რუსული იმპერიალიზმის ისტორიული საფუძვლები: მითები და რეალობა

რუსეთის იმპერატორ პავლე პირველის კარზე, ისევე, როგორც დანარჩენი მონარქიული ევროპის სამეფო კარზე, მრავლად იყვნენ ფრანგი არისტოკრატი ემიგრანტები. ერთ-ერთი ასეთი ემიგრანტი ერთ მისთვის უჩვეულო სცენას შეესწრო, როდესაც იმპერატორმა პავლე პირველმა ერთ-ერთი რუსი აზნაური უშვერი სიტყვებით დამსწრეთა წინაშე გალანძღა. ამ ფაქტით გაოგნებულმა ფრანგმა არისტოკრატმა მას ჰკითხა: თქვენო უდიდებულესობავ, როგორ ეპყრობით მას, ის ხომ აზნაურია და არა მდაბიოო? იმპერატორმა კი უპასუხა: „ის აზნაურია მანამ, სანამ მე მას ველაპარაკები, როდესაც მე მასთან საუბარს შევწყვეტ, ის უკვე აღარ იქნება აზნაური“. ეს ეპიზოდი, ერთი შეხედვით, თითქოს უმნიშვნელო, საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, თუ რა განსხვავებაა რუსულსა და ევროპულ აბსოლუტიზმს შორის. თუ როგორი დამოკიდებულება არსებობს მონარქსა და ხალხს შორის, განურჩევლად მათი წოდებრივი კუთვნილებისა.

“რუსეთს საღი გონებით ვერ გაუგებ” – ეს ფრთიანი გამონათქვამი ხშირად გვხვდება პოლიტიკურ თუ აკადემიურ წრეებში. აგერ უკვე რამდენიმე ასწლეულია დასავლური სამყარო ცდილობს, გაერკვეს რუსული სახელმწიფოს პოლიტიკურ „ფილოსოფიაში“. ამოხსნას ამოცანა, თუ რა ტიპის ცივილიზაციურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგად ევროპის სახელმწიფოები იწყებენ ახალი სამყაროს კოლონიზაციას. ეს, როგორც ცნობილია, გამოწვეულია, უპირველეს ყოვლისა, ამ სახელმწიფოების ეკოომიკური მოთხოვნილებებით. მზარდი კაპიტალისტური ურთიერთობები ბუნებრივად მოითხოვენ იაფ ნედლეულს და გასაღების ახლა ბაზრებს, რაც, შესაბამისად, იწვევდა კოლონიურ ექსპანსიაზე ახალ მოთხოვნას. რუსეთის იმპერიის შემთხვევაში კი ეს პირიქით იყო. რუსული სახელმწიფოს დაარსებიდან, მოსკოვის სამთავროს “ოქროს ურდოსაგან“ განთავისუფლებისას, 1480 წელს – არსებობს დასავლეთთან დაპირისპირებისა და პირველ ეტაპზე, აღმოსავლეთით გაფართოების მწვავე საკითხი, რაც იმპერიალიზმის პირველ ნიშნებს შეიცავს.

რუსული იმპერიალიზმი, ისევე, როგორც ნებისმიერი იმპერიალიზმი, სხვადასხვა განზომილებასა და ასპექტს მოიცავს. პირველი და ფუნდამენტური ასპექტი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც მნიშვნელოვანწილად აყალიბებს ერის მენტალობას და მეორე, იმპერიის რეპრეზენტაცია, თვითწარმოჩენა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე. ეს ნათელ წარმოდგენას შეგვიქმნის, თუ რა ტიპის სახელმწიფოებრივ წარმონაქმნთან გვაქვს საქმე.

