Trump VS Biden – საპრეზიდენტო კანდიდატთა რეიტინგების ანალიზი


დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი

უკვე თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბერნი სანდერსი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშა. 2020 წლის 8 აპრილს ვერმონტის სენატორმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მხარდაჭერა მის ყოფილ მეტოქეს – ჯო ბაიდენს გამოუცხადა. შესაბამისად, 3 ნოემბერს გასამართ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ვინაობა დროზე ადრე გამოვლინდა.

რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების საპრეზიდენტო მარათონის ნაადრევად დასრულებამ (ორი პოლიტიკოსის ერთი-ერთზე დარჩენამ) და COVID-19-სგან გამოწვეულმა კრიზისმა ამერიკული საზოგადოების პოლარიზაცია კიდევ უფრო გაამწვავა. როგორია დღესდღეობით ტრამპისა და ბაიდენის რეიტინგი? საზოგადოების რომელი სეგმენტები უჭერენ მათ მხარს? რა გავლენას ახდენს კორონაკრიზისი ამერიკელი მოქალაქეების წინასაარჩევნო პრეფერენციებზე? წინამდებარე სტატიაში შევეცდები ზემოხსენებულ კითხვებს პასუხი გავცე.

დაახლოებით ორი თვის წინ, მოქმედი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის რეიტინგმა მისი თანამდებობაზე ყოფნის მანძილზე უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. Washingon Post/ABC-ის გამოკითხვით, 2020 წლის მარტში ტრამპის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის 49%, ხოლო უარყოფითად 47% აფასებდა. Monmouth University-ის კვლევით, ეს რიცხვები, შესაბამისად, 48%-სა და 45%-ს შეადგენდა. ტრამპის პოპულარობის ზრდა ამ პერიოდში ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა: 

1. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ პერიოდისათვის ჯერ კიდევ ახერხებდა გლობალური პანდემიის გავრცელებასთან მეტ-ნაკლებად ეფექტიან ბრძოლას და შეიძლება ითქვას, კონტროლის სადავეების შენარჩუნებას;

2. განსაკუთრებით პოპულარული აღმოჩნდა ტრამპის მიერ ინიცირებული ეკონომიკის სტიმულირების აქამდე უპრეცენდენტო, $2.2-ტრილიონიანი პაკეტი, რომელიც როგორც აშშ-ის მოქალაქეებზე პირდაპირი ფულადი დახმარების გაცემას, ისე ბიზნესებისთვის გრძელვადიანი სესხების გამოყოფასა და ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზებას ითვალისწინებდა. მიუხედავად ამისა, ტრამპმა მწვერვალზე გაჩერება დიდხანს ვერ შეძლო. დაახლოებით 1 თვის მანძილზე, ამერიკელ მოქალაქეებში მისი პოპულარობა დაახლოებით 5%-ით შემცირდა. რეიტინგის ასეთი უეცარი კლება, ძირითადად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გლობალური პანდემიის უკონტროლო გავრცელებამ გამოიწვია. 17 მაისის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID-19-ით 1.5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რაოდენობამ 90 000-ს გადააჭარბა. შედარებისთვის, მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთში ვირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი აშშ-ის მონაცემებზე თითქმის 6-ჯერ ნაკლებია (280 000 შემთხვევა); ლეტალობა კი 6%-ია.

ტრამპის რეიტინგის კლების პირდაპირპროპორციულად გაიზარდა ბაიდენის პოპულარობა. 14 მაისს გამოქვეყნა CNN-ის კვლევა, რომლის შედეგები ზემოხსენებულ ტენდენციას კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის. საზოგადოებრივი გამოკითხვებით, მოქმედ პრეზიდენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ამომრჩევლის მხოლოდ 46% უჭერს მხარს, ბაიდენს კი – 51%. ტრამპი სოლიდურ უპირატესობას ინარჩუნებს ე.წ. „მერყევ“ შტატებში (Swing States), მათ შორის მიჩიგანში, ფლორიდასა და ოჰაიოში. აქ ტრამპის მიმართ მხარდაჭერა ყველაზე მაღალია (52%), ბაიდენისა კი ყველაზე დაბალი (45%). დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველთა 95% მხარს ბაიდენს უჭერს, რესპუბლიკური პარტიის ელექტორატის 93% კი – ტრამპს. რესპუბლიკელებში მოქმედი პრეზიდენტის პოპულარობის გაზრდას ხელი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცესმა შეუწყო. ამან პარტიის ელექტორატის მოქმედი პრეზიდენტის ირგვლივ კონსოლიდაცია გამოიწვია. რაც შეეხება ბაიდენს, აშშ-ის ექსპრეზიდენტის – ბარაკ ობამას მიერ მხარდაჭერის გამოცხადებამ დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველში მისი რეიტინგი 78%-დან 95%-მდე გაზარდა. რაც შეეხება დამოუკიდებელ და აპარტიულ ამომრჩეველს, აქ ბაიდენს მცირე უპირატესობა აქვს (50% – 46%). ბაიდენი განსაკუთრებით პოპულარულია ამერიკული საზოგადოების შემდეგ სეგმენტებში:

1. ქალები (55% მხარს ბაიდენს უჭერს, ხოლო ტრამპს მხოლოდ 41%); 

2. აფროამერიკული მოსახლეობა (აქ ბაიდენის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა – 69% vs 26%);

3. 45 წელს გადაცილებული მოქალაქეები, რომელთა 49% მხარს ბაიდენს, ხოლო 46% ტრამპს უჭერს. 

