ჩინური მედია აქტიურად აშუქებს ჩინურ-პოლონური ურთიერთობის დინამიკის ჰარმონიულობას. 1949 წელს პოლონეთმა ერთ-ერთმა პირველმა ცნო კომუნისტური ჩინეთი სახელმწიფოდ. რამდენიმე თვის წინ პოლონეთი ჩინეთის „ნიღბის დიპლომატიის“ არეალში მოექცა. 31 მარტს ჩინური თვითმფრინავი ვარშავის აეროპორტში დაეშვა. დახმარება მოიცავდა 10,000 კორონავირუსის ტესტს, 20000 რესპირატორსა და სხვა აუცილებელ მასალას, რომლებიც ვირუსის პრევენციის მიზნით გამოიყენება. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იაცეკ ჩაპუტოვიჩის პოზიტიური შეფასება ერთადერთი არ გახლდათ. მას მხარი მიჰაუ დვორჩიკმაც დაუჭირა, რომლის ინიციატივაც ორ ქვეყანას შორის საჰაერო ხიდის შექმნაა. უდავოდ, ჩინურ-პოლონური ურთიერთობები რეგიონალურ ბალანსზე მნიშვნელოვნად აისახება. სტატიაში ვეცდები ორი ქვეყნის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტის აღწერას.
პოლიტიკური ურთიერთობები
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა და პოლონეთმა დიპლომატიური კავშირი 1919 წლიდან დაამყარა, ურთიერთობები ფორმალურ ხასიათის გახლდათ. კორუფციას, შიდა დაპირისპირებებსა და იაპონიის აგრესიას ჩინური რევოლუცია მოჰყვა მაშინ, როდესაც პოლონეთმა დამოუკიდებლობა დაკარგა და აღმოსავლეთ ბლოკის წევრი გახდა. ორი წლის შემდეგ ჩინეთში პოლიტიკური სადავეები უკვე მაო ძედუნს ეპყრა ხელთ. უნდა აღინიშნოს, რომ კომუნისტური ჩინეთის ცნობა პოლონეთის მიერ მხოლოდ დიპლომატიური ჟესტი გახლდათ, რომელიც საბჭოთა ელიტების სურვილს წარმოადგენდა. კერძოდ, მსგავსი სიმბოლური აქტები, მათი აზრით, ხელს უწყობდა კომუნიზმის გლობალური მასშტაბით გავრცელებას. სიმბოლიკის გარდა, ისტორიულ წყაროებში ხშირად შეხვდებით ფაქტებს, როდესაც პოლონელი ლიდერები ღიად თუ ფარულად უპირისპირდებოდნენ კრემლის პოლიტიკას, რომელიც აშკარად ჩინეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. 1960-იანი წლებიდან მრავალი ფაქტი დაგვამახსოვრდა. მათ შორისაა ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის პოლიტიკური დაშორება, რის შემდეგაც ორ ქვეყანას შორის მტრული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ამას მოწმობს ნიკიტა ხრუშჩოვის ინიციატივები. მაგალითად, საბჭოთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, მონღოლეთის მეშვეობით, ვარშავის პაქტის წევრთა გაზრდა სურდა, ასევე შეთანხმების მიღწევა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ და ბოლოს, მსოფლიოს კომუნიზმის კონფერენციის მოწყობა. აღნიშნული ნაბიჯები ჩინეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა კომუნისტური პოლონეთის წარმომადგენელი, გომულკა, კრემლის ინიციატივებს წინ აღუდგა. მიუხედავად ეკონომიკური ზეწოლისა, ხრუშჩოვმა ვერ შეძლო მისი გადარწმუნება და პირიქით, მას თავად მოუწია თავდაპირველი გადაწყვეტილებების შეცვლა. საყურადღებოა, რომ ჩინურ-პოლონური ურთიერთობები მაინც სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. უფრო მეტიც, პოლონეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები გაუარესდა. ტიანანმენის ინციდენტი პოლონურმა ელიტამ საკმაოდ მძიმედ აღიქვა. თავის მხრივ, აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ცვლილებები ჩინეთში „საშიშ პრეცედენტად“ შეაფასეს. ურთიერთობების ჰარმონიზაცია 1997 წელს, ალეკსანდერ კვაშნიევსკის საპრეზიდენტო ვიზიტის შემდეგ დაიწყო. პოლონეთმა ღიად დაუჭირა მხარი „ერთი ჩინეთის“ პრინციპს. ჩამოყალიბდა პოლონურ-ჩინური საპარლამენტო ჯგუფი. 2000 წლიდან კი ოფიციალური ვიზიტების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. პირდაპირი კონტაქტები დამყარდა ჩინურ და პოლონურ ქალაქებს შორის. ამჟამად 23 საქალაქთაშორისო შეთანხმება მოქმედებს, აქედან 7 პროვინცია-პროვინციის მემორანდუმია.
ეკონომიკური კავშირები
ჩინურ-პოლონური ეკონომიკური ურთიერთობების შეფასებისას დროის სხვადასხვა პერიოდი უნდა გავითვალისწინოთ. მანამდე არსებული ტრენდი, ურთიერთობების ნაკლები ინტენსივობა, მას შემდეგ შეიცვალა, რაც პოლონეთი ევროკავშირში გაწევრიანდა. პრეზიდენტ ჰუს 2004 წლის ვიზიტი რამდენიმე შეთანხმების საფუძველი გახდა. აღსანიშნავია, მხარეების დაინტერესება სპილენძის მოპოვების სფეროში, რომლის თვალსაჩინო შედეგი ჩინური საერთაშორისო იმპორტის ექსპო2018 ღონისძიება იყო, სადაც პოლონურმა სპილენძის მოპოვებულმა კომპანიამ ჩინურ მხარესთან 3.5 მლრდ დოლარის კონტრაქტს მოაწერა ხელი. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გაზრდილ ვაჭრობას სავაჭრო დეფიციტის გაღრმავება მოჰყვა, რაც დღემდე პრობლემად რჩება პოლონური მხარისთვის. მაშინ, როდესაც პოლონეთში 14,000-მდე ჩინური კომპანია მოქმედებს, საპირისპიროდ, 1100 პოლონური კომპანია ოპერირებს ჩინეთში. იმპორტის ზრდის არაპროპორციული ექსპორტის ზრდა ხაზს უსვამს აღნიშნულ რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის ეკონომიკური სტრატეგიები არსებული პრობლემის დაძლევას ანიჭებს უპირატესობას, დღევანდელი ეკონომიკური დინამიკის ფონზე მსგავს სცენარს ნაკლებად უნდა მოველოდოთ.
ჩინეთი პოლონეთს ევროპაში შემავალ კარად განიხილავს და ურთიერთობების გაღრმავებას არა მარტო ბილატერალურად, არამედ მულტილატერულ დონეზეც ცდილობს. 16+1 პლატფორმა, რომელიც 2012 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა, სწორედ ვარშავაში გამართული შეხვედრის შედეგია, სადაც ჩინეთის პრემიერი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა.(შენიშვნა: საბერძნეთის გაწევრიანების შემდეგ ფორმატს 17+1 სახელი დაერქვა). მულტილატერალურმა მიდგომამ მაღალი რანგის წარმომადგენელთა შეხვედრების ინსტიტუციონალიზაცია გამოიწვია. თანამშრომლობის მექანიზმების ამოქმედებამ ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, განათლება, კვლევა და მედია, გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. ევროკავშირმა უკვე მოუწოდა ჩინეთს მსგავსი ინიციატივების გადახედვისკენ, რადგან აღნიშნული მიდგომა ერთიანი ევროპული ინტეგრაციის პროცესს უშლის ხელს. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ტროას ცხენებს წარმოადგენენ და ევროკავშირის რადიკალური პოზიციაც გასაკვირი არ უნდა იყოს. ევროკავშირის კომისიის ოფიციალურ ანგარიშში ჩინეთი სისტემურ მტრადაა მოხსენიებული.
