სი ძინპინი – პრაგმატული მაო


შეკითხვა, არის თუ არა სი ძინპინი მეორე მაო, რამდენიმე წლის წინ დაისვა, როდესაც სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა თავისი მემკვიდრე არ დაასახელა. უფრო მეტიც, ახალი კანონის თანახმად სი ძინპინს განუსაზღვრელი ვადით შეუძლია დაიკავოს პრეზიდენტის პოსტი და ქვეყანა მართოს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ჩინეთი კვლავ მაოს ერას უბრუნდება, როდესაც მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია კონცენტრირებული. მას შემდეგ, რაც ჩინეთმა თითქოს იდეალური პოლიტიკურ მოდელს მიაგნო (რომლის მიხედვითაც ჩინეთის ლიდერს მხოლოდ 10 წელი შეეძლო თანამდებობის შენარჩუნება), საკმაოდ მალე რეალობა რადიკალურად შეიცვალა.

სი ძინპინი მაოს შემდეგ ყველაზე პოპულარული ადამიანია. მართალია, ის არ წერს ლექსებს, ვერ ცურავს ისე კარგად და არც კულტურულ რევოლუციებს აწყობს, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობას მისი იმედი აქვს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 21-ე საუკუნეში ავტოკრატიული რეჟიმების მკვიდრთა მართვის მეთოდიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ციფრულმა ტექნოლოგიებმა “ორველიანურ” სამყაროში გადაგვისროლა, სადაც მოსახლეობის კონტროლი უფრო მარტივია. ჩინეთში უკვე მოქმედებს კრედიტების სიტემა (ადამიანების სოციალურ წინსვლას ქულები განსაზღვრავენ), ხოლო ჭკვიანი კამერები კი არა მხოლოდ კრიმინალების წინააღმდეგ, არამედ განსხვავებული პოლიტიკური ხედვების მქონე პირთა დევნისთვისაც აქტიურად გამოიყენება. ცალკე საკითხია მუსლიმ უიგურთა წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიები. მართალია, ოფიციალური პეკინი კატეგორიულად უარყოფს ქვეყანაში საკონცენტრაციო ბანაკების არსებობას და მათ გადასამზადებელ ცენტრებს უწოდებს, თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებენ. რთულია იმის თქმა, რომ სი ძინპინი სისასტიკის მასშტაბებით მაოს ჰგავს, თუმცა, გარკვეულწილად, მას შეგვიძლია პრაგმატული მაო ვუწოდოთ. ფაქტია, რომ რაც მათ ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილი აქვთ საერთო. ასევე, ორივე მათგანი გამოირჩევა სიმტკიცითა და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების უნარით.  თავის დროზე, მაო არ შეუშინდა ამერიკას შეერთებულ შტატებთან ღია დაპირისპირებას (მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი ატომური არსენალის მფლობელი ზესახელმწიფო და ტექნოლოგიურად გაცილებით მაღალ საფეხურზე მყოფი აქტორი იყო). იგივეს აკეთებს ჩინეთის ამჟამინდელი ხელისუფალიც.

სი ძიპინის პირველი წლები დასამახსოვრებელია ანტიკორუფციული კამპანიით. სხვათა შორის, აღნიშნულ წამოწყებას მრავალი მაღალჩინოსანი შეეწირა. მისი უმთავრესი მიზანი პარტიის გაძლიერება გახლდათ. ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას კარგად ახსოვს საბჭოთა კავშირის ისტორია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კომუნისტურმა ჩინეთმა სსრკ-ს ბედი არ გაიზიაროს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ჩინეთი მაშინდელ საბჭოთა კავშირზე გაცილებით მდიდარი ქვეყანაა, თუმცა, ამ ორ სახელმწიფოს ერთი რამ აქვთ საერთო – ანტაგონისტური დამოკიდებულება შეერთებულ შტატებთან.

