პოლონეთის ინტერესები ლათინურ ამერიკაში


1989 წლიდან, პოლონეთის დემოკრატიული ტრანსფორმაციის შემდეგ, ქვეყნის საგარეო კურსი საგრძნობლად შეიცვალა. რიგ მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად განისაზღვრა ახალი მიზნები და ინტერესები ლათინური ამერიკის რეგიონთან მიმართებაში. სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ურთიერთობები ეკონომიკური პრიზმის ირგვლივ ვითარდებოდა, თუმცა, იმდროისთვის, ვარშავისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანება იყო, რასაც 1999 და 2004 წლებში მიაღწია კიდეც.

ევროკავშირის ახალმა წევრმა, პოლიტიკურად და ეკონომიკურად მზარდმა პოლონეთის რესპუბლიკამ, მიზნად დაისახა „მძიმეწონიან“ სახელმწიფოთა რიგებში მოხვედრა და სწორედ ამიტომ, 2004 წლიდან აქტიურად დაიწყო ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ათვისება.

ორმხრივი ურთიერთობების გამყარების პირველი მცდელობა 2004 წელს გამოქვეყნებული დეკლარაცია იყო – „პოლონეთის რესპუბლიკის სტრატეგია არაევროპულ, განვითარებად ქვეყნებთან მიმართებაში“, სადაც „პრიორიტეტულ პარტნიორებად“ მოხსენიებულნი იყვნენ: ბრაზილია, მექსიკა, არგენტინა, ჩილე, კოლუმბია და ვენესუელა. პოლონეთი ამ გზით ლათინური ამერიკის რეგიონთან მიმართებაშკ ევროკავშირის საერთო პოლიტიკის ჩამოყალიბებას ცდილობდა. ეს ახალი, ღირებული პლატფორმა მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ურთიერთობების სხვა ეტაპზე გადასვლას.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში პოლიტიკური დიალოგი დაბალი ინტენსივობითა და მაღალი დონის ორმხრივი კომუნიკაციით ხასიათდებოდა. ევროკავშირი–ლათინურ ამერიკასთან ურთიერთობების ფარგლებში რამდენიმე ფართომასშტაბიანი სამიტი გაიმართა. 2008 წელს პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი, ლიმაში გამართული სამიტის ფარგლებში პერუსა და ჩილეს ეწვია, შეხვდა ბრაზილიის, კოლუმბიისა და მექსიკის პრეზიდენტებს. ევროპისთვის ლათინური ამერიკის სახელმწიფოებთან თანამშრომლობისთვის მსგავსი პოლიტიკურ–ეკონომიკური კონსულტაციები მნიშვნელოვანი მექანიზმი გახდა.

დღესდღეობით, პოლონეთი რეგიონის 33–ვე სახელმწიფოსთან ინარჩუნებს ღრმა დიპლომატიურ ურთიერთობებს, რასაც მოწმობს არგენტინაში, ბრაზილიაში, ჩილეში, კოლუმბიაში, კუბაში, მექსიკაში, პერუსა და ვენესუელაში არსებულ საელჩოებსა და კურიტიბაში (ბრაზილია), გენერალურ საკონსულოში აქტიური კომუნიკაციის ხელშეწყობა და განვითარება. აღსანიშნავია, რომ ვარშავაში ლათინური ამერიკის თერთმეტ სახელმწიფოს აქვს საელჩო, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს რეგიონისთვის.

უკანასკნელ ათწლეულში წარმოშობილმა გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა პოლონეთს ახალი პირობები შეუქმნა სამხრეთ ამერიკაში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად. კრიზისის ნეგატიური შედეგების დაძლევის პარალელურად, ევროპაში გაჩნდა ახალი მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამომავლოდ სწორედ განვითარებადი ეკონომიკა იქნება გლობალური ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი პოლუსი. სწორედ ასეთ მზარდ ობიექტად შეირჩა ლათინური ამერიკა.

2012 წლის მარტში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა დოკუმენტი სახელწოდებით – „პოლონეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები 2012–2016 წლებისთვის“, სადაც კვლავ ხაზგასმული იყო, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვან პარტნიორებად განიხილავს ლათინური ამერიკის ქვეყნებს და აცხადებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს მათ ჩართვას ისეთ მნიშვნელოვან პროცესებში, როგორებიცაა: კლიმატის ცვლილება, ენერგეტიკული პოლიტიკა, თავდაცვის სფერო, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარება და სხვ.

აღსანიშნავია, რომ პოლონური დიასპორა (ე.წ „პოლონია“) რეგიონში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დაახლოებით 2 მილიონი პოლონური წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს ლათინურ ამერიკაში, აქედან 80 000– ბრაზილიაში, 200 000 – არგენტინაში, 10 000 – მექსიკაში, 10 000 – პერუში, 12 000 – ურუგვაიში, 3 000 – კოლუმბიასა და 4 000 – ვენესუელაში. ეთნიკურად პოლონელები არაერთხელ ყოფილან წამყვან პოზიციებზე და აქტიური მონაწილეობა მიუღიათ ლათინური სახელმწიფოების დემოკრატიულად განვითარებაში. მათ შორის იყვნენ: ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი – ენრიკე კაპრილეს რადონსკი; სერვანტესის ლიტერატურული პრემიის უკანასკნელი ლაურეატი – ელენა პონიატოვსკა; ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე – რიკარდო ლევანდოვსკი და თეორი ზავასკი და სხვ.

ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ პოლონეთი აქტიურად ცდილობს გაზარდოს ორგანიზაციის პოპულარობა, რაც ხელს უწყობს ევროპული ღირებულებების გავრცელებას. პოლონეთის პერსპექტივიდან, ამ ორმხრივ თანამშრომლობაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებისა და თავისუფალი ბაზრების გამოყენებაა.

სავაჭრო ურთიერთობები სამხრეთ ამერიკასთან სათავეს იღებს 2000 წლიდან, თუმცა, 2005 წლიდან გადადის სრულიად სხვა საფეხურზე; 2012 წლისთვის რეგიონში პოლონეთის ექსპორტის მაჩვენებელი 18%–ს შეადგენდა. პარალელურად, იზრდებოდა უცხოური ინვესტიციების რიცხვი ბრაზილიაში, მექსიკაში, არგენტინასა და ჩილეში.

გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა კიდევ უფრო გაზარდა ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი თითქოს „შორდებოდა“ ევროპას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კვლავ არაპროპორციულად იყო მიმართული ევროკავშირისკენ (დაახლ. 70%) და ლათინური ამერიკის რეგიონში მხოლოდ 1,7%–ს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა პროდუქტიულობის გაზრდას, სახელმწიფო შესყიდვების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობასა და კულტურული მსგავსების საფუძველზე ურთიერთობების გაღრმავებას.

თავის მხრივ, პოლონეთშიც ხორციელდება ლათინოამერიკული ინვესტიციები, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. მნიშვნელოვანი აქტორები არიან: მექსიკური კომპანიები (ავტოინდუსტრიის ფირმები: “Katcon”, “Nemak”; სამშენებლო მასალები- “Cemex”), არგენტინული ფირმები ( ფარმაცევტული ინდუსტრიიდან) და ბრაზილიური კომპანიები ( მაგ: Stefanini IT Solutions).

მომავალში კვლავ იგეგმება ვაჭრობისა და ურთიერთთანამშრმობლობის გაღრმავება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: აგროკულტურა, ჯანდაცვა, მშენებლობა, სამთომოპოვებითი სამუშაოები, ტექნოლოგია, თავდაცვა და სხვ.

როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, პოლონეთისთვის ლათინური ამერიკის რეგიონის ზოგიერთი სახელმწიფო უფრო მიმზიდველია, ვიდრე სხვები. ბრაზილია თავისი დიდი შიდა ბაზრით პოლონური ექსპორტის დანიშნულების ადგილს წარმოადგენს. ასევეა მექსიკა, რომელიც პოლონური საქონლის მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა. მათ შორის ყველაზე წარმატებული ჩილეა, რომელიც ყურადღებას ლიბერალური და „ბიზნესმეგობრული“ გარემოთი იპყრობს.

მნიშვნელოვანია კულტურული ინტეგრაციის პროცესიც. დიპლომატიური კორპუსი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა აქტივობაში– რეგულარულად ხდება პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების, ხელოვნების, მუსიკის, თეატრისა და კინოს პოპულარიზაცია; ორგანიზებას უწევენ სასწავლო ტურებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არგენტინიდან, ბოლივიიდან, ჩილედან, კუბადან, ეკვადორიდან, ურუგვაიდან პოლონეთს სტუმრობენ და ეწევიან სხვადასხვა კვლევით საქმიანობებს.

სახელმწიფოებს შორის ტურიზმის ხელშეწყობისთვის გაფორმებული ხელშეკრულებებისა (რომლებიც ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლას მექსიკასთან, ბრაზილიასთან, ჩილესთან, კოსტა–რიკასთან, პანამასა და ჰონდურასთან) და მექსიკასა და პერუსთან ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების მიუხედავად, ქვეყანაში ვიზიტების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, რაც სხვადასხვა ფაქტორთან არის დაკავშირებული.

პოლონეთსა და ლათინური ამერიკის სახელმწიფოებს ოპტიმალური თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა უშლის ხელს.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია არაინფორმირებულობა და არაინტენსიური ორმხრივი ვიზიტები. პოლონეთს არ აქვს შემუშავებული ერთი კონკრეტული სტრატეგია, რომლის მიხედვითაც აწარმოებდა თანმიმდევრულ პოლიტიკას ლათინური ამერიკის რეგიონში, რის გამოც მხარეების დაინტერესება კიდევ უფრო კომპლექსურ საკითხად რჩება.

მეორე- სამხრეთ ამერიკის რეგიონში არსებული არალიბერალური ბაზრისა და სავაჭრო ბარიერების, კომპლექსური რეგულაციებისა და გადაჭარბებული ბიუროკრატიული ქსელის არსებობა, რაც ზღუდავს უცხოური ინვესტიციების შემოდინებას.

ინტენსიური პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისები, დღევანდელი ეპიდსიტუაცია და სხვა რიგი გამოწვევები აფერხებს ორმხრივი ურთიერთობების სხვაგვარად განვითარებას, თუმცა ლათინური ამერიკა პოლონეთში მაინც დიდი სიმპათიით სარგებლობს. მოსალოდნელია, რომ მდგომარეობის დასტაბილურების პარალელურად, სახელმწიფოები გადავლენ თანამშრომბლობის ახალ ეტაპზე და წარსული გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავებენ ახალ სტრატეგიულ პოლიტიკას.

ანა მიქაია
უმცროსი მკვლევარი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s