
საბჭოთა კავშირის დანგრევისა და ცივი ომის დასრულების შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპაც მოიცვა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, პოლონეთმა ის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მნიშვნელობა დაიბრუნა დასავლური სამყაროსთვის, რაც მას სოციალისტურ ბლოკში იძულებით გაწევრიანებამდე გააჩნდა. ჯორჯ ბუში უმცროსით დაწყებული, აშშ-ის ყველა ადმინისტრაცია პოლონეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობდა, თუმცა, საერთაშორისო პოლიტიკის გავლენიანი ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ პოლონურ-ამერიკულმა ურთიერთობებმა განვითარების უმაღლეს მწვერვალს მოქმედი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის მმართველობისას მიაღწია. თეთრი სახლის წინა ხელმძღვანელებისგან განსხვავებით, ტრამპმა შეიმუშავა ე.წ. „ქვეყანაზე მორგებული მიდგომა“ (“Country Tailored Approach”), რაც გულისხმობს არა რეგიონულ ორგანიზაციებთან (“One Size Fits All Approach”), არამედ ცალკეულ სახელმწიფოებთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებას. ტრამპის ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება პოლონეთია. მისი თანამდებობაზე ყოფნის სამნახევარი წლის განმავლობაში პოლონურ-ამერიკული ურთიერთობები ახალ საფეხურზე ავიდა. სტატიაში შევეცდები განვიხილო ის ძირითადი ფაქტორები, რამაც გამოიწვია აშშ-ის მიერ პოლიტიკურად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოს მიმართ დაინტერესება და შედეგად მტკიცე, თანმიმდევრული ევროპული პოლიტიკის გატარება.
ვაჭრობა და ეკონომიკა: ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთისთვის მეცხრე უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და მეოთხე იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროპული კავშირის წევრები არ არიან (ჩინეთის, რუსეთის და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ). 2016 წლისთვის, პოლონეთის მიერ აშშ-ში გატანილი ექსპორტის რაოდენობა 3.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო აშშ-დან შემოსული იმპორტის რაოდენობა, იმავე წელს 5.9 მილიარდი დოლარი იყო. ეს სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2017-2019 წლებში. 2019 წელს პოლონეთის მიერ აშშ-ში გატანილი ექსპორტის რაოდენობა ჯამურად 8.04 მილიარდ დოლარს გაუტოლდა (225%-იანი ზრდა 2016 წელთან შედარებით), ხოლო შტატებიდან შემოსული იმპორტული საქონლის რაოდენობა უმნიშვნელოდ გაიზარდა (6 მილიარდი აშშ დოლარი). უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, პოლონეთმა შეძლო და ვაშინგტონთან სავაჭრო ურთიერთობების დინამიკა ფუნდამენტურად შეცვალა. თუ 2016 წელს აშშ-ს პოლონეთთან დადებითი სავაჭრო სალდო (2.3 მილიარდი დოლარი) ჰქონდა, 2019 წელს ის სავაჭრო დეფიციტში გადაიზარდა (-2.4 მილიარდი დოლარი). ამის ძირითადი გამოწვევი მიზეზი გახდა, ერთი მხრივ, პოლონეთის ექსპორტზე ორიენტირებული სავაჭრო პოლიტიკა, ხოლო, მეორე მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების გაუარესებული სავაჭრო ურთიერთობები ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებთან.
უკანასკნელ წლებში პოლონეთი ამერიკული კომპანიებისთვის მიმზიდველი გახდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) დაბანდების კუთხით. 2019 წელს ამ უკანასკნელის ჯამურმა რაოდენობამ 13.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 161%-ით გაზრდილი რიცხვია. ამასთან, სავიზო პროგრამის მიღებასთან ერთად, მომავალში უფრო მეტი მოქალაქე ისარგებლებს პოლონეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურისტული ვიზიტის შესაძლებლობით. ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო სააგენტოს ცნობით, მომავალი სამი წლის მანძილზე ორივე ქვეყანა ტურიზმის სექტორიდან დამატებით 1 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს.
ენერგოუსაფრთხოება და ინფრასტრუქტურა: ტრამპის ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა „სამი ზღვის ინიციატივის“ მხარდაჭერა იყო. პროექტი მოიცავს 12 ქვეყანას, ერთმანეთთან აკავშირებს ბალტიის, შავ და ხმელთაშუა ზღვებს და მიზნად ისახავს ზემოხსენებულ გეოგრაფიულ სივრცეში სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული გარემოს განვითარებას. სწორედ ამიტომ აშშ-ის პრეზიდენტმა „სამი ზღვის ინიციატივას“ პოტენციურად მომგებიანი უწოდა და პროექტის განვითარების საქმეში მისი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.