რუსული სახელმწიფოს გენეზისი თავისთავად საინტერესოა. მთელი რუსული ისტორიოგრაფია, მისი არსებობის დღიდანვე, თავისი სახელმწიფოს წარმოშობის სათავედ კიევის რუსეთს იღებს. თუმცა, რეალურად, რუსული სახელმწიფოს ჩამოყალიბება მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება, როდესაც მოსკოვის სამთავრო ისე იწყებს არსებობას, როგორც ფეოდალური კიევის რუსეთის სამთავროებად დაშლილი სახელმწიფოს ერთ-ერთ რიგითისამთავრო. მომდევნო საუკუნეებში მოსკოვის სამთავროს პოლიტიკურმა გაძლიერებამ და მისმა ტერიტორიულმა ექსპანსიამ, რაც ძირითადად „ოქროს ურდოს“ ყოფილი ტერიტორიის ხარჯზე ხდებოდა, გააჩინა საჭიროება, რომ შექმნილიყო ერთგვარი მითი ამ მზარდი სახელმწიფოს იდეოლოგიური არსებობისათვის და იმ სოციალურ-ეკონომიკური წყობის შესანარჩუნებლად,რომელიც ამ დროს არსებობდა. მოსკოვის სახელმწიფოს იდეოლოგიური დასაყრდენი, ისევე, როგორც ყველა ფეოდალური სახელმწიფოსი, იყო ეკლესია, რომელიც უზრუნველყოფდა იმ პოლიტიკური მმართველობის ფორმას, რომელიც იმ დროინდელ რუსეთში არსებობდა. რუსი ფილოსოფოსი, ნიკოლაი ბერდიაევი აღნიშნავს, რომ რუსი ერი ახალგაზრდა კულტურული ფენომენია, რომელმაც გამზადებული მიიღო ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოწყობის მოდელი, რომელიც მის გარშემო არსებობდაო. რუსული სახელმწიფოებრივი მოწყობის გენეზისი არაა ერთი რომელიმე საწყისიდან წამოსული, მას მრავალი წარმოშობის წყარო გააჩნია. მისი დაარსებიდან ფეხს იკიდებს სკანდინავიურ-ნორმანული სამართლებრივი მოწყობა. რუსული სახელმწიფოს განვითარების პირველ ეტაპზე მისი სამართლებრივი ფუნდამენტი ნორმანულ-სლავურ ტრადიციულ სამართალია, რამაც, შესაბამისად, ამ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ფეოდალური, შეიძლება ითქვას, კონფედერაციული მოწყობა განაპირობა. ამ სტილის სახელმწიფოს ჩამოყალიბებამ შემდგომ საუკუნეებში ფეოდალური დაშლილობა გამოიწვია. მეათე საუკუნის მიწურულს კიევის რუსეთის გაქრისტიანებამ ეს უკანასკნელი მჭიდროდ დააკავშირა იმ დროისთვის მოწინავე ბიზანტიურ კულტურასთან. ბიზანტიური ტრადიციის ქრისტიანობამ რუსული სახელმწიფოსთვის შექმნა ახალი მმართველობის რეპრეზენტაციის ახალი პარადიგმა. ბიზანტიური სახელმწიფო მოწყობის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ საერო-სამოქალაქო ხელისუფალი (იმპერატორი) ნახევრადსაკრალური პიროვნება გახლდათ. ამ ტრადიციით, მონარქი სარწმუნოების, რელიგიის მფარველად ითვლებოდა, ხოლო თეოლოგიურად ეკლესიის გარე ეპისკოპოსად მიიჩნეოდა.

როდესაც ბიზანტიურ სახელმწიფოებრივ მოდელზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ ბიზატნიის რეპრეზენტაციის არსი, როგორც ქრისტიანული სამყაროს ცენტრად წარმოჩინებისა. მერვე საუკუნიდან მან გადალახა ერესებისგან გამოწვეული შიდა დაპირისპირება, სადაც სახელმწიფო, იმპერატორი წარმოჩინდა, როგორც რელიგიის დამცველი და მასწავლებელი. იმპერატორის ინსტიტუტი თავის თავში აერთიანებდა როგორც საერო, ასევე დიდწილად სასულიერო ძალაუფლებასაც.

