
ოთხდღიანი დამქანცველი ლოდინის შემდეგ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა გამოვლინდა. ხმებს აშშ-ის სამ შტატში (ჯორჯია, არიზონა და ჩრდილო კაროლინა) ჯერ კიდევ ითვლიან, თუმცა, ამ შტატებში დაფიქსირებული შედეგები არჩევნების მიმდინარეობაზე გავლენას ვეღარ მოახდენს, რადგან დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა – ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის 279 ხმა მოიპოვა, შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 46-ე პრეზიდენტი გახდა. რა ფაქტორებმა განაპირობა საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება? მოცემულ სტატიაში შევეცდები იმ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლადის იდენტიფიცირებას, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა.
1. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა – 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქალაქეთა უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. არჩევნების პროცესში მონაწილეობა დაახლოებით 157-მა მილიონმა ამერიკელმა მიიღო, რაც ხმის უფლების მქონე მოქალაქეების 68.6%-ს შეადგენს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ასეთი მაღალი აქტივობა 1900 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. პოლიტიკის მეცნიერებაში ფართოდ დამკვიდრებული მოსაზრების მიხედვით, მაღალი აქტივობა განრისხებული ელექტორატის დიდ რაოდენობაზე მიუთითებს, რაც ამ შემთხვევაშიც ზუსტი ვარაუდი აღმოჩნდა. მაღალ აქტივობას ხელი კენჭისყრის წესის ნაწილობრივმა ცვლილებამაც შეუწყო. კოვიდპანდემიისგან წარმოქმნილი საზოგადოებრივი საფრთხეებიდან გამომდინარე, აშშ-ის ფედერალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოეყენებინა ფოსტის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა, რამაც ამერიკელ მოქალაქეებს ხმის სახლიდან გაუსვლელად მიცემის შესაძლებლობა მისცა. ფოსტით ხმის მიცემის პროცედურამ განსაკუთრებით დიდი სარგებელი ბაიდენს მოუტანა – როგორც აღმოჩნდა, იმ ადამიანებს 70%-ზე მეტი, რომელთაც საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ფოსტის მეშვეობით მისცეს, სწორედ დემოკრატ კანდიდატს უჭერდნენ მხარს. ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში 75 მილიონი პირდაპირი ხმა მიიღო, რაც აშშ-ის ისტორიაში საუკეთესო შედეგია (აქამდე რეკორდი ბარაკ ობამას ეკუთვნოდა, რომელმაც 2008 წლის არჩევნებში 69.5 მილიონი ხმა მოიპოვა).
2. COVID-19 პანდემიისგან გამოწვეული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი – თამამად შეიძლება ითქვას, რომ გლობალურმა პანდემიამ ყველაზე მძიმე დარტყმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაყენა. 2020 წლის თებერვლიდან მოყოლებული, ახალი კორონავირუსით 10.1 მილიონი ამერიკელი მოქალაქე დაინფიცირდა (აშშ-ის სრული მოსახლეობის 3%-ზე მეტი), ხოლო პანდემიისგან გარდაცვლილი ადამიანების რიცხვმა 242 000 ადამიანს მიაღწია (ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 2.5%). დონალდ ტრამპი ახალ კორონავირუსს გავრცელების საწყის ეტაპზევე მორიგ სეზონურ გრიპს ადარებდა და აცხადებდა, რომ მისგან გამოწვეული ზიანი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ამას წამყვანი ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ. თუმცა, პრეზიდენტის ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა, მის ადმინისტრაციას კი პანდემიასთან ბრძოლა დროთა განმავლობაში უფრო მეტად გაუჭირდა. COVID-19-ის უკონტროლო გავრცელებამ უარყოფითი გავლენა იქონია ეკონომიკურ პროცესებზეც. 2020 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების ნომინალური მშპ-ის რაოდენობა 4.3%-ით შემცირდა. სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით, მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება 2021-შიც. ამას გარდა, რამდენიმე ათეულმა მილიონმა ამერიკელმა მოქალაქემ მუდმივი სამსახური დაკარგა. პანდემიისგან გამოწვეულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ამერიკელი ამომრჩევლის პრეფერენციებზე, რამაც ტრამპის ისედაც საკმაოდ დაბალი რეიტინგი უფრო მეტად შეამცირა. მეორე მხრივ, ბაიდენმა მოახერხა ამერიკის მოქალაქეების თვალში პასუხისმგებლიან და თანამგრძნობ ლიდერად წარმოჩენა, რომელიც თითოეული ოჯახის დანაკლისზე წუხს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მძიმე პერიოდში ამერიკული საზოგადოება გააერთიანოს.
