ახალი ცივი ომი კოსმოსში

2020 წლის 30 მაისს ფლორიდის კანავერალის კონცხიდან SpaceX-ის კოსმოსური რაკეტის Falcon 9-ის გაშვებით არამხოლოდ აშშ დაბრუნდა საერთაშორისო კოსმოსურ ფრენებში, რომლიდანაც 9 წლის განმავლობაში სრულიად გამოთიშული იყო, არამედ შეიქმნა პირველი პრეცედენტი სახელმწიფოსა და კერძო კომპანიის ურთიერთანამშრომლობის შედეგად, დედამიწის ორბიტაზე ასტრონავტების გაშვებისა, რაც მთლიანად ცვლის მანამდე არსებულ წესრიგს.

2011 წლის 8 ივლისს ამერიკის ტერიტორიიდან კოსმოსური შატლის – “ატლანტისის” გაშვება იყო ბოლო ოპერაცია, რის შემდეგაც შატლის პროგრამა დაიხურა და აშშ-ს ტერიტორიიდან ასტრონავტების ფრენები მთლიანად შეწყდა. მაშინ, როდესაც აშშ გამოეთიშა კოსმოსურ ფრენებს, წინ წამოვიდნენ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც ჩინეთი და რუსეთია, რომელთაც საკუთარი კოსმოსური პროგრამები გააჩნიათ. მეტიც, ამერიკა დამოკიდებული გახდა რუსეთსა და მის კოსმოსურ პროგრამაზე – როსკოსმოსზე (Роскосмос) – რომელსაც ბაიკანურის კოსმოდრომიდან ორბიტაზე გაჰყავს ასტრონავტები. თითო ამერიკელი ასტრონავტის გაყვანა აშშ-ს 88 მილიონი დოლარი უჯდებოდა, რამაც ტვირთების საფასურთან ერთად, 9 წლის განმავლობაში, რუსეთისათვის გადახდილმა თანხამ, თითქმის, მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია.

რუსეთი აშშ-ს გამოთიშვიდან ძალიან მალე იწყებს აეროკოსმოსური სივრცის შეიარაღებაზე საუბარს. 2011 წლის დეკემბერში რუსეთის სამხედრო ძალებში იქმნება ცალკე განყოფილება კოსმოსის თავდაცვის ძალების სახელით, რომელიც 2015 წლიდან საჰაერო ძალებთან ერთად მოქმედებს. ამავე წლიდან რუსეთი იწყებს კოსმოსის აქტიურ მილიტარიზაციას, რაც არამხოლოდ სადაზვერვო თანამგზავრების ორბიტაზე გაყვანაში, არამედ 2019 წლიდან ანტითანამგზავრული იარაღის გამოცდაში გამოიხატა, რის შედეგადაც იცვლება კოსმოსში მოქმედების აქამდე არსებული წესები.

რუსეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც კოსმოსის ათვისების პროცესში ჩაერთო. ჩინეთი აქტიურად შემოდის ერთ-ერთ უმთავრეს მოთამაშედ, რომელმაც რაკეტა “შენჟოუ 5“-ის მეშვებობით, ჯერ კიდევ 2003 წელს, პირველად გაიყვანა ასტრონავტი გარე კოსმოსში. მას შემდეგ, ჩინეთის კოსმოსური პროგრამა (CNSA) აქტიურად უშვებს თანამგზავრებსა და ასტრონავტებს დედამიწის ორბიტაზე და 2020 წლის ბოლოსთვის ან 2021 წელს გეგმავს ჩინეთის კოსმოსური სადგურის აშენებას, რაც მას სხვა სახელმწიფოთაგან სრულიად დამოუკიდებელ მოთამაშედ აქცევს, რომელსაც ექნება საკუთარი და არა საზიარო საერთაშორისო კოსმოსური სადგური. ჩინეთი არც კოსმოსის მილიტარიზაციას გამორიცხავს, მით უფრო, რომ სადაზვერვო საქმიანობა მას უკვე დაწყებული აქვს.

სწორედ რუსეთისა და ჩინეთის გააქტიურების შედეგად, NATO-მ 2019 წლის ბოლოს კოსმოსი ოფიციალურად გამოაცხადა ოპერაციულ სივრცედ. ამასთან, საფრანგეთმა და იაპონიამ უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, მათაც ჩამოაყალიბონ კოსმოსური თავდაცვის ძალები, რომელთა მიზანიც თანამგზავრების დაცვა და სადაზვერვო საქმიანობების შეფერხება იქნება. პროცესში აქტიურად ერთვება ინდოეთიც, რომელმაც მოახერხა მთვარის ორბიტერის „ჩანდრაიან 2“-ის გაშვება და შემდგომ აქტივობებსაც აქტიურად გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არცერთ მათგანს არ აქვს შესაძლებლობა, კოსმოსში საკუთრი რაკეტის მეშვეობით გაიყვანოს ასტრონავტები, მაინც, მათი – განსაკუთრებით კი საფრანგეთისა და იაპონიის – გამოცდილება თანამგზავრების გაყვანაში საკმაოდ დიდია, რაც შემდგომ სერიოზულ პოტენციალზე მიუთითებს.

მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლიდან აშშ გამოთიშული იყო საკუთარი ტერიტორიიდან ამერიკული რაკეტების მეშვეობით ასტრონავტების გაშვების შესაძლებლობისგან, აშშ–ის აერონავტიკისა და კოსმოსის სააგენტო (NASA) საერთოდ არ ყოფილა გაჩერებული და აქტიურად მიმდინარეობდა ახალი ძრავების, ატმოსფეროს ზედა ფენებში მფრინავი აპარატებისა და კოსმოსური რაკეტების გამოცდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვალა. ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის აქტიური ჩართულობით NASA-ს გაეზარდა ბიუჯეტი და პრიორიტეტად კოსმოსში დაბრუნება, მათ შორის, მთვარეზე მისიები განისაზღვრა, რომელიც 2024 წლისათვისაა ჩანიშნული. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ 2019 წლის დეკემბერში ოფიციალურად დაარსდა აშშ-ს კოსმოსური თავდაცვის ძალები, რომელთა მოვალეობაც ორბიტაზე არსებული სამოქალაქო თუ სამხედრო ინვენტარის დაცვაა. ამასთან, NASA-მ აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა ისეთ ამერიკულ კერძო კომპანიებთან, როგორებიც ლოკჰიდ მარტინი (Lockheed Martin), ბოინგი (Boeing) და SpaceX-ია. სამივე მათგანი NASA-ს კონტრაქტორები არიან, რომელთაც უნდა შექმნან ასტრონავტების კოსმოსში გასაყვანი განსხვავებული სიმძლავრისა და შესაძლებლობის რაკეტები, გაატარონ საერთო ტესტირება და შემდეგ ყველაზე ხელსაყრელ ფასად, ურთიერთკონკურენციის პირობებში, NASA-სგან მოიპოვონ ხელშეკრულება კოსმოსური ფრენების დასაწყებად. მიუხედავად ბიონგის თავდაპირველი წარმატებებისა, ჯერჯერობით მხოლოდ ილონ მასკის SpaceX-მა შეძლო მიზნის მიღწევა და შექმნა მრავალგამოყენებადი რაკეტები, რომელთაც ერთი ასტრონავტის გაყვანა 55 მილიონ ამერიკულ დოლარად შეუძლიათ, ნაცვლად 88 მილიონისა, რომელსაც აშშ რუსეთს ერთი ასტრონავტის გაყვანაში უხდიდა.

გარდა ზემოთ ნახსენები დიდი ამერიკული კომპანიებისა, ბაზარზე ჩნდებიან ისეთი დამოუკიდებელი მოთამაშეებიც, როგორებიც კომპანია Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსის დაარსებული კერძო კოსმოსური სააგენტო Blue Origin-ია, რომელიც NASA-სთან თანამშრომლობის მიღმაც გეგმავს აქტიურ მოქმედებებს, რაც ბიძგს აძლევს სხვადასხვა კერძო მეწარმეს, თავად წამოიწყოს კერძო კოსმოსური საქმიანობა, რაც სახელმწიფოთა, როგორც ერთადერთ ძირითად მოთამაშეებად ყოფნას გამორიცხავს. თუმცა, ეს ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც აშშ-ია მომგებიანი იქნება, რადგან დამატებითი ინიციატივა მას დროს, ფინანსებსა და ახალ ტექნოლოგიურ ცოდნას მოაგებინებს, მაშინ როდესაც სხვა აქტორები, ძირითადად, მხოლოდ სახელმწიფო პროგრამების განვითარებით არიან დაკავებულები.

ახალი სახელმწიფო და კერძო აქტორების გაჩენით საერთაშორისო მეტოქეობა კოსმოსში მხოლოდ მწვავდება, ხოლო არსებული წესები და რეგულაციები მოძველებული და მოუქნელი ხდება. ერთადერთი საერთაშორისოდ ხელმოწერილი და ყველა წამყვანი ქვეყნის მიერ რატიფიცირებული დოკუმენტი კოსმოსში მოქმედებების შესახებ არის 1967 წლის გარე კოსმოსის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც კოსმოსში მასობრივი განადგურების იარაღის, ისევე როგორც პერმანენტული სამხედრო ბაზების განთავსება აკრძალულია. შეთანხმება სივრცეს ტოვებს კონვენციური, ანუ სტანდარტული იარაღის გამოყენების დაშვების შესახებ. კოსმოსის სადაზვერვო მისიებში ჩართვა და ციური სხეულების ასათვისებელ რესურსებად გამოყენება, მათი განადგურების გარეშე ასევე ბუნდოვან საკითხად რჩება. აღსანიშნავია ისიც, შეთანხმება საკმაოდ ზოგადი და ძირითადად ორაზროვანია და რაც მთავარია, საერთოდ არ არეგულირებს კერძო კომპანიებისა და პირების ქმედებებს. ის რაც წარმოუდგენელი იყო 1967 წელს, სრულიად რეალიზებული გახდა 2020-ში, რაც სავარაუდოა, რომ შესაძლო რეგულაციებთან ერთად მეტოქეობის განსხვავებულ წყაროებადაც იქცეს.

გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s