წარმატების ამბავი: პოლონეთი COVID-19-ის წინააღმდეგ

1989 წელს პოლონეთის ისტორიაში ახალი თავი დაიწერა – ქვეყანაში პირველი ნაწილობრივ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, რეპრესიულმა კომუნიზმმა უკუსვლა დაიწყო და ყოვლისმომცველმა სისტემურმა ტრანსფორმაციამ აიღო სტარტი.

ბოლო 30 წელიწადში გატარებული რეფორმების წყალობით, პოლონეთი ეკონომიკური მაჩვენებლის, კორუფციის დაბალი ინდექსით, მზარდი სამხედრო ძალითა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი ევროპის ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყნად იქცა. ის, რაც საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის არის უმნიშვნელოვანესი, პოლონეთი აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოების ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის აქტიური ლობისტი და გულმხურვალე მხარდამჭერია.

თუმცა, ამ სტატიის მიზანი არ არის პოლონეთის III რესპუბლიკის (III Rzeczpospolita) შთამბეჭდავი დემოკრატიულ-ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და რუსული იმპერიალიზმის დაბალანსებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის ანალიზი. გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19-ის გლობალურმა პანდემიამ სრულად შეცვალა მსოფლიო დღის წესრიგი, მსურს, ყურადღება ოფიციალური ვარშავის იმ სისტემურ მიდგომაზე გავამახვილო, რისი წყალობითაც პოლონელები წარმატებით უმკლავდებიან კორონავირუსს, როგორც სამედიცინო, ისე ეკონომიკურ ფრონტზე.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) 30 აპრილის მონაცემებით, 38-მილიონიან პოლონეთში COVID-19-ით ინფიცირების სულ 12781 შემთხვევა დაფიქსირდა (3236 გამოჯანმრთელებული, 628 დაღუპული). რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანის სიკვდილი დიდი ტრაგედია და გამოუსწორებელი ტკივილია, თუმცა სტატისტიკური თვალსაზრისით, მხოლოდ 628 ადამიანისგარდაცვალება (რომელთა 75% მძიმე ან/და ქრონიკული დაავადებით იყო დასნეულებული) გლობალურ ვირუსთან ეფექტიანი ბრძოლის ინდიკატორია. მითუმეტეს, თუკი აღნიშნულ მონაცემებს სხვა ევროპული ქვეყნების სტატისტიკას შევადარებთ.

პოლონეთში COVID-19-ის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 4 მარტს დაფიქსირდა ქალაქ ჟელონა გურაში. ვირუსისაგან თავის დასაცავად ხელისუფლებამ ძალიან მალევე ჩაკეტა სახელმწიფო საზღვრები და საერთაშორისო აეროპორტები. რა თქმა უნდა, რთულია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება შენგენის ხელშეკრულების პირობებში ან/და მაშინ, როდესაც ქვეყანას ყოველწლიურად 35 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს, თუმცა მატეუშ მორავიეცკის მთავრობამ ეს გაბედული გადაწყვეტილება დროულად მიიღო.

კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო საყოველთაო კარანტინის სწრაფადვე გამოცხადება და დაწესებული რეგულაციების მკაცრი კონტროლი. „დარჩი სახლში“ პოლონეთში 10-12 მარტს გამოცხადდა და თანაც ისე, რომ საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა უმალ მიიღო ინფორმაცია ახალი რეგულაციების შესახებ. 31 მარტის სამთავრობო დადგენილებით, თვითიზოლაციის კამპანია კიდევ უფრო ყოვლისმომცველი გახდა: დაიკეტა პარკები, პლაჟები, ბულვარები, სილამაზის სალონები და ა.შ.

აღნიშვნის ღირსია ასევე ის ფაქტიც, რომ COVID-19-ის გავრცელების საწყის ეტაპზევე დაიხურა სკოლები, უნივერსიტეტები და მასობრივი თავშეყრის ადგილები. შეზღუდვები დაწესდა ეკლესიებშიც – მაქსიმუმ 5 ადამიანსა და 1 სასულიერო პირს შეუძლია დაესწროს რელიგიურ რიტუალს (ქორწილი, პანაშვიდი, ნათლობა და ა.შ.), თუმცა 2-მეტრიანი ფიზიკური დისტანციის დაცვით.

რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ვირუსთან ეფექტიანი ბრძოლა, თუმცა არანაკლები დატვირთვის მქონეა ანტიკრიზისული გეგმა პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან საბრძოლველად. Forbes-ის მიხედვით, COVID-19-ის მემკვიდრეობა გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთი ფრონტის ხაზი ეკონომიკაზე გადის.

კრიზისის დაწყებიდან ძალიან მალევე, 1-ლ აპრილს პრემიერ მორავიეცკის მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენაზე ორიენტირებული პროგრამა, ე.წ. „ანტიკრიზისული ფარი“ (Tarcza Antykryzysowa) წარადგინა. გეგმა 5 ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  1. ფინანსური უსაფრთხოება და სამუშაო ადგილების დაცვა (30 მილიარდი ზლოტი);
  2. ბიზნესის დაფინანსება (74,2 მილიარდი ზლოტი);
  3. ჯანდაცვა (7,5 მილიარდი ზლოტი);
  4. ფინანსური ბაზრის გაძლიერება (70,3 მილიარდი ზლოტი);
  5. საჯარო ინვესტირება (30 მილიარდი ზლოტი).

წინასწარი გათვლებით, ანტიკრიზისული ეკონომიკური პროგრამის ბიუჯეტი 212 მილიარდ ზლოტს (165 მილიარდი ლარი) – პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს – შეადგენს.

გარდა სამედიცინო და ეკონომიკური გამოწვევებისა, ოფიციალურ ვარშავას დეზინფორმაციულ ტალღებთანაც უწევდა/უწევს გამკლავება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 23 მარტს დაფიქსირდა, როდესაც რუსეთის სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ალექსეი პუშკოვმა Twitter-ის მეშვეობით ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც: „პოლონეთმა თავისი საჰაერო სივრცე იმ რუსულ თვითმფრინავებს ჩაუკეტა, რომელთაც ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდათ ლომბარდიის რეგიონისათვის“. აღნიშნული „ცნობა“ მალევე აიტაცა რუსულმა პროპაგანდამ და ოფიციალური ვარშავა რუსოფობიასა და საყოველთაო გულგრილობაში დაადანაშაულა. თუმცა, ძალიან მალევე გაირკვა სიმართლე – მსგავსი რამ პოლონეთს არ გაუკეთებია და როგორც იტალიური La Stampa-ს ჟურნალისტი, იაკოპო იაკობონი იტყობინება, არც რუსული დახმარება იყო მთლად ჰუმანიტარული, რადგან ოპერაციას მხოლოდ და მხოლოდ სადაზვერვო დანიშნულება ჰქონდა. სხვათა შორის, პუშკოვმა თავისი პოსტი რამდენიმე დღეში წაშალა.

პოლონეთი ახლა უკვე სიტუაციის ეტაპობრივი ნორმალიზაციის გზაზეა. თანდათან იხსნება შეზღუდვები. მაგალითად, 4 მაისიდან სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები გაიხსნება, ხოლო 6 მაისიდან – საბავშვო ბაღები. ეკონომიკის გამოცოცხლებისათვის აქტიურად განიხილება გასართობი და კულტურულ-ტურისტული ობიექტების ამუშავება. ასევე, შორს არ არის ის დღე, როდესაც პოლონეთი საზღვრებს გახსნის, თუნდაც იმიტომ, რომ 115 000 პოლონელი საზღვრისპირა გერმანულ და ჩეხურ ქალაქებში მუშაობს. უკვე გადაწყდა საფეხბურთო ჩემპიონატ Ekstraklasa-ს განახლება. სავარაუდო თარიღად მაისის ბოლო კვირა დასახელდა.

ერთი სიტყვით, ცნობები, რომლებიც პოლონეთიდან მოდის, იმედს იძლევა. იმედს, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს ეტაპობრივად დაუბრუნდება და დღის წესრიგს არა კორონავირუსი, არამედ პოლიტიკური გამოწვევები განსაზღვრავენ.

გრიგოლ ჯულუხიძე
უფროსი მკვლევარი

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს არც პოლონეთის საელჩოს და არც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s