ყველამ ვიცით „ოთხი აზიური ვეფხვის“ ისტორია, როდესაც ჰონკ კონგი, სინგაპური, სამხრეთ კორეა და ტაივანი ათწლეულების მანძილზე ინარჩუნებდნენ ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს. აღმოსავლეთ ევროპას თავისი ვეფხვი ჰყავს. პოლონეთმა, რომელიც საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთის ბლოკის წევრს წარმოადგენდა 1989 წლამდე, თავისი ეკონომიკური სასწაულის ისტორია დაწერა. თუ ვნახავთ აღმოსავლეთ ევროპის ცენტრალური ქვეყნების ეკონომიკური ტრანზიციის მაჩვენებლებს, მიუხედავად უამრავი სირთულისა, პოლონეთმა საუკეთესო შედეგები აჩვენა. სტატიაში ვეცდები, მოკლედ მიმოვიხილო პოლონეთის წარმატებული ეკონომიკური ტრანსფორმაციის მთავარი მიზეზები.
1989 წელს საბჭოთა კავშირის სისტემის პარალიზებამ გამოიწვია არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ვაკუუმიც. ცენტრალური დაგეგმვის პრინციპი რეალურად აფერხებდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანათა ეკონომიკების ზრდას. გადარჩენის ერთადერთი გზა ტრანზიციაში ისახებოდა. თუ წარსულს თვალს გადავავლებთ, აღნიშნული მომენტი ძალიან წააგავს გამოცდას, რომელშიც ზოგიერთი სახელმწიფო ჩაიჭრა, ზოგიერთი კი ამაყობს თავისი შედეგით. მიუხედავად იმისა, რომ პოლონური ტრანზიცია თავდაპირველად გარკვეული შეფერხებებით მიმდინარეობდა, საბოლოოდ ის ტრიუმფალურად დასრულდა. 1989 წლის ბოლოს ქვეყნის ჰიპერინფლაციის მაჩვენებელი, იუგოსლავიის შემდეგ, ყველაზე უარესი იყო. საბიუჯეტო რყევებს, ძირითადად, არაეფექტური ფინანსური პოლიტიკა იწვევდა. ლეშეკ ბალცეროვიჩი რთული გამოწვევის წინაშე იდგა. პოსტკომუნისტური პოლონეთის პირველმა ფინანსთა მინისტრმა გაატარა რეფორმები, რომლებიც, ძირითადად, სტაბილიზაციასა და სწრაფ ლიბერალიზაციას უკავშირდებოდა. „ბალცეროვიჩის გეგმა“ 1990 წელს ამოქმედდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზედამხედველობით. ის, ძირითადად, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის, ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრას, ფასების ლიბერალიზაციასა და მკაცრი საშემოსავლო პოლიტიკის გატარებას გულისხმობდა. შედეგად, ფასების კონტროლი 90%-ით აღმოიფხვრა, რაც 6000-მდე უცხოური კომპანიის დაფუძნების საბაბად იქცა. თავისთავად, აღნიშნულმა კომპანიებმა თავიანთი ლომის წვლილი შეიტანეს პოლონური ეკონომიკის ზრდაში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინფლაციის შემცირების მიზნით, ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას უამრავი შეცდომა დაიშვა. მათ შორისაა ეროვნული ვალუტის (ზლოტი) გასამყარებლად გამოცხადებული 1 მლრდ $-იანი გეგმა. მიუხედავად იმისა, რომ 1989-92 წლებში პოლონეთის მშპ დაეცა, მაჩვენებელი რეგიონში ყველაზე დაბალი იყო. უფრო მეტიც, ინფლაციის მაჩვნებელი მართლაც შემცირდა დროთა განმავლობაში. თუმცა, წარმატებული ტრანზიციის მთავარი აქტორის როლს მომავალი ფინანსთა მინისტრი ითავსებს.
თუ გერმანია ლუდვიგ ერჰარდით ამაყობს, პოლონეთის ერჰარდი გჟეგოშ კოლოდკოა. პრემიერის მოადგილესა და ფინანსთა მინისტრს (1994-97) ურთულესი პრობლემები უნდა დაეძლიათ. მათ შორის უმუშევრობა და ინფლაციის დონე, რომელთა მაჩვენებელი მაინც მაღალი იყო. როგორც აღმოჩნდა, „შოკური თერაპია“ საკმარისი არ იყო აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად.
