
ამერიკის შეერთებულ შტატებში საყოველთაო არჩევნების გამართვამდე რამდენიმე დღე რჩება. გარდა თეთრი სახლის ბინადრისა, ამერიკის მოქალაქეები წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას (435 დეპუტატი), 35 სენატორსა და 13 შტატის გუბერნატორს აირჩევენ. მსოფლიოს უდიდესი ნაწილის ყურადღება მიპყრობილია საპრეზიდენტო რბოლისკენ, რადგან ითვლება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევა საერთაშორისო ურთიერთობებში ძალთა ბალანსის ცვლილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. გამონაკლისი არც 2020 წლის არჩევნებია, რომელსაც წინ უძღვის ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი. როგორია საპრეზიდენტო კანდიდატთა რეიტინგები კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე? როგორია არჩევნების განვითარების სხვადასხვა შესაძლო სცენარი? რომელი შტატები გადაწყვეტს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ბედს? სტატიაში შევეცდები ზემოხსენებულ კითხვებს პასუხი გავცე.
30 ოქტომბრის მდგომარეობით, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი – ჯო ბაიდენი მთელი ქვეყნის მასშტაბით მყარად ლიდერობს. სხვადასხვა საზოგადოებრივი გამოკითხვებით, მისი რეიტინგი 49%-54%-ის ფარგლებში მერყეობს (CNN Polls of Polls: Biden – 54%, Trump – 42%; FiveThirtyEight: 52%-43%; Quinnipiac University: 51%-41%; Ipsos/Reuters: 52%-42%). ბაიდენი პოპულარულია ქალებში (61%-37%), მამაკაცებში კი მცირედი უპირატესობა (48%-47%) მოქმედ პრეზიდენტს აქვს. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი გაცილებით უკეთ ახერხებს აფროამერიკული ელექტორატის მობილიზებას (71%-24%), ხოლო თეთრკანიან მოსახლეობაში კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა თითქმის თანაბარია (Trump – 50%; Biden – 48%). აფროამერიკელი მამაკაცების 54% და ქალების 77% მხარს უჭერს ბაიდენს. ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს მცირედი უპირატესობა აქვს ასევე თეთრკანიან ქალებში (54%), ხოლო თეთრკანიანი მამაკაცების 56% მხარს ტრამპს უჭერს. ბაიდენის უპირატესობა კიდევ უფრო გამოკვეთილია უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეებში (58%), ხოლო ტრამპი ლიდერობს უმაღლესი განათლების არმქონე თეთრკანიან მამაკაცებში (68%). საინტერესოა საარჩევნო პრეფერენციების განაწილება ასაკის მიხედვით. ახალგაზრდებში ბაიდენი კომფორტული უპირატესობით ლიდერობს (68%), ხოლო 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში მისი უპირატესობა შედარებით მცირეა (Biden 55%; Trump 44%). ტრამპის მთავარი სიძლიერე მის ერთგულ ელექტორატშია. მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერების 80% აღნიშნავს, რომ ისინი ეჭვქვეშ არ აყენებენ ტრამპის მიმართ ერთგულებას. მისგან განსხვავებით, არჩევნებზე ბაიდენს ელექტორატის მხოლოდ 48% უჭერს მხარს მისი პირადი შეხედულებებისა და ხედვების გამო. ელექტორატის მეორე ნახევრის (48%) შეფასებით, ისინი ხმას უფრო მეტად ტრამპის საწინააღმდეგოდ აძლევენ, ვიდრე ბაიდენის მხარდასაჭერად.
