ურუგვაი – პოლიტიკური განვითარების მიმოხილვა

პოლიტიკური პროცესების ანალიზისას არსებობს სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ერთიანი შეფასების ტენდენცია, რაც საკმაოდ პრობლემურია იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში რეგიონის ქვეყნებმა განვითარების განსხვავებული მიმართულებები აირჩიეს და განსხვავებულ შედეგებზეც გავიდნენ, რის კარგ მაგალითსაც ქვემოთ მიმოვიხილავთ.

ურუგვაი თავისი პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების დინამიკით მნიშვნელოვნად განსხვავდება, როგორც მეზობელი ბრაზილიისა და არგენტინისაგან, ისე დანარჩენი სამხრეთ ამერიკული სახელმწიფოებისაგან, მიუხედავად მათთან დაკავშირებული ღრმა პოლიტიკურ-კულტურული ფესვებისა.

ურუგვაის გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით უმნიშნელოვანესია. რიო დე ლა პლატას შესართავი, რაც მდინარეების პარანასა და ურუგვაის შეერთებისაგან იქმნება, წარმოადგენს დაცულ, ღრმაწყლოვან საპორტო სივრცეს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ატლანტის ოკეანეს. მის სანაპიროებზე გაშენებულია ორი საპორტო ქალაქი – მონტევიდეო და ბუენოს აიერესი. ძალა, რომელიც ფლობდა რიო დე ლა პლატას აუზს შეეძლო, ერთი მხრივ, ატლანტის ოკეანის აუზში მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქების ფლობა, ხოლო, მეორე მხრივ, მდინარეების, როგორც საზღვაო გზების გამოყენებით სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ეფექტური კონტროლის დამყარება. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ 1810-1818 წლებში არგენტინის ბრძოლა ესპანეთისაგან დამოუკიდებლობის მისაღებად დამთავრდა არამხოლოდ იმით, რომ ამ უკანასკნელმა შეძლო დამოუკიდებლობის მოპოვება, არამედ იმითაც, რომ პორტუგალიური და ბრაზილიური სამხედრო ძალებმა ურუგვაის დაკავება მოახერხეს, რომელიც მანამდე ესპანეთის იმპერიის ნაწილი გახლდათ, რითაც საფუძველი ჩაუყარეს შემდგომ ბრაზილიურ-არგენტინულ კონფლიქტს ურუგვაის გასაკონტროლებლად.

ურუგვაის დამოუკიდებლობა სწორედ ბრაზილიისა და არგენტინის შემდგომ კონფლიქტთანაა დაკავშირებული. დამოუკიდებელი არგენტინა და 1822 წლიდან პორტუგალიისაგან დამოუკიდებელი ბრალიზილია ერთმანეთთან კონფლიქტს იწყებენ სადაო ტერიტორიების გამო (მათ შორის ურუგვაისათვის), რაც ბრიტანეთის ჩარევის შემდეგ 1828 წელს მონტევიდეოს შეთანხმებითა და ურუგვაის დამოუკიდებლობით მთავრდება. მომდევნო წლებში მონტევიდეო უმნიშვნელოვანეს საპორტო ქალაქად და ეკონომიკურ ცენტრად იქცევა.

ურუგვაი მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული არგენტინასთან. მეტიც, იგი არამხოლოდ ურუგვაის უმთავრეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენდა, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც ნებისმიერი სისტემური ცვლილება ერთ ქვეყანაში აისახებოდა მეორეზე. თუმცა 1980-ნი წლებიდან ურუგვაი მეზობლებისაგან განსხვავებით, მყარად ექცევა დემოკრატიულ საფუძვლებზე და იწყებს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას. აღნიშნულმა პოზიტიურმა დინამიკამ შექმნა გარემო, რომლის შედეგადაც დღეისათვის ქვეყნის შიგნით ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონები არსებობს, რის გამოც ურუგვაი არაერთხელ მოექცა პოზიტიური დისკურსის ფოკუსში.

სანამ ეკონომიკაზე გავაგრძელებდეთ საუბარს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს მოსახლეობის თავისებურებები, რითაც ურუგვაი ძალიან განსხვავდება დანარჩენი სამხრეთ ამერიკისაგან. კოლონიური მოსახლეობა თანამედროვე ურუგვაის ტერიტორიაზე საკმაოდ გვაინ, მე-17 საუკუნის შუა წლებიდან დასახლდა და ძირითად საქმიანობად აგრომეურნეობა აირჩია. მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროპული წარმოშობისანი არიან და ძირითადად ესპანური და იტალიური ფესვები აქვთ. ადგილობრივ ინდიელთა რაოდენობა 3%-მდეა. ქვეყნის სრული მოსახლეობის რიცხვი დღეისათვის მხოლოდ 3.5 მილიონია.

