ნეთანიაჰუს გამბიტი

ისრაელში პოლიტიკური კრიზისი საბოლოოდ დასრულდა. 20 აპრილს ბენი განცი და ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლებიც ისრაელის მთავარი პოლიტიკური ძალების ლიდერებს წარმოადგენენ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, ნეთანიაჰუ პრემიერმინისტრის თანამდებობას 18 თვით შეინარჩუნებს. ამ ხნის განმავლობაში მთავრობა ორივე პარტიის წევრებით დაკომპლექტდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბენი განცი და მისი პარტია („ლურჯი და თეთრი“) პოლიტიკური სადავეების ხელში ჩაგდებას მხოლოდ ნეთანანიაჰუს გადადგომის შემდეგ შეძლებს. ისრაელის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მყოფი პრემიერის მდგომარეობის და გადაწყვეტილებების გასაგებად, რომელთაგან ყველაზე აქტუალური დასავლეთ იორდანეს სანაპიროების ოკუპაციაა, საჭიროა, გარკვეულწილად გავცეთ პასუხი რამდენიმე შეკითხვას. კერძოდ, თუ რა იდეოლოგიის მატარებელია „ლიკუდის“ პარტია, რას მოიცავდა პოლიტიკური კრიზისი და არსებობს თუ არა კაუზალური კავშირი არსებულ მიმდინარე რეალობასა და დასავლეთ სანაპიროების ტერიტორიების რუკების შედგენას შორის. საბოლოოდ კი, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული ნეთანიაჰუს მიერ არჩეული პოლიტიკური კურსი და როგორია საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია.

როგორც ვიცით, ბენიამინ ნეთანიაჰუ „ლიკუდის“პარტიას 2005 წლიდან ხელმძღვანელობს. პარტიის ჩამოყალიბების საფუძვლის გასაგებად აუცილებელ ქვაკუთხედად უნდა წავიმძღვაროთ ისრაელის ეთნო-სოციალური ფრაგმენტაციის ძირითადი ნიშნები. ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობას აშქენაზები და სეფჰარდები შეადგენენ. მათი ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი მათი წარმომავლობაა. აშქენაზები (აშქენაზიმ) ძირითადად გერმანიიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან დაბრუნებული ებრაელები არიან, მაშინ,როდესაც სეფჰარდები და მიზრაჩები ძირითადად ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან დაბრუნდნენ. „ალ ჯაზირას“ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, სადაც ძირითადად სწორედახლო აღმოსავლეთისა და აფრიკული წარმომავლობის ებრაელები არიან ჩაწერილნი, ყველაზე ხშირად გაიგებთ სიტყვებს, როგორებიცაა: სოციალური უთანასწორობა, რასიზმი და მარგინალიზაცია. რესპოდენტები ხაზს უსვამენისრაელში მათი დაბრუნების შედეგად წარმოშობილპრობლემებსა და აღნიშნული საკითხების დღემდე აქტუალურობას. მაშინ, როდესაც აშქენაზები სოციალური სტატუსის მაღალ კლასს წარმოადგენენ, მათი ძირითადი მიზანია, ერის კონსოლიდაცია ერთი კულტურული ქოლგის ქვეშ. დისკრიმინაციას განიცდიან ებრაელები, რომლებიც ეთიოპიიდან დაბრუნდნენ. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვოს კვლევის დასკვნითი ნაწილი იწყება ჩინური ლეგენდით, რომლის მიხედვით,მდიდარი ადამიანები ღარიბ მოსახლეობას თევზს აძლევდნენ. მიუხედავად ალტრუიზმისა, ღარიბი მოსახლეობა მაინც უკმაყოფილო იყო, ვინაიდან მათ სჭირდებოდათ ბადე. ლეგენდა ისრაელის რეალობად იქცა. რაც შეეხება თუ როგორ ჰპოვებს პოლიტიკურ სპექტრზე საუბრისას, მიუხედავად კაპიტალისტური მიდგომისა, სეფჰარდებმა სოციალური უთანასწორობის ფონზე „ლიკუდის“ ლიდერს,მენახემ ბეგინს დაუჭირეს მხარი. მათი კეთილგანწყობა განაპირობა ბეგინის ქარიზმატულობამ, უფრო კონკრეტულად კი, ის ყოველთვის პატივისცემით მოიხსენებდა მათ.