დღეს უამრავი ჟურნალისტი საუბრობს მეორე ცივი ომის გენეზისზე, რაც შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებული ანტაგონიზმით იხსნება. ლიბერალური ოცნება, რომ ჩინეთის საერთაშორისო ბაზრებზე გაყვანით, ეს კომუნისტური ქვეყანა გაიხსნებოდა და დემოკრატიული გახდებოდა, უკვე წარსულს ჩაბარდა. დღეს ამერიკელი პოლიტიკური ანალიტიკოსები და გადაწყვეტილების მიმღები პირები სამომავლო სტრატეგიებზე აქტიურად მუშაობენ. ასეთ დროს ყველას ქენანის შეკავების პოლიტიკა ახსენდება, რომელიც საბჭოთა კავშირის გავლენების შესუსტებას გულისხმობდა. ამერიკელი დიპლომატის აზრით, საბჭოთა კავშირი თავის თავშივე ატარებდა დესტრუქციულ ძალას, რომელიც მომავალში სისტემას გაანადგურებდა. შეერთებულ შტატებს უბრალოდ არ უნდა დაეშვა სხვა ქვეყნებში კომუნიზმის გავრცელება. 

იმუშავებს თუ არა მსგავსი სტრატეგია კომუნისტურ ჩინეთთან მიმართებაში, საკითხის მეორე მხარეა. უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსი და ჰონგ-კონგი დღეს სის ორი უმთავრესი გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პეკინის რეპუტაცია კოვიდ-19-ის გამო ძალიან შეილახა, ქვეყანამ მაინც აჩვენა ვირუსთან ბრძოლის ეფექტიანი გზა. უფრო მეტიც, სცადა შეერთებული შტატების, როგორც გლობალური აქტორის როლის მორგება და დახმარებაც კი შესთავაზა ცალკეულ ქვეყნებს. 

მეორე საკითხი, რომელიც ჩინეთის უსაფრთოხებას პირდაპირ ეხება, ჰონკ-კონგია. შეგახსენებთ, რომ ქალაქს უნდა ეცხოვრა პრინციპით – „ერთი ქვეყანა- ორი სისტემა“, სადაც ერთი მხრივ, პეკინიდან დანიშნული პირი იქნებოდა მმართველი, მეორე მხრივ, ჰონკ-კონგი საკუთარი კანონმდებლობით იხელმძღვანელებდა. აღნიშნულ შეთანხმებას 2047 წლამდე აქვს ვადა, თუმცა სი ძინპინმა ერთგვარად დროს გაუსწრო და ჰონგ-კონგისთვის 2047 წელი ადრე დადგა. სამწუხაროდ, ქალაქში ცხოვრება საშიში გახდა, ვინაიდან ახალი კანონმდებლობის მიხედვით, თუ ქალაქში დანაშაულს ჩაიდენ, დიდი შანსია, რომ თქვენი ექსტრადირება პეკინში მოხდეს და ადგილობრივი სასამართლოს წინაშე გასამართლდეთ. მსგავსი სცენარი ძალიან აშინებთ უცხოელებს, რაც ერთ დროს მიმზიდველ ქალაქს ჩინურ მორიგ პროვინციად გადაქცევას უქადის.

მას შემდეგ, რაც სიმ აღნიშნულ გამოწვევებს უპასუხა, მაოს მსგავსად (და არა მის სტილში) მან ძალაუფლების კონსოლიდაციაზე იზრუნა. გასულ კვირას ცენტრალური კომიტეტის სამასმა წევრმა პარტიის ახალ რეგულაციებზე იმსჯელა. კერძოდ, ახალი ნორმების მიხედვით, ძინპინს არა მხოლოდ კომიტეტისა და პოლიტბიუროს წევრების შეკრება, არამედ დისკუსიათა დღის წესრიგის განსაზღვა შეუძლია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სი ძინპინი, გარდა იმისა, რომ პირადად გაუწევს კონტროლს თუ რაზე სათათბიროს წევრებმა, ისე შიდაპარტიული კრიტიკის, შესაძლო ტალღას მართავს.

არსებული რეალობიდან გამომდინარე შეერთებულ შტატებს კვლავ მოუწევს კონკრეტული სტრატეგიისგანსაზღვრა,  მაგრამ ამჯერად ინდივიდუალურ დონეზე მათი მოწინააღმდეგე პრაგმატული მაო იქნება. აი, გამოჩნდება თუ არა ახალი კისინჯერიდა თუ როგორ შეიცვლება ძალთა ბალანსი – ამას დრო გვიჩვენებს.

შოთა მგელაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a comment