ტრამპი სოლიდურ უპირატესობას ინარჩუნებს რესპუბლიკური პარტიის ამომრჩეველში (ყოველი 10-დან 9 რესპუბლიკელი ამბობს, რომ არჩევნებზე ხმას აუცილებლად მას მისცემს). დაახლოებით იმავე რაოდენობით ლიდერობს ბაიდენი დემოკრატებში (ყოფილი პრეზიდენტის – ბარაკ ობამას მიერ მისთვის მხარდაჭერის გამოცხადებამ ბაიდენის პოპულარობა დემოკრატ ამომრჩეველში 76%-დან 87%-მდე გაზარდა). რაც შეეხება აპარტიულ ამომრჩეველს, მათი მხოლოდ 27% იხრება ტრამპის კანდიდატურისკენ, მაშინ, როდესაც ბაიდენის რეიტინგი ამ სეგმენტში მკვეთრად მაღალი, 40%-ია. საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 54%-ის აზრით, ბაიდენი უკეთ იზრუნებს საშუალო სტატისტიკურ ამერიკელზე (Trump 40%). ამომრჩეველთა 58%-ის შეხედულებით, ამერიკის ინტერესებს ბაიდენი უკეთ დაიცავს, ვიდრე ტრამპი, რომელსაც ამ მიმართულებით მხარს მოსახლეობის 53% უჭერს. ამასთან, ამერიკელების 64% მიიჩნევს, რომ ბაიდენი უკეთ ითანამშრომებს მსოფლიოს ლიდერებთან, ხოლო მოსახლეობის მხოლოდ 45% ფიქრობს, რომ ამ საქმეში ტრამპი უკეთესია. მოქმედი პრეზიდენტი მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებში ლიდერობს (52%).
საინტერესოა როგორც აფასებენ არჩევნებში კანდიდატთა გამარჯვების შანსებს სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციები. FiveThirtyEight-ის მიხედვით, პირდაპირი ხმების რაოდენობით ბაიდენის გამარჯვების შანსი 97%-ია (Trump 3%). ბაიდენის აბსოლუტური უპირატესობით (50%+1 ხმა) გამარჯვების შანსებს ორგანიზაცია 94%-ით აფასებს (Trump 6%), ხოლო იმის შანსი, რომ რომელიმე კანდიდატი 10%-იანი სხვაობით გაიმარჯვებს, ბაიდენის შემთხვევაში 29%-ია, ხოლო ტრამპის შემთხვევაში 1%-ზე ნაკლები. შესაძლებლობა, რომ ბაიდენი არჩევნებს პირდაპირი ხმების რაოდენობით მოიგებს, თუმცა, საარჩევნო კოლეგიის წევრთა არასაკმარისი მხარდაჭერის გამო მაინც დამარცხდება 8%-ია, ხოლო იმის შესაძლებლობა, რომ ტრამპი მოიგებს პირდაპირ კენჭისყრას, თუმცა, საარჩევნო კოლეგიის არასაკმარისი მხარდაჭერის გამო დამარცხდება 1%-ზე ნაკლებია. FiveThirtyEight-ის შეფასებით, ალბათობა, რომ ბაიდენი მოიგებს სულ მცირე იმ ერთ შტატს, რომელშიც 2016 წელს ტრამპმა გაიმარჯვა 97%-ია, ხოლო ალბათობა, რომ ტრამპი გაიმარჯვებს რომელიმე იმ შტატში, რომელიც 2016 წელს კლინტონმა მოიგო, 23%. დაბოლოს, ალბათობა, რომ კენჭისყრის შედეგები ხელახლა გადაითვლება (თუ პირდაპირი ხმების რაოდენობით ერთ ან მეტ შტატში კანდიდატებს შორის სხვაობა 0.5%-ის ფარგლებშია) 4%-ს უტოლდება.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ელექტორალური რუკა თითქმის ისეთივეა, როგორც ეს 2016 წლის არჩევნებამდე იყო. დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროები სოლიდურად დემოკრატიულია, ხოლო აშშ-ის ცენტრალური ნაწილი უფრო მეტად რესპუბლიკური. თუმცა, არსებობს ასევე რამდენიმე შტატი, რომელიც ისტორიულად გადაუწყვეტელი, მერყევი შტატების (Swing States) კატეგორიას განეკუთვნება. ეს ის შტატებია, რომელიც არც დემოკრატიული და არც რესპუბლიკური პარტიის დასაყრდენს არ წარმოადგენს. მერყევს შტატებს განეკუთვნება: ჯორჯია, ფლორიდა, მიჩიგანი, პენსილვანია, ოჰაიო, ჩრდილოეთ კაროლინა და არიზონა. წლევანდელ არჩევნებში ამ შტატებს დაემატა აიოვა, ნევადა და ტექსასი. წინასაარჩევნო გამოკითხვებით, ზემოხსენებული 10 შტატიდან 7-ში ბაიდენს კომფორტული უპირატესობა აქვს (ჯორჯია – 57%, ჩრდილოეთ კაროლინა – 65%, ფლორიდა – 65%, არიზონა – 70%, პენსილვანია – 86%, ნევადა – 90%, მიჩიგანი – 94%), 2 შტატში ტრამპის უპირატესობა იკვეთება (ოჰაიო – 59%, ტექსასი – 65%), ხოლო აიოვაში განსაკუთრებით თანაბარი დაპირისპირებაა (Biden: 51%, Trump: 49%). როგორც წესი, მერყევ შტატებში დაფიქსირებული შედეგები წყვეტს თითოეული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რადგან ისინი საარჩევნო კოლეგიის წევრთა ხმების სრული რაოდენობის (538) მინიმუმ 1/5-ს მაინც შეადგენს. შესაბამისად, ცხადია, რომ თითოეული კანდიდატისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მერყევ შტატებში გამარჯვება.
