30 მარტს ნატოს შტაბ-ბინაში ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა აფრალდა. ცერემონიას ნატოს გენერალური მდივანი – იენს სტოლტენბერგი, ნატოს სამხედრო კომიტეტის მთავარი საჰაერო მარშალი – სერ სტუარტ პიჩი და ალიანსში ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაციის მეთაური – ზორან ტოდოროვი ესწრებოდნენ.
კორონავირუსისგან შექმნილი ვითარების გამო, ცერემონიამ საკმაოდ მოკრძალებულად ჩაიარა და როგორც ბრიუსელში, ასევე სკოპიეში აღნიშვნისთვის არავის სცხელოდა.
“ჩვენ ამ დიდ გამარჯვებას სათანადოდ ვერ აღვნიშნავთ, თუმცა ეს არის ისტორიული წარმატება, რომელსაც დამოუკიდებლობის დღიდან სამი ათეული წელი ველოდით. დღეიდან, ჩრდილოეთ მაკედონიის უსაფრთხოება და მომავალი გარანტირებულია” – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ.
ნატოში ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანება საბერძნეთთან სახელწოდებასთან დაკავშირებული მრავალწლიანი დავის მოგვარების შემდეგ გახდა შესაძლებელი. სწორედ ათენი ბლოკავდა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. შეგახსენებთ, რომ აქამდე ქვეყნის საერთაშორისო სახელწოდება „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია“ გახლდათ.
გაწევრიანების გზა
პირველი ნაბიჯი ჩრდილოეთ მაკედონიამ ალიანსთან ურთიერთობაში 1995 წელს გადადგა, როდესაც „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამასშეურთდა. საკმაოდ მალე კი, 1999 წელს, ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, იგივე მაპი მიიღო, რომელიც ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში სამოქმედო გეგმებსა და გაწევრების ვადებს ასახავდა.
2008 წლის ბუქარესტის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნატოს კარი ღიაა დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის და მათ შორის,სკოპიესთვის, მისი გაწევრიანება ალიანსში ათენთან სახელწოდებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
2018 წლის ივლისში კი, ბრიუსელის სამიტზე, მოკავშირეთა ლიდერები მიესალმნენ ისტორიულ შეთანხმებას სკოპიესა და ათენს შორის,სახელწოდების დავის მოგვარებასთან დაკავშირებით. 2019 წლის 6 თებერვალს მიიღეს ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლი, რომლის შემდეგაც წევრ-სახელმწიფოებმა (ესპანეთის პარლამენტი უკანასკნელი იყო, რომელმაც დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა, 17მარტს.) დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინეს, რითიც ნატოში ჩრდილოეთ მაკედონიისინტეგრაციის გზა დასრულდა.
რუსეთის შეშფოთება
მაშინ, როდესაც ბრიუსელში ჩრდილოეთ მაკედონიის დროშას წევდნენ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იხტიბარს არ იტეხდა და ჩვეულ სტილში, ირონიული და სარკასტული განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ მაკედონია იმდენად სუსტი ქვეყანაა, რომ მისი ნატოში ინტეგრაცია ევროპულ, რეგიონალურ და ეროვნულ უსაფრთხოებას არაფერს არგებს. ახლა სკოპიე ვალდებულია, მისი მწირი შემოსასვლების ფონზე, გაზარდოს დანახარჯები და ამერიკისგან შეიარაღება და აღჭურვილობა შეიძინოს.
რუსეთს მიაჩნია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში ინტეგრაცია არაფერია თუ არა სუვერენიტეტის დათმობა, სამხედრო-პოლიტიკური სიკეთეების მიღებების საფასურად. ასევე, მოსკოვი სკეპტიციზმს იჩენს ნატოს დაპირებებზე და აცხადებს, რომ ალიანსის დაპირებები ხშირად არ სრულდება და ის ვერ შეძლებს მუდმივად წევრი სახელმწიფოების დაცვას.
რუსეთის პროპაგანდისტული ინტერვენციონისტული პოლიტიკის მიუხედავად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები კვლავ წარმატებით პოზიციონირებენ ევროატლანტიკურ სივრცეში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრებით კირუსეთმა მორიგი სათამაშო სცენა დაკარგა.
ამრიგად, ჩრდილოეთ მაკედონიასა და საბერძნეთს შორის მრავალწლიანი დავის დასრულების შემდეგ, სკოპიე ნატოს 30-ე წევრი ქვეყანა გახდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ „ 30 წევრისგან შემდგარი ოჯახის ერთობა, მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ერთად ყოფნისას უფრო მტკიცე და უსაფრთხოა.“ ეს არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ახალი ფურცელი, რომელიც მნიშვნელოვანი გზავნილია კონფლიქტურ ვითარებაში მყოფი ქვეყნებისთვის, თუ როგორ არის შესაძლებელი კრიზისული ვითარებიდან გამოსვლა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა,მაიკ პომპეომ განაცხადა, ჩრდილოეთ მაკედონიის მაგალითი არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ალიანსის ასპირანტი ქვეყნებისთვის ნატოსკარი კვლავ ღიაა.
ვინ იქნება შემდეგი, საქართველო?!
თორნიკე ცირამუა
ექსპერტი დასავლეთ ბალკანეთის საკითხებში