
ევროკავშირი – ეს უნიკალური სტრუქტურა, რომელიც 27 წევრი სახელმწიფოსგან შედგება, დღესდღეობით არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. ეს გამოწვევები არსებობს როგორც გაერთიანების გარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე – მის შიგნით. მათ შორის თამამად შეგვიძლია დავაყენოთ უნგრეთი – ქვეყანა, რომელიც დღითი დღე შორდება ევროკავშირის მთავარ ღირებულებებს.
უნგრეთი ევროგაერთიანების წევრი 2004 წელს გახდა. სოციალისტურ ბანაკში მყოფი ქვეყანა 90-იანი წლების შემდგომ აქტიურად შეეცადა დაახლოებოდა ევროპას, რაც მის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას გულისხმობდა. უნგრეთის სათავეში მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „ფიდესის“ ლიდერის, ვიქტორ ორბანის დაბრუნებამ (2010 წ.) ამ ქვეყნისა და ევროკავშირის ურთიერთობას სხვა მიმართულება მისცა.
თანამედროვე უნგრეთი პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მეთაურობით უფრო და უფრო სცილდება დასავლეთს. „ფიდესის“ ლიდერი საკუთარი პოპულისტური პოლიტიკით აქტიურად ცდილობს უნგრელი საზოგადოებით მანიპულაციას. აღსანიშნავი ფაქტია, რომ რაც უფრო შორდება უნგრეთი ევროკავშირს, მით უფრო იკვეთება კავშირები მასსა და რუსეთს შორის. 2010 წლიდან დღემდე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად. ევროგაერთიანების პასუხი კი ამაზე ყოველთვის პრაგმატული იყო. თუმცა, როდესაც ნათელი გახდა ვიქტორ ორბანის პოლიტიკის მიზანი, ევროკავშირს სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ დაეწესებინა მკაცრი სანქციები „ორბანიზაციის“ შესაჩერებლად ან მინიმუმ, შესასუსტებლად.
მას შემდეგ, რაც 2018 წელს ვიქტორ ორბანის პარტია „უნგრეთის სამოქალაქო კავშირმა“ არჩევნებში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა, კიდევ უფრო გამყარდა მემარჯვენე-ცენტრისტი პრემიერმინისტრის პოზიციები ქვეყანაში. „ფიდესმა“ საკონსტიტუციო უმრავლესობა შეადგინა. ლიბერალური დემოკრატიის კრიზისის ჟამს ორბანი ცდილობს, საკუთარი იდეოლოგია წარმოაჩინოს როგორც ლიბერალური დემოკრატიის ალტერნატივა და ევროპის გადარჩენის ერთადერთი გზა.
აღიარებულია, რომ ლიბერალური მსოფლიოს და მათ შორის, ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მიგრანტებია. ამ კონტექსტში ვიქტორ ორბანის მთავრობა არასტანდარტული მოთამაშეა ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის.
ევროკავშირის სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა საიმიგრაციო კრიზისის დაძლევის ერთობლივი პოლიტიკა შეათანხმეს. უნგრეთის მთავრობა საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდის და მიიჩნევს, რომ მიგრანტების მოზღვავება გამოიწვევს ტრადიციული ევროპის გადაგვარებას, რამეთუ ევროპელ ხალხს სხვა ცხოვრების წესი, ტრადიციები და ღირებულებები გააჩნია. იმისათვის, რომ ორბანს თავისი ხალხისა და დანარჩები ევროპისთვის კარგად დაენახებინა მიგრანტების ევროპაში შეღწევით გამოწვეული პრობლემები, ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებულ უნგრეთის საელჩოებს დაავალა, შეეგროვებინათ მიგრანტების ქმედებების შესახებ ინფორმაცია და უნგრეთის მთავრობისთვის გადაეგზავნათ.
უფრო ადრე, ევროკავშირმა ორბანის მთავრობა დაავალდებულა, იტალიასა და საბერძნეთში განლაგებული მიგრანტთა ბანაკებიდან, სადაც ჭარბად არიან სირიელი, ერაყელი და ერითრიელი მიგრანტები, გარკვეული კვოტა გამოეყო უნგრეთში დასაბანაკებლად, თუმცა პრემიერმინისტრმა პრინციპული პოზიცია დაიჭირა და საკუთარი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად რეფერენდუმის შედეგები წარადგინა, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 98%-მა მიგრანტების მიღებაზე უარყოფითი პასუხი დააფიქსირა.
