ორი კვირა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე: კანდიდატთა ხედვები სხვადასხვა საკითხზე

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩება. შესაბამისად, კანდიდატებს საკუთარი პოზიციის გასაუმჯობესებლად საკმაოდ მცირე დრო აქვთ. უკანასკნელი საზოგადოებრივი გამოკითხვებით, დემოკრატიული პარტიის ლიდერი – ჯო ბაიდენი მოქმედ პრეზიდენტთან დაახლოებით 8-10%-იან უპირატესობას ინარჩუნებს. CNN-ისა და FiveThirtyEight-ის მიხედვით, ყოფილი ვიცეპრეზიდენტის რეიტინგი 52%-ია, მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის მხოლოდ 42% აფასებს (Quinnipiac University: 51%-41%, New York Times: 50%-41%). არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება საპრეზიდენტო კანდიდატთა ხედვები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. ბუნებრივია, ამერიკელ ამომრჩეველს სურს, გაიგოს როგორი იქნება თეთრი სახლის პოლიტიკა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. სტატიაში შევეცდები მოკლედ განვიხილო ის ძირითადი თემები, რომლებიც წინასაარჩევნოდ ამერიკელი ამომრჩევლის ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

COVID-19-თან ბრძოლა: შეიძლება თამამად ითქვას, რომ ახალი კორონავირუსის გამოჩენამ საერთაშორისო პოლიტიკა ძირფესვიანად შეცვალა. გამონაკლისი ამ მხრივ არც ამერიკის შეერთებული შტატებია. 2020 წლის თებერვლიდან მოყოლებული დღემდე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 8.6 მილიონი ადამიანი შეადგინა. მაღალია ლეტალობის მაჩვენებელიც (228 000-ზე მეტი გარდაცვლილი). მოქმედი პრეზიდენტი ვირუსს გავრცელების საწყის ეტაპზევე მორიგ სეზონურ გრიპს ადარებდა და აცხადებდა, რომ მისგან გამოწვეული ზიანი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ამას წამყვანი ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ. თუმცა, პრეზიდენტის ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა, მის ადმინსიტრაციას კი პანდემიასთან ბრძოლა დროთა განმავლობაში უფრო მეტად გაუჭირდა. ჯო ბაიდენის აზრით, ქვეყანაში შექმნილი მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარება პრეზიდენტის უუნარობისა და სუსტი საპასუხო რეაქციის შედეგია. ბაიდენი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირობას დებს, რომ გაზრდის ტესტირებების, ხელმისაწვდომი სასუნთქი აპარატებისა (მძიმე პაციენტებისთვის) და სხვა საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის რაოდენობას.

ეკონომიკა: COVID-19-ის უკონტროლო გავრცელებამ უარყოფითი გავლენა იქონია ეკონომიკურ პროცესებზეც. 2020 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ნომინალური მშპ-ის რაოდენობა 4.3%-ით შემცირდა. სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით, მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება 2021-შიც. ამას გარდა, რამდენიმე ათეულმა მილიონმა ამერიკელმა მოქალაქემ  მუდმივი სამსახური დაკარგა. ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი პირობას დებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ის ეკონომიკას აღადგენს, თუმცა, ორივე მათგანი მოქალაქეებს მიზნის მისაღწევად განსხვავებულ მიდგომებს სთავაზობს. მოქმედი პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკა ფოკუსირებულია გადასახადების შემცირებასა და დერეგულაციებზე, რაც, მისი შეფასებით, გაზრდის ქვეყნის ეკონომიკას, შეამცირებს უმუშევრობას და ხელს შეუწყობს ტექნოლოგიურ პროგრესზე ორიენტირებულ მომავალს. თავის მხრივ, ბაიდენი საკუთარ თავს საშუალო კლასის ამერიკელი მოქალაქეების ინტერესების დამცველად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა მხოლოდ მდიდრების უფრო მეტად გამდიდრებას ემსახურება. ბაიდენი ყურადღებას ამახვილებს უკანასკნელ პერიოდში გაზრდილ სოციალურ უთანასწორობაზე, რომლის დაძლევის ერთადერთი გზა, მისი აზრით, პროგრესული გადასახადების სისტემაა, რომელიც სახელმწიფო ხაზინის შესავსებად მდიდარი მოქალაქეებისა და კორპორაციების მეტად დაბეგვრას გულისხმობს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ბაიდენი პირობას დებს, რომ რამდენიმე ტრილიონ დოლარს დახარჯავს სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რაც, უცხოელი ინვესტორების თვალში აშშ-ის მიმზიდველობას კიდევ უფრო გაზრდის.