მეცამეტე საუკუნის მონღოლთა შემოსევების შედეგად რუსული სამთავროების დიდი ნაწილი, იმდროინდელი მსოფლიოს ცივილიზებული ხალხებისთვის, კულტურულად განსხვავებული მონღოლური იმპერიის დაქვემდებარებაში მოექცა. ამ მოვლენამ და აგრეთვე ლიეტუვის დიდი სამთავროს გაძლიერებამ, მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებში მოსკოვის რუსული სამთავროს პოლიტიკურ გაძლიერებას შეუწყო ხელი. ამ მოვლენამ ჩამოაყალიბა ახლადწარმოქმნილი რუსული სახელმწიფოს მმართველობისა და პოლიტიკური თეოლოგიის ახალი ტიპი, რომელიც მისი რელიგიური კომპონენტის მონარქის ინსტიტუტში გააერთიანა. მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც,შეიძლება ითქვას, რომ ბიზანტიზმს ახალი სიცოცხლე შთაბერა, 1453 წელს აღმოსავლეთ რომის იმპერიის დაცემამ გამოიწვია. რუსული იმპერიალიზმის საფუძვლებს სამწახნაგოვანი ფესვები აქვს; ერთი ესაა ბიზანტიური პოლიტიკური თეოლოგია, მეორე- მონღოლური დესპოტია და მესამე – ბიზანტიური „მართლმადიდებლობის“ ექსკლუზიური მესიანისტური იდეა.

მნიშვნელოვანია განვიხილოთ იმპერიალიზმის როგორც პოლიტიკური, ასევე იდეოლოგიურ-თეოლოგიური განზომილება. რუსეთი, მონღოლთა ბატონობის დასრულების შემდეგ, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ერთადერთი მართლმადიდებელი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც დამოუკიდებლობა შეინარჩუნა. ის ორივე მხრიდან მტრული გარემოთი გარშემორტყმული აღმოჩნდა. დასავლეთიდან ლიტვის (ლიეტუვის) დიდი სამთავრო და აღმოსავლეთიდან უკვე დაშლილი, დასუსტებული ოქროს ურდოს ნარჩენებზეაღმოცენებული სუსტი სახანოები, რომლებიც გამუდმებით თავს ესხმოდნენ მოსკოვის დიდი სამთავროს ტერიტორიებს. ამ მტრულ გარემოში, რუსული ეკლესიის წიაღში იბადება რუსული ეკლესიის ექსკლუზიურობა, მართლმადიდებლობის შეურყვნელობის შესახებ.

ქრისტიანული აღმოსავლეთი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ამან ხელი შეუწყო რუსეთის ეკლესიის იზოლაციას აღმოსავლეთის საპატრიარქოებისგან. ამ გაუცხოებას ხელს უწყობდა რუსული სასულიერო წოდების ბრალდება ფერარა-ფლორენციის კრებაზე მათ მიერ უნიის(კათოლიკურ ეკლესიასთან გაერთიანების) ბრალდება. ეს, ერთგვარი იზოლირება, ორთოდოქსალური აღმოსავლეთიდან გარკვეულ საფუძველს ქმნიდა მესამე რომის იდეის წარმოშობისათვის. მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში რუსეთმა განიცადა დიდი შიდა თუ საგარეო რყევები რეჩპოსპოლიტადან და შვედეთის მხრიდან (1605-1612).

ეს გამოწვეული იყო დინასტიური კრიზისით. სხვადასხვა ავანტიურისტები ცდილობდნენ ამ სახელმწიფოს დაპყრობას. ამ უმძიმესმა პროცესებმა დიდი დაღი დაასვეს რუსეთის შემდეგ განვითარებას. ამავე საუკუნის პირველ ნახევარში სასულიერო წრეებში წარმოიშვა მოძრაობა, რომელსაც „ძველი კეთილმოწესეობის მოშურნეთა მოძრაობა“ დაერქვა, დეკანოზ იოანე ნერონოვის მეთაურობით. ისინი მოითხოვდნენ ეკლესიის შიგნით რადიკალურ რეფორმებს, რომლებიც დააბრუნებდა რუსულ ეკლესიას მართლმადიდებლობის პირველსაწყისებთან. რუსეთის მეფე, ალექსი მეორე შეეცადა ამ რეფორმის გატარებას. რუსეთის სახელმწიფო აღმოჩნდა ხელსაყრელ პირობებში იმ მხრივ,რომ მან დაამარცხა პოლონეთი, შემოიერთა აღმოსავლეთ უკრაინის დიდი ნაწილი და მთელი ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის კოლონიზაცია მოახდინა. ამ რეფორმის მიზანი რუსული ეკლესიის სრულიად ბერძნულ რიტუალზე გადასვლა იყო, რაც ხელს შეუწყობდა რუსეთის როგორც ბიზანტიის მემკვიდრის სტატუსს. ეს რეფორმა მეტნაკლებად წარმატებით დამთავრდა. შეიძლება ითქვას, რომ რუსული იმპერიალიზმის რელიგიური საწყისები აქედან იღებს სათავეს. პატრიარქმა ნიკონმა, რომელიც ამ რეფორმის ინიციატორი იყო,საფუძველი ჩაუყარა რუსეთის ეკლესიის უპირატესობის იდეას, როგორც მართლმადიდებლობის მფარველისა.