ურუგვაიში ტენდენცია აგრომეურნეობის სასარგებლოდ დღემდე შესამჩნევია. ქვეყნის მთავარი ექსპორტი სწორედაც მსხვილფეხა საქონლის ხორცი, ნედლეული, ლობიო, ხორბალი და მატყლია. მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო რითაც ურუგვაი განსხვავდება დანარჩენი სამხრეთ ამერიკული სახელმწიფოებიდან არის საზოგადოებრივი კონსესუსი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ეკონომიკური საქმიანობა ურუგვაში სახელმწიფოს მიერ, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ნაკლებად რეგულირებული და თავისუფალია. 1991 წელს სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებს შორის დადებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება – მერკუსორი – ურუგვაის ეკონომიკისათვის ახალი სტიმულის მიმცემი გამოდგა, თუმცა საერთაშორისო ეკონომიკური რყევები ურუგვაიზეც საკმაოდ მწვავედ არაერთხელ აისახა, რის გამოც ამ სამხრეთ ამერიკული ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ცვალებადია და 2018 წლისათვის 2%-მდე იყო.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ურუგვაის პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს კონსესუსი, რომლის მიხედვითაც მთავრობების მხრიდან თავისუფალი ეკონომიკის რეგულირება და კონტროლი შედარებით მცირეა. თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ურუგვაიში, ისევე როგორც სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოთა უმრავლესობაში, მემარცხენე იდეოლოგიების მქონე პოლიტიკური ძალები საკმაოდ მძლავრად არიან წარმოდგენილნი და ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მთავარ სახელისუფლებო ძალას წარმოადგენდნენ. მათი პოლიტიკური კოალიცია სახელად ფართო ფრონტი საკმაოდ პოლარიზებულია შიგნიდან, რადგან იგი სხვადასხვა მემარცხენე პოლიტიკური ძალებისაგან შედგება, რომელთა ნაწილსაც მკვეთრად მემარცხენე ტენდენციები გაჩნია, რაც ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების კონსესუსისათვისაც კი შეძლება პრობლემური აღმოჩნდეს. სწორედ ეს, თანმდევ ეკონომიკურ პრობემებთან ერთად, გახდა მიზეზი იმისა, რომ 2019-2020 წლები ურუგვაის პოლიტიკური ველი მნიშვნელოვნად შეიცვალა და პირველად, ათწლეულების განმავლობაში, ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს მემარჯვენე-ცენტრისტული ნაციონალური პარტიის წარმომადგენელი ლუის ალბერტო ლაკალე პოუ, რომელსაც, ურუგვაიში არსებული საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში საკმაოდ ფართო უფლებები გააჩნია. მოქმედი პრეზიდენტის აზრით, აუცილებელია ქვეყანაში სიღარიბის სწრაფი აღმოფხვრა, დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება და მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, სტაბილური ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რისთვისაც დერეგულაციური პოლიტიკის გატარებაა საჭირო. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია საჯარო სფეროში ან აგრომეურნეობაში, რაც სწრაფი პროგრესისათვის ხელის შემშლელ ფაქტორებადაა დასახელებული. 2010-ნი წლებიდან ურუგვაი ცდილობს ტურისტული ბაზრის აქტიურ ათვისებას, ისევე როგორც ინოვაციურ ტექნოლოგიებში ინვესტირებას, თუმცა პროცესი მეტ ბიძგს საჭიროებს, რაც ახალი საპრეზიდენტო ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენს. ურუგვაიში პოუს პრეზიდენტობას განსაკუთრებული ინტერესით უყურებენ.

ბოლო წლებში ურუგვაი, ისევე როგორც სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმრავლესობა, იქცა აშშ-სა და ჩინეთის აქტიური ეკონომიკური დაპირისპირების ადგილად. ჩინეთის მზარდი როლი ურუგვაიში გამოიხატება არამხოლოდ იმით, რომ იგი ქვეყნისათვის უმთავრესი ეკონომიკური პარტნიორია, არამედ იმითაც, რომ მემარცხენე პოლიტიკურ ძალებს, აქტიური კავშირები ჰქონდათ ოფიციალურ ჩინეთთან, რაც აშშ-სათვის სრულიად მიუღებელი იყო. ქვეყნის შიგნით მემარჯვენე ძალების გამარჯვებასთან ერთად მაღალია იმისა ალბათობა, რომ ურუგვაი ერთის მხრივ კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირს ბრაზილიასთან, როგორც რიგით მეორე უმთვრეს ეკონომიკურ პარტნიორთან, ხოლო მეორეს მხრივ საერთაშორისო პოლიტიკურ სივრცეში შეეცდება ახალი პარტნიორების მოძიებასა და ეკონომიკურ დივერსიფიკაციას, რათა ყველასათვის მაქსიმალურად მიმზიდველ ქვეყანად იქცეს. მას უკვე აქვს მოპოვებული ზედმეტსახელი “სამხრეთ ამერიკის შვეიცარია”, მაგრამ ახლა ქვეყანას რაც ყველაზე მეტად სჭირდება დინამიური ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაა, რაც რეგიონში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

გიორგი კობერიძე
უფროსი მკვლევარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s