
1992-1994 წლები ყარაბაღის პირველი ომისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა – ოფიციალური ერევნისა და კრემლის მიერ ზურგგამაგრებულმა ყარაბაღის სომხურმა სამხედრო ნაწილებმა მოახერხეს და დაიკავეს არა მხოლოდ ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი, არამედ მომიჯნავე შვიდი აზერბაიჯანული რაიონიც კი. ამით სომეხი სეპარატისტები ცდილობდნენ, შეექმნათ ერთგვარი გასამხედროებული ბუფერული ზონა ყარაბაღის ირგვლივ და ფრონტის ხაზი, ე.წ. „კონტაქტის ხაზი“, დასახლებული ქალაქებიდან რაც შეიძლება მოშორებით, აზერბაიჯანის სიღრმეში გადაეტანათ. გამარჯვებულმა ყარაბაღელმა სომხებმა არწახის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, რომელიც სომხური რუკების აბსოლუტურ უმრავლესობაში ერთიანი სომხეთის შემადგენლობაში შედის.
ყარაბაღში დაპირისპირება საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებამდე, 1919-1920 წლებშიც მიმდინარეობდა. მაშინ სომხეთი და აზერბაიჯანი ნახიჩევანის მხარის, სიუნიკის რაიონისა და მთიანი ყარაბაღის ტერიტორიებისთვის დავობდნენ, თუმცა მათ შორის მოალაპარაკებები წარმატებით არ დასრულებულა. გასაბჭოების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ პრინციპით დაყავი და იბატონე ნახიჩევანის მხარე აზერბაიჯანს გადასცა, სიუნიკი – სომხეთს, ხოლო მთიანი ყარაბაღის სტატუსზე გადაწყვეტილება რამდენჯერმე შეცვალა და საბოლოოდ, აზერბაიჯანის შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შექმნის დაპირებით დატოვა, თუმცა ისე, რომ ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრები არ გამიჯვნოდა დანარჩენ სომხეთს, ანუ მთლიანად აზერბაიჯანული რაიონებით ყოფილიყო შემოსაზღვრული.
დაპირისპირება ადგილობრივ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ყარაბაღის ავტონომიურ რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის დროსაც გაგრძელდა და ინტენსიურ ფაზაში 1980-იანი წლების მეორე ნახევარში შევიდა, რაც გორბაჩოვის მიერ გამოცხადებულ პერესტროიკისა და გლასნოსტის რეფორმებს დაემთხვა. რესპუბლიკის მთვრობამ 1988 წელს სომხეთთან მიერთების სურვილი გამოთქვა, რაზეც უარი მიიღო. თავად საბჭოთა კავშირის მხრიდანაც არ იყო პოზიტიური დამოკიდებულება სომეხთა მოთხოვნებთან მიმართებით, რამაც აზერბაიჯანელთა პოზიციები გაამყარა, თუმცა სომხურ ნაციონალიზმს შეუწყო ხელი. დემონსტრაციები იმართებოდა როგორც ყარაბაღის დედაქალაქ ხანკენდში (სომხ. სტეფანაკერტში), ისე ერევანში. სომხეთის ქალაქ სპიტაკში მომხდარი მიწისძვრის მიუხედავად, სადაც 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სომეხი ნაციონალისტები ნომერ პირველ ამოცანად მაინც ყარაბაღის პრობლემის თავიანთ სასარგებლოდ გადაწვეტას ასახელებდნენ. ორივე მხარემ დაიწყო შეიარაღების მომზადება და ეთნიკური ნიშნებით შევიწროება. მეტიც, სამხრეთ კავკასიაში ბაზირებულ საბჭოთა არმიასა და პოლიციის შიგნითაც კი გაჩნდა დაპირისპირების წყაროები, თუმცა სრულმასშტაბიან ომამდე საქმე მხოლოდ 1992 წელს მივიდა. ერევნისა და კრემლისგან ზურგგამაგრებულმა სომხურმა სეპარატისტულმა მოძრაობამ შეძლო და დაიკავა როგორც ყარაბაღი და სომხეთთან დამაკავშირებელი ძირითადი სატრანსპორტო დერეფანი ლიჩინის გავლით, ასევე დანარჩენი შვიდი აზერბაიჯანული რაიონიც, რასაც ეთნიკური წმენდა და სოფლების ნასახლარებად ქცევა მოჰყვა.
