პოლონურ-ამერიკული ურთიერთობების პოტენციური განვითარება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში

3 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებმა ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მოაგროვა (გასამარჯვებლად საჭირო იყო 270), ამასთან, მან მიღებული პირდაპირი ხმების რაოდენობით ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ( 79 მილიონი ხმა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ბარაკ ობამას მიერ 2008 წელს ნაჩვენები შედეგი – 69.5 მილიონი ხმა). ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს. ტრამპი მიიჩნევს, რომ არჩევნები მრავალ შტატში (მათ შორის, კრიტიკულად მნიშვნელოვან, ე.წ. „მერყევ“ შტატებში: პენსილვანიაში, ჯორჯიასა და არიზონაში) ტოტალურად გაყალბდა. მოქმედი პრეზიდენტი ჯერჯერობით ძალაუფლების დათმობას არ აპირებს, რაც საფრთხეს უქმნის ამერიკული დემოკრატიის თითქმის 250 წლიან ტრადიციას. მიუხედავად შექმნილი უპრეცედენტო მდგომარეობისა, საერთაშორისო ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ცვლილება მხოლოდ დროის საკითხია. ტრამპს საბოლოოდ რეალობასთან შეგუება და ახლადარჩეული პრეზიდენტისთვის ხელისუფლების გადაბარება მაინც მოუწევს.

რთულია, დაასახელო სახელმწიფო, რომელმაც ტრამპის პრეზიდენტობით პოლონეთზე მეტი სარგებელი ნახა. გასული ოთხი წლის მანძილზე ტრამპის ადმინისტრაციამ პოლონეთთან სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის:

1. მოქმედმა პრეზიდენტმა პოლონეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის 1000 კაციანი პერსონალით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო;

2. ტრამპმა პოლონეთის ტერიტორიაზე მუდმივმოქმედი ამერიკული სამხედრო ბაზა დააფუძნა;

3. გასული ოთხი წლის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პოლონეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა. ამ პერიოდის მანძილზე პოლონეთის ექსპორტის რაოდენობა ამერიკაში 2.5 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა;

4. ტრამპმა მხარი დაუჭირა „სამი ზღვის ინიციატივას“, რომელიც მოიცავს 12 ქვეყანას, ერთმანეთთან აკავშირებს ბალტიის, შავ და ხმელთაშუა ზღვებს და მიზნად ისახავს ზემოხსენებულ გეოგრაფიულ სივრცეში სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული გარემოს განვითარებას;

5. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ პოლონეთმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან თხევადი ბუნებრივი აირის (Liquefied Natural Gas, LNG) შეძენა დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა პოლონეთის ენერგოდამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე;

6. ტრამპის განკარგულებით, აშშ-მა პოლონეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა, რამაც პოლონეთის მოქალაქეებს აშშ-ში ვიზის გარეშე მოგზაურობის შესაძლებლობა მისცა. ზემოხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ პოლონეთში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდნენ. საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, პოლონელი მოქალაქეებისთვის ტრამპი გაცილებით მისაღები კანდიდატი იყო (41%), ვიდრე მისი დემოკრატი მეტოქე (15%).

ბაიდენის არჩევა პოლონეთის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა სახიფათო მოვლენად მიიჩნია, რადგან მათი შეფასებით, არსებობს რისკი, რომ ქვეყანამ სტრატეგიული მოკავშირის თვალში სანდოობა დაკარგოს, რაც შემდეგ შესაძლოა, აშშ-ის საგარეო პრიორიტეტების გადაფასებით გამოიხატოს. შეინარჩუნებს ბაიდენის ადმინისტრაცია პოლონეთთან მეგობრულ ურთიერთობებს, თუ მის საფუძვლიან რევიზიას მოახდენს? რეალურად არსებობს მღელვარების საფუძველი, თუ ტრამპის მხარდამჭერთა შეფასება ცოტა გადაჭარბებულია? ამ სტატიაში შევეცდები, მიმოვიხილო პოლონეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პოტენციური სამომავლო ურთიერთობები ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში.

ბაიდენის ადმინისტრაციის სავარაუდო საგარეო ურთიერთობები პოლონეთთან ორ ძირითად- იდეოლოგიურ და პრაგმატულ დონეზე უნდა განვიხილოთ.