მნიშვნელოვნად იცვლება რუსული იმპერიალიზმის სტრუქტურა პეტრე პირველის დროს, როდესაც რუსეთმა დაამარცხა შვედეთი „ჩრდილოეთის ომში“ 1700-1721 წ.წ. და მოიპოვა ბალტიის ზღვაზე გასასვლელი. პეტრე პირველმა მიიღო იმპერატორის ტიტული და რუსეთი იმპერიად გამოაცხადა. მისი და მისი მემკვიდრეების ექსპანსიონისტური პოლიტიკის შედეგად, რუსეთის იმპერიამ შავ ზღვაზე დამკვიდრება შეძლო და ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ქრისტიანული მოსახლეობის დამცველის როლზე განაცხადა პრეტენზია. შემდგომი რუსეთ-თურქეთის ომების შედეგად, მისი გავლენა ბალკანეთის სლავურ მოსახლეობაზე განსაკუთრებით გაიზარდა.

საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე წარმატების მიუხედავად, რუსეთში დაუძლეველი რჩებოდა საშინაო პრობლემები, რომლებმაც მოიცვა სახელმწიფოს მმართველობის პოლიტიკური სტრუქტურა და გააღრმავა ეკონომიკური ჩამორჩენა. გადაუჭრელი დარჩა მძიმე სოციალური უსამართლობა. თვითმპყრობელობამ, რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისამდე გასტანა, მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა მისი განვითარება. მიუხედავად ალექსანდრე მეორის მმართველობისას გატარებული რეფორმებისა, 1861 წელს ვერ გამოიღო სასურველი შედეგი. მართალია, მან გააუქმა ბატონყმობა, განახორციელა სასამართლოდ და ადმინისტრაციული რეფორმა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პრობლემების გადასაწყვეტად. რუსეთის პირველი რევოლუციის შედეგად 1905-07 წ.წ. მიღწეული იქნა წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნა, მაგრამ ეს მაინც ვერ უზრუნველჰყოფდასახალხო პოლიტიკურ უფლებებს. მეოცე საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერია შევიდა სერიოზულ კრიზისში, მიუხედავად მისი სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა, რაც მონარქიის დამხობით, ხოლო შემდგომში ბოლშევიკური დიქტატურითა და იოსებ სტალინის მიერ რუსული იმპერიული იდეის რეანიმაციით დასრულდა.

რუსული იმპერიალიზმის საფუძვლები მისი კულტურული ფენომენის ჩამოყალიბების საწყისებში უნდა ვეძებოთ, რასაც უშუალოდ განსაზღვრავს ამ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ისტორია. რუსული სახელმწიფოს პოლიტიკური და სამხედრო გაძლიერება ყოველთვის წინ უსწრებდა მის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. ამ მახასიათებლის გამოვლინებაა XVIII-XX საუკუნეში განხორციელებული ეთნიკური პოლიტიკა, როდესაც მთელი რიგი ერები გამოცხადებულ იქნა მტრულ ხალხებად. მაგალითად, ყირიმელი თათრები, ლიეტუველები, ესტონელები და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ძალადობრივი მიგრაცია. ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად აბრკოლებდა მის სრულ ვესტერნიზაციას, მიუხედავად არაერთი მცდელობისა. ეს მოცემულობა ხშირად ხდებოდა შინაგანი წინააღმდეგობის მიზეზი.

ლაშა ომარაშვილი

აღნიშნულ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის საბჭოს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s