მეოცე საუკუნისთვის დამახასიათებელი მრავალი პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური პროცესი დღესაც აქტუალურია. აღნიშნული პერიოდი მდიდარია არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი საკვლევი თემით. განსაკუთრებულ ყურადღებას საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბლოკის ქვეყნების ისტორიულ-სოციალური საკითხები და ის მემკვიდრეობა იმსახურებს, რომელიც დღემდე არაერთი სახელმწიფოს თავის ტკივილად რჩება.
სოციალისტურ ბლოკში პოლონეთი აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც მასობრივი საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობით, „სოლიდარობის“ მოძრაობითა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კათოლიკური ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია – ერთ-ერთმა პირველმა დააღწია თავი „რკინის ფარდას“ და სისტემური ტრანსფორმაციისაკენ აიღო გეზი, რაც სინამდვილეში ევროკავშირისა და ნატოსკენ სვლას გულისხმობდა.
ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ, საერთაშორისო სისტემების განვითარების პროცესში რელიგია იყო კონფლიქტების წარმოშობისა და მოგვარების მთავარი წყარო. 1648 წლიდან, ვესტფალიის ზავის შემდეგ, როდესაც ერი-სახელმწიფოების ჩამოყალიბება იწყება, კონკურენცია რელიგიასა და პოლიტიკას შორის ახალ ეტაპზე გადადის. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, ევროპაში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგამიჯვნის, სეკულარიზაციის პროცესი იღებს სათავეს.
სეკულარიზაციას სხვადასხვანაირად განსაზღვრავენ. მაგალითად, კაზანოვას მიხედვით, სეკულარიზაცია თანამედროვე საზოგადოებაში რელიგიური რწმენებისა და პრაქტიკის შემცირებაა, ხოლო გიგა ზედანიას თქმით, ეს არის პროცესი, რომლის შედეგადაც რელიგია კარგავს გავლენას სხვა საზოგადოებრივ სფეროებზე. მარტივად რომ ვთქვათ, სეკულარული სახელმწიფო ნიშნავს რელიგიისა და პოლიტიკის სრულ გამიჯვნას.
ამ სტატიაში საუბარი აღმოსავლეთ ევროპის ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანაზე, პოლონეთზეა, რომელმაც 1989 წელს სრული დეკომუნიზაციის პროცესი დაიწყო; 1999 წელს – ნატოს, ხოლო 2004 წელს ევროკავშირის წევრი გახდა.
1989 წლის 4 ივნისის ისტორიულ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, იქამდე, სანამ პოლიტიკური სისტემა უკვე ფორმალურად შეიცვლებოდა, დამტკიცდა კანონი, რომლის მიხედვითაც, პოლონეთის რესპუბლიკა საერო (სეკულარული) სახელმწიფო გახდა – რელიგიისა და მსოფლმხედველობის საკითხებში ნეიტრალური.
კომუნისტების მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყნებში ეკლესიების გავლენა თითქმის გაქრა. სოციალიზმი, ერთი შეხედვით, პატივს სცემდა და აღიარებდა ყველა კონფესიას, სინამდვილეში კი, თავისი ტოტალიტარული ბუნებით, მთლიანად შთანთქავდა ადამიანის მორალურ–მატერიალურ რეალობას. თავადვე აწესებდა დღესასწაულებს, საერო დემონსტრაციებს, აღლუმებსა და ფსევდორელიგიურ კრებებს. ლიდერები მოუწოდებდნენ ხალხს, რომ აუცილებლად მისულიყვნენ მათ მიერვე მოგონილ ღონისძიებებზე და საზოგადების „ჩამოყალიბება-განვითარებაში“ მიეღოთ მონაწილეობა. ხატები და რელიგიური ლიტერატურა ბელადთა პლაკატებმა ჩაანაცვლა.
დღეისათვის კომუნიზმი განიხილება როგორც პოლიტიკური რელიგია, რომელიც თავისი შეხედულებებით, დოგმებით განსაზღვრავდა არსებობის მიზანსა და მნიშვნელობას. ქმნიდა ახალ პოლიტიკურ კულტს, რომელიც ორიენტირებული იყო კომუნისტური სახელმწიფოს საკრალურობასა და ერთგვარ მითებზე. კომუნისტების ასეთი მიდგომა გახდა უამრავი კათოლიკე და მართლმადიდებელი სასულიერო პირის სიკვდილის, ან უკეთეს შემთხვევაში–გადასახლების მიზეზი.