მიგრაცია: მიგრაციის საკითხი ყოველთვის იყო ამერიკელი პოლიტიკოსების დაპირისპირების ერთ-ერთი ძირითადი წყარო, თუმცა, თემა განსაკუთრებით აქტუალური  დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში გახდა. მოქმედმა პრეზიდენტმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, ძირითადად, აშშ-ის საზღვრების კონტროლის გამკაცრებისა და მექსიკის საზღვართან კედლის აშენების საკითხზე დადებული დაპირების მეშვეობით შეძლო. ტრამპის აზრით, მომავალ წლებში მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს როგორც დოკუმენტების მქონე, ასევე არალეგალი მიგრანტების რაოდენობა, რაც მხოლოდ სავიზო პოლიტიკის გამკაცრებითაა შესაძლებელი. მისგან განსხვავებით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ტრამპის მიგრაციულ პოლიტიკას „მორალურად გაკოტრებულსა“ და „რასისტულს“ უწოდებს. მისი შეფასებით, ადამიანები, რომელთაც კრიმინალური წარსული არ აქვთ არ უნდა ექვემდებარებოდნენ დეპორტაციას. ბაიდენი ასევე მკაცრად ეწინააღმდეგება ტრამპის მიერ იმპლემენტირებულ „არალეგალი მშობლებისა და ბავშვების განცალკევების“ მექანიზმს, რომელიც, მისი აზრით, არაჰუმანურია და აშშ-ის, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს.

იარაღის შენახვისა და ტარების უფლება: ამერიკულ საზოგადოებაში ხსენებულ საკითხზე დებატი სათავეს 1791 წლიდან იღებს, როდესაც დამფუძნებელმა მამებმა კონსტიტუციაში მეორე შესწორება შეიტანეს, რომელიც იარაღის შენახვისა და ტარების უფლებას გულისხმობს. დონალდ ტრამპი საკუთარ თავს მეორე დამატების „ერთადერთ დამცველად“ მოიხსენიებს და ხშირად აპელირებს იმაზე, რომ ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში ამერიკელი მოქალაქეები სამუდამოდ დაკარგავენ იარაღის შენახვისა და ტარების უფლებას. ტრამპს ამ საკითხში მხარს უჭერს შაშხანების ეროვნული ასოციაცია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრ ინტერეს-ჯგუფს წარმოადგენს. მისგან განსხვავებით, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი იარაღის შენახვისა და ტარების უფლებას მთელი მისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში აქტიურად ოპონირებდა. ბაიდენი პირობას დებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში გააგრძელებს შეზღუდვების გამკაცრებას იარაღის თავისუფლად შენახვასა და ტარებაზე.

კლიმატის ცვლილება და ენერგოუსაფრთხოება: მოქმედმა პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატები 2017 წელს პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმებიდან ცალმხრივად გამოიყვანა. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება არ არის ადამიანური ჩარევის მიერ ხელოვნურად გამოწვეული პრობლემა, ამიტომ ბიზნეს კომპანიებისთვის რეგულაციების დაწესება კონტრპროდუქტიული იქნება და ქვეყნის ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს. ტრამპი აქტიურად ლობირებს ენერგიის ტრადიციული წყაროების, მათ შორის ნავთობის, გაზისა და სხვა ბუნებრივი საწვავის გამოყენებას. ბაიდენისთვის კლიმატის ცვლილება პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. 2020 წლის ივლისში ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც მისი გამარჯვების შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომავალი ოთხი წლის მანძილზე სხვადასხვა „მწვანე“ პროექტზე 2 ტრილიონ დოლარს დახარჯავს, რომლის მიზანიც ტრადიციული რესურსების განახლებადი ენერგიით ჩანაცვლება და 2035 წლამდე აშშ-ის მიერ გამოყოფილი კარბონის ემისიის მნიშვნელოვნად შემცირებაა.

