ირანში მძიმე პოლიტ-ეკონომიკური კრიზისია. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 341,379 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რიცხვმა თითქმის 20,000-ს მიაღწია. მათი რაოდენობა შეიძლება გაცილებით მეტი იყოს, მაგრამ დღეს ირანის პოლიტიკურ ელიტას ყველაზე მეტად არ აწყობს შიდა არეულობა. 2019 წელს აღმოცენებული პროტესტების ფონზე გაჩნდა იმედის ნაპერწკალი, თითქოს , აქციებს რეჟიმის შეცვლა მოჰყვებოდა, თუმცა ირანის პრეზიდენტი კვლავ ჰასან რუჰანია, რომელიც უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. რეგიონალურ ჭრილში, ირანისთვის არც ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ურთიერთობის ნორმალიზაცია უნდა გახლდეთ სასიამოვნო სიახლე. დონალდ ტრამპის პირველი საგარეო წარმატება აღნიშნულ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებაა, რაც რეგიონში ისრაელის პოზიციებს კიდევ უფრო გააძლიერებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან. სიახლე არ არის, რომ ორ ქვეყანას შორის ანტაგონისტური დამოკიდებულება 1979 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. (გამონაკლისი ირან-ერაყის ომია, როდესაც, გარკვეული პერიოდით, შტატები ირანს დახმარებას აწვდიდა). ბოლო კვლევების მიხედვით, კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევენ საკუთარი ქვეყნის ნომერ პირველ საფრთხედ, ამერიკელ რესპოდენტთა ნაწილი პირველ ადგილზე სწორედ ირანს აყენებს. ირანის ბირთვული პროგრამა ამერიკული ადმინისტრაციისთვის ბოლო დროს აღმოცენებული თავის ტკივილია.
2015 წლის შეთანხმება, რომელიც მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანის შექმნას კრძალავდა და ქვეყანაში ატომური ენერგიის სააგენტოს ინსპექტორების დაშვებას ითვალისწინებდა, დღეს უკვე ისტორიის ნაწილია. ექსცენტრიული დონალდ ტრამპი ეტაპობრივად ცვლის/აუქმებს ობამას დროს მიღწეულ შეთანხმებებს. გამონაკლისი არც ირანის ქეისი გახლდათ. უკეთესი შეთანხმებების იმედით, აშშ ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა. იმედი კი „მაქსიმალური ზეწოლის“ სტრატეგიას ემყარება. კერძოდ, კამპანია ითვალისწინებს სანქციების დაწესებას, მთავარი მიზანი კი ირანული ეკონომიკის კოლაფსი გახლავთ, რათა ქვეყანა იძულებული გახდეს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ცხრილებზე ნაჩვენები მონაცემები ნათელ სურათს ქმნის, თუ რა გავლენა იქონია დაწესებულმა სანქციებმა ირანის ეკონომიკაზე. საინტერესოა, რომ 2017 წელს დაწყებული რეცესია დღემდე გრძელდება და ასევე, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 6 პროცენტით შემცირდება. ეროვნული ვალუტა დევალვაციას განიცდის.რიალმა დოლართან მიმართებით, დაახლოებით, თავისი ფასის 40 % დაკარგა. საზღვრების დაკეტვამ ირანული ბიზნესებიც დააზარალა, რაც გარდაისახა უცხოური ვალუტის დაკარგვაშიც. ამას დავამატოთ კოვიდის არაეფექტური მართვა და ენდემური კორუფცია. რამდენიმე ექსპერტმა უკვე დაიწყო საუბარი, რომ ტრამპის სტრატეგია უკვე მართლდებოდა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო პოლიტიკა ხშირად არ მიჰყვება ერთ დადგენილ ხაზს. ქვეყნები თავის გადარჩენის მიზნით, რადიკალურ ნაბიჯებს მიმართავენ. მოკლედ რომ ვთქვა, ამუშავდა პრინციპი: „ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია“.

წყარო: https://www.bbc.com/news/world-middle-east-48119109

წყარო: https://www.bbc.com/news/world-middle-east-48119109
ივნისის დასაწყისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯაროდ გააჟღერა ინფორმაცია ირან-ჩინეთის შეთანხმების ბოლო ეტაპზე გადასვლის თაობაზე. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსგავს შეთანხმებაზე საუბარი 2016 წელს დაიწყო, როდესაც სი ძინ პინი ირანს ესტუმრა. თუმცა მაშინ ირანს სანქციები მოეხსნა და საერთაშორისო საზოგადოებამ შეთანხმება მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციად აღიქვა. თუმცა კამპანია „მაქსიმალური ზეწოლის“ შემდეგ აქტუალურია მოსაზრება , რომ დონალდ ტრამპის მიერ არჩეულმა სტრატეგიამ ირანი აიძულა ფსონი ჩინეთზე დაედო.
საინტერესოა, რომ შეთანხმების დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია. თუმცა რაც ვიცით, არის ის, რომ ჩინეთი 400 მლრდ დოლარის ინვესტირებას აპირებს ირანში. აქედან 380 მლრდ მოხმარდება გაზის, ნავთობისა და სხვა ენერგორესურსების სფეროს, ხოლო დანარჩენი 120 კი ინფრასტრუქტურულ პროექტებში გადანაწილდება. დამაინტრიგებელი ფაქტია, რომ აღნიშნული ვალდებულება ჩინეთმა ხუთ წელიწადში უნდა შეასრულოს.
