ევროკავშირის მომავალი თაობა

მიმდინარე წლის 27 მაისს ევროკომისიამ წარმოადგინა ევროკავშირის გრძელვადიანი, 2021-2027 წლების საბიუჯეტო პროექტი, რომელიც მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს: მომავალი თაობის ცვალებად მსოფლიოსთან ადაპტირება, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევა და რა თქმა უნდა, მიყენებული ზარალის უპირობო შემცირება წევრ სახელმწიფოებში.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კორონავირუსთან ერთად თანაარსებობამ, ფაქტობრივად, განაპირობა გლობალური დღის წესრიგის მნიშვნელოვნად შეცვლა და კაცობრიობის თანაცხოვრების გაგრძელება საგანგებო რეჟიმში. ეს ნეგატიურად აისახა, არა მარტო ევროპის კონტინენტზე, არამედ დანარჩენ მსოფლიოზეც. აქედან გამომდინარე, მეტად საყურადღებოა ევროკომისიის მომავალზე მორგებული ფინანსური დახმარების პაკეტის ინიციატივა, მოცემული ბიუჯეტის პოტენციალის შესაბამისი ათვისებისა და ადეკვატური გამოყენების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, – როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შემუშავებული უპრეცედენტო ინვესტირების მასშტაბური გეგმის ფარგლებში, „აღდგენა და მომზადება მომავალი თაობისთვის“ განაცხადა, – ევროპას აქვს შესაძლებლობა, საერთო მტკიცე მომავლის შექმნის მიზნით ჩადოს ინვესტიცია ერთიანი ევროპული ბაზრის აღდგენასა და აღორძინებაში. მისივე თქმით, პროექტის განხორციელებისას, კიდევ უფრო გააქტიურდება ერასმუსის პროგრამა და გაიზრდება ახალგაზრდების დასაქმების მხარდაჭერა სწრაფად ცვალებად მსოფლიოსთან მარტივად ადაპტირებისთვის. განსაკუთრებით იკვეთება ინვესტირების აუცილებლობა ახალი თაობისთვის მწვანე, ციფრული და მდგრადი ევროპული მომავლის შესაქმნელად.

განახლების პროგრამა, სახელწოდებით – „ევროკავშირის მომავალი თაობა“, მოიცავს 750 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტს. თუმცა, გარდა ამისა, იმისთვის, რომ განსაკუთრებულ საჭიროებებზე დროული რეაგირებისთვის შეძლებისდაგვარად მალე გახდეს ფინანსური სახსრები ხელმისაწვდომი, ევროკომისია შემოდის ინიციატივით, შეიტანონ შესწორებები 2014-2020 წლების ფინანსურ ჩარჩოში. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება დამატებით 11.5 მილიარდი ევროს მოპოვება ამავე 2020 წლის ვადებში. ყველაფერი ეს კი უკავშირდება ქვემოთ მოყვანილ საკითხებს:

• ეროვნული ეკონომიკების მდგრადობის აღდგენა ინვესტიციებისა და რეფორმების გზით;
• სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე კრიზისის ზეგავლენის დაძლევა, მათ შორის, ახალგაზრდების უმუშევრობის დონის შემცირება, რაც შექმნის მეტ კეთილდღეობას;
• სოფლის მეურნეობის განვითარება სტრუქტურული ცვლილებების ხარჯზე, (ევროპული მწვანე შეთანხმების შესაბამისად);
• ახალი პროგრამის ფარგლებში, „ევროკავშირი ჯანმრთელობისთვის“, ჯანდაცვის განმტკიცება, რაც გულისხმობს, მომავალი კრიზისული ვითარებებისთვის მზადყოფნას;
• უმუშევრობის მოკლევადიანი ახალი ევროპული სადაზღვევო სქემის მიხედვით გამოყოფილი იქნება ფინანსური მხარდაჭერა მუშაკებისა და ბიზნესებისთვის 100 მილიარდი ევროს ოდენობით.

ევროპის მწვანე შეთანხმების, როგორც ევროპის განახლების სტრატეგიის ფარგლებში, განხორციელდება ფართომასშტაბური ინფრასტრუქტურული რეკონსტრუქცია, რაც შექმნის ადგილობრივ სამუშაო პლათფორმებს. ლოჯისტიკის მიმართულებით იგეგმება სატრანსპორტო საშუალებების გამართვა, მაგალითად, ელექტრო ავტოტრანსპორტის დასამუხტი პუნქტების დამონტაჟება და ა.შ. ამავე დროს, პროექტის ფარგლებში იგეგმება მზისა და ქარის ენერგომომპოვებელი სისტემების განვითარების ხელშეწყობა, ხოლო ჯანდაცვის სექტორში ევროკომისია გააძლიერებს დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის როლს მომავალ კრიზისებზე დროული და ადეკვატური რეაგირებისთვის.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: ევროკავშირმა მოცემული კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად გრძელვადიანი დახმარების უპრეცედენტო მექანიზმი შეიმუშავა, რათა სახელმწიფოები კრიზისის დაძლევის შემდგომ დაუბრუნდნენ პირვანდელ ეკონომიკურ მდგომარეობას და საზოგადოებამ მოახერხოს ადაპტირება მომავლის მსოფლიოსთან.

მარიამ ყანდიაშვილი
საგარეო პოლიტიკის საბჭოს უმცროსი მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s