საერთაშორისო ვაჭრობა: მოქმედი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგი მიმართულია აშშ-ის ინტერესების წინააღმდეგ, რადგან ის არასახარბიელო მდგომარეობაში აგდებს ამერიკელ მოქალაქეებს. სწორედ ამიტომ აშშ-მა უცხო ქვეყნებს  უნდა დაუწესოს საკმაოდ მაღალი ტარიფები იმპორტულ საქონელზე. სწორედ სამუშაო ადგილების ამერიკაში დაბრუნებას ემსახურებოდა ტრამპის მიერ NAFTA-ს რეფორმირება, რომელსაც ის 2016 წლამდე ისტორიაში ყველაზე ცუდ სავაჭრო შეთანხმებას უწოდებდა. ბაიდენი ამგვარი „პროტექციონისტული“ პოლიტიკის ოპონენტია და მხარს უჭერს ლიბერალურ საერთაშორისო ეკონომიკურ წესრიგს, რომელიც დაფუძნებულია მხარეების მიერ ერთმანეთის პატივისცემასა და დაბალ სატარიფო ბარიერებზე. ის აქტიურად აკრიტიკებს ტრამპის მიერ ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობიდან აშშ-ის უნილატერალურად გამოყვანას, რამაც მისი შეფასებით ამერიკას ეკონომიკური ზიანის გარდა, ხელიდან ჩინეთზე კონტროლის სადავეებიც გამოაცალა.

საგარეო პოლიტიკა: უნდა ითქვას, რომ დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა საკმაოდ არათანმიმდევრულია. ერთი მხრივ, სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით მიღებულ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეეცდება აშშ-ის გლობალური პოზიციების გაძლიერებას მისი უშუალო კონკურენტების (ჩინეთი, რუსეთი, ირანი, ჩრდ. კორეა და ა.შ) დასუსტების ხარჯზე. მეორე მხრივ, ტრამპის საგარეო პოლიტიკას იზოლაციონიზმის მკვეთრი ხაზი გასდევს, რაც ვლინდება აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან, სირიიდან გამოსვლასა და ტრანსატლანტიკური კავშირის შესუსტებაში (ნატოს და ევროპის კავშირის აქტიური კრიტიკა). გარდა ამისა, მოქმედმა პრეზიდენტმა აშშ ცალმხრივად გამოიყვანა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან და ასევე უნილატერალურად აღიარა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, რითაც ხაზი გადაუსვა მისი წინამორბედი პრეზიდენტის მიერ გატარებულ  „ორი სახელმწიფოს“ მოდელს. 

ტრამპის მსგავსად, საკმაოდ იზოლაციონისტურია ბაიდენის საგარეო პოლიტიკური კურსიც. ის მიიჩნევს, რომ აშშ-ის მიერ ავღანეთისა და სირიის დატოვება სწორი გათვლა იყო, თუმცა, საჭიროა ვაშინგტონმა ადგილზე შეინარჩუნოს შეზღუდული რაოდენობის სადაზვერვო პერსონალი, რათა ხელახლა არ მოხდეს რადიკალური ძალების გააქტიურება. ტრამპსა და ბაიდენს შორის ძირითადი სხვაობა საგარეო პოლიტიკაში ისაა, რომ ამ უკანასკნელის აზრით ვაშინგტონის მიერ საერთაშორისო ინსტიტუტების დატოვება აშშ-ის საერთაშორისო პრესტიჟზე მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს. გარდა ამისა, ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოკავშირეების დაცვის ვალდებულებაზე.

ზემოხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებს თითქმის ყველა საკითხზე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხედვები გააჩნიათ. რა შედეგით დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები ამას დაახლოებით ორ კვირაში გავიგებთ, თუმცა, ერთი რამ ცხადია – თეთრი სახლის მომავალ ბინადარს ძალიან გაუჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s