15 ივლისს ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა კოალიციამ „ჩვენ შეგვიძლია“ მცირე უპირატესობით იმარჯვა.
2018 წელს ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური სკოპიეს მიერ „სირიზას“ მთავრობასთან მიღწეული პრესპას შეთანხმების შემდეგ ეს არის პირველი არჩევნები, სადაც კორონავირუსის გამო არც თუ ისე მაღალი, 51%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.
აღნიშნული საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე სკოპიესა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების დაწყების გადადებას უკავშირდება, რაც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ პროცესის შეფერხებამ გამოიწვია. შედეგად, ზორან ზაევმა იანვარში პოსტი დატოვა და აპრილში ვადამდელი არჩევნები დააანონსა, თუმცა პანდემიის გამო მისი გადადება გახდა აუცილებელი.
ყოფილი პრემიერმინისტრის, ზორან ზაევის პარტია SDSM-მა ხმათა 35.89% მიიღო, შესაბამისად, 120 მანდატიან პარლამენტში 46 ადგილს მიიღებს, ხოლო მემარჯვენე კონსერვატიული გაერთიანება VMRO/DPMNE – 44 ადგილს.
„თქვენ გამარჯვებულები ხართ, პროგრესმა გაიმარჯვა“, – ასე მიმართმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ადგილზე შეკრებილ მხარდამჭერებს ზაევმა.
დანარჩენ პარტიათა შედეგები ასე გადანაწილდა: ალბანური პარტია „დემოკრატიული კავშირი ინტეგრაციისთვის“, DUI – 15 ადგილი, “ალიანსი ალბანეთისთვის” – 12 ადგილი, Levica – 2, ხოლო “ალბანეთის დემოკრატიული პარტია“ – 1. მთავრობის ფორმირებისთვის 120 მანდატიან პარლამენტში 61 ადგილია საჭირო.
მთავრობის ჩამოყალიბება შესაძლოა გართულდეს, ვინაიდან ალბანური პარტია DUI-ს სურვილია, პრემიერობის კანდიდატი, ნასერ ზიბერი, მთავრობის მეთაური გახდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი ჩიხში შევა და შესაძლოა, ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კრიზისი გაღვივდეს.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის 2 მილიონიანი მოსახლეობის 25%–ალბანელთა ეთნიკური უმცირესობა შეადგენს და ახალი მოწვევის პარლამენტში საკმაო რაოდენობით, 30 კანონმდებლით იქნებიან წარმოდგენილნი.
ამასთან, ეს არჩევნები იმითიც არის გამორჩეული, რომ ალბანურმა პოლიტიკურმა მოძრაობა BESA-მ წინასაარჩევნო კოალიცია შეკრა სოციალ-დემოკრატებთან.
მოქმედი მმართველი პარტიის წარმატება ნაწილობრივ გამოიწვია ჩრდილოეთ მაკედონიასა და საბერძნეთს შორის სახელწოდებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტამ, რომლის მთავარი არქიტექტორი ზორან ზაევია, მან ამით ერთგვარი დიპლომატიური იზოლაციაც დაამსხვრია. მეორე მხრივ კი, მიუხედავად იმისა, რომ ზაევის გამარჯვების ერთ-ერთი რეცეპტი დაკავშირებულია პრესპას შეთანხმებასთან, სკოპიეში ნაწილი თვლის, რომ ქვეყნის სახელწოდების შეთანხმებამ პოლიტიკურ არენაზე პოლარიზაცია გამოიწვია, რაც მიმდინარე არჩევნებით საკანონმდებლო ორგანოში 8 საპარლამენტო ადგილის დაკარგვითაც ჩანს. სამაგიეროდ, ზაევს უკავშირდება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა, რაც შემდეგში გამოიხატება – შესაძლებელი გახდა ხელფასების 14%-იანი ზრდა, ნატოში ინტეგრაცია და ევროკავშირთან სტაბილური ურთიერთობები.
ახალ კოალიციურ მთავრობას მაგიდაზე როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაში არაერთი გამოწვევა უდევს. პირველ რიგში, სახელმწიფოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან. Freedom House-ს ანგარიშში აღნიშნულია ჩრდილოეთ მაკედონიის დემოკრატიის ნელი, თუმცა მეთოდური განვითარება, მაგრამ კვლავ არის ზაევის მიმართ სკეპტიციზმი სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისა და კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური ნაბიჯების გატარებასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზაევს წინამორბედისგან რთული მემკვიდრეობა ერგო. VMRO/DPMNE-ს ლიდერი, ნიკოლა გრუევსკი არაერთ კორუფციულ სკანდალში იყო გახვეული და სწორედ ამიტომ, ბრალდებულის სავარძელზე „მოკალათების“ ასაცილებლად, ქვეყნიდან გაიქცა.
ამავდროულად, საგარეო პოლიტიკის კუთხით, რუსეთი და ჩინეთი ცდილობსქვეყნის დასავლური კურსისკენ სვლას ხელი შეუშალოს, რის საპასუხოდაც, ევროკავშირი და შეერთებული შტატები მოსკოვისა და პეკინის ინტერესების საწინააღმდეგოდ მყისიერ ნაბიჯებს დგამს. გეოპოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე კი აშკარაა, რომ როგორც ბრიუსელი და ვაშინგტონი იმარჯვებენ, პირველ რიგში, ჩრდილოეთ მაკედონიის ინტერესები რჩება გამარჯვებული.
იმის მიუხედავად, რომ მომდევნო მთავრობის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო და დებატები დასჭირდება, ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ ახალი, პოლიტიკურად დაბალანსებული მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.
თორნიკე ცირამუა