პოლონეთის თავდაცვის ახალი სტრატეგია – მიმოხილვა

2020 წლის 12 მაისს პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ, ხელი მოაწერა თავდაცვის ახალ სტრატეგიას, რომლითაც გაუქმდა წინა, 2014 წლის დოკუმენტი. სტრატეგია მნიშვნელოვანია იმით, რომ უფრო ნათლად და კონკრეტულად მიმოიხილავს შესამჩნევ რეგიონალურ გამოწვევებს: რუსეთის გაძლიერებასა და მის მზარდ ესპანსიონისტურ პოლიტიკას. კიბერ და ენერგოუსაფრთხოების კვალდაკვალ ეკონომიკურ, ეკოლოგიურ საკითხებსაც მოიცავს და ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარების პრიორიტეტულობაზე მიუთითებს.

მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ ფაქტს, რომ თავდაცვის ახალ სტრატეგიაში რუსეთისაგან მომავალი საფრთხეები წარმოდგენილია როგორც ნეოიმპერიალიზმი, რაც, პირველ რიგში, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიაში გამოიხატება. თავდაცვის სტრატეგია არა მხოლოდ მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ უმაღლეს მნიშვნელობას ანიჭებს მათ მოგვარებას და მიუთითებს აქტიური ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზეც.

დოკუმენტის მიხედვით, რუსეთისაგან მომავალი საფრთხეები რეალურია და მხოლოდ ჰიპოთეტური და მეზობელი ან მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციით არ მთავრდება. საუბარია რუსეთის მიერ შეტევითი იარაღის სწრაფ განვითარებასა და უშუალოდ პოლონეთის საზღვრებთან, კალინინგრადის ოლქში განთავსებაზე, რაც საფრთხეს უქმნის როგორც პოლონეთის, ისე ბალტიისპირა ქვყნების უსაფრთხოებას. 2017 წელს რუსული სამხედრო ძალები არა მხოლოდ კალინინგრადის მხრიდან, არამედ ბელარუსიდან გაემიჯნენ პოლონეთს, რაც უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიან წვრთნებ “ზაპადში” გამოიხატა, რა პერიოდშიც წარმოსახვით მოწინააღმდეგედ განიხილა ბელარუსის დასავლეთით მყოფი სამხედრო ძალა, რაც პოლონეთზე მიუთითებს. “ზაპადის” შემდეგ არა მხოლოდ აშშ-ის სამხედრო ძალების რაოდენობა გაიზარდა პოლონეთის ტერიტორიაზე, არამედ  2032 წლამდე დამატებით 55 მილიარდი ამერიკული დოლარის თავდაცვაზე მოხმარებაც განისაზღვრა.

სწორედ ამ საფრთხიდან გამომდინარე, დოკუმენტი მნიშვნელოვან როლს ანიჭებს სამოქალაქო თავდაცვის განვითარების აუცილებლობას, რაც არა მხოლოდ მოსახლეობის ინფორმირებულობის აუცილებლობაში გამოიხატება, რისთვისაც სოციალური მედიის დახმარებაც მნიშვნელოვანი საკითხადაა წარმოჩენილი, არამედ მათთვის გარკვეული სამხედრო ცოდნის შეძენასაც შეიძლება მოიაზრებდეს. სტრატეგია 2024 წლამდე მშპ-ის 2.5%-ის თავდაცვაზე გამოყოფის ამოცანასაც სახავს, რაც თავდაცვის ბიუჯეტს შესამჩნევად გაზრდის და სამოქალაქო მიმართულებასაც განავითარებს.

რა თქმა უნდა, უკრაინასა და საქართველოში რუსული ოკუპაციისა და მისი თანმდევი ჰიბრიდული ომის კვალდაკვალ პოლონეთის თავდაცვის სტრატეგია პირდაპირ მიუთითებს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებასა და ჰიბრიდული ომის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, რითაც უნდა შეიზღუდოს დეზინფორმციისა და რუსული პროპაგანდის გავრცელება. საუბარია იმ მნიშვნელოვან ფაქტზე, რომ დეზინფორმაციის მიზანი არა მხოლოდ პოლონეთის შიგნით დაპირისპირების გამწვავება, არამედ ნატოსა და ევროკავშირის წევრებსა და მათ მოკავშირეებს შორის უთანხმოების დანერგვაცაა.