კრემლს სომხეთისთვის მხარი შემთხვევით არ დაუჭერია. რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მოკავშირეს ეძებდა. აზერბაიჯანის პოლიტიკური ელიტა პანთურანული (პანთურქიზმი) განწყობებისა იყო, რომელთაც ყარაბაღის კრიზისის დაწყების შემდეგ პირველ პრეზიდენტად აბულფაზ ელჩიბეი აირჩიეს, რომელიც ნაციონალისტი იყო და თურქეთთან დაახლოების სურვილი ჰქონდა. სომხები კი, რომლებიც ომისთვის იარაღსა და მოკავშირეს ეძებდნენ, სწრაფადვე მიეტმასნენ რუსეთს, რომელმაც მათ დიდი რაოდენობის იარაღი, ინფორმაცია და ტექნოლოგია გადასცა. რუსეთის მხარდაჭერა ომში კრიტიკული აღმოჩნდა. უკეთ შეიარაღებული, ორგანიზებული და კონსოლიდირებული ყარბაღის სომხურმა არმიამ ღრმად წაიწია აზერბაიჯანის სიღრმეებში, რასაც ელჩიბეის მთავრობის დამხობა, ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებაში მოსვლა და მალევე, ცეცხლის შეწყვეტა მოჰყვა. ომის შემდგომ აზერბაიჯანში ამ წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომების გადააზრება დაიწყო. კორუფცია, არაპროფესიონალიზმი, ორგანიზების არარსებობა და შიდაპოლიტიკური ქაოსი მიზეზი გახდა 800 ათასამდე დევნილის არსებობისა და ასევე იმისა , რომ აზერბაიჯანს ყარაბაღის გარდა კიდევ შვიდი ოკუპირებული რაიონი ჰქონდა. ერთ-ერთი უმთავრესი სისუსტე აზერბაიჯანის არმიაში არსებული ტექნოლოგიური და სამხედრო ცოდნის შედარებითი სიმწირე გახლდათ. სწორედ ამიტომ, ილჰამ ალიევის მთავრობამ არმიის მოდერნიზება და გაწვრთნა ერთ-ერთ ნომერ პირველ ამოცანად დაისახა, რაშიც მას თურქეთი ეხმარებოდა ინტენსიურად, როგორც ერთიანი საბრძოლო წვრთნების, სასწავლო ცენტრების გახსნისა და ინფორმაციის მიმოცვლის, ისე შეიარაღების გადაცემის გზით. თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერობა ახალ დონეზე ავიდა, როდესაც შექმნა კონცეფცია – „ერთი ერი ორ სახელმწიფოში“. აღნიშნული მიდგომა გამოხატავს თურქეთის მხრიდან ნებას, დაეხმაროს აზერბაიჯანს, როგორც უმთავრეს მოკავშირე სახელმწიფოს.
2016 წლის აპრილში ყარაბაღში შეტაკებები ოთხი დღით განახლდა. მიუხედავად აზერბაიჯანის უპირატესობისა და მათ მიერ 8000 ჰექტარი მიწის დაბრუნებისა, გარდამტეხი უპირატესობა აზერბაიჯანმა ვერ მოიპოვა. სტატუს-კვოს შენარჩუნება ,პირველ რიგში, აზერბაიჯანისათვის იყო მიუღებელი. მინსკში მოლაპარაკებები რეალურ შედეგს არ იღებდა.
2018 წელს სომხეთის ხელისუფლება შეიცვალა. პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი გახდა, რომელსაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სტაგნაციის ცვლილება სურდა. იგი ყარაბაღთან მიმართებითაც განიხილავდა გარკვეულ ცვლილებებს, თუმცა კრიზისის გადაჭრის ერთ-ერთ გზად ყარაბაღის ანექსიას, ანუ დანარჩენ სომხეთთან მიერთებას განიხილავდა. პოზიტიური მოლოდინები კიდევ უფრო გაქარწყლდა 2020 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც პრეზიდენტი ალიევი და პრემიერი ფაშინიანი ერთმანეთს შეხვდნენ. ფაშინიანმა თავისი წინამორბედების კურსის გაგრძელება გადაწყვიტა. მათი თქმით, ყარაბაღი ისტორიული სომხეთის განუყოფელი ნაწილია, სადაც სომხები ათასწლეულებია ცხოვრობენ. საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო საზოგადოება და ზოგადად, საერთაშორისო წესრიგი ნაკლებად ცნობს ისტორიას, როგორც საერთაშორისო დავების გადაჭრის წყაროს. ლოგიკა მარტივია, თუკი ისტორია გახდება წყარო საერთაშორისო წესრიგის ხელახლა დამყარებისა, მაშინ მოგვიწევს, ვიპოვოთ დროითი ათვლის წერტილი, საიდანაც ისტორიული დავების წარმოება სწორი იქნება. ეს კი პანდორას ყუთივით გახსნის ტერიტორიულ დავებს მთელს მსოფლიოში. პრემიერმა ფაშინიანმა მიუნხენის კონფერენციაზე მეფე ტიგრან მეორეს (ძვ. წ. 95-55) დრო ახსენა და თქვა, რომ იმ პერიოდისათვის აზერბაიჯანელები საერთოდ არ ცხოვრობდნენ სამხრეთ კავკასიაშიო. მაგრამ თუკი ყარა-ყოიუნლუს (მე-15 საუკუნე) პერიოდსა და შემდგომ რამდენიმე ათწლეულს ავიღებთ, ერევანი თურქულენოვანი ხალხების ერთ-ერთი ცენტრი იყო. შესაბამისად, დავა ისტორიული წარსულიდან გამომდინარე ნაკლებად მისაღები და შესაძლოა, საკმაოდ საშიშიც კი აღმოჩნდეს.
2020 წელი კრიზისული წელიწადია იმითიც, რომ კორონავირუსის ფონზე მსოფლიო ეკონომიკის დიდი ნაწილი სტაგნაციაში შევიდა, ნაწილი კი რეცესიაში გადავიდა. ასე დაემართა სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკასაც. კრიზისის გაღრმავებას კი ორმა ფაქტმა შეუწყო ხელი: სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე (და არა უშალოდ ყარაბაღსა და მის სადავო ტერიტორიებზე) შეტაკებები მოხდა, რამაც ოთხი დღე გასტანა. ამას მოჰყვა დიდი სახალხო დემონსტრაციები ბაქოში; მოსახლეობა ყარაბაღის პრობლემის ნებისმიერი გზებით გადაჭრას ითხოვდა.
2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღის მიმართულებით სახელმწიფო კონტროლის აღდგენა დაიწყო. საბრძოლო მოქმედებების პირველივე დღიდან აზერბაიჯანმა თურქული წარმოების ბაირაკტარ TB2-ის (Bayraktar TB2) ტიპის დრონების გამოყენება დაიწყო, რომელიც რთული სამიზნეების აღმოჩენა-განადგურებისათვის გამოიყენება. დრონი დიდი სიზუსტით გამოირჩევა, ადვილად სამართავია და ძალიან ძნელად აღმოსაჩენი. TB2 2014 წლიდან წარმოებს და თურქულ არმიაში დიდი რაოდენობითაა თავმოყრილი. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელებმა მათი შესყიდვა და ტექნოლოგიური ცოდნის მიღება შეძლეს, ცაში აშკარა დომინაციას მიაღწიეს, რამაც ე.წ. „კონტაქტის ხაზის“ გარღვევასა და ყარაბაღის სამხრეთითა და ჩრდილოეთით რიგი რაიონების დაკავებას შეუწყო ხელი.
