ბრაზილია გამოწვევების წინაშე

FBE51CB0-C6F0-4018-8EC5-D011326E8233

სამხრეთ ამერიკის კონტინენტისა და ლათინური ამერიკის რეგიონის უდიდესი სახელმწიფო ბრაზილია  70–იან წლებში დაწყებული სამხედრო ხუნტის მმართველობის შემდეგ დემოკრატიის გზაზე დადგომას ცდილობს და ბოლო 30 წლის განმავლობაში ფუნდამენტურად იცვლება.

ცივი ომის დასრულების შემდეგ დაწყებულმა „დემოკრატიზაციის მესამე ტალღამ“ საწყის ეტაპზე გარკვეული წარმატება მოუტანა ბრაზილიას. სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, 1994 წელს ქვეყნის მოსახლეობა  პრეზიდენტად ირჩევს პრინციპულ მემარცხენე ლიდერს – ფერნანდო ენრიკე კარდოზუს, რომელმაც ჩრდილო–აღმოსავლელ ოლიგარქებთან დადებული შეთანხმებებისდა მტკიცე პოლიტიკის დახმარებით,  მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმებიატარა, მათ შორისაა: პრივატიზაციის და უცხოური ინვესტიციების გაზრდა, განათლებისა და სოციალური მომსახურების დაფინანსების პროგრამები.

ბრაზილიელი ხალხის ლიდერმა, კარდოზუმ, სერიოზული ცვლილებების მიუხედავად, ვერ მოახერხა ფინანსური კრიზისის თავიდან აცილება და იძულებული გახდა შეემუშავებინ გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა სამთავრობო ხარჯების შემცირებას, გადასახადებისა და საერთაშორისო სესხების გაზრდას, ინფლაციის შეჩერებას. მან მოახერხა კრიზისული სიტუაციის ეფექტურად მართვა და საერთაშორისო აღიარების მოპოვება, მაგრამ „ხვალინდელი ქვეყნის“ დემოკრატიული კურსი რადიკალურად შეცვალა ქვეყნის ახალმა მემარცხენე ლიდერმა – ლუის ინაციო ლულა და სილვამ, რითიცსახელმწიფო მძიმე არჩევნის წინაშე დააყენა.

ქარიზმატულმა ლულამ მიზნად დაისახა წინამორბედი პრეზიდენტის პოლიტიკის გაგრძელება და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია, თუმცა, აღმოჩნდა, რომ წარმატების უკან იდგა კორუმპირებული ჩინოვნიკებით დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტი და ფულის გათეთრების მთელი მექანიზმი, ამაც ლულას და მისი თანამოაზრის, დილმა რუზეფის მმართველობა კოლაფსამდე მიიყვანა.

მმართველების მხრიდან განხორციელებული არადემოკრატიული პოლიტიკის საპასუხოდ, ბრაზილიელმა ხალხმა დემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო და სათანადოდ დასაჯა დამნაშავეები. შექმნილი კრიზისის პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოებამ შეიძინა გარკვეული პოლიტიკური კულტურა,გაითავისა საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების მნიშვნელობა და განაგრძო ბრძოლა გამარჯვებისთის.

ბრაზილიელებმა შეცვალეს კურსი და მემარცხენე ლიდერების შემდეგ პრეზიდენტად აირჩიეს ულტრამემარჯვენე ჟაირ მესიას ბოლსონარუ, რომელმაც ლეგიტიმური ძალაუფლება მოიპოვა ხმამაღალი პოპულისტური განცხადებების, პეტრობრასის ირგვლივ აგორებული სკანდალისა და დაქსაქსული ბრაზილიელი მემარცხენეების დასუსტების ფონზე. თუმცა, მისი მმართველობა სერიოზული დაბრკოლებებით დაიწყო და გრძელდება.