ყურადღებაა გამახვილებული გლობალურ გამოწვევებზეც. ერთი მხრივ, საუბრობს ჩინეთ-აშშ-ის დაპირისპირებაზე, რომლის დროსაც გამოიყენება როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო საშუალებები, მეორე მხრივ, ხდება რიგი ხელშეკრულებების გაუქმებაც, რომლებიც მასობრივი იარაღის გაუვრცელებლობასა და შეიარაღების შემცირებისაკენ იყო მიმართული. პრაქტიკულად, ეს აღიარებაა, რომ თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკა დაუბრუნდა ცივი ომის პერიოდის გამოწვევებსა და შეჯიბრს, მით უფრო მაშინ, როცა დაძაბულობამ დედამიწის ფარგლებს გარეთ, ღია კოსმოსშიც გააღწია, სადაც რუსეთი, ჩინეთი და აშშ მთავარ მოწინააღმდეგეებს წარმოადგენენ. ამ უკანასკნელი საკითხის დასაბალანსებლად სტრატეგია ხაზს უსვამს თანამგაზავრების გაშვების აუცილებლობასა და ახალი ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობას.

ენერგეტიკა ევროპული პოლიტიკის აქილევსის ქუსლია. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სტრატეგია პირდაპირ ეწინააღმდეგება და პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის განვითარებას, რაც რუსული გაზის გერმანულ ბაზრებზე ბალტიის ზღვით გავლას გულისხმობს. გარდა იმისა, რომ გერმანია უფრო მეტად ხდება რუსეთზე დამოკიდებული, პოლონეთი და ბელორუსი, როგორც ენერგოტრანზიტორი ქვეყნები, სრულიად თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან, რითიც ეკონომიკური ზარალის გარდა, პოლიტიკურ ბერკეტსაც კარგავენ.

მეორე მხრივ, აუცილებელია შიდა ენერგოინფრასტრუქტურის განვითარება. დოკუმენტში საუბარია როგორც ელექტროენერგიის გამომუშავების წყაროების გაზრდაზე, ისე რეზერვების შევსებასა და ენერგოგადაცემათა სისტემების გამართვაზე, რაც განუვითარებელი ინფრასტრუქტურის ჩამოწერას ან მათ სრულ განახლებას გულისხმობს. ენერგოსისტემის გამართვა პოლონეთისათვის მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ბალტიისპირა ქვეყნები უშუალოდ პოლონეთის გავლით მიიღებენ ენერგიის საკმაოდ დიდ ნაწილს, რითიც არა მხოლოდ  უშუალოდ მიებმება საერთო ევროპულ ენერგოქსელს, არამედ დადგება პოლიტიკური შედეგიც – გაიზრდება პოლონეთის რბილი ძალა.

მნიშვნელოვანია რეგიონალური თანამშრომლობის ხაზგასმაც: დოკუმენტი არა მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოსთან პოლონეთის ურთიერთობის გამყარებასა და საერთო ევროპული არმიის შესაძლო მხარდაჭერას გულისხმობს, არამედ ვიშეგრადის ჯგუფთანბუქარესტის ცხრიანთან და ვაიმარის სამკუთხედთან კავშირების გაღმავების ინიციატივითაც გამოდის, რაც პოლონეთს არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის მნიშნელოვან პოლიტიკური ცენტრად და ენერგოგამტარად, არამედ დასავლეთ ევროპის რთულად ჩანაცვლებად მოკავშირედაც აქცევს.

დაბოლოს, სტრატეგია გამოყოფს ორ მნიშვნელოვან გამოწვევასაც: ეკონომიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება და გარემოს დაცვა. თუკი პირველი საკითხი პოლონეთის ევროპის ეკონომიკურ ცენტრად ქცევის სურვილსა და შენარჩუნებაზე მიუთითებს, მეორეც არანაკლებ პრობლემურია, რადგან ჰაერის მომატებულმა დაბინძურებამ და გვალვამ არა მხოლოდ ეკონომიკური ტიპის საფრთხეები გააჩინა აგრო და მომიჯნავე მეურნეობაში, არამედ საფრთხე შეუქმნა მოსახლეობის ჯანმრთელობასაც, რაც სტრატეგიის მიხედვით, კვლავაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s