დონალდ ტრამპის საბაზისო ელექტორატს წარმოადგენენ: 

1. მამაკაცები (50% – 46%-ის წინააღმდეგ); 

2. თეთრკანიანი მოსახლეობა, რომელთა 55% აცხადებს, რომ ნოემბრის არჩევნებში ხმას სწორედ ტრამპს მისცემს (ბაიდენის რეიტინგი ზემოხსენებულ სეგმენტში მხოლოდ 43%-ია).

ამერიკელი მოქალაქეების აზრი ასევე გაყოფილია მოქმედი პრეზიდენტისა და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებით. ტრამპის ეკონომიკურ პოლიტიკას მხარს ამერიკელების 54% უჭერს, ბაიდენის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი – 42%-ია. დანარჩენ კატეგორიებში ბაიდენს გამოკვეთილი უპირატესობა აქვს: ამერიკელების 51% მიიჩნევს, რომ კორონაკრიზისს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი უკეთ გაუმკლავდებოდა (ტრამპი – 45%). ამომრჩეველთა 54% ფიქრობს, რომ ჯანდაცვის მიმართულებით ბაიდენის პოლიტიკა უკეთესია (ტრამპი – 42%). მოქალაქეების 55%-ის აზრით, ამერიკული საზოგადოების გაერთიანებას უკეთ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი შეძლებს (ტრამპი – 38%).

საზოგადოების რიგ სეგმენტებში ბაიდენის აშკარა ლიდერობის მიუხედავად, ტრამპს საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს ენთუზიასტი მხარდამჭერების მიმართულებით. Monmouth University-ის გამოკითხვით, ლიბერალურად განწყობილი ელექტორატის 33% ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, კონსერვატორ ამომრჩეველში ეს რიცხვი მხოლოდ 12%-ს შეადგენს. CNN-ის გამოკითხვით, ყოველი 5-დან 4 რესპუბლიკელი აცხადებს, რომ წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, ხოლო იმავეს დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველთა მხოლოდ 56% ამბობს. ბაიდენის საარჩევნო შანსებზე უარყოფითად მოქმედებს სექსუალური შევიწროების საქმეც. აპრილის ბოლოს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს სექსუალურ შევიწროებაში ბრალი ტარა რიდმა დასდო, რომელიც 1990-იან წლებში სენატში სტაჟირებას გადიოდა. ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად შეარყია ბაიდენის რეიტინგი. დემოკრატიული პარტიის ამომრჩეველთა 46% ფიქრობს, რომ ზემოხსენებული ბრალდება შესაძლოა მართალი იყოს, მხოლოდ 22% მიიჩნევს, რომ ბრალდება ყალბია და მისი მიზანი ტრამპის სექსსკანდალების გადაფარვას ემსახურება. 

ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ ამერიკული საზოგადოება ორადაა გაყოფილი. თეთრკანიანი მოქალაქეები, კაცები და უმაღლესი განათლების არმქონე პირები ძირითადად დონალდ ტრამპს, ხოლო აფროამერიკელები, ლათინოსები, ქალები და “დიპლომიანები” მხარს ჯო ბაიდენს უჭერენ. 3 ნოემბრის არჩევნების შედეგებს 3 კონკრეტული დეტერმინანტი განსაზღვრავს: 

1. მოახერხებს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია კორონაკრიზისისგან გამოწვეული საკმაოდ მძიმე შედეგების დროულად აღმოფხვრას – ამერიკის შეერთებულ შტატებში პანდემია გავრცელების პიკშია, ვირუსით ყოველდღიურად დაახლოებით 20 000 ადამიანი ინფიცირდება. თუ მოცემული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და სექტემბრამდე აშშ ვერ მოახერხებს COVID-19-ისგან თავის დაღწევას, ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტების შანსები მინიმუმამდე შემცირდება;

2. მოახდენს თუ არა გავლენას ტარა რიდის საქმე ბაიდენის რეიტინგზე – მოცემული მომენტისთვის, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვების საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს. თებერვალში ვერავინ იფიქრებდა, რომ დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი outsider კანდიდატი „ლურჯების“ საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვებას შეძლებდა, თუმცა, ბაიდენმა ჭკვიანურად დაგეგმილი სტრატეგიის მეშვეობით დროთა განმავლობაში ე.წ. „დიდი ეროვნული კოალიციის“ გაერთიანება მოახერხა. საინტერესოა აღმოჩნდება თუ არა წინასაარჩევნოდ ტარა რიდის საქმე გარდამტეხი ფაქტორი?

3. ერთგული ელექტორატის მობილიზება და „მერყევ“ შტატებში გამარჯვება – როგორც წესი, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს ის, ვინც ახერხებს „მერყევი“ შტატების მოგებას. გამონაკლისი ამ მხრივ არც 3 ნოემბერს გასამართი კენჭისყრა იქნება. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, კანდიდატები განსაკუთრებულ ყურადღებას მიჩიგანზე, ოჰაიოზე, ფლორიდაზე, პენსილვანიასა და ვისკონსინიზე გაამახვილებენ. თუ ტრამპი მოახერხებს საკუთარი უპირატესობის შენარჩუნებას ზემოხსენებულ შტატებში, ის უდიდესი ალბათობით მეორედ დაიკავებს ოვალურ კაბინეტს. ცხადია, კანდიდატთა რეიტინგები პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად ყოველთვიურად იცვლება და წინასწარ იმის თქმა, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს ნოემბერში, საკმაოდ რთულია, თუმცა, ერთი რამ აშკარაა – მომავალი არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და პოლიტიზებული მათ შორის, რომელიც აქამდე გვინახავს.

გიგა ჯოხაძე
საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s