3. დიდი ეროვნული კოალიციის ფორმირება – ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დიდი ეროვნული კოალიციის (თეთრკანიანი, ფერადკანიანი და ლათინოსი მოქალაქეების გაერთიანება) ჩამოყალიბება ჯერ კიდევ დემოკრატიული პარტიის პრაიმერიდან მოყოლებული დაიწყო. მან მოახერხა ამერიკული საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტის მხარდაჭერის მოპოვება. ჯო ბაიდენმა 2016 წლის არჩევნებში ჰილარი კლინტონის მიერ ნაჩვენები შედეგები თითქმის ყველა კატეგორიაში გააუმჯობესა. მან წარმატებით მოახერხა ტრამპისთვის თეთრკანიანი ამომრჩევლის ნაწილის წართმევა (2020 წლის არჩევნებში ტრამპს მხარი თეთრკანიანი ელექტორატის მხოლოდ 57%-მა დაუჭირა, რაც 2016 წელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია). გარდა ამისა, აფროამერიკული მოსახლეობის 87%-მა (Trump – 13%), ლათინოსების 66%-მა (Trump – 34%) და აზიელების 63%-მა (Trump – 37%) ხმა სწორედ დემოკრატიული პარტიის კანდიდატს მისცა. საინტერესოა ხმათა განაწილება გენდერის მიხედვით. ქალების 53%-მა (Trump – 43%) არჩევნებში მხარი ბაიდენს დაუჭირა, ხოლო მამაკაცებში ტრამპის უპირატესობა 2016 წლის მონაცემებთან შედარებით (53%) მცირედით, 50%-მდე შემცირდა (Biden – 47%). არჩევნების შედეგზე გარდამტეხი გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ასაკობრივმა დისტრიბუციამ. 2020 წლის არჩევნებზე გასულ არჩევნებთან შედარებით 10 მილიონით მეტი ახალგაზრდა მივიდა, რომელთა 61%-მა ხმა ბაიდენს მისცა (Trump – 36%). ტრამპმა ასევე ვერ შეძლო განსაკუთრებული უპირატესობის მოპოვება 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში (Trump – 51%, Biden – 48%). არჩევნების შედეგების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ხმების გეოგრაფიული განაწილებაა. თითქმის ყველა შტატის დიდ ქალაქებში ბაიდენმა გაიმარჯვა, ხოლო ტრამპის ამომრჩეველი ძირითადად სოფლების, პატარა და საშუალო სიდიდის ქალაქების მოსახლეობა აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ში ურბანიზაციის მაჩვენებელი 80%-ია, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს გამარჯვება სწორედ დიდ ქალაქებში მოპოვებულმა ხმებმა მოუტანა.
