ჩვეულებრივ, ვაქცინის დამზადებას წლები სჭირდება – ზოგჯერ ათწლეულებიც. თუმცა, აქამდე არასდროს ყოფილა მობილიზებული იმდენი ექიმი, მეცნიერი და ლაბორატორია, რამდენიც ახლა. კორონავირუსის აღმოჩენიდან სულ რაღაც 7 თვის თავზე, 19 პოტენციური ვაქცინა უკვე მასშტაბური კლინიკური კვლევების ეტაპზეა, ხოლო კიდევ 130 – განვითარების ფაზაში.
აღნიშნული კუთხით, მოწინავე პოზიციებზე იმყოფება:
– ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც უკვე 10,000 მოხალისეზე გამოიცადა დიდ ბრიტანეთში, სადაც კოვიდ-19-ის შემთხვევები დღითიდღე კლებულობს. თავდაპირველი პროგნოზით მედიკამენტი სექტემბერში იქნება მზად, მასობრივი წარმოება კი ნოემბერში დაიწყება (ევროკავშირმა უკვე “დაიბევა” ვაქცინის 400 მილიონი დოზა);
– ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna, რომელიც ტესტირების მე-3 ფაზაზე გადავიდა. წინასწარი პროგნოზით, ვაქცინა საბოლოო სახეს წლის ბოლოს მიიღებს, ხოლო მასობრივი ტესტირება 2021 წლის იანვარში დაიწყება;
– ე.წ. “სინგაპურული ვაქცინა”, რომელიც მზად მომავალი წლის დასაწყისში უნდა იყოს.
რა თქმა უნდა, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ მედიკამენტი მითითებულ დროში შეიქმნება ან პანაცეა გახდება, თუმცა მაშინ, როდესაც ოფიციალურად დადასტურდება სიახლე ვაქცინის შექმნის შესახებ, მაშინვე შესაძლებელი გახდება ეკონომიკური პროგნოზების გაკეთება, რაც უმნიშვნელოვანეს ბიძგს მისცემს გლობალური ეკონომიკის ნორმალიზაციას.