17+1 პლატფორმის გარდა, ჩინეთი და პოლონეთი კოორდინირებენ V4 ფორმატის მეშვეობით. „ვიშეგრადის ჯგუფმა“ ანალოგიური პროექტები სხვა ქვეყნებთან წარმატებით განახორციელა. ამის კარგი მაგალითია V4+იაპონია და V4+სამხრეთ კორეა. აღნიშნული ფორმატი შეიძლება 17+1-ის ალტერნატივადაც იქცეს. „ვიშეგრადის ჯგუფის“ წარმომადგენლებს 2015 და 2018 წლებში უკვე მასპინძლობდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. თუმცა, ჯერჯერობით, საუბრები მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათს ატარებს.
ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, ბოლოდროინდელი აქტივობების გათვალისწინებით, თვალსაჩინოა. 2011 წელს გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება ორი ქვეყნის ურთიერთობების ახალ ფაზაში გადასვლას მოასწავებდა. სი ძინპინის საპრეზიდენტო ვიზიტის შედეგად ხელი მოეწერა 40-მდე შეთანხმებას. ანდჟეი დუდა დაესწრო ჩინური სატვირთო მატარებლის ჩამოსვლას, რომელიც სიმბოლურად ჩინეთს ევროპასთან აერთებს. კშიშტოფ შჩერსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთის სურვილი ჩინეთთან არსებული ურთიერთობების გაღრმავებაა. უნდა აღინიშნოს, რომ პოლონეთი ერთ-ერთი დამფუძნებელია აზიის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო ბანკისა. გამოსაყოფია პოლონეთის გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ქვეყანას უფრო მეტ ეკონომიკურ დატვირთვას ანიჭებს, თუ მხედველობაში მივიღებთ ისეთ ინიციატივას, როგორიცაა – ერთი „სარტყელი-ერთი გზა“. ქვეყნებმა უკვე მოაწერეს ხელი აღნიშნული ინიციატივის ურთიერთგაგების შეთანხმებას. ჩინეთი პოლონეთისთვის უკვე სიდიდით მეორე იმპორტიორი ქვეყანაა, მას მხოლოდ გერმანია უსწრებს. სტატისტიკების მიხედვით, ექსპორტების რიცხვი 35.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი კი – 13.3 პროცენტით.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩინურ-პოლონური ურთიერთობების მომავალი ბურუსითაა მოცული. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეს, რომელიც პოლონეთში დააკავეს შპიონაჟის ბრალდებით, და ჩინურ კომპანია ჰუავეის შორის კავშირი ჯერჯერობით ვერ დგინდება. დუდას არ გაუცია უარყოფითი პასუხი, როდესაც მას ჰკითხეს, თუ მოხდა მტკიცებულებების მიწოდება შეერთებული შტატების მხრიდან. არსებული დაძაბული დინამიკის რეზულტატად შეგვიძლია მივიჩნიოთ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსისა და პოლონეთის პრემიერ მატეუშ მორავიეცკის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც 5G ტექნოლოგიების თანამშრომლობას ეხება. ეჭვგარეშეა, რომ შეერთებული შტატები პოლონეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირედ დარჩება, თუმცა საუკეთესო გამოსავალი ქვეყნისთვის, ალბათ, ორ სუპერ სახელმწიფოს შორის ეფექტიანი ლავირება იქნება, სადაც უსაფრთხოების საკითხებში პრიორიტეტი შეერთებულ შტატებს მიენიჭება, ხოლო ეკონომიკურ ურთიერთობებში – ჩინეთს. პოლონეთის მომავალი წარმატების ფორმულა სწორედ აღნიშნული გზის განხორციელებაში იმალება.
შოთა მგელაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.