ამერიკის შეერთებული შტატების პირველი საპრეზიდენტო დებატების ანალიზი: ზესახელმწიფო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში

„ეროვნული სირცხვილი“, „დაპირისპირება ჭაობში“, „ქაოტური“, „ბავშვური“, „სასტიკი“ – ეს იმ ეპითეტების არასრული ჩამონათვალია, რომლებითაც გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემებმა გასულ ოთხშაბათს ჩატარებული აშშ-ის პირველი საპრეზიდენტო დებატი შეამკეს. იტალიური La Repubblica-ს ერთ-ერთი მიმომხილველი უფრო შორსაც წავიდა და განაცხადა, რომ ამერიკული პოლიტიკა ჭაობში ასე ღრმად არასდროს ჩაფლულა. ამ შეფასებებს ერთი რამ აერთიანებდა – თითოეული მათგანი განსაკუთრებულ ყურადღებას საპრეზიდენტო კანდიდატთა პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაზე ამახვილებდა. თუ უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე პოლიტიკოსები ძირითადად საკუთარ პროგრამასა და ამომრჩეველთან უშუალო კომუნიკაციაზე ფოკუსირდებოდნენ, დღესდღეობით მათი ძირითადი მიზანი ერთმანეთის პიროვნული შეურაცხჰყოფა გახდა. ამერიკის პოლიტიკური კულტურის შესუსტება ქვეყანაში გამეფებული ტოტალური პოლარიზაციის შედეგია. საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ აშშ-ში ასეთი უკიდურესად პოლარიზებული წინასაარჩევნო გარემო უკვე რამდენიმე ათწლეულია აღარ ყოფილა. პოლარიზაციას ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც COVID-19-ის უკონტროლო გავრცელებამ კიდევ უფრო დაამძიმა. ოჰაიოს უნივერსიტეტში ჩატარებულ პირველ საპრეზიდენტო დებატს FOX NEWS-ის წამყვანი კრის უოლასი უძღვებოდა. ამ უკანასკნელმა  დებატის ფორმატი გასული კვირის ბოლოს დააანონსა – ტრამპსა და ბაიდენს ექვს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე სამსჯელოდ ჯამში 1.5 საათი (თითო საკითხზე 15 წუთი) მიეცათ. მოკლედ განვიხილოთ დებატების მიმდინარეობა და  კანდიდატთა შეხედულება თითოეულ მნიშვნელოვან თემაზე.

არჩევნების უსაფრთხოება – დღესდღეობითერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მომავალი არჩევნების ლეგიტიმაციაა. პანდემიისგან გამოწვეული საფრთხის გამო გადაწყდა, რომ 3 ნოემბრის არჩევნები  ე.წ. “mail-voting” (კენჭისყრა ფოსტის საშუალებით) ფორმატით გაიმართება. დონალდ ტრამპის აზრით, კენჭისყრის ზემოხსენებული ფორმა უდიდეს რისკებთანაა დაკავშირებული, რადგან ხმების დათვლამდე საარჩევნო ყუთები რამდენიმე საათის განმავლობაში დაუცველი იქნება, ამ პერიოდში კი მისი გაყალბება ძალიან მარტივია. თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა ფოსტის მეშვეობით კენჭისყრას სრული ნდობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ის არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ არცერთ შემთხვევაში არ დააყენებს. ამასთან, მან ისაუბრა 2018 წლის შუალედურ არჩევნებზე, როდესაც სენატორებისა და წარმომადგენელთა პალატის დეპუტატების ნაწილი ფოსტის საშუალებით ოცდათერთმეტმა მილიონმა ამერიკელმა მოქალაქემ აირჩია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ტრამპის მიზანია მოახლოებული არჩევნების დისკრედიტაცია და არაა გამორიცხული, რომ დამარცხების შემთხვევაში მან ძალაუფლების მშვიდობიან ტრანზიციაზე უარი თქვას, რასაც ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაწილი ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამს.

ჯანდაცვა – ჩვეულებრივ, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების საკითხი, ეკონომიკასთან ერთად, ამომრჩეველთა აზრის ფორმირებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. დებატის მიმდინარეობისას ბაიდენმა ტრამპი ობამაქეარის მიზანმიმართულად განადგურებაში დაადანაშაულა, რამაც, ყოფილი ვიცეპრეზიდენტის შეფასებით, ჯანდაცვაზე წვდომა დაახლოებით 20 მილიონ ამერიკელს შეუზღუდა. საპასუხოდ, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ნარატივი, რომ ობამაქეარი სრულიად უსარგებლო პროგრამაა და ბაიდენს ბრალი უკიდურესად მემარცხენე შეხედულებების გაზიარებაში დასდო.