„ლიკუდის“ პარტიის(კონსოლიდაცია ივრით)  პოლიტიკური აღზევება სწორედ რომ ბეგინს უკავშირდება. მას შემდეგ, ისრაელის ქნესეთში პარტია წამყვან პოზიციებს უკვე 40 წელიწადია არ თმობს. თუმცა,უმრავლესობის მოსაპოვებლად „ლიკუდის“ პარტიას ხშირად უწევს კუალიციების შექმნა. ბოლო დროინდელი პოლიტიკური კრიზისი კი სწორედ მოლაპარაკებების ჩიხში შესვლას უკავშირდებოდა, რომლითაც ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბებულიყო. შედეგად, ისრაელში,უჩვეულოდ, ერთ წელიწადში სამი არჩევნები ჩატარდა. ცენტრალურ ფიგურებს სტატიის დასაწყისში აღნიშნული ისრაელის მოქმედი და აწ უკვე მომავალი პრემიერები წარმოადგენენ. 

ისტორიკოსის შვილის, ბენიამინ ნეთანანიაჰუს კარიერა შეერთებულ შტატებს უკავშირდება. სტუდენტობისას ის მხარს უჭერდა ვიეტნამის ომს. პირადად მონაწილეობდა იომ-ქიფურის ომში, სადაც კაპიტანი გახლდათ.

ორი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც მასზე ზეგავლენა მოახდინა, ეს იყო – 1) ძმის გარდაცვალება, რომელიც უგანდაში ტყვეების გათავისუფლების ოპერაციას ემსხვერპლა და – 2) განქორწინება, რომლის შემდეგაც ის ისრაელში დაბრუნდა. მისი პოლიტიკური კარიერული ტრამპლინი უკავშირდება მოშე არენსის პიროვნებას, რომელიც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ. ის გამოირჩეოდა თავისი მტკიცე პოზიციით ისრაელ-პალესტინის სადავო ტერიტორიებისადმი. ოსლოს მოლაპარაკებების პროცესის კატეგორიული წინააღმდეგი, ნეთანიაჰუ ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი გახდა 1996 წელს, თუმცა 3 წლის შემდეგ მან არჩევნები წააგო, მიუხედავად ამისა, ის პოლიტიკური სცენიდან არ წასულა. 2009 წლიდან დღემდე ისრაელის პრემიერმინისტრი ბიბი (ნეთანიაჰუს ზედმეტსახელი) გახლავთ. დღეს ისრაელის მემარჯვენე ძალების წარმომადგენელს უმძიმესი დრო უდგას, ომის გმირი დღეს უფსკრულის პირასაა, რადგან თავისი მოწინააღმდეგე თავისივე დანიშნული გენერალური პროკურორია, რომელიც პრემიერს კორუფციაში და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. უფრო კონკრეტულად, საუბარია ავსტრალიელი მილიარდელისგან მიღებულ ძვირადღირებულ საჩუქრებზე, გაზეთის რედაქტორთან ფარულ შეთანხმებაზე მისი პოლიტიკური კურსის უკეთ გასაშუქებლად და იმავე მიზეზით, გარიგება ტელეკომუნიკაციის კომპანიასთან. ისრაელის კანონის მიხედვით, მიუხედავად ბრალდებებისა, პრემიერმინისტრს შეუძლია თანამდებობის შენარჩუნება. ერთადერთი, რაც აქამდე ბიბის არ შეეძლო, ეს გახლდათ კუალიციური მთავრობის შექმნა, რომელზეც უარს ბენი განცი სწორედ აღნიშნული ბრალდებების გამო ამბობდა. მეორე მიზეზი კი ინიცირებული კანონი გახლდათ, რომელიც ორთოდოქსული შეხედულებების მქონე ადამიანების ჯარში გაწვევის შეზღუდვის მოხსნას ითვალისწინებდა. ნეთანიაჰუს ერთგვარ მშველელად კორონავირუსი იქცა, რომელმაც მას საშუალებმა მისცა, წარმოეჩინა წარმატებული ლიდერის თვისებები და უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ისრაელი ვირუსს ეფექტურად უმკლავდება. მსოფლიო პანდემიამ ყოფილი გენერალი, ბენი განციც აიძულა დათანხმებულიყო საგანგებო სამთავრობო კუალიციის შექმნას, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, 18 თვის შემდეგ მას ისრაელის პრემიერ მინისტრის პოსტის დაკავების შესაძლებლობას მისცემს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელსაც შეთანხმება ითვალისწინებს, გახლავთ დასავლეთ იორდანის სანაპიროს ანექსირებას.