ზემოხსენებული კვლევის კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ მსგავსი საზოგადოებრივი გამოკითხვების ნაკლოვანებებზე და კლასიკურ მაგალითად ასახელებენ 2016 წლის მოვლენებს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დემოკრატიული პარტიის კანდიდატს – ჰილარი კლინტონს ასევე საკმაოდ კომფორტული უპირატესობა ჰქონდა, თუმცა, არჩევნებში მაინც დამარცხდა. ზემოხსენებულ არგუმენტს აქვს ლოგიკური გამართლება, თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია 2016 წელსა და დღევანდელ რეალობას შორის არსებული განსხვავებები. სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად ცხადი ხდება, რომ ბაიდენის გამარჯვების შანსი მკვეთრად მაღალია, ვიდრე ეს 2016 წელს კლინტონის შემთხვევაში იყო. უპირველეს ყოვლისა, ბაიდენი წინასაარჩევნოდ მერყევ შტატებში უფრო მყარად ლიდერობს, ვიდრე კლინტონი ოთხი წლის წინ. 2016 წლის 7 ნოემბერს, არჩევნების წინა საღამოს საზოგადოებრივი გამოკითხვებით, 13 მერყევი შტატიდან 7-ში (53%) კლინტონი ლიდერობდა, ხოლო 6-ში (43%) ტრამპი. დღესდღეობით, ბაიდენი 10-დან 7 შტატში (70%) გამოკვეთილი ლიდერია, ხოლო ერთ შტატში მას მცირე უპირატესობა აქვს. გარდა ამისა, წინასაარჩევნოდ კლინტონის რეიტინგი საშუალოდ 44%-47%-ის ფარგლებში მერყეობდა, ბაიდენის შემთხვევაში ეს რიცხვი 49%-54%-ია. მესამე ძირითადი განმასხვავებელი ფაქტორია წინასაარჩევნო გარემო. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს წინ უძღოდა ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის გატეხვა, რაც წინასაარჩევნოდ მისთვის კატასტოფულად წამგებიანი იყო. დღესდრეობით არსებული ვითარება განსხვავებულია. ჰანთერ ბაიდენისა და Burisma-ს საქმე საკმარისად რეზონანსული არ გამოდგა, წინასაარჩევნო გარემო (COVID-19-ის უკონტროლოგავრცელება, უკიდურესი პოლარიზაცია, ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი) კი ტრამპის არჩევის შანსებს ერთიორად ამცირებს.
შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ, ერთი შეხედვით, კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, ბაიდენს კომფორტული უპირატესობა აქვს. მოსახლეობის 52% მის კანდიდატურას პოზიტიურად აფასებს, ის პოპულარულია ამერიკული საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში, ხოლო არსებული წინასაარჩევნო გარემო მის სასარგებლოდ მუშაობს. მიუხედავად ამისა, არასწორი იქნება წინასწარ იმის თქმა, რომ მოახლოებულ არჩევნებში მისი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ტრამპის მთავარი სიძლიერი ერთგულელექტორატშია, ხოლო COVID-19-ის უკონტროლო გავრცელების საფრთხე გვაფიქრებინებს, რომ არჩევნებზე დასწრების მაჩვენებელი (Turnout) არც ისე მაღალი იქნება, რაც ტრამპის წისქვილზე ასხამს წყალს. არსებული მდგომარეობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 3 ნოემბრის არჩევნებში ორივე კანდიდატს გამარჯვების მეტ-ნაკლებად თანაბარი შანსი აქვს.
გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი