პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები – მეორე ტური

წყარო: Sky News

პოლონეთი ნახევრად საპრეზიდენტო უნიტარული კონსიტუციური რესპუბლიკაა. მიუხედავად ამისა, პოლონეთის შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს, ძირითად, პარლამენტი ქმნის, რომლის საკანომდებლო ძალაუფლება გადანაწილებული აქვს ორ წარმომადგენლობით პალატას – სეიმსა და სენატს, მთავრობის მეთაური პრემიერმინისტრია, ხოლო პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურის სატუსს ატარებს და ქვეყნის სიმბოლოს წარმოადგენს. ეს უკანასკნელი სტატუსი უბრალო და უმნიშვნელო არ არის, არც იდეური და არც პრაქტიკული თვალსაზრისით.   პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სახელმწიფოს შიგნით პოლარიზაციის შემაკავებელი ფაქტორია. იგი, მიუხედავად პოლიტიკური პლატფორმისა, ყველა მხარისათვის პატივსაცემ ფიგურას წარმოადგენს, მით უფრო მაშინ, როდესაც მისი არჩევა პირდაპირი წესით, არჩევნების გზით ხდება და არა პარლამენტის მიერ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში გვხვდება.

პრეზიდენტის როლი, გარდა მისი სიმბოლური ხასიათისა, მნიშვნელოვნადაა გამოხატული რიგ საშინაო და საგარეო საკითხებში. საშინაო პოლიტიკაში პრეზიდენტს უფლება აქვს, კანონს დაადოს ვეტო ან  ნებისმიერი პარლამენტის მიერ მიღებული კანონი კონსტიტუციურ ტრიბუნალს გადასცეს განსახილველად, რითიც შესაძლებელია არა მხოლოდ დაყოვნდეს კანონის ძალაში შესვლა, არამედ საერთოდაც გაუქმდეს იგი.

კიდევ ერთი რამ, რითიც განსხვავდება პოლონეთის პრეზიდენტის უფლებამოსილება დანარჩენი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური სისტემისაგან არის ის, რომ პოლონეთის პრეზიდენტს გააჩნია კანონის ინიცირების უფლება, რაც პრაქტიკაში ხშირად არ ხდება, მაგრამ ძალიან დიდ შესაძლებლობას ქმნის.

მნიშვნელოვანია პრეზიდენტის საგარეო როლიც. როგორც ნახევრად საპრეზიდენტო, ასევე, რიგ შემთხვევაში, საპარლამენტო მმართველობების პერიოდშიც, პრეზიდენტს აქვს საგარეო უფლებამოსილება, მოაწეროს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ხელი და დაეხმაროს მთავრობას საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრაში. ამას ემატება ისიც, რომ სახელმწიფოს მეთაური წარმოადგენს ქვეყნის სიმბოლოსა და სახეს. შესაბამისად, პოლონეთში, სახელმწიფოში, რომელიც საკმაოდ აქტიურ საგარეო პოლიტიკურ კურსს აწარმოებს, პრეზიდენტის როლი მაღალმნიშვნელოვანია.

დაბოლოს, პრეზიდენტი წარმოადგენს პოლონეთის სამხედრო ძალების მთავარსარდალს, შესაბამისად, ის პირდაპირ კავშირშია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან. ვინაიდან პოლონეთს აქვს შესამჩნევი სამხედრო-პოლიტიკური გამოწვევები აღმოსავლეთის მხრიდან, პრეზიდენტის პოსტის წონა კიდევ უფრო იზრდება.

2015 წლიდან პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს ანდჟეი დუდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 10 მაისს უნდა გამართულიყო, 28 ივნისისათვის კორონავირუსის გავრცელების გამო გადაიდო. გარდა დროის ცვლილებისა, არჩევნების წინ შეიცვალა ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის, სამოქალაქო პლატფორმის მხრიდან წარდგენილი კანდიდატის ვინაობაც – თუკი მაისამდე მოიაზრებოდა სეიმის ყოფილი მარშალის, მაუგოჟატა კიდავა-ბლონსკას კანდიდატურა, ივნისის თვეში ის  შედარებით ქარიზმატული ლიდერით, ვარშავის მერით, რაფაუ ტშასკოვსკით ჩაანაცვლეს. იგი საკმაოდ აქტიური და პოპულარული ფიგურაა, განსაკუთრებით ურბანულ ცენტრებსა და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ტშასკოვსკის პოზიცია, ისევე როგორც მისი პარტიის, ცენტრისტულია, შედარებით შესამჩნევი მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკით. მას პოლონური ლიბერალიზმის ახალ სახედაც მოიაზრებენ.