2019 წელს ბოლსონარუს მთავრობას ამაზონის ტყის მასშტაბური ხანძარიდაატყდა თავს, რმაც დიდი ზიანი მიაყენა როგორც ბუნებრივ ლანდშაფტს, ასევე ეკონომიკას, ჯანდაცვას, უსაფრთხოებას. უფლებადამცველები ამაზონის ხანძრის გამო პრეზიდენტს ადანაშაულებდნენ, რადგან მისი ეკოლოგიური პოლიტიკა ტყეების დანაკარგის დღითიდღე ზრდას იწვევდა. მთელი მსოფლიო გამოეხმაურა ამ კატასტროფას. მართალია, დროულად ვერ მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა და ზარალის მინიმუმამდე შემცირება, მაგრამ ბრაზილიამ იგრძნო საერთაშორისო მხარდაჭერა და ყურადღება. ბოლსონარუმ, გარკვეულწილად, გამოიყენა საერთაშორისო ინტერესი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, თუმცა, სახელმწიფოს საშინაო მდგომარეობა კრიტიკულად ვითარდებოდა.

კრიზისი გაამძაფრა გლობალურმა პანდემიამ, რომელმაც სახელმწიფოებს შეუქმნა მძიმე ეკონომიკური ფონი, გამოკვეთა ფუნდამენტური ინსტიტუციური ნაკლოვანებები, მოახდინა ჯანდაცვის სფეროს სრული რეორგანიზაცია. ამ პროცესების გათვალისწინებით, „მესამე სამყაროს“ ქვეყნები, დემოკრატიული განვითარების გზაზე, სრულ კოლაფსში მოექცნენ. ამაზე მეტყველებს ბრაზილიის შემთხვევა – ეს ქვეყანა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა და დღითიდღე იზრდება ინფექცის გარვცელების არეალი.

გლობალური საფრთხის წინაშე ბოლსონარუს მთავრობა მოუმზადებელი აღმოჩნდა. მეტიც, COVID-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან, ქვეყნის ლიდერის „ტრამპისეული“ რიტორიკა საზღვრებს სცდება. ბოლსონარუგამოაცხადა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და სრულიად უადგილოა გარკვეული შეზღუდვების შემოღება და ხალხისთვის დისკომფორტის შექმნა. ის შეზღუდვების წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციაშიც კი იღებდა მონაწილეობას და ღია მხარდაჭერას უცხადებდა მომიტინგეებს.

ხელისუფლებამ პანდემიას  მალევე მოარგო პოლიტიკური სარჩული. ბრაზილიის პრეზიდენტმა აპრილის თვეში თანამდებობიდან გაათავისუფლა ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც სოციალური დისტანციის შემოღებას ითხოვდა. ბოლსონარუ უპირისპირდებოდა ყველას, ვინც მისი განცხადებების წინააღმდეგ ილაშქრებდა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქვეყნისთვის ვირუსზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებია და დაუშვებელია სეთი მწვავე კრიზისის დროს უდიდესი ქალაქების გათიშვა და მოსახლეობის სახლებში გამოკეტვა.

გაუმართავმა ჯანდაცვის სისტემამ, აუცილებელი ინფრასტუქტურის ნაკლებობამ, არაკვალიფიციურმა მედპერსონალმა, უყურადღებობამ და პრობლემისადმი არასერიოზულმა დამოკიდებულებამ ქვეყანა კრიტიკულ სიტუაციამდე მიიყვანა.

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ბრაზილიის ადგილობრივ აბორიგენ მოსახლეობაში. აბორიგენი ჯგუფები, ძირითადად,  ამაზონის ჯუნგლებში, ცივილიზაციისგან შორს ცხოვრობენ და მოწყვეტილნი არიან გარესამყაროს. მათი საცხოვრებელი პირობები განსაკუთრებით გაუარესდა ხელისუფლებაში ბოლსონარუს მოსვლის შემდეგ. მისი ბრძანებით, აქტიურად მიმდინარეობს ჯუნგლების გაჩეხა.ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული ხდება ჩავიდეს დიდ ქალაქებში, სადაც, ფაქტობრივად, უუფლებო ადამიანებად ითვლებიან და უწევთ არახელსაყრელ პირობებში  თვითგადარჩენისთვის ბრძოლა.

ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობამ და აბორიგენი მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართულმა პოლიტიკამ, საგრძნობლად შეამცირა ადგილობრივების რაოდენობა. მათ დაავადებასთან საბრძოლველად საჭირო ანტისხეულები არ გააჩნიათ, რაც იწვევს ვირუსის სწრაფ გავრცელებას. ინფიცირების უწყვეტმა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს აბორიგენების გენოციდი.

საფრთხე ობიექტურად შეაფასა ბრაზილიის კონგრესმა და შეიმუშავა გეგმა ადგილობრივი აბორიგენების დასახმარებლად. ეს ითვალისწინებს სამედიცინო აღჭურვილობით, საკვებითა და წყლით უზრუნველყოფას, რათა სრული იზოლაციის პერიოდში ვირუსისგან თავდაცვა მოახერხონ. თუმცა, ამ გეგმის განსახორციელებლად საჭიროა სენატისა და პრეზიდენტის თანხმობა, ორივე მათგანი მტრული დამოკიდებულებით გამოირჩევა ამ ხალხის მიმართ, რაც ფატალური შედეგის მომასწავებელია.

უახლესი ინფორმაციით, ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ინფიცირების შემთხვევები აღარ გასაჯაროვდება, რაც მას სპეკულაციის საშუალებას მისცემს. საერთაშორისო დონეზე მას ღია მხარდაჭერა აქვს ტრამპის ადმინისტრაციისგან, მაგრამ პარალელურად მწვავე კრიტიკაც გაისმისბრაზილიის ლიდერის პოლიტიკის მიმართ. ფაქტია, რომ ქვეყანა უმძიმესი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფაზაშია, იზრდება უკმაყოფილება, არ არსებობს გამართული ანტიკრიზისული გეგმა, ბოლსონარუ განაგრძობს პოპულისტური განცხადებებით მანიპულირებას, მოსახლეობა სიღარიბის ზღვარზეა.

პანდემიის დროს პრეზიდენტი რამდენჯერმე ეცადა, უხეშად ჩარეულიყო სასამართლოს, პოლიციისა და კონგრესის საქმიანობაში, მაგრამ მალევე გამოაშკარავდა მისი არაკონსტიტუციური ზრახვები და მოსახლეობა ხმამაღლა ალაპარაკდა ამ საფრთხეზე. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ბრაზილიის ლიდერი გარეულია კორუფციულ საქმიანობაში და სწორედ ამიტომ, ცდილობს,დემოკრატიულ ინსტიტუტებში დესტაბილიზაციის შეტანას. ამაზე მეტყველებს 20 ივნისს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, პრეზიდენტის უფროსი ვაჟის თანაშემწე დააკავეს კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობისბრალდებით. ბოლსონარუს ოჯახი უარყოფს მსგავს ფაქტს და ითხოვს საფუძვლიან გამოძიებას.

ულტრამემარჯვენე ხელისუფლება ვერ უმკლავდება გლობალური პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს. ქვეყნის მმართველ რგოლს კერძო ინტერესები ამოძრავებს. ბრაზილია სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას – აქ საუბარია გადარჩენასა და ეფექტური პოლიტიკური კურსის არჩევაზე. დემოკრატიის გზაზე ამ სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ღირებულებები შეიძინა, ბევრი დაბრკოლება გადალახა, მოუხდა განსხვავებული არჩევანის გაკეთება.

რეალურად, ბრაზილიას აქვს სერიოზული რესურსები, გახდეს არა მარტოკონტინენტის და ლათინური ამერიკის რეგიონის, არამედ მსოფლიო მოთამაშე და დაანახოს განვითარებულ საზოგადოებას, რომ იმსახურებს მათ გვერდით ყოფნას. ყველაფრის გათვალისწინებით, პროგნოზები შეიძლება იყოს ოპტიმისტური. მოსალოდნელია, რომ ბრაზილია გააკეთებს ახალ არჩევანს და ბოლსონარუ მეორე ვადით აღარ აირჩევა პრეზიდენტად, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა და ბრაზიელი მოსახლეობის, მათ შორის, ადგილობრივი აბორიგენების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა.


ანა მიქაია

საგარეო პოლიტიკის საბჭოს უმცროსი მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s