პოლონეთში, კომუნიზმის პირველ წლებში, კათოლიკური ეკლესია დაემორჩილა რეჟიმის მიერ დაწესებულ წესებს, თუმცა 1956 წელს ნომინალური თავისუფლება მოიპოვა, შეთანხმებით, რომ ეკლესია აღიარებდა სოციალისტურ წყობილებას და არ ჩაერეოდა პოლიტიკურ საკითხებში. დიახ, მსგავსი კომპრომისი უპრეცედენტო იყო კომუნისტურ სამყაროში, თუმცა მიუხედავად აღნიშნული შეთანხმებისა, კათოლიკე სასულიერო პირები ანტიკომუნისტური შეხედულებებით გამოირჩეოდნენ და საზოგადოების მაღალი ნდობის წყალობით, მაინც ატარებდნენ წირვებს, საუბრობდნენ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე.
შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა: 1978 წლის ოქტომბერში ვატიკანის კონკლავმა დაარღვია კანონი, რომლის მიხედვითაც, კათოლიკური სამყაროს მეთაური ეროვნებით იტალიელი ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო. პირველად ისტორიაში, რომის პაპად პოლონელი მღვდელი, კრაკოვის ეპისკოპოსი, კაროლ ვოიტილა აირჩიეს – ადამიანი „რკინის ფარდის“ მიღმა ქვეყნიდან და თანაც, „საბჭოთა კავშირისაგან ყველანაირი ნებართვის აღების გარეშე“. პავეუ სკიბინსკი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, აღნიშნულ მოვლენას ერთგვარ „შოკად“ აღწერს, როგორც საბჭოთა კავშირის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისათვის. „რომ არა პოლონელი პაპი – როგორც სულიერი ავტორიტეტი, რომელიც ხელს უწყობდა კომუნიზმის რღვევას, და რომ არა მისი ქადაგებები, პოლონეთში არ იქნებოდა „სოლიდარობა“.
მაშინდელი პოლონური საზოგადოებისათვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იყო, ჰყოლოდა გავლენიანი მხარდამჭერი საბჭოთა კავშირის მიღმა. თავისი მოღვაწეობის მანძილზე, იოანე პავლე II ცხრაჯერ ჩავიდა სამშობლოში, თუმცა ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა მის პირველ ვიზიტს, რომელიც სიმბოლურად ვარშავაში, გამარჯვების მოედანზე შედგა 1979 წლის 2 ივნისს. სწორედ იქ წარმოთქვა თავისი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სიტყვა, რომლითაც პოლონელებს მოუწოდებდა ეროვნული, რელიგიური ტრადიციების დაცვისა და თავისუფლებისათვის ბრძოლისკენ. პაპი რვა დღის განმავლობაში ატარებდა საჯარო წირვა-ლოცვებს (არაოფიციალური მონაცემებით, მის საჯარო გამოსვლებს 13 მილიონი პოლონელი დაესწრო). იოანე პავლე მეორის ვიზიტიდან ერთი წლის თავზე დაიბადა მოძრაობა „სოლიდარობა“. სწორედ ეკლესიის დამსახურებით შენარჩუნდა მოძრაობა, მიუხედავად იმისა, რომ 1981 წლის დეკემბერში პოლონეთის კომუნისტურმა მთავრობამ მოძრაობა „სოლიდარობა“ კანონგარეშედ სცნო და მისი ლიდერი, ლეჰ ვალენსა დააპატიმრა.
მოგვიანებით, 1989 წელს, კათოლიკური ეკლესია „მრგვალი მაგიდის “მოლაპარაკებებში მონაწილეობდა (კომუნისტურ ხელისუფლებასა და „სოლიდარობას“ შორის). ეს მოლაპარაკებები ტოტალიტარული რეჟიმის დამარცხებისაკენ გადადგმული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა.
პოლონეთისთვის თავისუფლების მოპოვების გარდა, იოანე პავლე მეორეს სხვა წვლილიც მიუძღვის ქვეყნის წინსვლაში. ტრანსფორმაციის პერიოდში, როდესაც პოლონეთის ეკონომიკური თუ სოციალური სირთულეები დაიწყო, მოსახლეობა სკეპტიკურად განეწყო ევროკავშირის მიმართ. ამ დროს კათოლიკური სამყაროს ლიდერი აქტიურად მოუწოდებდა პოლონურ საზოგადოებას, მხარი დაეჭირათ ევროპული ღირებულებებისთვის, ქადაგებდა იმ სიკეთეებზე, რომელთა მოტანაც ევროპული ოჯახის წევრობას შეეძლო.
პოლონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა: ბერლინის კედელი დაინგრა, საბჭოთა კავშირმა რღვევა დაიწყო, სხვა კომუნისტური ქვეყნებისთვის ნათელი გახდა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რომ რეჟიმის დასრულება სულაც არ იყო შეუძლებელი. პოლონეთი და იოანე პავლე მეორე ევროპის უახლესი ისტორიისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოებად იქცნენ. მათი წყალობით, კიდევ უფრო დაჩქარდა „რკინის ფარდის“ პირდაპირი თუ ირიბი ლიკვიდაცია. ნამსხვრევებზე კი არაერთი შემდგარი დემოკრატია აღმოცენდა.
თამარ თარალაშვილი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.