ამასობაში კი სომხეთი თავისივე გამარჯვების ტყვეობაში აღმოჩნდა. ოფიციალურ ერევანს არ მიუერთებია ყარაბაღი. თუკი სომხეთი მოახდენდა ტერიტორიულ ანექსიას, მაშინ იგი საერთაშორისო სანქციების ქვეშ აღმოჩნდებოდა და საგარეო მხარდაჭერა სრულად აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაიხრებოდა. გამარჯვებული სომხეთი იძულებული გახდა, დაჰყოლოდა რუსეთისა და კრემლის განწყობებს. თუკი იარსებდა კრემლის მხრიდან აზერბაიჯანის დაფრთხობის მზაობა, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა სტატუს-კვოს კიდევ უფრო ხანგრძლივად არსებობა, მაგრამ რუსეთის პოლიტიკური ელიტის განწობებზე საგარეო პოლიტიკური ინტერესების ჩამოკიდება ძალიან ძვირი დაუჯდა სომხეთს. მათი კიდევ ერთი პრობლემა გადაჭარბებული თავდაჯერებულობა იყო. არ უშვებდნენ, რომ აზერბაიჯანი ან გაბედავდა სრულმასშტაბიანი ოპერაციის წამოწყებას, ან თუკი გაბედავდა, წარმატებას მიაღწევდა. შესაბამისად, ე.წ. „დამოუკიდებელი არწახის რესპუბლიკა“ ბუნებრივად აღმოჩნდა სამართლებრივ, პოლიტიკურ და სამხედრო ბურუსში. ამ მოცემულობით, სომხეთის მხრიდან ნებისმიერი საბრძლო ოპერაცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ უკანონო და არალეგიტიმურია. თუკი დადასტურდა აზერბაიჯანის სამოქალაქო ობიექტებზე სომხეთის ტერიტორიიდან თავდასხმა, ეს შეიძლება საერთაშორისო სასამართლოში საქმეების აღძვრის საფუძველიც კი გახდეს.
რელიეფებიდან, საერთაშორისო ზეწოლიდან და 25 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში აშენებული თავდაცვის ზღუდეების გამაგრებიდან გამომდინარე, რთული სათქმელია, რამდენად მოახერხებს აზერბაიჯანი, მოიპოვოს სრული კონტროლი მთელ მთიან ყარაბაღზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში აშკარა უპირატესობა აზერბაიჯანის მხარესაა და სამხედრო ინიციატივაც მის ხელშია, ჯერჯერობით სამხრეთ კავკასიაში არც ერთი კონფლიქტი, რომელიც რუსეთის მხრიდან იქნა ინიცირებული ან ზურგგამაგრეული, არ გადაჭრილა და არც ტერიტორიული კონტროლის სტატუს-კვო შეცვლილა ოფიციალურად აღიარებული ქვეყნების სასარგებლოდ. შესაძლოა, პირველი პრეცედენტი სწორედ ყარაბაღთან მიმართებით შეიქმნას. მიუხედავად საბოლოო შედეგის ბუნდოვანებისა, უკვე ერთი რამ ნათელია: სომხეთი არ აღმოჩნდა მზად თანამედროვე ომისათვის. დრონების გამოყენებამ აშკარად აჩვენა შედარებითი უპირატესობა მოძველებულ საბრძოლო ტექნიკასთან მიმართებით, მაგრამ მოწმენდილი საფრენი ცის პირობებში შესაძლოა, რამდენიმე დღეში სრულად განადგურდეს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ სამომავლო ომები სწორედ ახალი ტექნოლოგიებით წარიმართება და პოლიტიკურად რთულ რეგიონში მყოფი ქვეყნები მილიტარიზაციის ახალ ეტაპზე გადავლენ.
გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი