რენესანსის კაშხალი – კრიზისი ნილოსის აუზში

6500 მეგავატიანი ნილოსის კაშხალი მშენებლობის პროცესში

მდინარე ნილოსი არა მხოლოდ წარსულში იყო რიგი ცივილიზაციების აკვანი, არამედ ასობით მილიონი ადამიანისათვის დღესაც არსებობის ერთადერთი საშუალებაა. ეგვიპტის მოსახლეობის უმრავლესობა, რომლის რაოდენობაც 100 მილიონს აჭარბებს, მდინარე ნილოსისა და მისი დელტის ირგვლივ ცხოვრობს და აგრომეურნეობას ეწევა, რაც ეგვიპტის სამომხმარებლო ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი კვანძია.

მდინარე ნილოსი ერთ მდინარედ სუდანში, თეთრი და ლურჯი ნილოსის შერწყმის შედეგად, დედაქალაქ ხართუმთან იქმნება. თუკი თეთრი ნილოსის სათავე უგანდაშია, ლურჯი ნილოსი ეთიოპიიდან იწყებს დინებას და ჩრდილოეთით მიემართება. საერთაშორისო ურთიერთობებში დღემდე არ არის სრულად გარკვეული დეფინირებული სათავეში მყოფი სახელმწიფოების უფლებები და მისი შეზღუდულობა, რაც ნილოსის შემთხვევაშიც პრობლემების წყარო ხდება.

მდინარე ნილოსის პოლიტიკური მნიშვნელობა ნათელია – მის ირვგვლივ ჩამოყალიბებული ეკონომიკები სტატუს-კვოს შენარჩუნების გარეშე უბრალოდ ჩამოიშლება. საკვების დეფიციტი, ეკონომიკის ვარდნა, სამომხმარებლო და ენერგეტიკისათვის გამოსაყენებელი წყლის დეფიციტი ბუნებრივად ქმნიდა და შექმნის დაძაბულ სიტუაციას როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე, 1929 წელს ბრიტანეთსა, მაშინდელი უმთავრესი მოთამაშე ნილოსის აუზში, და ეგვიპტეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ნილოსის 84 მილიარდი კუბური მეტრი წყლიდან ეგვიპტეს 48 მილიარდი ხვდებოდა, დანარჩენი კი ბრიტანეთის კოლონიებსა და ეთიოპიაში ნაწილდებოდა. აღნიშნული შეთანხმება გადაიხედა 1959 წელს. ბრიტანული კოლონიური მმართველობის დასრულების შემდეგ  ეგვიპტემ და სუდანმა განაახლეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ეგვიპტეს 55.5 მილიარდი კუბური მეტრი წყალი ხვდებოდა, ხოლო სუდანს – 18.5 მილიარდი, რაც დანარჩენ ქვეყნებს მხოლოდ 10 მილიარდს უტოვებდა.

ეგვიპტე წყალს მხოლოდ აგრომეურნეობაში არ იყენებს. ნილოსი წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკის უმთავრეს წყაროს. ასუანის 2100-მეგავატიანი კაშხალი, რომელიც 1970 წელს ექსპლოატაციაში შევიდა, ეგვიპტის ელექტროენერგიის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. თუმცა, მისმა აშენებამ საფრთხე შეუქმნა ქვეყნის აგრომეურნეობის ისეთ სფეროებს, როგორებიც თევზჭერა და ქერისა და ხორბლის კულტურების მოყვანაა. წინააღმდეგობის მიუხედავად, ინდუსტრიალიზაციის მოთხოვნამ მოსახლეობას კაშხლისაგან გამოწვეულ პოტენციურ საფრთხეებზე თვალი დაახუჭინა და დაარწმუნა ადაპტაციის მნიშვნელობაში. გარდა ამისა, რადგან კაშხალი უშუალოდ ეგვიპტეში მდებარეობს, მისი კონტროლი, შესაბამისად- გვალვებისა და წყალდიდობების ზედამხედველობა და პროგნოზირება, შესაძლებელი გახდა.

2000-იანი წლების ბოლოდან სრულიად იცვლება რეგიონში არსებული პოლიტიკური წესრიგი. ერთი მხრივ, არსებული არაბული რეჟიმები კარგავენ ლეგიტიმაციას და იწყება ცვლილებების მოთხოვნა, რასაც 2010 წლის ბოლოდან ე.წ. „არაბული გაზაფხული“ და პოლიტიკური რევოლუციები მოსდევს, ხოლო, მეორე მხრივ, ინდუსტრიალიზაციის პროცესს იწყებს ისეთი სახელმწიფო, როგორიცაა ეთიოპია. ნილოსისადმი ოფიციალური ადის-აბებას მიდგომა ნათელი, მაგრამ ისეთივე საკამათოა, როგორც ყველა მდინარის სათავეში მყოფი სახელმწიფოს – მდინარის ექსპლოატაციის პროცესში ისინი ნაკლებად შეზღუდულნი არიან.

2011 წელს, როდესაც ეგვიპტეში რევოლუცია მიმდინარეობდა, ეთიოპიამ სუდანის საზღვართან, ლურჯი ნილოსის აუზში, დაიწყო 150 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობა. მას დიდი ეთიოპიის რენესანსის კაშხალი ეწოდა. დამბა აფრიკის მასშტაბით უდიდესი, ხოლო მსოფლიოში სიდიდით მე-7 იქნება. ჰესმა 6500 მეგავატი ენერგიის გამომუშავება უნდა შეძლოს, რაც არა მხოლოდ დააკმაყოფილებს მთელს ეთიოპიას, რომელსაც ჯერ კიდევ ჰყავს ელექტროენერგიის გარეშე მყოფი მილიონობით მოსახლე, არამედ ქვეყანას ენერგოექსპორტიორადაც და შესაბამისად, მძიმეწონიან რეგიონალურ მოთამაშედაც აქცევს. კაშხლის მშენებლობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. ამ დროისათვის კონსტრუქციული სამუშაოები მიწურულია და მხოლოდ წყლის შევსების დაწყებაღა დარჩა. სწორედ ეს უკანასკნელი საკითხი რჩება უმთავრეს გამოწვევად – რა ვადაში შეავსებს კაშხალს ეთიოპია? თუკი ეთიოპია დათანხმდა ამ უკანასკნელისათვის ყველაზე ხანგრძლივ სცენარს და კაშხლის ავზი შეავსებინეს 10 წლის განმავლობაში, მაინც, ეგვიპტე წყლის 14%-ს, ხოლო მოწეული აგროპროდუქტების 18%-ს კარგავს. თუკი ეს ვადები 5 წლამდე შემცირდა, მაშინ ეგვიპტე ნილოსის 36%-ის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება, რაც მოწეული აგროპროდუქციის 50%-ის განადგურებას გამოიწვევს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, რადგან ეთიოპია კაშხლის შევსების დაწყებას 2020 წელსვე გეგმავს და შესაძლოა,  სამ წელიწადშიც კი დაასრულოს. ეს კი ეგვიპტისათვის კოშმარული სცენარია. საპირისპიროდ ამისა, ეთიოპია ეგვიპტეს წყლის არაეფექტურ გამოყენებაში სდებს ბრალს და საირიგაციო სისტემების გამართვისაკენ მოუწოდებს.

რეგიონში ეთიოპიის მნიშვენლობის ზრდა დაკავშირებულია ეგვიპტის კრიზისთან. ეს კარგად აქვს გააზრებული ოფიციალურ კაიროს. სწორედ ამიტომ, 2013 წლიდან, ხელისუფლებაში მოსული აბდულ-ფათაჰ ალ-სისი, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებით, ისე სამხედრო ძალის გამოყენების მუქარით, ცდილობს ჰესის მშენებლობის შეჩერებას. მეტიც, განიხილება ავიადარტყმა კაშხალზე, რათა არ მოხდეს მისი ექსპლუატირება. ეთიოპია ეგვიპტეს აბრალებს მეზობელ ერიტრეადან მილიტარისტული ჯგუფების დაფინანსებას, რომელთაც ეთიოპიაში დესტაბილიზაცია და სამხედრო ესკალაცია უნდა დაეწყოთ. არც ეთიოპია არ აპირებს უკან დახევას. 2018 წელს ეთიოპიის პრემიერმა, აბი აჰმედმა, ქვეყნის ინტერესების დასაცავად სამხედრო ძალების მობილიზაციის შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

ეთიოპიის მხარდასაჭერად, ძირითადად, თეთრი ნილოსის აუზის ქვეყნები გამოდიან, რომელთაც სუდანისა და ეგვიპტისაგან განსხვავებით, წყლის მხოლოდ მიზერული რაოდენობის გამოყენების საშუალება ეძლეოდათ. სუდანმა პოზიცია რამდენჯერმე შეიცვალა. თუკი თავდაპირველად იგი ეგვიპტის მხარდამჭერად გამოვიდა, მოგვიანებით, ეთიოპიის მხრიდან ელექტროენერგიის იაფად მიღების სანაცვლოდ, ნეიტრალური პოზიცია არჩია.

საინტერესოა საგარეო პოლიტიკური მოთამაშეების როლიც. აშშ 2018 წლიდან აქტიურად ცდილობს შეითავსოს მთავარი მოდერატორის ფუნქცია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მოლაპარაკებები წარმატებით დაიწყო, 2019 წელს ჩიხში შევიდა, რისი მიზეზიც ეთიოპიის მიერ მოლაპარაკებების დატოვება გახდა. ოფიციალური ადის-აბებას მტკიცებით, ამის მიზეზი აშშ-ის ეთიოპიისათვის წარდგენილი მოთხოვნა გახლდათ, რომლის მიხედვითაც, მოლაპარაკებების დასრულებამდე კაშხლის მშენებლობა უნდა შეჩერებულიყო.

განსხვავებულია ჩინეთის როლი. ოფიციალურად, კაშხლის აშენება 5 მილიარდი დოლარი ჯდება, თუმცა სინამდვილეში დახარჯული თანხა ბევრად მეტია. მაგრამ საიდან მოდის ამ რაოდენობის თანხა? ჩინეთმა ეთიოპიას კაშხლის ასაშენებლად 1.8 მილიარდი დოლარის სესხი გამოუყო. არაოფიციალურად კი ეს თანხა შეიძლება ბევრად მეტიც იყოს. ეს კი ეთიოპიაში არა მხოლოდ ჩინეთის ეკონომიკურ წარმომადგენლობას ზრდის, არამედ იცვლება რეგიონალური პოლიტიკური წესრიგიც, რომელშიც აშშ-ის როლი თანდათან სუსტდება.  

2020 წელს ეთიოპიაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო მომდევნო წლისათვის გადაიდო. საინტერესოა ისიც, რომ ეთიოპიაში პოლიტიკური კონსესუსი კაშხალთან დაკავშირებით მიღწეულია, შესაბამისად, ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც ეგვიპტესთან მიმართებით ხისტ პოზიციას ამჯობინებენ, რაც ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირების ხარისხს კიდევ უფრო ზრდის. თავის მხრივ, ეგვიპტე, რომელიც მკაცრი ხელით იმართება, არ აპირებს რეგიონში პოზიციების დათმობას და მიუხედავად იმისა, რომ ეთიოპიაში ოფიციალურ კაიროს ეკოლოგიური და ეკონომიკური კატასტროფიდან თავის არიდებას სიტყვიერად ჰპირდებიან, სავალდებულო ხასიათის ხელშეკრულებებზე ხელმოწერისაგან უარს აცხადებენ, რაც კონფლიქტის ესკალაციის რეალურ საფრთხეს ქმნის.

გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s