
ლათინური ამერიკის მოწინავე სახელმწიფოს – ჩილეს წარმატებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა წარსულმა გამოცდილებამ: ევროპული კოლონიალიზმის ტალღამ, ამერიკის ინტერესებმა, სამხედრო გადატრიალებამ, დიქტატურამ, სოციალიზმმა, მემარჯვენე ძალების გააქტიურებამ და ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე გლობალურმა პროცესებმა.
ქვეყანაში დემოკრატიას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. განვითარების გზაზე გამოწვევებთან ბრძოლა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მე–20 საუკუნის 70–იანი წლებიდან, როდესაც პოლიტიკური კლიმატი საგრძნობლად იცვლება და ქვეყნის სათავეში სალვადორ ალიენდეს მეთაურობით მემარცხენე ძალა მოდის. იმდროისთვის ჩილეში, ისევე როგორც მთელ ლათინურ ამერიკაში, სოციალისტური მიმდინარეობა საკმაოდ გავრცელებული იყო, რასაც ხელს უწყობდა არსებული ისტორიული პერიოდის პოლიტიკური კონტექსტი და კონკრეტულად ამ რეგიონში, კუბაზე- ფიდელ კასტროს მიერ კომუნისტური რეჟიმის ჩამოყალიბება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაუხვეწავი საარჩევნო სისტემის მიუხედავად, ჩილეს მოსახლეობას პირველად მიეცა საშუალება, დემოკრატიული გზით თავად აერჩია სახელმწიფოს მეთაური. სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული არჩევნების ფორმირების გზაზე ეს პირველი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რამაც, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო ჩილეში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას.
სალვადორ ალიენდემ, დემოკრატიულად არჩეულმა ლიდერმა, ვერ გაამართლა მოსახლეობის მოლოდინი. მან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განახორციელა კომუნისტური ექსპერიმენტი ეკონომიკაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ბუნებრივია, ალიენდეს ზურგს უმაგრებდა სსრკ. თავის მხრივ, საბჭოთა კავშირს მიზნად ჰქონდა დასახული ამ ტერიტორიაზე კუბასთან ერთად შეექმნა მეორე „თავისუფლების კუნძული“ და გაეზარდა გავლენა ლათინური ამერიკის რეგიონში.
ეკონომიკის ნაციონალიზაციამ, უცხოელთა მფლობელობაში არსებული საწარმოების ექსპროპრიაციამ (რამაც საგრძნობლად დააზარალა აშშ), ინფლაციის არნახულმა მაჩვენებელმა, სტაგნაციამ, პოლიტიკურმა კრიზისმა და საერთაშორისო აქტორების მხრიდან განხორციელებულმა მძიმე ეკონომიკურმა ბლოკადამ მოსახლეობა უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანა. სწორედ აქედან იღებს სათავეს ჩილეში საპროტესტო აქციებისა და გაფიცვების კულტურა.
სამოქალაქო ომის ზღვარზე მყოფი ჩილე სამხედროების მიერ მოწყობილმა ამბოხმა „იხსნა“, რომელსაც სათავეში გენერალი აუგუსტო პინოჩეტი ედგა. პუტჩის შემდეგ ჩამოყალიბდა სამხედრო ხუნტა, რომელიც თავდაპირველად ოთხი გენერლისგან შედგებოდა: აუგუსტო პინოჩეტი, ჰოსე კასტრო, გუსტავო ლი ჰუსმანი და ცეზარ მენდოსა დიურანი. ამ დროიდან შეჩერდა კონსტიტუციის მოქმედება, დაითხოვეს ეროვნული კონგრესი. პარალელურად, ხუნტამ 30 ათასზე მეტი ადამიანი დახვრიტა, ნაწილი გადაასახლა, დაიწყო სასტიკი ტერორის ხანა. 1974 წელს პინოჩეტიმ ყოველგვარი არჩევნების გარეშე თავი პრეზიდენტად გამოაცხადა და ყველა კონკურენტი ჩამოიცილა.
ახალი კანონის მიხედვით, პინოჩეტი განუსაზღვრელი უფლებების მქონე უმაღლეს პირად გამოცხადდა. სასტიკი რეპრესიების პარალელურად, მისი მმართველობა ფუნდამენტური ლიბერალური რეფორმებით ხასიათდებოდა, რამაც ხელი შეუწყო „ ჩილეს ეკონომიკური სასწაულის“ პროექტის განხორციელებასა და მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრებას.