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მხარდაჭერის მოთხოვნით მიმართა. ისტორიაში პირველად, ისრაელის პრემიერმა პირდაპირ ეთერში წარადგინა მომავალი ტერიტორიის ანექსირების გეგმა. ხაზი გაუსვა რა დონალდ ტრამპთან მის პირად ურთიერთობებს, ნეთანიაჰუმ შეახსენა საკუთარ ერს, რომ მსგავსი შესაძლებლობა ისრაელს არასდროს ჰქონია.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ გეგმას სერიოზულად არ აღიქვამენ და მას უბრალოდ საარჩევნო სპეკულაციებს უწოდებენ. ერთ-ერთი მათგანია მიჩელ ბარაკი, რომელიც შიმონ პერეზის მრჩეველი გახლდათ. ვერ ვიტყვით, რამდენად გულწრფელი გახლდათ ბატონი მიჩელი, თუმცა მსგავსი კითხვები არ დატოვა პალესტინის ყოფილმა ინფორმაციის მინისტრმა, როდესაც მან ჯერ ოსლოს შეთანხმებას ილუზორული უწოდა და ისრაელს აპარტეიდური სტილის მომავალი დაუსახა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს Commanders for Israel’s Security (CIS)- ის რეკომენდაცია. ორგანიზაცია აერთიანებს გადამდგარ გენერლებს, ადმირალებსა და ყოფილ მოსადის წევრებს. ისინი აფრთხილებენ ისრაელის მთავრობას დომინოს ეფექტის შესახებ, რომელიც მთლიანი დასავლეთ იორდანეს ბანაკის დაკავებას შეეხება, რაც ისრაელის უსაფრთხოებისთვის საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველი იქნება. პირველ რიგში, მოსალოდნელია პალესტინის უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული თანამშრომლობის კოოპერაციის დასასრული. შემდგომში სრული ანექსირება აუცილებლად გამოიწვევს 2.6 მლნ პალესტინელის ისრაელში ინტეგრირებას, რაც ისრაელს არჩევანის წინაშე დააყენებს, აირჩიოს დემოკრატიული ერთი სახელმწიფო ერთი ხალხის სისტემა, თუ აპარტეიდული რეჟიმი. ასევე, მოსალოდნელია ურთიერთობების გამწვავება რეგიონალურ ჭრილშიც. ეგვიპტეს, რომელიც მედიატორის როლს ასრულებს ისრაელსა და ჰამასს შორის, ისრაელის აგრესიულმა სტილმა შეიძლება აიძულოს არსებული პოლიტიკის შეცვლა. თურქეთის პოზიციის გამოცნობა რთული არ იქნება, რადგან მან ადრევე დაგმო დასავლეთ სანაპიროზე ახალი საცხოვრებლების მშენებლობაზე თანხმობის გაცემა.

მაშინ, როდესაც იორდანიასთან საზღვარი გამოირჩეოდა თავისი სტაბილურობით, მსგავსი ქმედება არა მარტო იორდანიის, არამედ ირანის მტრულ დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის. რაც შეეხება თვითონ პალესტინელებს მათთვის ოცნება ორი სახელმწიფოს კონცეპტზე ფაქტობრივადსაბოლოოდ დასამარდება. გადამდგარი გენერლები  ყურადღებას ამახვილებენ შესაძლო ეკონომიკურ ფაქტორზეც და მათი ვარაუდით, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, რაც სანქციების დაწესებასაც ითვალისწინებსისრაელის ბიუჯეტს 11-22 მლრდ $-მდე დაუჯდება წელიწადში.

ისრაელის ახლანდელ პრემიერს 18 თვე აქვს თავისი გეგმის განსახორციელებლად. საინტერესოა, თუ რამდენად გარისკავს ნეთანიაჰუ და სადამდე მიიყვანს მისი ამბიციური გეგმა. ამომრჩევლებმა მას მიანიჭეს უკვე მანდატი, ვინაიდან მათ მკაფიოდ იცოდნენ უკვე ვის და რატომ აძლევდნენ ხმას. დასასრულს კი შეგახსენებთ ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მითითებას, რომ თუ არჩევანი გაკეთდება ერთი სახელმწიფოს პრინციპზე, ისრაელი უნდა იყოს ებრაული ან დემოკრატიული, ის ვერ იქნება ორივე ერთად.

შოთა მგელაძე

საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s