პოლონეთის გეგმა ბელარუსისათვის

ბელარუსი ოპოზიციონერი სვიტლანა ციხანოვსკაია და პრემიერი მათეუშ მორავიეცკი
Credit: Polskie Radio 24
PAP/Piotr Nowak

პოლონეთი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე, ლიდერი სახელმწიფოა, რომლის პოლიტიკური წონა დინამიკურად მზარდია. პოლონეთის როლი პოსტსაბჭოთა ქვეყნების რუსული ორბიტიდან მოწყვეტისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროცესში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში შესამჩნევია. 2009 წელს შვედეთთან ერთად პოლონეთი იყო ინიციატორი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის შექმნისა, რომელსაც სამხრეთ კავკასია, ბელარუსი, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირთან უნდა დაეახლოებინა და და მათი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების პროცესისთვის უნდა შეეწყო ხელი.

ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე პოლონური ინტერესები ბელარუსში კარგადაა გამოხატული. ასწლეულების განმავლობაში ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებამ პოლონელ და ბელარუს ხალხს შორის კულტურული და პოლიტიკური კავშირებიც განავითარა, რაც შემდგომში რუსეთის იმპერიისაგან ბელარუსის ჩამოშორებისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ფორმირების ერთ-ერთ წყაროდაც იქცა. აღნიშნული ისტორიული ურთიერთობა სიმბოლოებშიც გამოიხატება. ბელარუსის დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1919) და შემდგომ ბელარუსის დამოუკიდებელი სახელმწიფოს (1995 წლამდე) დროშა, გერბი და სახელმწიფო სიმბოლო ე.წ. პაჰონია (პოლ. Pogoń; ბელა. Пагоня) იმეორებს იდენტურ სტილს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ლიეტუვა-პოლონეთის თანამეგობრობას ჰქონდა გამოხატული. დღესაც პაჰონიას,  წითელ-თეთრ ფერებიან დროშასა და სიმბოლოს აქტიურად იყენებს ბელარუსის ოპოზიცია და ერთგვარ საგარეო პოლიტიკურ კომპასადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ იგი.

ლუკაშენკოს ხელისუფლება 1995 წლიდან რკინის ხელით მართავს ბელარუსს. იგი 21-ე საუკუნის ავტოკრატიული სახელმწიფოს შენებას შეუდგა და ძირითადი აქცენტი ეკონომიკურ განვითარებაზე, საგარეო პოლიტიკაში რუსეთთან ცვალებად მიტმასნებასა და საკუთარი კლანის გაძლიერებაზე გააკეთა. მაგრამ თანამედროვე გამოწვევებს თანამედროვე პასუხები სჭირდება, ხოლო ერთსა და იმავე მმართეველებსა და გუნდს იშვიათად შესწევს ძალა,  ეფექტური რეფორმები განახორციელონ. ამას გარდა, შეიცვალა თაობაც. ინტერნეტიზაციის პროცესმა და ახალგაზრდების მიერ ევროპის ქვეყნებში მიღებულმა გამოცდილებამ ბუნებრივი შედეგი გამოიღო და 2020 წლის აგვისტოს არჩევნების სავარაუდო გაყალბება ლუკაშენკოს მთავრობას არ აპატია, რასაც დემონსტრაციების დიდი ტალღა მოჰყვა და ხელისუფლებას ლეგიტიმაცია დაუკარგა. ლუკაშენკო ცდილობს და ალბათ მომავალშიც შეეცდება, რომ ხელკეტისა და მუქარის ძალით მოიპოვოს ლეგიტიმაციის დროებითი ხარისხი, მაგრამ ეს სახალხო და სამართლებრივ ლეგიტიმაციას ვერ ჩაანაცვლებს.

სწორედ ამ პროცესებში მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, ლიდერის როლი აქვს მოპოვებული პოლონეთს, რომლის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის მიერ ბელარუსთან დაკავშირებით წარდგენილი გეგმა ევროპულმა საბჭომ სექტემბრის ბოლოს დაამტკიცა. გეგმა, რომელიც თავდაპირველად ვიშეგრადის ჯგუფისათვის იყო წარდგენილი და მოწონებული და შემდგომ ევროპული ინსტიტუციების დონეზე განხილული, ბელარუსის სწრაფ რეფორმირებას ითვალისწინებს. გეგმაში საუბარია ფინანსურ და ინფრასტრუქტურულ დახმარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესში ხელშეწყობაზე, რაც პროცესების წარმატებით დასრულებისათვის აუცილებელია. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბელარუსი დაიწყებს დემოკრატიზაციის პროცესს, ჩაატარებს თავისუფალ არჩევნებს და მოსახლეობას მისცემს საშუალებას, გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური ნება. პოლონურ გეგმაში საუბარია მცირე და საშაულო ბიზნესების დახმარებაზეც, რამაც არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ რიგითი ადამიანებისა და მათი ინტერესების შერწყმაც უნდა შეძლოს დიდ ევროპულ ოჯახში. ამას თან ერთვის ვიზებთან დაკავშირებული ცვლილებებიც: პოლონეთი ცდილობს უკრაინასა და ბელარუსისათვის გახსნას თავისი ბაზარი და ამით კიდევ უფრო დაიახლოოს ეს ორი სახელმწიფო. ყველაფერთან ერთად, პოლონური გეგმა არ ატარებს ერთჯერად ხასიათს, არამედ იგი თავის თავში ხანგრძლივი ფინანსური ფონდის არსებობას გულისხმობს, რომლის გავლითაც ბელარუსი საბოლოოდ ჩამოშორდება კრემლის პერმანენტულ ზეგავლენას.