სამოქალაქო პლატფორმის დამაარსებელი და ერთ-ერთი ლიდერი დონალდ ტუსკია, რომელიც ქვეყნის პრემიერის თანამდებობის გარდა, ევროპული საბჭოს (European Council) პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა და გამორჩეული ფიგურაა ევროკავშირის მასშტაბით. ტშასკოვსკის წარდგენაში ტუსკის როლი საკმაოდ დიდია. სამოქალაქო პლატფორმასა და ტშასკოვსკის გამორჩეულად პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ ოფიციალური ბრიუსელისადმი და შედარებით რბილ საგარეო პოლიტიკულ პლატფორმაზე დგანან. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ რაფაელ ტშასკოვსკის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საკმაო გამოცდილება აქვს – იყო ევროპარლამენტის წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. იგი ბრიუსელთან ურთიერთობის კიდევ უფრო დათბობის ინიციატივითაც გამოდის.

სახელისუფლებო კანდიდატი ანდჟეი დუდაა. იგი 2015 წლამდე პოლიტიკურად განსაკუთრებულად ცნობადი სახე არ იყო. სწორედ ეს გახლდათ მისი უპირატესობა. მას შეეძლო, მოეზიდა როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე-ცენტრისტი მხარდამჭერები, რამაც, თავდაპირველად, შეამცირა კიდეც პოლარიზაცია. დუდა წარსულში იყო როგორც სეიმის, ისე ევროპარლამენტის წევრიც და საკმაოდ ახლოს იდგა ცენტრისტულ პოზიციებთან. იგი ქარიზმატული ლიდერია. მისი პრეზიდენტობის პერიდში არა მხოლოდ განმტკიცდა მმართველი კანონისა და სამართლის პარტიის (PiS) მხარდაჭერა, არამედ გაიზარდა კიდეც. დუდას საგარეო პოლიტიკა საკმაოდ კომპლექსური და, რიგ შემთხვევაში, ეფექტურია. ის  საგარეო საფრთხეების  მინიმუმამდე დაყვანას ცდილობს, რაც მის პოლიტიკას რეალიზმზე დაფუძნებულს ხდის. რუსული საფრთხის შესაჩერებლად პოლონეთი აძლიერებს კავშირს როგორც უკრაინასა და საქართველოსთან, ისე ბალტიისპირა სახელმწიფოებთან და ვიშეგრადის ჯგუფთან. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ დუდას პრეიზდენტობის დროს პოლონეთი აღმოსავლეთ ევროპის დეფაქტო ლიდერად ყალიბდება.

ანდჟეი დუდასა და „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ურთიერთობები ოფიციალურ ბრიუსელთან შედარებით ცივდება. მათ სურთ განსხვავებული სახის ინტეგრაცია ევროპულ ინსტიტუტებში,  სუვერენიტეტის შედარებით მეტი ხარისხით შენარჩუნება. არასწორი იქნებოდა, რომ დუდა ევროსკეპტიკოსად წარმოგვედგინა, რადგან არც იგი და არც მისი მმართველი პარტია, ისევე როგორც მხარდამჭერთა უმრავლესობა, არ არის ევროსკეპტიკოსი. მათი პოზიცია ძლიერი ევროკავშირია, ქვეყნების ძლიერი სუვერენიტეტით.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დუდას პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-სთან ურთიერთობა კიდევ უფრო დათბა. მეტიც, დუდას მთავრობა აქტიურად მონაწილეობს აშშ-ის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში და ელოდება  აშშ-ის გამოსვლას სამხედრო ძალების კონტიგენტის ზრდის ინციატივით პოლონეთის ტერიტორიაზე.

რაც შეეხება შიდა პოლიტიკას: დუდას პერიოდი დაკავშირებულია არა მხოლოდ სასამართლო რეფორმასთან, რომლის შედეგადაც მოსამართლეთა დანიშვნის წესი შეიცვალა, რამაც ბრიუსელთან ურთიერთობა შედარებით გააცივა, არამედ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებასთანაც – პოლონეთში დაიწყო მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამების განხორციელება, რამაც აღმოსავლეთის რეგიონების ეკონომიკურ გამოცცოცხლებას შეუწყო ხელი.

მნიშვნელოვანია ბოლო ასპექტის განხილვაც: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუკი ტშასკოვსკი ურბანულ დასახლებებშია პოპულარული, დუდა უფრო მეტად რურალურ რაიონებში დომინირებს. ერთადერთი გამონაკლისი კრაკოვია, სადაც დუდას რეიტინგი შესამჩნევლად მაღალია. პოლონეთში კრაკოვსა და ვარშავას შორის მეტოქეობა დიდი ხანია არსებობს  – ყოფილი და ახლანდელი დედაქალაქი უპირატესობისათვის იბრძვის.

28 ივნისის არჩევნებში ტშასკოვსკიმ 30%-ის მოპოვება შეძლო, დუდამ კი43%-ის. მეორე ტური 12 ივლისსაა ჩანიშნული, რომელსაც მთელი მსოფლიო  ელოდება.

გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s