  1. იდეოლოგიური დონე – ბაიდენი სრულად იზიარებს ხედვას, რომ ტრანსატლანტიკური სოლიდარობა დაფუძნებულია თავისუფლების, დემოკრატიისა და ურთიერთპატივისცემის ღირებულებებზე. სავარაუდოდ, ბაიდენი გააგრძელებს „გლობალური დემოკრატიის ექსპორტის“ პროექტს, რომელიც დემოკრატიული მშვიდობის თეორიის გაგრძელებაა. ზემოხსენებული თეორიის მიხედვით, დემოკრატიები ერთმანეთთან არ ომობენ, ამიტომ მსოფლიოს ერთადერთმა ზესახელმწიფომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავტოკრატიების წინააღმდეგ ბრძოლა და დემოკრატიული რეჟიმების მხარდაჭერა. ამ მიმართულებით, პოლონეთი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ბაიდენმა საკმაოდ ხისტი განცხადებები გააკეთა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მისამართით. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში აღმოსავლეთ ევროპაში ავტოკრატიული რეჟიმები ძლიერდება. შესაძლოა, ბაიდენის ადმინისტრაციამ პოლონეთთან დაკავშირებით ყურადღება კანონის უზენაესობის საკითხზე გაამახვილოს, რომელიც ბრიუსელის მიერ ვარშავის კრიტიკის ძირითადი საგანია. თუმცა, ეს განსაკუთრებულ გავლენას ვერ მოახდენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობებზე;
  2. პრაგმატული დონე – სტრატეგიული თვალსაზრისით, ბაიდენის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, წინამორბედზე უფრო თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას გაატარებს. ტრამპის საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ტრანსატლანტიკური სოლიდარობის შესუსტება იყო, რამაც აშშ-სა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები მკვეთრად გააუარესა. ბაიდენი ამერიკის ტრადიციული ევროპული პოლიტიკის აღდგენასა და ბებერ კონტინენტთან უფრო მეტად დაახლოებას შეეცდება. ასევე, მხარს უჭერს აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, პოლონეთის ტერიტორიაზე შეერთებული შტატების მუდმივმოქმედი სამხედრო წარმომადგენლობის არსებობას. ამასთანავე, „სამი ზღვის ინიციატივისა“ და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების გულმხურვალე მხარდამჭერია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბაიდენს რუსეთთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია აქვს. ის მუდმივად აკრიტიკებს კრემლის არაკანონიერ მოქმედებებს პოსტსაბჭოთა სივრცეში, განსხვავებით დონალდ ტრამპისგან, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში რუსეთთან კონფრონტაციისგან თავის მაქსიმალურად არიდებას ცდილობდა. ბაიდენის გამოკვეთილი ანტირუსული განწყობებიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი აღმოსავლეთევროპული პოლიტიკის ძირითადი მიზანი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, პოლონეთის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა იქნება. წინასწარი გათვლებით, მომავალი 3 წლის განმავლობაში აშშ-დან შემოტანილი იმპორტული თხევადი გაზის რაოდენობა 4-ჯერ გაიზრდება. ბაიდენის ადმინისტრაცია შეეცდება ევროპის ტრადიციული გეოპოლიტიკური „ღერძის“ აღდგენას გერმანიას, პოლონეთსა და უკრაინას შორის. ვაშინგტონსა და ვარშავას შორის არსებული ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების დინამიკა გვაფიქრებინებს, რომ პოლონეთისა და აშშ-ის ურთიერთდამოკიდებულება უახლოეს მომავალში შესამჩნევად გაიზრდება. სავარაუდოა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში პოლონეთი არა მხოლოდ შეინარჩუნებს, არამედ გაზრდის საკუთარ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ მნიშვნელობას.

შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ბაიდენის გაპრეზიდენტება პოლონეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს არ შეუქმნის. რაღაც კუთხით, ახლად არჩეული პრეზიდენტი პოლონეთის ხელისუფლების მიმართ კანონის უზენაესობის საკითხზე უფრო მომთხოვნი იქნება, თუმცა, ეს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას ვერ შეცვლის. ბაიდენი გულმხურვალე ატლანტიცისტია, შესაბამისად, ის ნატოსა და ევროკავშირის ღია მხარდამჭერია. ის ხელს უწყობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, რაც აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებსუსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში დაეხმარება. ბაიდენი მკვეთრად ანტირუსული განწყობების მქონე პოლიტიკოსია, ეს კი გვაფიქრებინებს, რომ კრემლთან ურთიერთობებში მკაცრი იქნება და პოლონეთში რუსული გავლენების მაქსიმალურად შემცირებას შეეცდება. ზემოხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარეაშკარაა, რომ პოლონეთთან ურთიერთობების გაღრმავება ვაშინგტონისთვის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებშიც პრიორიტეტი იქნება.

გიგა ჯოხაძე

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s