უნგრეთისა და ევროკავშირის დაპირისპირების ისტორია 2010 წლიდან იწყება, როდესაც პირველად შეექმნა საფრთხე თავისუფალ მედიას. კერძოდ, „ფედეშმა“ გააუქმა მედია მონოპოლიის საწინააღმდეგო ორგანო და შექმნა „მედია საბჭო“, რომლის მთავარი ფუნქციაა, გააკონტროლოს როგორც სახელმწიფო ტელევიზიები, ისე კერძო მედიასაშუალებები. ამ საბჭოს ხელმძღვანელს კი თავად პრემიერმინისტრი ნიშნავს. გარდა ამისა, ახალი კონსტიტუციით, რომელიც მთავრობამ მიიღო, აიკრძალა საარჩევნო კამპანიაში კერძო მედიის გამოყენება, შედეგად, საარჩევნო კამპანია მხოლოდ სახელმწიფო მედიასაშუალებებით უნდა გაშუქდეს. ეს გადაწყვეტილება ხელს უშლის საარჩევნო კაპმანიის თავისუფალ და ეფექტიან წარმართვას ოპოზიციური პარტიებისთვის.
მედიათავისუფლების შეზღუდვის კარგი მაგალითია „ნეპსზაბადსაგის“, მთავარი ოპოზიციური გაზეთის დახურვა 2016 წელს, რომელიც შემდგომში ორბანის ახლო მოკავშირემ იყიდა.
ორბანის ევროკავშირთან დაპირისპირების კიდევ ერთ მიზეზად არასამთავრობო სექტორის მიმართ ზეწოლა სახელდება. 2014 წელს პრემიერმა გააკრიტიკა ნორვეგიის მთავრობა, რომელიც უნგრეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებდა. 2017 წელს კი მთავრობამ მიიღო ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა გაასაჯაროონ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც მათ დაფინანსებას ეხება.
მეტი პრობლემის შესაქმნელად უნგრეთის მთავრობამ გადაწყვიტა, უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს 25%-იანი გადასახადი დაუწესოს. ამის არგუმენტად მას მიგრანტების მიმართ მესამე სექტორის მხარდაჭერა და ჯორჯ სოროსის ფაქტორი მოჰყავს, თუმცა, ცხადია, ეს პრობლემას შეუქმნის უნგრეთში არსებული 55 000-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციონირებას.
მორიგი საკითხი, რომელსაც დასავლეთის კრიტიკა მოჰყვა, იყო ჯორჯ სოროსის სახელთან დაკავშირებული „ცენტრალური ევროპის უნივესიტეტისთვის“ პრობლემების შექმნა. კერძოდ, ორბანი სოროსს თავის იდეოლოგიურ მტრად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, 2017 წელს მთავრობამ მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტს არ გააჩნია კამპუსი იმ ქვეყანაში, სადაც დარეგისტრირებულია, მას უნგრეთში არსებობის უფლება არ აქვს. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი კი, რომელიც ნიუ-იორკში ჯორჯ სოროსმა გასული საუკუნის მიწურულს დაარსა, კამპუსს არ ფლობს.
ასევე, ერთ-ერთი დიდი კრიტიკის საგანი გახდა კონსტიტუციის ცვლილების შემდეგ ქორწინების განსაზღვრება. კერძოდ, ქვეყნის მთავარ დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ქორწინება წარმოადგენს მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირს. გარდა ამისა, აიკრძალა აბორტი. ევროკავშირის აზრით, ეს ქმედება უკან გადადგმული ნაბიჯია.
ევროკავშირის გაღიზიანების კიდევ ერთ მიზეზს სასამართლო რეფორმა წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს აღარ აქვს უფლებამოსილება, შეეწინააღმდეგოს უკვე მიღებულ კანონებს. ამასთანავე, ცვლილება შეეხო მოსამართლეების საპენსიო ასაკსაც. ყოველივე ამან მნიშვნელოვნად შეასუსტა სასამართლოს მნიშვნელობა და როლი ქვეყნის რეალობაში.
ევროგაერთიანებასა და უნგრეთს შორის აშკარაა საერთაშორისო პოლიტიკური სხვადასხვაობაც. როდესაც ევროკავშირმა რუსეთს ყირიმის ანექსიის შემდეგ სანქციები დაუწესა, უნგრეთი გაემიჯნა გადაწყვეტილებას. პრემიერმა ორბანმა განაცხადა, რომ მომავალი კეთილდღეობისთვის უმჯობესია რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება.
ამასთან ერთად, ბოლო წლებში აქტიურად მიდის საუბარი რუსეთის მიერ კონტროლირებადი „საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის“ ბუდაპეშტში გადატანის თობაზე. აღნიშნული ბანკი საეჭვო ავტორიტეტით სარგებლობს დასავლეთში. მისი ხელმძღვანელი პუტინთან დაახლოებული პირია. როგორც ცნობილია, ბანკს უნგრეთის ხელისუფლებისგან სრული დიპლომატიური იმუნიტეტი აქვს მინიჭებული, რომელიც მასში დასაქმებულ ნებისმიერ თანამშრომელს შენგენის ზონის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს. ცხადია, ეს საფრთხეს უქმნის ევროკავშირის უსაფრთხოებას.
საბოლოო ჯამში, 2018 წლის სექტემბერში უნგრეთის მიმართ გაერთიანების მიერ დისციპლინარული სასჯელის დაწესების მიზეზი ორბანის მთავრობისა და ევროკავშირის ამგვარი ხისტი ურთიერთობაა.
