რუსეთის ისტორიული რევიზიონიზმი – ვარშავის აჯანყების ისტორია

8 მაისს ევროპამ “დიდი სამამულო ომის” დასრულების 75-ე წლისთავი იზეიმა. დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნები ომში გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ. ჩვეულებისამებრ, რუსეთის ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის აღსანიშნად ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, გრანდიოზული ცერემონიალის ჩატარებას გეგმავდა, რომელიც გლობალური პანდემიის (COVID-19-ის) გავრცელების გამო გადაიდო და მოგვიანებით, 24 ივნისს, გაიმართა. პუტინმა მსოფლიოს მრავალი ლიდერი მოიწვია, რომელთა გარკვეულმა ნაწილმა, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო, რუსეთის პრეზიდენტს უარი განუცხადა, ზოგიერთმა კი ღონისძიებაზე დასწრება პოსტპანდემიური რეგულაციების გამო ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, მოსკოვში ჩასვლა რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა მაინც მოახერხა, მათ შორის ბელარუსის პრეზიდენტმა – ალექსანდრე ლუკაშენკომ, მოლდოვის პრეზიდენტმა – იგორ დოდონმა, სერბეთის პრეზიდენტმა – ალექსანდრ ვუჩიჩმა და ცენტრალური აზიის რესპუბლიკების (ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის) ლიდერებმა. ვლადიმერ პუტინისთვის სამამულო ომში გამარჯვების დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. რუსეთის პრეზიდენტი მისი მეშვეობით მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზნების მიღწევას ცდილობს, მათ შორის:

1. პოსტსაბჭოთა სივრცის კონსოლიდაციას;

2. საბჭოთა კავშირისა და მისი სამართალმემკვიდრე, რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმაციის გამყარებას;

3. ისტორიის გაყალბებასა და მეორე მსოფლიო ომში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებას.

უკანასკნელ ხანებში რუსეთის პრეზიდენტმა მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით რამდენიმე საკამათო განცხადება გააკეთა. კრემლის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე პოლონეთია, ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ პუტინის ვერბალური თავდასხმების უდიდესი ნაწილი სწორედ მასზე მოდის. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) არაფორმალურ სამიტზე საუბრისას მან პოლონეთი პირდაპირ დაადანაშაულა მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში. მისი თქმით, “ეს იყვნენ პოლონელები. ისინი, ვინც საკუთარი ანგარებიანი და ზედმეტად არარეალური ამბიციების გამო საკუთარი ხალხი გერმანიის სამხედრო მანქანის თავდასხმის საფრთხის წინაშე დააყენა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში”. ეს განცხადება რუსეთის ისტორიული რევიზიონიზმის ნათელი ილუსტრაციაა. კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაბრიკაცია წითელი არმიის როლს უკავშირდება ვარშავის განთავისუფლების საქმეში. პუტინის შეფასებით, პოლონელი ხალხი საბჭოთა არმიის მადლიერი უნდა იყოს, რადგან ვარშავა და შემდეგ მთელი პოლონეთი ნაცისტური ტირანიისგან იხსნა. მოდით უფრო დაწვრილებით განვიხილოთ კრემლის ისტორიული რევიზიონი და დავუბრუნდეთ 1944 წლის მოვლენებს, როდესაც პოლონელებმა გერმანული დიქტატურისგან განთავისუფლება სცადეს.


ვარშავის აჯანყების ისტორია: 

მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1-ლ სექტემბერს, როდესაც ვერმახტი პოლონეთში შეიჭრა. 1939 წლის 23 აგვისტოს ხელმოწერილი რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის პირობებიდან გამომდინარე, პოლონეთში მალევე შევიდა საბჭოთა არმია და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი დაიკავა. 29 სექტემბერს გერმანიამ და რუსეთმა მდინარე ბუგისთან მდებარე პოლონეთი კიდევ ერთხელ გაიყვეს. გერმანიამ – ქვეყნის დასავლეთი, ხოლო სსრკ-მ აღმოსავლეთ ნაწილი მიიღო. პოლონელებმა ორივე მტრის წინააღმდეგ იომეს, თუმცა ძალთა დისბალანსის გამო უშანსოდ დამარცხდნენ. 1944 წელს მათ დაიწყეს აჯანყება, რომლის მიზანი ნაცისტური არმიის დამარცხება და ქვეყნის დედაქალაქის, ვარშავის განთავისუფლება იყო. აჯანყებას ხელი შეუწყო მოკავშირეების მიერ 1944 წლის 6 ივნისს ოპერაცია “ოვერლორდის” დაწყებამ, რომლის მიზანიც ოკუპირებული საფრანგეთის განთავისუფლება და დასავლეთ ფრონტზე მნიშვნელოვანი ტერიტორიული შენაძენის მიღება იყო. რეალურად, ეს ოპერაცია ორი მხრიდან აქცევდა ალყაში გერმანულ ძალებს. დასავლეთ ფრონტზე მოკავშირეები ებრძოდნენ ვერმახტს მაშინ, როდესაც სსრკ-ს აღმოსავლეთ ფრონტზე მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა. უკვე 1944 წლის ივლისის ბოლოს წითელი არმია ვარშავას მიუახლოვდა. კრემლი ცდილობდა პოლონელები ნაცისტების წინააღმდეგ აჯანყებაზე დაეთანხმებინა. პოლონელები არ ენდობოდნენ სტალინს, ამიტომ აჯანყება იმ იმედით დაიწყეს, რომ მანამდე დაიბრუნებდნენ კონტროლს დედაქალაქზე, ვიდრე წითელი არმია “გაათავისუფლებდა” მას.

აგვისტოს დასაწყისში პოლონური წინააღმდეგობის “სამშობლოს არმიამ” დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის აჯანყება, რომელსაც პოლონელი გენერალი,თადეუშ ბორ-კომოროვსკი მეთაურობდა. აჯანყების პირველ ეტაპზე “სამშობლოს არმიამ” გარკვეული უპირატესობა მოიპოვა და ქალაქზე კონტროლი თითქმის მთლიანად აღადგინა, თუმცა ჯერ კიდევ ძლიერმა ნაცისტურმა რეჟიმმა ვარშავაში დამხმარე ძალა გამოგზავნა. გერმანული ავიაცია, ლიუფტვაფე,ქალაქს 63 დღის განმავლობაში ბომბავდა. წითელი არმია პოლონელებს არც დაეხმარა და არც მოკავშირეებს მისცა ამის უფლება. ყველანაირი დახმარების გარეშე დარჩენილი “სამშობლოს არმია” მარტივად დამარცხდა გერმანულ ძალებთან, რომლებმაც თითქმის მთელი ვარშავა გაანადგურეს და მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქიდან გააძევეს. წინააღმდეგობის გარეშე დარჩენილ წითელ არმიას აღარ გასჭირვებია გადასახლებაში მყოფი მთავრობის ჩანაცვლება კომუნისტური ხელისუფლებით. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და აშშ გადასახლებაში მყოფ მთავრობას მიიჩნევდნენ პოლონეთის ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად, თუმცა, საბჭოთა ოკუპაციის გამო, იალტის კონფერენციაზე გადაწყდა, რომ გადასახლებაში მყოფი მთავრობა სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ შეძლებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთი საბჭოთა კავშირის სატელი ქვეყანა გახდა და მისი ნების საწინააღმდეგოდ, ცივი ომის დასრულებამდე, საბჭოთა ბლოკში გაწევრიანდა (1989).

შეჯამებისთვის, შეიძლება ითქვას, რომ პუტინის განცხადებებს ვარშავის “განთავისუფლებასთან” დაკავშირებით აკლია ლოგიკური სიცხადე 3 ძირითადი მიზეზის გამო:

1. სსრკ-ის დაპირება აჯანყების დროს დახმარების თაობაზე ტყუილი აღმოჩნდა. მათ გამოიყენეს წინააღმდეგობის მოძრაობა როგორც საკუთრივ პოლონელების, ასევე გერმანელების დასასუტებლად. კრემლმა გამოიყენა კარგად ნაცადი “დაყავი და იბატონეს” მეთოდი;

2. დახმარებაზე უარის თქმის გარდა სსრკ-მ უარყო ბრიტანელების შემოთავაზება გამოეყენებინათ საბჭოთა ავიაბაზა პოლონელი აჯანყებულების დასახმარებლად;

3. ვარშავის განთავისუფლება არ ყოფილა მხოლოდ სსრკ-ს დამსახურება. ის მოკავშირეების ერთობლივი, მრავალწლიანი ბრძოლის შედეგია.

ვარშავის აჯანყების შემთხვევა რუსული ისტორიული რევიზიონიზმის ილუსტრაციაა. პოლონეთმა და კრემლის სხვა სამიზნე ქვეყნებმა ისტორიის ფაბრიკაციის ნებისმიერ მცდელობას სათანადო პასუხი უნდა გასცეს.


გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s