კორონავირუსი – როგორც მოსალოდნელი იყო, ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა კაპიტალიზაცია ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობითა (7 მილიონი ადამიანი) და გარდაცვლილთა რიცხვზე (210 000 ადამიანი) აპელირებით სცადა. მისი შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაციამ კორონავირუსთან სწრაფად და ეფექტურად გამკლავება ვერ მოახერხა, რამაც ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო. ტრამპმა ოპონენტს ბრალი დასდო მშრალი სტატისტიკის გამოყენებაში და მოიშველია ქვეყნის წამყვანი ეპიდემიოლოგის, დოქტორი ფაუჩის შეფასება, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში ბრწყინვალეა. გარდა ამისა, ტრამპის განცხადებით, ბაიდენი ვერ გაუმკლავდა ღორის გრიპით გამოწვეულ ჯანდაცვის კრიზისს 2011 წელს, რასაც ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა არარელევანტური შედარება უწოდა, რადგან ღორის გრიპმა მხოლოდ 14 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რაც COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობაზე 15-ჯერ ნაკლებია. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ჯანდაცვისა და კორონავირუსის საკითხებზე ბაიდენი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე მოქმედი პრეზიდენტი.

ეკონომიკა – დებატების საწყის ეტაპზევე გამოიკვეთა, რომ ტრამპი ამომრჩევლის გულის მოგებას, ძირითადად, ეკონომიკურ შედეგებზე კაპიტალიზაციით შეეცდებოდა. მისი შეფასებით, პანდემიამდე მან მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა შექმნა. საპასუხოდ, ბაიდენმა განაცხადა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მხოლოდ მდიდარი ადამიანებისთვის გაუმჯობესდა,  საშუალო და დაბალ ფენებში კი მდგომარეობა მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდა. ტრამპმა საკმაოდ არადამაჯერებლად უპასუხა გადასახადების დამალვის ბრალდებას. The New York Times-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა გასული ათწლეულების მანძილზე ასეულობით მილიონი დოლარის გადასახადი დამალა. კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, მოქმედმა პრეზიდენტმა კორუფციის საკითხის გადატანა ყოფილი ვიცეპრეზიდენტის შვილზე – ჰანთერ ბაიდენზე სცადა, რომელმაც,  ტრამპის თქმით,  რუსული კომპანიებისგან გაურკვეველი წარმომავლობის 3.5 მილიონი დოლარი მიიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, ეკონომიკაზე საუბრისას ტრამპი ბევრად უფრო დამაჯერებელი იყო, ვიდრე დანარჩენ საკითხებზე.

რასობრივი უთანასწორობა – დებატებზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცა რასობრივი უთანასწორობის საკითხს. ბაიდენის აზრით, აშშ-ის ქუჩებში ძალადობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი სისტემური რასიზმია, რასაც ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში ფესვები მყარად აქვს გადგმული, მის აღმოსაფხვრელად კი  სისტემის დაუყოვნებლივ ტრანსფორმაციაა  საჭირო. ტრამპი ორიენტირებას კანონიერებასა და სამართლიანობაზე ცდილობდა. მისი აზრით, სამოქალაქო დაპირისპირების უკან რადიკალური მემარცხენე ჯგუფები, მათ შორის, BLM (Black Lives Matter) და Antifa დგას. მოდერატორის საკმაოდ მწვავე შეკითხვაზე, მზად არის თუ არა პრეზიდენტი, მემარცხენე ორგანიზაციების მსგავსად, თეთრი რასის უპირატესობის მქადაგებელი ჯგუფები (White Supremacists) დაგმოს, ტრამპმა განაცხადა, რომ სიტუაციას მხოლოდ მემარცხენე ჯგუფები აფუჭებენ. იმის ფონზე, რომ ტრამპის ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაწილი საკუთარ თავს „ამაყი თეთრი რასის“ წარმომადგენლად მიიჩნევს, ეს სულაც არაა გასაკვირი.