დისციპლინარული სასჯელის დაწესებით ევროკავშირის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენას ჰქონდა ადგილი. წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, უნგრეთის წინააღმდეგ გაეტარებინათ სადამსჯელო ღონისძიებები, მისი მხრიდან გაერთიანების ძირითადი და ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევის გამო. ამ ძირითად ღირებულებებს იცავს ევროკავშირის მე-7 მუხლი და ესენია: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და თანასწორობა.
შესაბამისად, ევროგაერთიანებამ უნგრეთში დაგმო: დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა, საარჩევნო პროცესი, დამოუკიდებელი მოსამართლეების გათავისუფლება, ლტოლვილებსა და მიგრანტებზე მომუშავე არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა, კორუფცია სამთავრობო სტრუქტურებში, ქალების უფლებების უხეში დარღვევა და კონსტიტუციის ხშირი ცვლილება.
ევროკავშირში, მთლიანობაში, ამ მოხსენებას მხარი 448 დეპუტატმა დაუჭირა, მხოლოდ 197 წავიდა მის წინააღმდეგ, 48 პარლამენტარმა კი თავი შეიკავა. საგულისხმოა, რომ თავად „ევროპის სახალხო პარტიაში“, რომლის წევრიც ორბანის სამთავრობო პარტიაცაა, მოხსენებას მხარი 115 დეპუტატმა დაუჭირა, როცა წინააღმდეგ ბევრად ნაკლები- 57 პარლამენტარი წავიდა.
დისციპლინარული სასჯელის ამოქმედებას გრძელი ბიუროკრატიული პროცედურები სჭირდება. მან საბჭოსა და პარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროცედურა ბოლომდე მივა და მოიპოვებს გაერთიანების სტრუქტურების მხარდაჭერას, რაც ნიშნავს, რომ დამტკიცდება უნგრეთის მიერ ევროკავშირის მთავარი ღირებულებების ხელყოფა, ორბანის მთავრობას მკაცრი სანქციები ელის, შეიძლება , ხმის უფლება ჩამოერთვას საბჭოში. სხვა სანქციები მხოლოდ პროცედურების გავლის შემდეგ დამტკიცდება.
ვიქტორ ორბანი ევროპარლამენტის ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს ბრძოლას მიგრაციისა და ყველა იმ საკითხის წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებიც უნგრეთის ევროვნულობას საფრთხეს უქმნის, მათ შორის, იგი დაიცავს ქვეყანას ევროკავშირისგანაც.
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მას და უნგრელ მოსახლეობას (მათთან თავად ორბანი საკმაოდ პოპულარულია) მიუხედავად ევროსკეპტიციზმისა, ევროპის მასშტაბით, სხვა ხალხებთან შედარებით, ყველაზე მეტად მოსწონს ევროკავშირის არსებობის იდეა, ანუ ევროპული ქვეყნების ერთიანობა. თუმცა ორბანს არ მოსწონს ევროგაერთიანების ღირებულებები. სწორედ აქ იყრება ევროკავშირის ლიდერებისა და მისი გზები. ეს ასპექტი მოიცავს: მიგრანტებს, ერთსქესიანთა წყვილების უფლებებს და სხვა მრავალს.
მიუხედავად ორბანის მთავრობის ამგვარი არაორდინალური, არალიბერალური და არადემოკრატიული ქმედებებისა, ევროკავშირი მაინც არ წყვეტს უნგრეთის დახმარებას სხვადასხვა ასპექტში. ევროგაერთიანება უნგრეთის წევრობის დღიდან თითქმის 4-ჯერ მეტს გასცემს, ვიდრე იღებს ქვეყნისგან. უნგრეთი, 2015 წლის მონაცემებით, რიგით მე-3 ქვეყანა იყო, რომელიც ყველაზე დიდ ფინანსურ დახმარებას იღებდა გაერთიანებისგან. ასევე ორგანიზაციამ არაერთი შეღავათი გაუკეთა უნგრეთს მისი განვითარების უზრუნველსაყოფად.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ უნგრეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა ბუნდოვანია. ორბანი არ ცდილობს საერთო ენის გამონახვას ევროგაერთიანებასთან. პარალელურად- ცდილობს ურთიერთობის გაღრმავებას რუსეთთან. თავის მხრივ, ეს ყველაფერი მძიმედ აისახება ევროკავშირისა და უნგრეთის ურთიერთობაზე, რაც ორივე სუბიექტისთვის საზიანოა. უნგრეთი შორდება და ბარიერებს იქმნის გაერთიანებასთან, თავის მხრივ, ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპაში კარგავს მნიშვნელოვან სახელმწიფოს, რომელიც შესაძლოა, მომავალში „ტროას ცხენად“ გადაექცეს ევროპულ გაერთიანებას.
დავით გელაძე
აღნიშნულ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის საბჭოს ხედვებს.