4. დემოკრატიული „ლურჯი კედლის“ აღდგენა – საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება დიდწილად ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკის სამ შტატში (პენსილვანია, მიჩიგანი და ვისკონსინი) გამარჯვებამ განაპირობა, რომელსაც ამერიკულ მედიაში დემოკრატიული პარტიის ე.წ. „ლურჯ კედელს“ უწოდებენ. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ძირითადი მიზეზი სწორედ ზემოხსენებული შტატების „გაწითლება“ გახდა. აშშ-ის ელექტორალური რუკა თითქმის ყველა არჩევნებში სტატიკურია, რადგან წყნარი და ატლანტის ოკეანის სანაპირო შტატები დემოკრატიული, ხოლო ცენტრალური ამერიკა და ე.წ. Midwest რესპუბლიკური პარტიის დასაყრდენს წარმოადგენს. ამას გარდა არსებობს რამდენიმე ე.წ. მერყევი, გადაუწყვეტელი შტატი, რომელიც არც დემოკრატიულია და არც რესპუბლიკური. 2020 წლის არჩევნებში მერყევ შტატებს მიჩიგანი, პენსილვანია, ვისკონსინი, არიზონა, ჯორჯია, ნევადა, აიოვა, ოჰაიო, ჩრდ. კაროლინა და ფლორიდა წარმოადგენდა. ტრამპმა მოცემული ათი შტატიდან მხოლოდ ოთხში გაიმარჯვა, რამაც მისი მეორე ვადით არჩევის შანსები მკვეთრად შეამცირა. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება გადაუწყვეტელი შტატების უმრავლესობის (60%) მოგებამ და დემოკრატიული „ლურჯი კედლის“ აღდგენამ განაპირობა.
5. საპრეზიდენტო დებატები – როგორც წესი, არჩევნების წინა საპრეზიდენტო დებატები ამომრჩეველთა პოლიტიკური პრეფერენციების ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ვერ ახდენს, თუმცა, 2020 წლის დებატები (განსაკუთრებით პირველი საპრეზიდენტო დებატი) ამ მხრივ გამონაკლისი გამოდგა. დონალდ ტრამპმა დებატების ძირითად სტრატეგიად მეტოქისთვის ყველა შესაძლო საშუალებით ხელის შეშლა აირჩია. ტრამპის კამპანია აქტიურად საუბრობდა ბაიდენის გონებრივ გაფანტულობაზე და აცხადებდა, რომ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს აზრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ამიტომ, კამპანიის ხელმძღვანელთა რჩევით, ტრამპი მეტოქის დასაბნევად მუდმივად ეჭრებოდა საუბარში და მას ხელს ასე უშლიდა. ბაიდენი ცდილობდა, ტრამპს თამაშში არ აჰყოლოდა და სიმშვიდე შეენარჩუნებინა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ ტრამპი, კონცენტრირებული იყო მეტოქისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე, ბაიდენი, ძირითადად, კამერას უყურებდა და ცდილობდა, უშუალოდ ამომრჩევლისთვის მიემართა. დებატების შემდგომმა საზოგადოებრივმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ბაიდენის სტრატეგიამ შედეგი გამოიღო, განსაკუთრებით ტრამპის უკიდურესად აგრესიული მიმართვების ფონზე, რამაც ამერიკელ ამომრჩეველში მისი რეიტინგი მკვეთრად შეამცირა.
ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის – ჯო ბაიდენის გამარჯვება 5 ერთმანეთისგან განსხვავებული, თუმცა, ამავდროულად, ურთიერთდაკავშირებული ფაქტორის (ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა, COVID-19-სგან გამოწვეული პოლიტიკური კრიზისი, დიდი ეროვნული კოალიციის ფორმირება, დემოკრატიული „ლურჯი კედლის“ აღდგენა და საპრეზიდენტო დებატებში ტრამპის არასახარბიელო პერფორმანსი) ერთობლიობამ განაპირობა. ჯერჯერობით მოქმედი პრეზიდენტი არჩევნებში დამარცხებას არ ეგუება. ტრამპის თქმით, არჩევნებზე ათასობით დარღვევა დაფიქსირდა, ამიტომ მისმა იურიდიულმა გუნდმა რამდენიმე შტატში ხმების გადათვლა მოითხოვა. ამ უკანასკნელი სცენარის განვითარების შემთხვევაშიც, რთულად წარმოსადგენია ტრამპმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი შტატების (მიჩიგანი, ვისკონსინი, პენსილვანია, ჯორჯია) უკან დაბრუნება მოახერხოს. სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში ტრამპი არჩევნების შედეგებს შეეგუება და ძალაუფლების მშვიდობიანი ტრანზიციის თითქმის 250 წლიანიტრადიციაც არ დაირღვევა.
გიგა ჯოხაძე