კლიმატის ცვლილება – დებატების ბოლო ნაწილი ინვაირონმენტალისტურ საკითხებს დაეთმო. ტრამპმა აღიარა მწვავე გლობალური ეკოლოგიური პრობლემების არსებობა, თუმცა, მისი აზრით, მემარცხენეების მიერ შემოთავაზებული გეგმა (Green New Deal) არაეფექტურია ორი ძირითადი მიზეზის გამო: 1. არასაკმარისი ფინანსური რესურსები – პროექტი კაცობრიობას მომავალი ათწლეულის მანძილზე 100 ტრილიონი აშშ დოლარი დაუჯდება, ამ თანხას კი, მისი შეფასებით, კაცობრიობა მომავალი საუკუნის მანძილზე ვერ გამოიმუშავებს; 2. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლამ არ უნდა შეიწიროს ეროვნული ეკონომიკის დღის წესრიგი. რაც შეეხება ბაიდენს, ისიც გაემიჯნა „ახალ მწვანე გეგმას“ და აღნიშნა, რომ კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა აშშ-მა გაიაზროს საკუთარი გლობალური პასუხისმგებლობა, ხელახლა შეუერთდეს პარიზის კლიმატური ცვლილების შეთანხმებას და აქტიურად დაიწყოს ეკოლოგიურად სუფთა, განახლებად ენერგიაზე გადასვლა, რაც ხელს შეუწყობს კარბონის ემისიის შემცირებას და მილიონობით ახალ სამუშაო ადგილსაც შექმნის.

მოდერატორის ბოლო კითხვაზე, თუ რატომ უნდა აირჩიოს ამერიკელმა ხალხმა ტრამპი პრეზიდენტად, ტრამპმა საკუთარ მიღწევებზე საუბრისას განსაკუთრებით ორი რამ გამოყო 1. მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის შექმნა; 2. სამხედრო გადაიარაღების რეფორმა. რაც შეეხება ბაიდენს, მან განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა დასუსტდა და გაღარიბდა.  თავისი ვიცეპრეზიდენტობისას კი ქვეყანა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური რეცესიიდან ამოვიდა, ასევე ამ პერიოდში, დღევანდელთან შედარებით,  15%-ით ნაკლები ძალადობა იყო.

დონალდ ტრამპმა დებატების ძირითად სტრატეგიად მეტოქისთვის ყველა შესაძლო საშუალებით ხელის შეშლა აირჩია. ტრამპის კამპანია აქტიურად საუბრობდა ბაიდენის გონებრივ გაფანტულობაზე და აცხადებდა, რომ ყოფილ ვიცეპრეზიდენტს აზრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ამიტომ, კამპანიის ხელმძღვანელთა რჩევით, ტრამპი მეტოქის დასაბნევად მუდმივად ეჭრებოდა საუბარში  და ასე უშლიდა მას ხელს. ბაიდენი ცდილობდა, ტრამპს თამაშში არ აჰყოლოდა და სიმშვიდე შეენარჩუნებინა, თუმცა რამდენჯერმე წყობიდან მაინც გამოვიდა და მოქმედ პრეზიდენტს ჯერ კლოუნი, ხოლო შემდეგ ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდი ლიდერი უწოდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ ტრამპი, ძირითადად, კონცენტრირებული იყო მეტოქეზე, ბაიდენი ,ძირითადად, კამერას უყურებდა და ცდილობდა, უშუალოდ ამომრჩევლისთვის მიემართა. ამ სტრატეგიამ გარკვეულწილად შედეგი გამოიღო.

CNN-ის გამოკითხით, ყოველი 10-დან 6 ადამიანის აზრით, დებატები ბაიდენმა მოიგო (ტრამპი10-დან 3). CBSNEWS-ის მიერ ჩატარებული კვლევის მონაწილეთა 58% თვლის, რომ სცენაზე ბაიდენი უკეთ გამოიყურებოდა (ტრამპი 41%). რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგს, ბაიდენი ჯერჯერობით აქაც ლიდერობს. სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, ამერიკის მოქალაქეების 51% მის საქმიანობას დადებითად აფასებს, მაშინ, როდესაც ტრამპის რეიტინგი მხოლოდ 44%-ია. შვიდ პუნქტიანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად მოქმედმა პრეზიდენტმა მომავალ ორ საპრეზიდენტო დებატებში ყოფილი ვიცეპრეზიდენტი დამაჯერებლად უნდა დაამარცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი წინასაარჩევნო შანსები მკვეთრად შემცირდება.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s