პინოჩეტის მიერ სოციალისტური სისტემის ნგრევას თან მოჰყვა საბაზრო ეკონომიკის განვითარება, მიწებისა და საწარმოების პრივატიზაცია, უცხოური კაპიტალის, განსაკუთრებით ამერიკულის, შემოდინება. ამ რეფორმებს წარმართავდნენ ე.წ „ჩიკაგოს ბიჭები“ – ჩიკაგოს უნივერსიტეტში მოღვაწე მილტონ ფრიდმანის სტუდენტები, რომელთა დახმარებითაც ჩილეს ბაზარი შეზღუდვებისგან გათავისუფლდა, სახელმწიფოს წილი სამუშაო ძალაში შემცირდა, პროტექციული ტარიფები გაუქმდა, აღმოიფხვრა ბიუროკრატია. ნიშანდობლივია, რომ პინოჩეტის სისტემისთვის უცხო იყო სამხედრო რეჟიმისთვის დამახასიათებელი კორუფცია, რამაც მას მოსახლეობის სრული ნდობა მოუტანა.
გატარებული რეფორმების წყალობით ჩილე ლათინურ ამერიკაში ყველაზე განვითარებული და წარმატებული სახელმწიფო გახდა, სადაც ცხოვრებისა და უმუშევრობის დონე საგრძნობლად შეიცვალა, შეჩერდა ინფლაცია, აღორძინდა ეკონომიკა. თუმცა, „ჩიკაგოს ბიჭების“ მიერ შემუშავებულმა „შვიდი მოდერნიზაციის გეგმამ“ ვერ დაიცვა კრიზისების მიმართ მგრძნობიარე ჩილეს ეკონომიკა. 80–იან წლებში გლობალურმა ფინანსურმა კოლაფსმა, დიდმა საგარეო ვალმა და პოლიტიკური კრიზისის გაღვივებამ მას ბოლო მოუღო.
შექმნილი ვითარების, რეპრესიული სისტემის, თავისუფალი აზრის დევნისა და მედიაზე მკაცრი ცენზურის დაწესების ფონზე, 1988 წელს ჩატარებული რეფერენდუმი დიქტატორის მმართველობისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
პინოჩეტიმ ჩილეს მოსახლეობას დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საშუალება მისცა და პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა, მაგრამ შეინარჩუნა სახმელეთო ძალების მეთაურისა და საპატიო სენატორის თანამდებობა. 1990 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქვეყნის სათავეში დემოკრატიული მთავრობა მოვიდა ქრისტიან–დემოკრატი, პატრისიო იელვინის მეთაურობით.
ყოფილი დიქტატორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის უამრავი საქმე აღიძრა, მაგრამ მისი გასამართლება მაინც ვერ მოხერხდა. მან ორ მთავარ მიზანს მიაღწია– დაამარცხა კომუნიზმი და ააღორძინა ეკონომიკა. ჩილეს დღევანდელი ეკონომიკური წარმატება დიდწილად პინოჩეტის პოლიტიკის შედეგია. ამ ეკონომიკურ მიმართულებას მრავალი წელია ჩილეს სხვადასხვა მთავრობა ინარჩუნებს, მაგრამ პინოჩეტის სისხლიანი რეჟიმის თაობაზე დავა ისევ არ წყდება.
21–ე საუკუნე ჩილესთვის დიდი გამოწვევებით დაიწყო და გრძელდება. 2000 წელს მოსახლეობამ ალიენდეს შემდეგ პირველად აირჩია პრეზიდენტად სოციალისტი ლიდერი– რიკარდო ლაგოსი. მისი მმართველობის დროს ქვეყანაში საგრძნობლად გაუმჯობესდა ეკონომიკური მდგომარეობა და გატარდა მრავალი სოციალური რეფორმა.
ოთხი წლის შემდეგ იგი შეცვალა ასევე სოციალისტმა თანამოაზრემ–პირველმა ქალმა პრეზიდენტმა– მიშელ ბაჩელემ. მისი ხელისუფლებაში მოსვლა მასობრივი წინააღმდეგობით დაიწყო. განათლების, ჯანდაცვისა და სატრანსპორტო სისტემით უკმაყოფილო სტუდენტებმა, მაღაროელებმა და საზოგადოებრივმა მუშაკებმა დედაქალაქ სანტიაგოში მოაწყვეს საპროტესტო აქციები, რამაც ქალბატონი ბაჩელეს პოპულარობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მაგრამ პრეზიდენტმა მალევე ჩაახშო უკმაყოფილება და დემონსტრაციების საპასუხოდ, როდესაც სპილენძის ფასმა პიკს მიაღწია, მთავრობამ მნიშვნელოვანი რესურსები გამოყო საპენსიო რეფორმების, სოციალური პროგრამებისა და სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირების პაკეტებისთვის.