სხვა მნიშვნელოვან მიზნებთან ერთად, „სამი ზღვის ინიციატივის“ ერთ-ერთი ფუნდამენტური გამოწვევა რუსეთის ფედერაციაზე ევროპული ქვეყნების ენერგოდამოკიდებულების ხარისხის შემცირებაა. 2018 წლის მონაცემებით, ევროპის კავშირის 40%-ს ბუნებრივი აირით სწორედ მოსკოვი ამარაგებდა. რუსეთის ექსპორტის 81% დასავლეთ ევროპაზე მოდის, თუმცა, გასათვალისწინებელია აღმოსავლეთ ევროპის ფაქტორიც. რუსეთის ძირითადი გეოპოლიტიკური მეტოქე – ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს ევროპული სახელმწიფოების კრიტიკული დამოკიდებულება რუსულ ენერგორესურსებზე. ოფიციალურმა ვარშავამ გასულ წელს გაზპრომზე დამოკიდებულება 6%-ით შეამცირა, თუმცა, პოლონეთის გაზმომარაგების დაახლოებით 2/3 ჯერ კიდევ რუსული კომპანიის ხელშია. ქვეყნის ხელმძღვანელობამ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შესამცირებლად ბოლო პერიოდში აშშ–სგან თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) შეძენა დაიწყო. წინასწარი გათვლებით, მომავალი 3 წლის განმავლობაში აშშ-დან შემოტანილი იმპორტული თხევადი გაზის რაოდენობა 4-ჯერ გაიზრდება.
ვარშავა და ვაშინგტონი ცდილობენ ხელი შეუშალონ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის განხორციელებას. პროექტი კიდევ უფრო გაზრდის რუსულ ენერგო რესურსებზე ევროპული ქვეყნების ისედაც კრიტიკულ დამოკიდებულებას. ვაშინგტონი სანქციებით ემუქრება ნებისმიერ სახელმწიფოსა თუ კერძო კომპანიას, რომელიც გაზპრომს გაზსადენის მშენებლობაში დაეხმარება. პოლონელები სრულიად იზიარებენ ამერიკელი პარტნიორების პათოსს, რადგან „ნორდსტრიმის“ დასრულება კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ.
თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში: თავდაცვისა და შეიარაღების სფეროში თანამშრომლობის კუთხით ნამდვილი გარღვევა 2019 წლის სექტემბერში მოხდა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხელი მოაწერეს ერთობლივ ხელშეკრულებას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმება ორ ფუნდამენტურ ცვლილებას გულისხმობდა: 1. პოლონეთში ამერიკული კონტინგენტის 1000 ჯარისკაცით გაზრდას (ჯამში 5500 სამხედრო); 2. პოლონეთის მიწაზე მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზის დაფუძნებას. გარდა ამისა, ვარშავა ისედაც მასპინძლობს ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების სამხედრო ბატალიონს, რომელიც დაახლოებით 1000-მდე სამხედრო მოსამსახურისგან შედგება.
თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ ერთი მიმართულება იარაღის შეძენა და წარმოებაა. 2020 წლის 31 იანვარს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ამერიკული მხარისგან 32 ერთეული F-35 ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლისა და დამატებითი ლოჯისტიკური პაკეტის შეძენის შესახებ. პოლონეთი და აშშ აქტიურად თანამშრომლობენ ნატოს ეგიდით გამართული ყოველწლიური სამხედრო წვრთნების მიმართულებითაც. 2020 წელს დაგეგმილი „Defender-2020” უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ყველაზე ფართომასშტაბიანი წვრთნები უნდა ყოფილიყო, თუმცა, კორონავირუსისგან გამოწვეული გლობალური კრიზისის ფონზე წვრთნებში მონაწილე სამხედროების დაგეგმილი რაოდენობა (მსოფლიოს 18 ქვეყნიდან 37 000-მდე ჯარისკაცი) მნიშვნელოვნად შემცირდა. აშკარაა, რომ პოლონეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ასეთი პროდუქტიული და რაც ყველაზე მთავარია, ამ ურთიერთობას აქვს განვითარების პოტენციალი.
დამატებითი საკითხები: ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულება ციფრული ტექნოლოგიებია. პოლონეთი შუერთდა ამერიკის შეერთებულ შტატებს მეხუთე თაობის უკაბელო ტელეკომუნიკაციების ქსელის მშენებლობაში. შედეგად, 2020 წლის მაისში პოლონეთმა ქვეყანის სხვადასხვა ქალაქში (მათ შორის ვარშავაში, გდანსკში, კატოვიცეში, ლოძში, პოზნანში, შეჩინსა და ვროცლავში) 5G-ის პირველი კომერციული პროექტი ჩაუშვა. წინასწარი გათვლების მიხედვით, 2021 წლისთვის ზემოხსენებული მეხუთე თაობის ინტერნეტით სარგებლობას ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი შეძლებს.
შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ პოლონურ-ამერიკული ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი პროდუქტიული, როგორიც მოქმედი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ამერიკის შეერთებულ შტატებს პოლონეთში 4 ძირითადი ინტერესი გააჩნია: 1. რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესება; 2. რუსული აგრესიისა და რევიზიონიზმის შეკავება; 3. პოლონური ეკონომიკის წახალისება; 4. აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილური და ერთგული მოკავშირის გაჩენა. პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება გვაფიქრებინებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის პოლონეთი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სხვადასხვა საფრთხეებთან და გამოწვევებთან გასამკლავებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთსა და აშშ-ს შორის მომავალში სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს.
გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.