პოლონურ-ქართული ურთიერთობები ისტორიული პერსპექტივიდან

7B818CB7-2A65-4F9D-BBD6-40170CDF41D9

რთულია ევროპაში იპოვო სახელმწიფო, რომელიც საქართველოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პოლონეთი. ამ ორ ქვეყანას შორის ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური, ისტორიული და კულტურული კავშირები არსებობს. წინამდებარე სტატიის მიზანი სწორედ ქართულ-პოლონური ურთიერთობების მიმოხილვაა. 

ადრეული ხანა: ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, საქართველოსა და პოლონეთის გზები პირველად გვიან, მე-15 საუკუნეში გადაიკვეთა, როდესაც ქართლის მეფე კონსტანტინე I-მა პოლონეთში დიპლომატიური მისია გაგზავნა. გადაწყვეტილების მიზანს პოლონეთის მეფე ალექსანდრე I იაგელონთან ერთად ანტიოსმალური სამხედრო კოალიციის ჩამოყალიბება წარმოადგენდა. ალიანსი არ შედგა, თუმცა ეს ქვეყნებს შორის პირველი დიპლომატიური კავშირია. შემდგომ საუკუნეებში პოლონეთსა და ქართლ-კახეთს (აღმოსავლეთ საქართველო) შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა. ცნობილი იტალიელი მოგზაურის, პიეტრო დელა ვალეს (1627) მიხედვით, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე 3 ძირითადი სამთავრო (იმერეთი, გურია და ოდიში (სამეგრელო)) არსებობდა. მოგზაური აღნიშნავს, რომ სამთავროებმა, მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად, საკუთარი მიწების ბატონებად ოსმალები  გამოაცხადეს. მიუხედავად ამისა, ისინი ოსმალებს ბოლომდე არ ემორჩილებოდნენ  და თურქულ არმიას საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უფლებას არ აძლევდნენ. დელა ვალეს შეფასებით, პოლონეთის მეფეს იმერეთის, გურიისა და ოდიშის მთავრებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მათ შორის აქტიური სავაჭრო კავშირებიც არსებობდა. პოლონეთის მონარქი სრულიად აცნობიერებდა საქართველოს მდებარეობის მნიშვნელობას. ფიქრობდა, რომ ევროპელების მიერ ოსმალეთის იმპერიაზე თავდასხმის შემთხვევაში საქართველო ფასდაუდებელად სასარგებლო პლაცდარმი იყო.

ამ პერიოდისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლონელი დიპლომატი საქართველოში დაბადებული, ბოგდან გურჯიცკი იყო, რომელიც ქართლ-კახეთის მეფე როსტომმა (1648-1656) პოლონეთში სპეციალური დიპლომატიური მისიით მიავლინა, რათა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ მოკავშირეები მოეძებნა. 1668 წელს პოლონეთისა და ლიტვის დიდი საჰერცოგოს (პირველი ეჩპოსპოლიტა) მეფე, იან სობიესკიმ გურჯიცკი ირანში გაგზავნა, სადაც ის მუდმივ რეზიდენტად დაინიშნა. დიპლომატი პოლონეთსა და ირანს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობდა. გვიან მე-17 საუკუნეში პოლონურ-ლიტვური თანამეგობრობა ევროპაში ერთადერთი ძალა იყო, რომელსაც ოსმალეთის იმპერიის შეკავება და დაბალანსება შეეძლო. სობიესკის განსაკუთრებულ ინტერესი ჰქონდა საქართველოს მიმართ, რადგან მას ანტიოსმალურ კოალიციაში გაწევრიანება და აღმოსავლეთ ევროპის საზღვარზე ქრისტიანების პოზიციის გაძლიერების პოტენციალი ჰქონდა. გურჯიცკიმ გაერთიანებული ქრისტიანული ძალების მიერ ოსმალეთის იმპერიის დამარცხებაში (1683) განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

1795 წელს ავსტრიას, პრუსიას და რუსეთს შორის მესამე გაყოფის შედეგად პოლონურ-ლიტვური თანამეგობრობა (ეჩპოსპოლიტა) დაიშალა. რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსირების შემდეგ (1801 წელი) ორივე ქვეყნის მიზანი დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენა გახდა. პოლონეთსა და საქართველოში ცარისტული რეჟიმის წინააღმდეგ მრავალი აჯანყება დაიგეგმა, მაგრამ მათ რუსეთის იმპერატორი სასტიკად ახშობდა. დისიდენტური მოძრაობები განსაკუთრებით 1860-იან წლებში გააქტიურდა. 1863 წელს პოლონეთში დაწყებულმა “იანვრის აჯანყებამ” 20 ათასი პოლონელის სიცოცხლე მსხვერპლა. ამავე პერიოდში, ქართველმა ახალგაზრდებმა, ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, განმათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყეს, რომლის თავდაპირველ მიზანს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ფართო ავტონომიის, ხოლო შემდგომ სრული დამოუკიდებლობის მოპოვება წარმოადგენდა.