მემარცხენე ლიდერის შემდეგ, 2010 წელს ჩილეს მოსახლოებამ პრეზიდენტად აირჩია კონსერვატორი– სებასტიან პინერა, რომლის მოღვაწეობაც განსაკუთრებული სირთულეებით გამოირჩევა. ინაუგურაციიდან ორი კვირის თავზე, ჩილეს თავს დაატყდა 8.8– ბალიანი მიწისძვრა, რომელმაც გამოიწვია ცუნამი და სრულიად გაანადგურა სანაპირო ზონები და მიწისქვეშა მაღაროები. პინერას იმიჯი იხსნა მაღაროელთა გადასარჩენად ჩატარებულმა მძიმე სპეცოპერაციამ, რომლის შედეგად მოხერხდა ბევრი მათგანის მაღაროდან ამოყვანა და სიცოცხლის შენარჩუნება.
როგორც კი ეროვნულმა ეიფორიამ ჩაიარა, პინერას ადმინისტრაციას ახალი თავსატეხი გაუჩნდა– წინამორბედის მსგავსად, მის წინააღმდეგ სტუდენტები ამხედრდნენ უფასო განათლებისა და სპილენძის საბადოების ნაციონალიზაციის მოთხოვნით. პრეზიდენტი არათანმიმდევრული აღმოჩნდა, რის გამოც საპროტესტო დემონტრსაციებს მოსახლეობის 70% შეუერთდა. პინერამ მასობრივ გამოსვლებს სამთავრობო გრანტების გაზრდითა და დაბალპროცენტიანი სტუდენტური სესხების ინიციატივით უპასუხა.
დამღლელი ოთხწლიანი მმართველობის შემდეგ, ჩილეს ისტორიაში პინოჩეტის შემდეგ პირველად, მეორე ვადით პრეზიდენტის თანამდებობა არჩევნებში გამარჯვებულმა მიშელე ბაჩელემ დაიკავა, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ენერგია ჩადო ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. პინერას მსგავსად, ბაჩელესაც მოუწია გამკლავებოდა მძლავრი მიწისძვრის შედეგად გამოუწველ პრობლემებს და წარმატებასაც მიაღწია.
ბაჩელეს ირგვლივ აგორებულმა პოლიტიკურმა სკანდალმა, რომლის მთავარი ფიგურანტი მისი უფროსი ვაჟი იყო და, რომელსაც ბრალად ედებოდა კორუფციულ გარიგებაში თანამონაწილეობა, პრეზიდენტს სერიოზული საზრუნავი გაუჩინა. ქვეყნის ლიდერი იძულებული გახდა წარემართა მასშტაბური ანტიკორუფციული კამპანია, რის შედეგადაც პასუხისგებაში მიეცნენ ავტორიტეტული პოლიტიკოსები და ბიზნესმენები. ჩილემ მოახერხა თავიდან აეცილებინა ლათინოამერიკული კორუფციის სინდრომი. ეს ქვეყანაში დემოკრატიის გამარჯვების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იყო.
2018 წელს ბაჩელე კვლავ პინერამ ჩაანაცვლა. 2019 წელს ჩილეში იწყება ყველაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რომლის დროსაც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მილიონობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. პროტესტის გამომწვევი მიზეზი მეტროს ბილეთებზე გამოცხადებული ფასების ზრდა იყო. დემონსტრანტები ასევე ითხოვდნენ ხელფასებისა და პენსიების გაზრდას, წამლებზე ფასების შემცირებასა და საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებას.
დემონსტრაციები მალევე გადაიზარდა ვანდალიზმში– აქტივისტები ძარცვავდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ მნიშვნელოვან ობიექტებს, აანონსებდნენ პრეზიდენტზე თავდასხმას. სებასტიან პინერა იძულებული გახდა წასულიყო დათმობებზე და დაძაბულობის გასანეიტრალებლად ბილეთებზე ფასის მომატების გადაწყვეტილება გააუქმა, ხელი შუწყო მნიშვნელოვან ცვლილებებს: განისაზღვრა მინიმალური სახელფასო გარანტირებული ანაზღაურება, წამლებზე ფასმა იკლო, მაღალ შემოსავლებზე 40%–იანი გადასახადი შემოიღეს, დასტაბილურდა ტარიფები ელექტროენერგიაზე.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩილე არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში „მოწინავეა“ უთანასწორობის კრიტიკულად მაღალი მაჩვენებლით. აქ ყველაზე მდიდარი მოსახლეობის 10%–ის შემოსავალი 45–ჯერ აღემატება ღარიბი ფენის 10%–ის შემოსავალს. ამიტომ, ამ სახელმწიფოს შემთხვევაში არსებული ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც გვიჩვენებს, რომ უმუშევრობის დონე მხოლოდ 7%–ია, სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 6%–ია, ხოლო საშუალო შემოსავალი –900$, რეალობას ვერ ასახავს.