პოლონეთის წინადადებას ბელარუსთან მიმართებით არაფორმალურად უკვე ეწოდა „მარშალის გეგმა“, რომელმაც ცვლილებები და აღმავლობა უნდა გამოიწვიოს, მაგრამ იყო ნეგატიური შეფასებებიც. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ხელმძღვანელმა, მიჰაუ დვორჩიკმა, მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ევროკავშირში ყველა ისევე არაა დაინტერესებული ბელარუსითა და მისი დასავლური ოპოზიციის მხარდაჭერით, როგორც პოლონეთი. პრემიერი მორავიეცკი სვიტლანა ციხანოვსკაიასაც შეხვდა – ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარ ოპიზიციურ კანდიდატს, რომელსაც ქვეყნის დატოვება და ლიეტუვაში გამგზავრება არჩევნების შემდეგ მოუწია. პოლონეთში ციხანოვსკაია  მხოლოდ პოლიტიკური შეხვედრებისათვის არ იმყოფებოდა, ის ასევე დაესწრო ბიზნეს ფორუმს, რომელშიც ბიზნეს სექტორის ის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც ბელარუსში შემდგომ ინვესტიციებს არ გამორიცხავენ.

შემთხვევითი არ არის, რომ პოლონური გეგმა ბელურუსისათვის თავდაპირველად სწორედ ვიშეგრადის ჯგუფს წარუდგინეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი პოლონეთის მხრიდან აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერის პოზიციის გამყარება და იმის ჩვენებაა, რომ ბელარუსისადმი მისი ინტერესი ევროკავშირის საერთო პოლიტიკისგან დამოუკიდებლადაც საკმაოდ ძლიერია. ვიშეგრადის ჯგუფის მიერ გეგმისადმი მხარდაჭერის გამოცხადების შემდეგ ევროპულმა საბჭომაც დაუჭირა მხარი მას.

პოლონური მხარის აქტიური ჩართულობით სანქციები დაუწესდა ლუკაშენკოს მთავრობის 40 მაღალჩინოსანს და ღიად დარჩა საკითხი შემდგომი  პერსონალური ტიპის სანქციებთან დაკავშირებით. თავად ლუკაშენკო სანქცირებულთა სიაში არ მოყოლილა, რადგან ევროპელი პერსპექტივიდან მნიშვნელოვანია, ჰქონდეს მას უკან დასახევი გზა, რადგან სხვა ყველა გზა კრემლთან მიტმასნებისაკენ მიდის.

პოლონური გეგმის განხილვისას პრემიერი მორავიეცკი უფრო შორსაც წავიდა და პირდაპირ გააკრიტიკა ნორდ სტირიმ 2-ის პროექტი, რომლის დასრულების შემთხვევაშიც რუსული გაზი ბალტიის ზღვის გავლით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გვერდის ავლით, გერმანიას მიეწოდება. რუსი ოპოზიციონერის, ალეკსანდრ ნავალნის მოწამვლის დამთხვევასთან ერთად კრიტიკა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კიდევ უფრო გამწვავდა. პოლონური სტრატეგია საკამოდ ნათელია – თუკი რუსული ზეგავლენის შესუსტება ევროპისათვის მნიშვნელოვანია, მაშინ მას არც აღმოსავლეთ ევროპა არ უნდა დარჩეს, როგორც გავლენის სფერო და არც ეკონომიკური ბერკეტის გამოყენების საშუალება უნდა მიეცეს, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის, რასაც კრემლი წლებია უკვე იყენებს.

ბელარუსის საკითხი რუსეთისათვისაც ისეთივე დიდი მნიშვნელობისაა, როგორც  პოლონეთისათვის. ბელარუსი არა მხოლოდ საბჭოთა და დასავლური იდეების შეხლის ასპარეზს, არამედ გეოპოლიტიკურად უმნიშნელოვანეს ტერიტორიას წარმოადგენს. ბელარუსის გავლით რუსეთი შუაში აქცევს დერეფანს პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის, რომელსაც ამავე პოლონური ქალაქის სახელის გამო სუვალკის დერეფანი ეწოდება. ერთი მხრიდან ბელარუსი და მეორე მხრიდან რუსული გასამხედროებული ანკლავი კალინინგრადის ოლქის სახით სუვალკის 100 კილომეტრიან დერეფანს ერთგვარ საფრთხეს უქმნის. მიუხედავად დერეფნის დიდი ეკონომიკური პოტენციალისა, რომლის გამოყენების შემთხვევაში რუსეთი ისეთივე მოგებული დარჩება, როგორც ბელარუსი, დერეფნის მნიშვნელობა მაინც პოლიტიკურ საკითხად რჩება. აღნიშნული არტერიის უსაფრთხოება პოლონეთისათვისაც და ბალტიის ზღვის სახელმწიფოებისთვისაც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. სწორედ აქედან გამომდინარე, პოლონეთი ცდილობს, მაქსიმალურად უსაფრთხო და მშვიდობიანი რეჟიმის არსებობა უზრუნველყოს თავის აღმოსავლეთ საზღვრებთან, რაც ერთგვარი გარანტია იქნება რუსული ზეგავლენების შემცირებისა და დასავლური ფასეულობების პოსტსაბჭოთა სახელწმიფოებში კიდევ უფრო მეტად გავრცელებისათვის.

გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s