მართალია, ეკონომიკური ტრანსფორმაცია განხორციელდა, თუმცა მისი წარმატება არა დროზე, არამედ ხარისხზე იყო დამოკიდებული. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლონეთი არ დაადგა ეგრეთწოდებული „ვაშინგტონის კონსენსუსის“ გზას. მაშინ, როდესაც მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკა, ფასების ლიბერალიზაცია და პრივატიზაცია წარმატების ფორმულა გახლდათ ლათინური ამერიკისთვის, პოლონეთმა ყურადღება ინსტიტუციონალურ საკითხებს დაუთმო. ინტენსიური დისკუსიებისა და მოსმენების შემდეგ პოლონეთის პარლამენტმა „სტრატეგია პოლონეთისთვის“ და „პაკეტი 2000“ დაამტკიცა. შესაბამისად, განისაზღვრა მოკლე და გრძელვადიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანამ უკვე კონკრეტულად იცოდა თუ განვითარების რა გზას ადგა. მაშინ, როდესაც პოლონეთი პოლიტიკურად ევროპული ინტეგრაციის მომხრე იყო, ეკონომიკურად აღნიშნულმა პროგრამებმა წინასწარ განსაზღვრეს საბაზრო ეკონომიკური სისტემა. კერძო და საჯარო სექტორის თანაფარდობა გეგმის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა. მაღალი საშემოსავლო გადასახადის(popowek) გაუქმებას სახელმწიფოში არსებული საწარმოების კომერციალიზაცია და ფინანსური რესტრუქტურიზაცია მოჰყვა. ეკონომიკური ტრანსფორმაცია წარმოადგენდა რეფორმებისა და ახალი კანონების ნაზავს, რომლებიც აჩქარებდნენ პრივატიზაციას და მხარს უჭერდნენ დეცენტრალიზაციას. ასევე, შეიქმნა სახელმწიფო ხაზინის სამინისტრო.
„სტრატეგია პოლონეთისთვის“ და „პაკეტი 2000“-ის შედეგებმა საკუთარი ავტორებიც განაცვიფრა. 1993-97 წლებში პოლონეთის მშპ იზრდებოდა 6.7%-ით. კერძო საწარმოების რიცხვი სწრაფად გაიზარდა. კერძო სექტორი მთლიანი შიდა პროდუქტის 65%-ს მოიცავდა. უმუშევრობის მაჩვენებელი 16.9%-იდან 13.3%-მდე შემცირდა. სახელმწიფო ვალი 86%-იდან 49%-ზე ჩამოვიდა. უტყუარი ფაქტია, რომ აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლები ასევე დამოკიდებული გახლდათ იმპორტების, ექსპორტებისა და პირდაპირ უცხოური ინვესტიციების(FDI) ზრდის ტემპთან. აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებული ინვესტიციების 40% სწორედ პოლონეთზე მოდიოდა. საერთო ჯამში, პოლონეთმა შეძლო სტაბილური ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება. 1989 წლიდან 2001-მდე პოლონეთის ეკონომიკა 30%-ით გაიზარდა. ინსტიტუციონალური რეფორმების ხარჯზე ეფექტიანმა ეკონომიკურმა ტრანსფორმაციამ საფუძველი დაუდო ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, რომელიც 2004 წელს დაგვირგვინდა. ევროკავშირში წევრობის ათი წლის თავზე პოლონეთის მშპ გასამმაგდა. ექსპორტების რიცხვმა არნახულ შედეგებს მიაღწია. მაშინ, როდესაც ჩეხეთისა და უნგრეთის ერთობლივი შიდა პროდუქტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, პოლონეთის ეშპ-ის მაჩვენებელი 40%-ით გაიზარდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელმაც 2008 წლის კრიზისი რეცესიის გარეშე გაიარა. MSCI ინდექსი, რომელიც კონკრეტული ტერიტორიის საფონდო ბაზრის შესრულებას ზომავს, პოლონეთის შემთხვევაში 123%-იან ნიშნულს აფიქსირებს. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ტრანზიცია პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჭრილში წარმატებით განხორციელდა.
30 წლის შემდეგ პოლონეთი ეკონომიკური ტრანსფორმაციის შედეგებს იმკის, რაც 2018 წელს ნათლად გამოჩნდა კიდეც. კერძოდ, FTSE RUSELL-ის მიხედვით,ქვეყნის განვითარებადი ბაზრის სტატუსი უკვე განვითარებულით შეიცვალა. ბოლოდროინდელი ეკონომიკური აქტივობების დინამიკა ნამდვილად იძლევა ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების საშუალებას. გამოსარჩევია იაროსლავ კაჩინსკის განცხადება, რომელიც კანონი და სამართლიანობის ლიდერია: „პოლონეთის ეკონომიკა 2040 წლისთვის გერმანიას დაეწევა“ . პოლონური წარმატების ისტორიის ცოდნის შემდგომ მსგავსი განცხადებები შეიძლება აღარ გაგვიკვირდეს.
შოთა მგელაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.