პინერას მმართველობის დროს კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა ჩილეს წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი გამოწვევები, ესენია: მშპ–ის ზრდის არასტაბილურობა, ქვეყნის მზარდი გავალიანება (აშშ კოლოსალურად დიდი რაოდენობის თანხებს გამოყოფს ჩილეს დასახმარებლად), არამდგრადი ფისკალური პოლიტიკა, სასმელი წყლის დეფიციტი, კლიმატის ცვლილებისა და სამთომოპოვებითი საქმიანობის გაფართოების შედეგად წარმოქმნილი დეზერტიზაციისა და ინდუსტრიული ნარჩენების მართვის საფრთხეები.
ქვეყანა დამოკიდებული გახდა წარმოების მხოლოდ ერთ სექტორზე – სპილენძის მოპოვებაზე. მსოფლიო ბაზარზე მის მიერ მიწოდებული სპილენძის წილი 30%–ს აღემატება. აღსანიშნავია, რომ ჩილე მსოფლიოში სპილენძის უდიდესი მომპოვებელია, მაგრამ დამუშავებული სპილენძის წარმოების მხრივ ჩინეთი ლიდერობს. ჩინეთის დომინანტობა სპილენძის მოხმარება–წარმოებაში განსაზღვრავს ფასების გენერირებას, რაც პირდაპირ აისახება ჩილეს ეკონომიკასა და ბიუჯეტზე. არამდგრადი ეკონომიკა კი ხშირად ხდება დაპირისპირების მიზეზი მთავრობასა და მოსახლეობას შორის.
2020 წელი პინერას ადმინისტრაციისთვის ახალი გამოწვევებით დაიწყო და გრძელდება – როგორც მთელ მსოფლიოს, ჩილესაც თავს დაატყდა COVID-19, მაგრამ აქ არსებული მონაცემები და მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია. პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 3 მარტს, ერთი თვის თავზე კი რაოდენობამ 5000–ს გადააჭარბა. ეს იყო ერთ–ერთი რეკორდული მაჩვენებელი არა მხოლოდ ლათინურ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ დრომდე ვერ ხერხდება კრიზისის ეფექტური მართვა– ჩილე ლათინურ ამერიკაში მეოთხეა რეციდივის მაჩვენებლით – ქვეყანას 10000–ზე მეტი გარდაცვლილი პაციენტი ჰყავს.
ქვეყნის ეკონომიკური კრიზისი 2019–2020 წლის მასობრივმა პროტესტმაც გაამძაფრა, რომელიც პერიოდულად დღემდე გრძელდება. დემონსტრაციის მთავარი მესიჯი უთანასწორობა და უმუშევრობაა. კრიზისის მოსაგვარებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 17 მლრდ დოლარის ოდენობის ეკონომიკის სტიმულირების გეგმა შეიმუშავა, რამაც მაინც ვერ შეაჩერა უმუშევრობის დონის რეკორდული მატება. დღევანდელი მონაცემებით უმუშევრობა 5%–დან 13%–მდე გაიზარდა.
უახლოესი ინფორმაციით, ჩილემ ახალი ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები იპოვა სამხრეთ კორეასთან. 2018 წელს ამ ორ სახელმწიფოს შორის დაიდო 16–წლიანი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება (FTA), რომლის შესახებ მოლაპარაკებების განახლების დაჩქარების მიზნით ჩილეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე -როდრიგო იანეს ბენიტესი პირადად ეწვია სეულს და შეხვდა სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლებს, მეწარმეებსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს. სამხრეთ კორეამ გამოთქვა მზადყოფნა კვლავ გახსნას საკუთარი ბაზარი ჩილესთვის, გააგრძელოს და გააღრმავოს ღია თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა– კიბერსუსაფრთხოება, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, „ელექტრონული მმართველობის“ პროგრამის განხორციელება.
მიუხედავად ჩილეში არსებული ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრიზისისა, ქვეყანა ინარჩუნებს წარმატებული ლათინური სახელმწიფოს სტატუსს. სამხრეთ ამერიკის რეგიონში ჩილე, ურუგვაისთან ერთად, დემოკრატიის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. სრულიად მოსალოდნელია, რომ მზარდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე ჩილეს სახელმწიფომ მომავალშიც განაგრძოს პროგრესული განვითარება და მსოფლიო რუკაზე, განვითარებულ ქვეყნებს შორის, დამსახურებული ადგილი დაიკავოს.
ანა მიქაია
უმცროსი მკვლევარი