კაცი, რომელსაც არავინ იცნობს – ტედროს ადანომ გებრეისუსი და მისი ჩინური კონტაქტები

ტედროს ადანომ გებრეისუსი ეთიოპიელი მიკრობიოლოგი და მალარიის მკვლევარია. 2017 წელს იგი პირველი აფრიკელი გახდა, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) დირექტორად დაინიშნა. მასზე დიდი იმედები მყარდებოდა, როგორც ახალგაზრდა და ამბიციურ ლიდერზე, რომელიც ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობის კონცეფციას რეალობად აქცევდა, თუმცა …

სავარაუდოდ, გებრეისუსი ისე ჩაამთავრებდა თავის მანდატს და ისე დატოვებდა WHO-ს ძალიან ბევრი ჩვენგანი ამ ადამიანის ვერც სახელს შეიტყობდა და მითუმეტეს ვერც გვარს, თუმცა კოვიდ-19-ის გლობალურ გამოწვევად ქცევამ ეს “კანონზომიერებაც” შეცვალა.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ცოდნა მედიცინაში მწირზე მწირია, კორონავირუსის ბუნებაზე, სიმპტომებსა და გამომწვევ მიზეზებზე ყურადღებას ვერ და არ გავამახვილება, თუმცა მსურს იმ საკითხებზე ვისაუბრო, რაც ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია – გებრეისუსზე და მის ჩინურ კავშირებზე.

დიახ, ჩინეთი აქტიურად ცდილობს გახდეს მსოფლიო ზესახელმწიფო, მოიპოვოს დომინაცია ყველა სფეროში, აკონტროლოს სტრატეგიული მნიშვნელობის აბსოლუტურად ყველა მიმართულება. რა თქმა უნდა, არც სამედიცინო სფეროა გამონაკლისი. ამის დასტური თუნდაც ის ფაქტია, რომ ჩინეთი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი და ყველაზე გავლენიანი მოთამაშეა. მითუმეტეს მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სკეპტიკურად უყურებს საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქცია-როლს.

ძალიან ბევრი მკვლევარის აზრით, სწორედ ჩინეთი იყო გებრეისუსის WHO-ს ხელმძღვანელად დანიშვნის უმთავრესი ლობისტი. თუ ამ ეთიოპიელი მეცნიერის Twitter-ს გადაავლებთ თვალს, ყველაზე ხშირად სწორედ ჩინეთს და მის კომუნისტურ მთავრობას ასხამს ხოტბას “მსოფლიო მედიცინაში შეტანილი შეუფასებელი წვლილისა” და ახლა უკვე “კოვიდ-19-თან ბრძოლაში ეფექტური მუშაობისათის”.

ბევრს არ ახსოვს თუ რა გააკეთა გებრეისუსმა მიმდინარე წლის იანვარში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერ ქსი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ – მადლობა გადაუხადა ოფიციალურ პეკინს გამჭვირვალობისათვის და აღნიშნა, რომ საფრთხე მინიმალური იყო. სხვათა შორის, ჩინეთის ოფიციალური პოზიცია ძალიან “დამაიმედებელი” იყო იმ დროს და ოფიციალური პირები დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ გადავიდოდა.

ამასობაში დაიკარგა რამდენიმე უძვირფასესი კვირა, დადგა ჩინური ახალი წელი, ათიათასობით ჩინელმა (ვუჰანიდან და მიმდებარე პროვინციებიდან) შიდა და საერთაშორისო უწყვეტი გადაადგილება გააგრძელა, დაიღუპა ათასობით ადამიანი, კოვიდ-19 კი გლობალურ პანდემიად მხოლოდ 11 მარტს გამოცხადდა! ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი დაგვიანებით!

ვირუსის პანდემიად გამოცხადება, ბევრის აზრით, ჩინეთს რამდენიმე მიზეზის გამო არ აძლევდა ხელს. ერთ-ერთი ფაქტორი პეკინის უძლეველობის მითის მსხვრევაა, ანუ მისი სისუსტეების სააშკარაოზე გამოტანა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ინფორმაციით ვირუსის ტალღამ უკვე გადაიარა ჩინეთში, ნდობა ამ სახელმწიფო აქტორისადმი კიდევ უფრო შერყეულია, რადგან ზუსტი ცნობები დღემდე არ არსებობს დაღუპულთა და ინფიცირებულთა შესახებ. მხოლოდ WHO-ს დირექტორს არ ეპარება ეჭვი ძინპინის მონაცემებსა და პეკინის სიმართლეში.

ტედროს ადანომ გებრეისუსი ეთიოპიის ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. კარიერის მანძილზე იგი ყველასთან ახერხებდა საერთო ენის პოვნას. თუმცა, აშშ-ის კონგრესსა თუ სენატში უკვე სერიოზული ეჭვები აქვთ, რომ ყველაზე “მარტივად” გებრეისუსმა საერთო ენა ჩინელებთან იპოვა და ადრეულ ეტაპზე დამალა ან ყურადღება არ მიაქცია იმ გამოწვევებს, რაც კოვიდ-19-ს ახლდა თან.

მიმდინარე კრიზისმა კიდევ ერთხელ ნათლად ცხადყო თუ რაოდენ საშიში და არაპროგნოზირებადია ჩინეთი. სახელმწიფო, რომელსაც დაუნდობელი მეთოდებით შეუძლია თავისი მოქალაქეების დევნა და სიმართლის დამალვა (ასეულობით ექიმი და სამედიცინო სფეროს მუშაკი გაქრა ან დაპატიმრებულ იქნა, რადგან ისინი ეპიდემიის მასშტაბებზე საუბრობდნენ). თავისი განუსაზღვრელი რესურსებით, ფინანსური და ადამიანური კაპიტალით, მძლავრი სისტემით, დამონებული მოსახლეობითა და მეტ-ნაკლებად დახვეწილი “რბილი ძალით” ალბათ არანაკლებ საშიშია, ვიდრე რუსეთი.

გრიგოლ ჯულუხიძე

უფროსი მკვლევარი

აღნიშნულ სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის საბჭოს ხედვებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s