ურთიერთობები 1918-1991 წლებში: ცარისტული რეჟიმის დასუსტების შემდეგ საქართველომ და პოლონეთმა დიდი ხნის ნანატრი დამოუკიდებლობა აღიდგინეს. საქართველომ – 1918 წლის 26 მაისს, ხოლო პოლონეთმა – 1918 წლის 11 ნოემბერს. პოლონეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის შემოქმედსა და შემდგომში სახელმწიფოს მეთაურს, იუზეფ პიუსუდსკის ევროპული უსაფრთხოების პრომეთეული ხედვა ჰქონდა, რაც იმპერიაში შემავალი ხალხების დამოუკიდებლობის მხარდაჭერით რუსეთის დასუსტებას გულისხმობდა. უსაფრთხოების ამ პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საქართველო იყო. პიუსუდსკიმ შეამჩნია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა. ის დარწმუნებული იყო, რომ ამ ქვეყანას ბებერ კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში განსაკუთრებული როლი უნდა ეთამაშა. სწორედ ამიტომ, პოლონეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა მალევე აღიარა და 1920 წელს დიპლომატიური მისიაც დააფუძნა, რომელსაც სათავეში ტიტუს ფილიპოვიჩი ჩაუდგა. ფილიპოვიჩი პოლონურ-ქართული სამხედრო ალიანსის ჩამოყალიბებას ცდილობდა, რომელიც საბჭოთა არმიის ინტერვენციამ ჩაშალა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური არმია საქართველოში შემოიჭრა და ქვეყანა კიდევ ერთხელ დაიპყრო.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) გაუქმების შემდეგ ხელისუფლებამ გაქცევა და პარიზში გადასახლებაში მყოფი მთავრობის ფუძნება მოახერხა. 1921 წლის მოვლენების შემდეგ მრავალი ქართველი გადაიხვეწა პოლონეთში. მათ შორის იყვნენ ქართველი იუნკრები. ზაქარია ბაქრაძე, ალექსანდრე ჩხეიძე, ივანე ყაზბეგი და სხვანი 1922-24 წლებში პოლონურ არმიას შეუერთდნენ და გამოჩენილი სამხედრო მოღვაწეებიც გახდნენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ პოლონეთში ემიგრირებულ ჯარისკაცთა რიგებს დიმიტრი შალიკაშვილიც შეუერთდა, რომლის შვილი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი შემდგომში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი (უმაღლესი სამხედრო წოდება) გახდა. გარდა ამისა, შალიკაშვილი 1993-94 წლებში ევროპის გაერთიანებულ ჯარებს მეთაურობდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ ევროპას „რკინის ფარდა“ ჩამოაფარა. პოლონეთი, სხვა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან ერთად, სსრკ-ს სატელიტი გახდა. ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 1989 წელს მოახერხა, როდესაც საბჭოთა რეჟიმი უკიდურესად დასუსტდა იმისთვის, რომ ევროპაში დაწყებული “ხავერდოვანი რევოლუციები” შეეკავებინა. ორსაუკუნოვანი რუსული დიქტატურა დასრულდა, თუმცა კრემლის აგრესიული ზრახვები არ გამქრალა.

ურთიერთობები ცივი ომის შემდგომ პერიოდში: პოლონეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს აღდგა. აქედან მოყოლებული პოლონეთი საქართველოს დამოუკიდებლობისტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ასპირაციის გულმხურვალე მხარდამჭერია. საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების უახლეს კონცეფციაში (2020), საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია განისაზღვრა.

პოლონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სურვილს, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. საქართველო ნატოს ვარშავის საშუალებით ეკონტაქტება. 2020 წლის ბოლომდე პოლონეზტის საელჩო საქართველოში თბილისსა და ბრიუსელს შორის მთავარი საკონტაქტო სივრცე იქნება. საქართველოში პოლონეთის ელჩის, მარიუშ მაშკიევიჩის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, გაზრდის ნატოს წარმომადგენლობას საქართველოში, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და პოლონეთს შორის.

ვარშავა სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და აქტიურად ადვოკატირებს „ღია კარის პოლიტიკის“, რისი ილუსტრაციაც მისი განსაკუთრებული დამოკიდებულებაა აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართ.

სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობის გარდა, ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინტერესიც არსებობს. 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (DCFTA), რამაც ქვეყანას ევროპულ ბაზრის ათვისების შესაძლებლობა მისცა. შედეგად, უკანასკნელ წლებში ევროგაერთიანებასთან საქართველოს ექსპორტი და იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2009 წელს საქართველოს ექსპორტი პოლონეთში 3.6 მილიონ აშშ დოლარი იყო, 2018 წლისათვის კი ეს მაჩვენებელი გაოთხმაგდა  და 16 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

შეჯამებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ პოლონურ-ქართული სახელმწიფოთაშორისი (და ხალხთაშორისი) ინტერაქცია უკიდურესად მეგობრული ურთიერთობების ნათელი მაგალითია. მათ შორის ღრმა ისტორიული, ეკონომიკური და კულტურული კავშირები არსებობს. ისტორიაში ძალიან ცოტაა შემთხვევა, როდესაც გეოგრაფიულად განცალკევებული და ეთნიკურად განსხვავებული ხალხები ერთმანეთთან ასეთი ტკიცე მეგობრული ურთიერთობების დაფუნებას ახერხებენ. საქართველოს, ისევე როგორც პოლონეთის მიზანი კი ამ განსაკუთრებული კავშირის შენარჩუნება და შემდგომში გაღრმავება უნდა იყოს.

გიგა ჯოხაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s