ეკონომიკური ასპექტების გარდა, უნდა გამოვყოთ სამხედრო სფეროც. შეთანხმება ურთიერთანამშრომლობის გაზრდას ითვალისწინებს. გარდა საერთო წვრთნებისა , ორი ქვეყანა აქტიურად გაცვლის სადაზვერვო ინფორმაციას. გარდა ამისა, ჩინური კომპანიები იზრუნებენ ირანული „ფაირვოლის“ შექმნაზე, რაც რეჟიმს დაეხმარება უკეთ გააკონტროლოს მოსახლეობა. ასევე, ირანში ოპერირებას დაიწყებს ჰუავეი და 5G ქსელი.
მთავარი კითხვა, რაც მუსირებს აკადემიურ საზოგადოებაში, გახლავთ ის, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული რეალობას. საქმე ისაა, რომ როგორც ვიცით, მსოფლიოში მწვავე ეკონომიკური კრიზისია. ჩინეთის საოცარი ეკონომიკური ზრდა შეჩერდა და რთულია იმის წინასწარმეტყველება, თუ როგორი იქნება პოსტპანდემიური მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი. ასევე, ჩინური დაპირებები ხშირად მხოლოდ დაპირებებად რჩება. საკითხის ცალკე თემაა 400 მლრდ დოლარი, რომელიც ჩინური საგარეო ინვესტიციების ნახევარს შეადგენს.
მეორე კითხვა, რომელიც ასევე საინტერესოა, მდგომარეობს ჩინეთის ამოცანებში. რაში აწყობს ქვყანას რისკზე წასვლა და ირანში თანხის ინვესტირება. მსოფლიო პროცესებს თუ თვალს ვადევნებთ, ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე , როგორც აღვნიშნე, მარტივი პრინციპი მოქმედებს : ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია. რაც შეეხება კონკრეტულ ბენეფიტებს: ჩინეთი მიიღებს გაიაფებულ ნავთობს 25 წლის განმავლობაში. ასევე, ჩინურ კომპანიებს ექნებათ პირველი შეთავაზების პრიორიტეტი, თუ ახალი ნავთობი ან გაზი იქნა აღმოჩენილი.
ირანი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ერთი-სარტყელი, ერთი-გზა“ პროექტის მონახაზში. გეოგრაფიული თვალსაზრისით, აზია დაუკავშირდება ახლო აღმოსავლეთს. სამხედრო კუთხით, ცალკე გამოსაყოფია პორტები, რომლებზეც ჩინეთს ექნება წვდომა. ერთ-ერთი მათგანი ჯასკის პორტია, რომელიც ჰორმუზის სრუტის გარეთ მდებარეობს. ჩინეთი არა მარტო გააძლიერებს თავის საზღვაო დაცვის ზოლს, არამედ საშუალება ექნება შეერთებული შტატების მეხუთე ფლოტის გაკონტროლების. ასევე, გუადარისა და ჯიბუტის პორტებთან ერთად ჩინეთი უფრო მძლავრად იქნება წარმოდგენილი ინდოეთის ოკეანეში. გეოპოლიტიკური თამაშიდან გამომდინარე, ინდოეთს უკვე უარი ეთქვა ირანში რამდენიმე მასშტაბური პროექტის განხორციელებაზე, რაც რეგიონში მის გავლენას საგრძნობლად შეამცირებს.
რაც შეეხება ირანს, შეთანხმებას ქვეყნით შიგნით უკვე გამოუჩნდა მოწინააღმდეგეები. ზოგიერთის აზრით, ქვეყანა უბრალოდ გაიყიდა ჩინურ ინვესტიციაზე. ჰქონდა თუ არა სხვა გამოსავალი ქვეყანას, ცალკე საკითხია. თუმცა, ირანის ლიდერების განცხადებით, ქვეყანა არ აპირებს გახდეს სხვა ქვეყნის ვასალი.
ირან-ჩინეთის შეთანხმება მრავალ შეკითხვას ბადებს. თუ გავითვალისწინებთ ჩინურ საგარეო კურსს ახლო აღმოსავლეთში, მაგალითად, ურთიერთობებს ისრაელთან, საუდის არაბეთსა და გაერთიანებულ სამეფოებთან, ირან-ჩინეთის შეთანხმება აუცილებლად იმოქმედებს ჩამოთვლილი ქვეყნების ბილატერალურ ურთიერთობებზე, თუ ის ირანში ასეთი მასშტაბური ინვესტიციების ჩადებას აპირებს. მაიკ პომპეოს აზრით, შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. თუმცა ვნახოთ, ახლო აღმოსავლეთი ყოველთვის გვანებივრებს მოვლენების არაორდინალური განვითარების კუთხით. ჩინურ-ირანული შეთანხმება, რომელიც პარლამენტების რატიფიცირებას ელოდება, შესაბამის კატეგორიაში ექცევა.
შოთა მგელაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი