, 1999 წელს დასრულდა, როდესაც ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინი მოვიდა. მიუხედავად ჩეჩნეთის ომში გამოყენებული „რკინის“ მეთოდებისა, პუტინს საზოგადოებრივი პოპულარობა მოუტანა 1999 წელს გამოქვეყნებულმა პოლიტიკურმა მანიფესტმა – „რუსეთი ათასწლეულების გასაყარზე“. აღნიშნულ წერილში პუტინი რუსულ პატრიოტულ სულსა და სახელმწიფოებრივ ღირებულებებზე საუბრობს. იგი პირველი რუსი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთისათვის „ძველი დიდების“ დაბრუნებისა და მსოფლიო დომინაციის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

წარსულში, საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებში ნამუშევარმა პუტინმა ე.წ. „მმართველობითი ვერტიკალის“ დამყარებით, ტოტალური კონტროლი მოიპოვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან თითოეულ ობიექტზე და იდეალური ნიადაგი მოიმზადა ერთი მხრივ, ძალაუფლების შენარჩუნებისათვის, მეორე მხრივ – მსოფლიოში რუსული გავლენის ექსპანსიისათვის. პირველ მიზანს პუტინმა ძალიან მალე მიაღწია და ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე მინიმუმამდე შეამცირა. ამის უმთავრესი მიზეზი ყველა სატელევიზიო და საინფორმაციო არხზე ტოტალური კონტროლის დამყარება იყო. „ქვეყანაში, რომელიც ცხრა სასაათო ზოლს ფარავს, არქტიკიდან ცენტრალური აზიის უდაბნოებამდე, ხოლოწყნარი ოკეანიდან ბალტიის ზღვამდეა გადაჭიმული; ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოს ერთი მეექვსედი უჭირავს; სადაც არის სოფლები, რომლებიც შუა საუკუნეების დონეზე ცხოვრობს და მოსახლეობა წყალს ჭებიდან ხელით ეზიდება; სადაც არის პატარა ქალაქები თითო ქარხნით და ამავე დროს – ახალი მოსკოვის ლურჯი მინისა და ფოლადების შენობები, ტელევიზია ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს, მართოს და შეკრას ეს ქვეყანა,“(პომერანცევი, 2017, 8). 

„ლევადას ცენტრის“ კვლევის თანახმად, რუსეთის მოსახლეობის 85% ტელევიზიებიდან იღებს ინფორმაციას, ხოლო გამოკითხულთა თითქმის ნახევარს სანდოდ მიაჩნია მხოლოდ სახელმწიფო საინფორმაციო წყაროები. 

პუტინის პირველი ნაბიჯი კერძო ტელევიზიებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ გალაშქრება იყო. ამ მიზნით, მოქმედებათა პირველი ტალღა 2000 წლის 11 მაისს დაიწყო, როდესაც პროკურატურისა და საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები ვლადიმირ გუსინკის Media-Most-ში შევიდნენ და კომპანიის მფლობელი დააპატიმრეს. მოგვიანებით, გუსინკი გაათავისუფლეს, თუმცა NTV-ს აქციები „გაზპრომმა“ შეიძინა (მიზერულ ფასად), ხოლო თავად კონცერნის ხელმძღვანელმა რუსეთი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 59% მიმდინარე პროცესებში NTV-ს უჭერდა მხარს, არცერთი მასშტაბური დემონსტრაცია ანდა საპროტესტო აქცია არ გამართულა. საპირისპიროდ, გაიზარდა პუტინის რეიტინგი, რომელიც კვლევების თანახმად, საზოგადოებრივი მხარდაჭერის 54%-ს აღწევდა.

ინაუგურაციის მეოთხე დღეს (2000 წლის 13 მაისი) პუტინმა ახალი დადგენილება გამოსცა, რომლის თანახმადაც, პირდაპირი წესით არჩეული 89 პრეფექტი (ადგილობრივი მმართველი) 7 რწმუნებულს უნდა დაქვემდებარებოდა. მოგვიანებით, პრეფექტების დანიშვნის პრეროგატივა პრეზიდენტმა გადაიბარა.

2000 წლის ივლისში, პუტინმა ახალი „წესები“ ბიზნეს წრეებშიც დანერგა. პირადი ჩარევით მან ჯერ ვლადიმირ პოტანინს დაუწესა ჯარიმა $140 მილიონის ოდენობით, შემდეგ, ბორის ბერეზოვსკის – $600 მილიონის ოდენობით. იმავე თვეში გაიმართა შეხვედრა რუსეთში მოღვაწე მსხვილ ბიზნესმენებსა და პრეზიდენტს შორის, რომელმაც ბორის ნემცოვის თქმით: „ქვეყნაში ოლიგარქიას დაუსვა წერტილი და ყველა ის ბიზნესმენი გამოავლინა, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება“.    

სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა ენერგოსექტორს. ცნობილი ამერიკელი მკვლევარის, ბენ იუდას თქმით, ელცინის უნიათო მმართველობის ხანაში „გაზპრომი“ სამთავრობო ფონდს უფრო წააგავდა, ვიდრე ენერგორესურსების იმპერიას. პუტინმა მისი წინამორბედისგან აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა აირჩია. 2001 წლის 30 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში თავისი იურიდიული მრჩეველი, დიმიტრი მედვედევი და პირადი მეგობარი, ალეკსეი მილერი შეიყვანა. ამ ნაბიჯით მან ერთი მხრივ, პირადი ოპონენტები ჩერნომირნევი და ვიახირევი ჩამოიცილა, მეორე მხრივ, პირდაპირი კონტროლი მოიპოვა კორპორაციაზე.

აღნიშნული ქმედებებით (და არამარტო) პუტინმა რუსეთი სუპერცენტრალიზებულ სახელმწიფოდ აქცია. სისტემა იმდენად ცენტრალიზებული იყო, რომ ყველაზე ფორსმაჟორულ სიტუაციებშიც კი პრეზიდენტს უნდა მიეღო ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა: -უნდა მისცენ თუ არა მაშველებს „კურსკის“ მეზღვაურების გადარჩენის უფლება;- უნდა გაიცეს თუ არა “ოსტანკინოს“ სატელევიზიო ანძაზე ელექტროენერგიის გათიშვის ნებართვა გაჩენილი ხანძრის გამო;-უნდა შეუგზავნონ თუ არა ბესლანის სკოლაში ტერორისტების მიერ დატყვევებულ მძევლებს საკვები და წყალი.

„მმართველობითი ვერტიკალის“ კიდევ ერთი შედეგი რუსეთის პარლამენტის მიერ, „არასასურველ ორგანიზაციათა“ შესახებ მიღებული დადგენილება იყო. აღნიშნულ საკანონმდებლო აქტს წინ უძღოდა 2012 წელს მიღებული კანონი, რომლის თანახმადაც, ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდებოდა, უნდა დარეგისტრირებულიყო, როგორც „უცხო ქვეყნის აგენტი“.შედეგად, რუსეთი ისეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დატოვეს, როგორიცაა: National Endowment for Democracy; George Soros Open Society Fund და National Democratic Institute.

თანამედროვე რუსეთში 10-დან 8 არასამთავრობო ორგანიზაციას რეგისტრაციის საშუალება არ ეძლევა. ის, ვინც ამ უფლებას მოიპოვებს, ვალდებულია სახელმწიფო ბანკში გახსნას ანგარიში და შიგადაშიგ ოპერირების ლიცენზია „როსსკომნადზორისგან“ (სახელმწიფო ზედამხედველობის კომისია) მიიღოს. გარდა ამისა, 2014 წლის საპრეზიდენტო ინიციატივის თანახმად, 2016 წლიდან ყველა იმ დაწესებულებას, რომელიც 20% და მეტი წილით უცხოეთიდან ფინანსდება, საქმიანობის ნებართვა უწყდება. აღნიშვნის ღირსია ასევე ე.წ. „ბლოგერების კანონი“, რომელიც 2014 წელს იქნა მიღებული. აღნიშნული საკანონმდებლო აქტით თითოეული ბლოგერი ვალდებულია სრული რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიაროს. ამავე კანონის საფუძველზე, ხელისუფლება ყოველგვარი სასამართლო ნებართვის გარეშე საიტის დაბლოკვის უფლებას იტოვებს.

ერთი სიტყვით, კრემლმა მსგავსი ტაქტიკით არამხოლოდ რუსეთის მოსახლეობის ინდოქტრინაცია, არამედ დასავლურ სახელმწიფოებშიც კი პოლიტიკური ბზარების გაჩენა მოახერხა. რიგ შემთხვევაში, ეს ევროსკეპტიციზმის ზრდით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი გულგრილი დამოკიდებულებითა და ცალკეული საზოგადოებების ნეიტრალური პოზიციით ვლინდება.

გრიგოლ ჯულუხიძე

უფროსი მკვლევარი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s